ნაწარმოებები



ავტორი: გარფილდი
ჟანრი: პოეზია
27 მაისი, 2021


თბილისი-სოხუმი

რეისი: თბილისი-სოხუმი,
ხუთ წუთში იწყება ჩასხდომა...
მეც ამ ქალაქივით მოვხუცდი,
მეც ამ ქალაქივით მახსოვდა:
პალმები, შავი ზღვის ნაპირი,
კაფე და ყავახანები...
მე ახლა წასვლას ვაპირებ,
წლებია, რაც ვახანებდი,
სახლი კიდევ დგას, ნეტავი,
თითქმის შუაგულ ჩამბაზე?
ვიყავ-ფრჩხილების მკვნეტავი,
ვიყავ-დევნილი, ჯამბაზი...
რამდენი ღამე გათენდა,
რამდენი დილა დაღამდა,
იარა ვეღარ გამრთელდა,
ჭრილობა უფრო გაღრმავდა,
მშობლიურ ქალაქს ვიხილავ,
შავ ზღვაში როგორ ჩადის მზე,
სადღაც დავტოვე ნიჰილი,
საგზლად იმედი ჩავიწყე...
რეისი: თბილისი-სოხუმი,
ლიანდაგიდან გავიდა,
მერე ტუჩები მოვკუმე,
სიზმარი იყოს, არ მინდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები