ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
26 მაისი, 2021


26 მაისი

გილოცავთ 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს (ისე, მე თუ მკითხავთ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 9 აპრილია)!

26 მაისი ასევე არის ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევის დღე. 1991 წლის 26 მაისს მოსახლეობის ოთხმოცდაშვიდმა პროცენტმა საქართველოს პირველ პრეზიდენტად სწორედ ზვიად გამსახურდია აირჩია!

26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეცაა, 82 წლის გახდებოდა.

საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქართველი უდაოდ იყო მერაბ კოსტავა!

მერაბის ბედი ძალიან ჰგავს ლევან გოთუას ბედს, ასევე დიდებული ქართველის. შეიძლება ითქვას, რომ მერაბ კოსტავა ლევან გოთუას ბედის თანაზიარია.

ლევან გოთუა არაერთხელ იყო დაპატიმრებული და გადასახლებული ბოლშევიკების მიერ. მისი ერთადერთი „დანაშაული“ თავისი სამშობლოს - საქართველოს სიყვარული იყო.

ლევან გოთუას მსგავსად, მერაბ კოსტავაც გადასახლებული და დაპატიმრებული იყო კომუნისტური ხელისუფლების მიერ.

მერაბმა თავის თანაკლასელ და განუყრელ მეგობართან - ზვიად გამსახურდიასთან ერთად ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დაიწყო ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. სიმბოლურია რომ სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს იყო დაბადებული.

1988 წელს საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ახალი გარიჟრაჟი გარეჯიდან დაიწყო. ეროვნული მოძრაობა, სამშობლო, მამულიშვილობა - ჩემი საყვარელი თემებია.

მამულიშვილების ბრძოლამ საბოლოოდ შედეგი გამოიღო და 1991 წლის 9 აპრილს - ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა! სამწუხაროდ ზვიად გამსახურდიას სულიერი ძმა - მერაბ კოსტავა ვერ მოესწრო დამოუკიდებლობის აღდგენას, 1989 წლის 13 ოქტომბერს - ავტოავარიის შედეგად დაიღუპა ბორითთან.

მერაბ კოსტავას ცხოვრებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ მაინც მისი სიტყვით გამოსვლა იყო რუსთაველის პროსპექტზე 1989 წლის 9 აპრილს. მერაბმა შეკრებილებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„მამულიშვილნო, ძმანო და დანო! საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი. როდესაც ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში, პირველად, ასე შეკრული, ასე მთლიანი, წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე!“

„წამებულნი 9 აპრილისანი!“ - ასე უწოდა სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის მოწამეობრივად აღსრულებულმა ერისკაცმა - ზვიად გამსახურდიამ 1989 წლის 9 აპრილს რუსეთის ბოლშევიკური იმპერიის ჯარის მიერ რუსთაველის გამზირის ბრძოლის ველზე მომწყდარ ქართველებს.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

შეწირულთათვის

ამ ქვეყნის მიწის ნაგლეჯი
ჩვენია, განა სხვისია!
საქართველოა გარეჯი,
ქართველთა ჯილაგისია!

ისევ მღერიან „ჩაკრულოს“,
ფოლკლორი ჩვენი განძია,
ბედნიერ მერმისს ნატრულობს
თვით სულხან-საბას ტანძია.

მინდა მგოსნებმაც შემინდონ,
თუ რამე კარგად ვერ ვთქვი მე,
ლოცვებში მოვიხსენიოთ
თაყაიშვილი ექვთიმე.

ვკითხულობ იმათ ცხოვრებას,
ვინც იყო ქვეყნის სინდისი...
ერს მუდამ ემახსოვრება:
ცხრა აპრილი და შინდისი.

მეც მტკივა ბერი თევდორე,-
დუშმანმა ხმლით რომ აკუწა...
ვარ იმის თანამედროვე,
ვინც დააფასა ქაქუცა.

ქვეყნად ყველაზე მთავარი
სამშობლოს სამსახურია,
დავითიც მიყვარს, თამარიც,
კოსტავაც, გამსახურდიაც.

მაოცებს ცოტნეს გმირობა,
ლომ-ვეფხვს ვადარებ, განა მგელს,
ვუქებ მამულიშვილობას
ცხრა ძმას და სამას არაგველს.

აწ ქეთევანიც ვახსენოთ,-
მარტვილი ქრისტეს რჯულისთვის...
ვაცოცხლებ, ვიდრე ვარსებობ,
ამ მიწის სიყვარულისთვის.

ვლოცულობ, დედა ღვთისმშობელს
წყალობას შევსთხოვ ქართველი,
ბიჭად-კაცს ცრემლშეუშრობელს
რომ არ ჩამიქრეს სანთელი.

ლექსში-ვით უხმლო ქარქაშში,
თუმც ყველა ვერ ჩავატიე,
შეწირულთათვის ტაძარში
მე ღამეები ვათიე.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს