ნაწარმოებები



ავტორი: გურამმმ
ჟანრი: პროზა
19 მაისი, 2021


მაპატიე

სიჩუმე, თავისი გაგუდული ხმით ყველა საიდუმლოსა და ამოუცობ ჭეშმარიტებაზე ლაპარაკობს, მოთმინებით ფრცქვნის დაფარულობის შრეებს და მივიწყებულ, უარყოფილ ამბებამდე აღწევს, რომელთა საზარელ, დამადანაშაულებელ შინაარს დამფრთხალივით დაემალე. სიჩუმე ხელს გავლებს, გაჯანჯღარებს, ვიდრე ბოლომდე ძირს არ დაგცვივდება ხურდასავით ჯიბეში შენახული ცოდვები და მერე თვლემას გიკრძალავს, თვალებს ბოლომდე გახელინებს, რომ მათ შეხედო, დააკვირდე, გაიხსენო და გულის გახეთქვამდე ინანო. უნდა გაექცე სიჩუმეს, სანამ ირგვლივ ჩამოწვება მისტიური ნისლივით და ნიღაბს გარეთ გამოგიტყუებს, სანამ უგონო გულწრფელობამდე გაგაბრუებს ჯადოსნური სიმშვიდით, გაუთქმელობის ვერაგი შემოთავაზებით. მართლაც არავისთან გამოგააშკარავებს. მხოლოდ შენთან, თქვენ ორს შორის გაცხადდება რეალობის მკაცრი კონსტრუქციები და ყველა ილუზია ერთდროულად გაიფანტება სეტყვის საწინააღმდეგოდ გასროლილი ჭურვებისგან გაქცეული ღრუბლებივით. მაცდურია და დაუნდობელი, ურცხვი მანიპულატორი, უტიფარის სიჩუმე. გაიქეცი, ვიდრე დაგეწევა. უკანმოუხედავად, შორს გაიქეცი!
***
დიდხანს ვიცურეთ.
წყლიდან რომ ამოვედი, მთელ ტანზე ქვიშა მეყარა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ბინძური შეიძლება ყოფილიყო ჩვენთვის ძვირფასი ზღვა, რომელიც მთელი გულით შევიყვარეთ და რომელსაც მხურვალედ ვუმადლოდით, რომ დაგვაახლოვა. არ უხდება სიყვარულს ამ ზღვისთანა ამღვრეული, ქვიშიანი დასაწყისი, თუმცა, ბოროტი ირონიის მიუხედავად, ჩვენი ამბავი ამ დაბინძურებულ წიაღში ჩაისახა, რასაც მხოლოდ ახლაღა მივხვდი. მაშინ ყურადღება არ მივაქციე.
მგზნებარე, ემოციური, ამაღელვებელი მოვლენების სიმძიმის ცენტრში მინდოდა თავით გადაშვება, სადაც ბოლომდე ამოვწურავდი შეგრძნებათა მარაგს, მათ თანადროულ ტანდემს, ვნებისამშლელ, დაუგემოვნებელ, ეგზოტიკურ თავგადასავალს. მე სიყვარული არ ვიცოდი და შენთან ერთად ვუახლოვდებოდი მისი საზღვრების მრუდე, დამაბნეველ გარშემოწირულობას, რომელიც სასმელისგან გონებადაბინდულივით არეული ნაბიჯებით გადავკვეთე და რაწამს სიყვარულის სიტკბოება ტუჩებზე დამეფინა, როგორც ბალახებს ედება დილის ნამი და ამოუხსნელი, გამოუთქმელი რომანტიკის შემსწრე ხდება სამყარო, უკვე აღარ მახსოვდა ამ მდგომარეობამდე როგორ მივედი, როგორ დაიხია უკან ჩემმა თავდაჭერილობამ, დაძაბულობამ, აუარება შეზღუდვამ და მანამდე წარუმატებელი ურთიერთობებისგან მოგვრილმა შებოჭილობამ და როგორ დავნებდი უცხო, მაგრამ სასიამოვნო, ამაჟრჟოლებელ იმპულსებს, თავაშვებულობისკენ რომ მიბიძგებდა და ჩემს არსებაში სრულიად ახალ, მეტისმეტად სახიფათო, სარისკო, მრავალფეროვან თავისუფლებას ბადებდა. მოზღვავებული გრძნობებისგან, უეცრად მოწოლილი წამლეკავი ვნებებისგან მთვრალი ვიყავი. მაშინ არ შემეძლო გონების ცივი თვალით დავკვირვებოდი ჩვენი ურთიერთობის არამდგრად დინამიკას, რომელიც არაპროგნოზირებადი, მერყევი ამპლიტუდებით ირხეოდა და ყოველჯერზე რხევის სხვადასხვა პერიოდს აჩვენებდა. კიდევ კარგი, რომ არ მაინტერესებდა რაციონალიზმი რა პრეტენზიებს წამოუყენებდა ჩვენს სიყვარულს, როგორ შეეცდებოდა მის ჩამოშლასა თუ აფეთქებას. მინდოდა შენთან ერთად მეცურა ამ უგონობის, მღელვარების, ალოგიკურობის, სიგიჟის ზღვაში და არ ვფიქრობდი შედეგებზე. რა საჭირო იყო, მეცნიერული კვლევის მეთოდებით მიმეგნო სავარაუდო დასასრულისთვის, გვერდითი მოვლენებისთვის, თითქოს სიყვარული წამალი იყო და ტკივილის გასაყუჩებლად ვიღებდით, რაც გართულებებს გამოიწვევდა. მე შენ მიყვარდი და ეს საკმარისი საზრდო იყო ჩემი სულისთვის. ამიტომ ყველა კეთილ რჩევასა და შეგონებას, რომელთაც წარსული მომაბეზრებლად მთავაზობდა, მტრედებივით ავუქშიე და ვერც კი მივხვდი, რომ სწორედ მაშინ განვდევნე სიმშვიდე ჩემი ცხოვრებიდან. თუმცა, ამაში ბრალი არ მიგიძღვის და მომიტევე, რომ განზრახ თუ გაუცნობიერებლად, შენზე გადმობრალება ვცადე.
თავი ქვიშით გქონდა სავსე და მე თმა ჩამოგვარცხნე. მომწონდა ჭუჭყისგან რომ გიცავდი, გათავისუფლებდი, თითქოს შეგბღალავდა, დაგაზიანებდა და გაგაუფასურებდა იმასთან შეხება, რასაც ზიზღითა და მკაფიოდ გამოხატული აგრესიით, შეუვალი უნდობლობით ბინძურ ლაქას ვეძახდი.
- ისეთი კარგი ხარ, სიბინძურის კვალი დამწვრობის შრამივით დაგრჩება.
- შენ, მგონი, წმინდანი გგონივარ და ერთხელ იმედები მწარედ გაგიცრუვდება. - ამ ფრაზით ჭეშმარიტებას წაეპოტინე, ცნობიერების ვაშლს მოაკბინჩე წითლად აღაჟღაჟებული ლოყა და მომავლიდან მოპარული ამ ხისტი, ზუსტი ზმანების მენტალური წვდომისგან თავდაჯერებულმა, ძალიან სერიოზული გამომეტყველებით შემომხედე.
მახსოვს, როგორ გამაოცე, უფრო მეტად კი შემზარე, რადგან პირველად ხდებოდა, რომ მე ვერ ვამჩნევდი ჩუმად მიმდინარე, წყალქვეშა დინებებსა და მსვლელობებს და სხვა მიმითითებდა კეთილგონიერებისკენ. ვირწმუნე, რომ იმაზე კარგი იყავი, ვიდრე მეგონე და შენზე შექმნილი წარმოდგენებით დამარცხებულს კიდევ უფრო გამიმძაფრდა შენით აღფრთოვანების სურვილი.
საერთოდაც სიყვარული მეორე ადამიანით აღფრთოვანების დაუსრულებელი და გეომეტრიული პროგრესიით მზარდი პროცესი მეგონა. უნდა გამეღმერთებინე, ზუსტადაც რომ წმინდანად უნდა შემერაცხე, ჩემს რელიგიად გამომეცდახებინე... თუმცა ძაფის ბოლოში ლაბირინთიდან თავდასაღწევი კარი კი არა, მგრგვინავი, დამანგრეველი, შემარყეველი იმედგაცრუება მელოდა, როგორც შენ თქვი, და ამ ძაფს არ უნდა გავყოლოდი.
- მჯერა, რომ სიკვდილამდე შეუცვლელად, გაუნელებელი სიყვარულით გვეყვარება ერთმანეთი.
იდიოტი ვიყავი.
ნებისმიერი წყვილისთვის არსებობს ეიფორიის მწვერვალი, რომელზე ხელმეორედ ასვლას ვეღარ ახერხებენ.
ურთიერთობები თვითმოხმარებადია. გაცემას მოითხოვს, უკან არაფერს აბრუნებს და იქამდე შეუძლია დაუმსხვრეველი დარჩეს, ვიდრე უფსკრულისეულ სიცარიელემდე არ მიხვალ, ანუ როცა იმდენად გამოშიგნული, გაფატრული და გალეული აღმოჩნდები, რომ ურთიერთობის შესანარჩუნებლად ვეღარაფერს გაიღებ. ელექტრომოწყობილობას ჰგავს. პროდუქტიულობისთვის დენის წყაროსთან შეერთება სჭირდება. ენერგიის ამოუწურავი მარაგები კი არათუ ცალკეულ ადამიანს, არამედ მთლიან მსოფლიოსაც არ გააჩნია. სამწუხაროა. ძალიან სევდიანი ამბავი.
დღემდე ვერ ვხვდები, რატომ არ შევშინდი, როდესაც სიყვარულის აშხეფებული, აქაფებული და მღელვარე ტალღები მომიახლოვდნენ სანაპიროზე სეირნობისას და რატომ არ გავიქეცი, რატომ შემოვცურე შენთან ერთად მეტისმეტად შორს, მიუხედავად იმისა, რომ გულის სიღრმეში, სიყვარულისა არ მჯეროდა და სიამოვნებით შევაფურთხებდი თავისი მოუხელთებელი და მატყუარა ბუნების გამო.
ღამე მეგობრებთან ერთად გასართობად წასვლას ვაპირებდით. ზღვა მივატოვეთ. მე აბაზანას მივაშურე და ეჭვი არ მეპარებოდა, რომ შენც იგივეს გააკეთებდი.
ხალხმრავალ გარემოცვაში თავს გადასარევად ვგრძნობდი. ფეხებქვეშ სცენა, თვალწინ მაყურებელთა ლოჟები მელანდებოდა და ისე ვიყავი ჩემი პიროვნების მრავალსახოვანი კოლექციიდან ერთ-ერთის თვითგამოხატვის ეშხში შესული, რომ აღარ მაინტერესებდა გულს გტკენდა თუ არა, რომ სხვებსაც გაცისკროვნებული თვალებით არ ვუყვებოდი შენს შესახებ, მეგობრებს არ ვუჩვენებდი როგორ ვკარგავდი ნელ-ნელა ჭკუას და დაჰიპნოზებულივით შენით აღფრთოვანების გარდა აღარაფრის გაკეთების ძალა შემწევდა.
იმღამით ბოდიში არ მომიხდია. დავაგვიანე პატიების სათხოვნელად, ძალიან დიდხანს ვდუმდი და დღემდე არ მითქვამს, რომ ვიცი - დამნაშავე ვარ. გაწყენინე, რომ მოულოდნელად, თავხედურად გაიძულე შეგეგრძნო რეალობა, რომელიც ჩემი ცხოვრების თანმდევი უსიამოვნო, შემხუთველი და ამავდროულად შეუცვლელი სისასტიკე იყო. მე მხოლოდ შენთან ვბედავდი, ვყოფილიყავი მგრძნობიარე, მოწყვლადი, ემპათიური არსება, სხვათა წინაშე კი გამუდმებით ვთამაშობდი. მაპატიე, რომ ვერასდროს შევძლებდი ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას გამემჟღავნებინა სინამდვილეში რა უსუსური, გულჩვილი ვიყავი. მაგრამ ხომ გჯერა, რომ ყველაფრის მიუხედავდ, ნამდვილად მიყვარდი?!
იცი რაზე მეფიქრება? შენთვის თავიდანვე იმედგაცრუება ხომ არ ვიყავი.
ერთხელ ხაჭაპურის ახლებური ვერსია მოვიფიქრეთ. ცომის მოზელა არ შეგეძლო, მაღაზიაში პური ვიყიდე. შუაზე გავჭერით, შიგნით ყველი ჩავუდეთ და ტაფაზე შევწვით. არც ტოსტერი გვქონდა და არც - უზადო კულინარიული უნარები, რომ შიმშილის გრძნობა სხვანაირად მოგვერჯულებინა. მაშინ უგემურად დავნაყრდით, რადგან ყველს აკლდა მარილი.
ახლა რომ ვიხსენებ, ეჭვები მღრღნის: იქნებ გეგონა, რომ კარგ და ლამაზ ფორმებს თავს მომახვევდი, როგორც ჩვენ გამოვამწყვდიეთ ყველი პურის ნაჭრებს შორის? მე კი ყველივით უმარილო ვიყავი. შენი მონდომება საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ ისეთი გამოვძერწილიყავი, როგორ პარტნიორზეც, ალბათ, ღამ-ღამობით, ჩაძინებამდე ოცნებობდი. მათი ასრულებისთვის თავად უნდა გარჯილიყავი, შენ უნდა შეგძლებოდა ჩარჩოების გამოთლა, ისევე, როგორც ცომის მოზელა. მაგრამ მაშინ მაღაზიაში ვიყიდეთ პური - წინასწარ გამზადებული და სხვებისგან შემოთავაზებული პროდუქტი. უნდა გცოდნოდა, რომ შენთვის ასე ახლობელი, სანუკვარი ოცნებებიც არ იყო ბოლომდე შენი და კოლექტიური არაცნობიერი გაწვდიდა მზა სახით.
სიყვარულისკენ დაუდგრომელი ლტოლვაც წინასწარი აუცილებლობაა, რომელიც დაბადებიდანვე თავს მოგვახვიეს. შენ, ალბათ, არ დამეთანხმები.
თავიდანვე უნდა შეგვემჩნია, რამხელა ძაფებით შეგვაკავშირა განგებამ. ერთმანეთისგან შორს ვიყავით, გრძელი, რამდენიმე ადგილას გადაბმული, მრავალნასკვიანი ძაფი გვჭირდებოდა შესაერთებლად, რომელიც ისე ავბურდეთ და ავაგორგალეთ, რომ შეუძლებელი გახდა, რამე გაგვეწყო კვლავინდებურად უზარმაზარ სივრცეზე გასაშლელად.
როცა გაბრუება შესუსტდა და ფიქრებში რეფლექსიის თეთრმა კვამლმა იხრჩოლა, თითქოს ვატიკანის სათავეში ახალი და გონებაფხიზელი პაპი მოვიდა, ვიგრძენი, შინაგანად როგორ მჭამდა შენთან სიახლოვე და უცებ ზიზღით ავივსე. შენ გაბრალებდი, რომ ხაგრძლივი დროით დინების მიმართულებას მივყვებოდი და კითხვას არ ვსვამდი, თუ რომელ ბიძგებს მოჰყვა ინერცია, მე რომ ფეხი ავუწყე; როდის ჩაეხლიჩა გონიერებას მკაცრი ხმა, მე რომ წავუყრუე...
შენში მივაგენი ამ სიგიჟის დასაბამს და რაკი გაბრაზებული, განრისხებული ვიყავი, გადავწყვიტე დამესაჯე და ჭკუა მესწავლებინა.
მაპატიე, რომ ყველას წინაშე შეგარცხვინე. როგორმე შემინდე, მარიტასავით ვირზე რომ უკუღმა შეგსვი და სვავებად ქცეულ ადამიანებს, შენი გაძიძგვნა რომ სურდათ, უფლება მივეცი, ტალახი ესროლათ.
არადა, ერთ დროს ყოველგვარი სიბინძურის შენთან სიახლოვე სულის ფსკერამდე თავზარს მცემდა.
მაპატიე.
***
ეს გახსენება ჩემამდე სიჩუმემ მოიტანა. არ მინდოდა სიმართლისთვის თვალი გამესწორებინა, მაგრამ მე მარტოსული გავხდი და სიჩუმე დამიმეგობრდა. ვერ გავექეცი. ვერ შევძელი საიმედო სამალავში თავის შეფარება.
სულ მალე ბოლოს მომიღებს მისი მოგუდული ხმით მოყოლილი ამბები. მანმდე კი უნდა მოვყვე, უნდა მოვასწრო მობოდიშება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები