ნაწარმოებები



ავტორი: ხურსი
ჟანრი: პოეზია
26 მაისი, 2021


ცხოველური ორგანიზმები

და თქვა ღმერთმა: შევქმნათ კაცი ჩვენი ხატისაებრ და მსგავსებისაებრ,
და მთავრობდეს ზღვის თევზებზე და ცის ფრინველებზე
და პირუტყვზე და მთელს ქვეყანაზე
და ყველა ქვეწარმავალზე, რომელიც დახოხავს მიწაზე.

ძველი აღთქმა
წიგნი შესაქმისა
თავი I

ღმერთო დაიფარე მიუსაფარი ძაღლები,
ღამეულ წყვდიადს შეფარებული,
ცარიელი კუჭებით, ფართო თვალებით,
მშრალი ხახით,
გზააბნეული.

ღმერთო დაიფარე მიუსაფარი ძაღლები,
ასაკშეპარული და დაძაბუნებული,
პატრონისგან გამოგდებული,
ყველა სიყვარულისა და ერთგულების წილ,
რადგან ისინი გვანან მოხუცებს,
რომლებსაც აღარ შეუძლიათ უსათვალოდ
წერა და კითხვა,
ვეღარ გადადიან გზაზე სხვის დაუხმარებლად,
აღარ შერჩენიათ მუხლში ძალა.

ღმერთო დაიფარე მიუსაფარი ძაღლები,
სახეტიალოდ განწირული,
რადგან მათ, როგორც პატარა ბავშვებს,
რომლებიც მშობლებმა მიატოვეს,
უჭირთ თვითდამკვიდრება,
ქუჩის სასტიკ, გულსაკლავ ჭიდიდში ჩაბმა,
რადგან მათთვის ყველაზე რთულია - თვითგადარჩენა.

ღმერთო დაიფარე მიუსაფარი ძაღლები,
დღის შუქზე გამოფენილი,
ყველა მთვრალის და ნარკომანის,
ყველა ცხოველთა მოძულესგან,
ყველა სანადირო თოფის სამიზნეს მოარიდე,
მოარიდე ყველა შურდულს თუ ისარს,
ახეტიალე უგზო - უკვლოდ, მაგრამ არ მოჰკლა.

ღმერთო დაიფარე მიუსაფარი ძაღლები,
გზებზე ლეკვებდაყრილი,
აარიდე სწრაფად მავალი მანქანები
და უყურადღებო მძღოლები,
გაუმრავლე დედის რძე და გაუმაგრე თათები.

ღმერთო დაიფარე მიუსაფარი ძაღლები,
ჰაერში მოზუზუნე ქვებისგან,
ცეცხლისგან, კანს რომელიც დასწვავს,
წყლისგან, სხეულს რომელიც დაუძაბუნებს,
კაცისგან, საჭმლით რომელიც წამლავს.

ღმერთო დაიფარე მიუსაფარი ძაღლები,
არ მოაკლო მათ მდიდრების მორჩენილი
ძვირფასი საკვები, აუთვისებელი,
ლამაზ ცელოფნებით გადაყრილი,
მოუმარაგე ნაგვის ურნებში,
კოხტად რომ მიმოფანტონ გზაზე.

ღმერთო დაიფარე მიუსაფარი ძაღლები,
მოუვლინე წვიმა ზომიერი,
რათა განიბანონ და განსპეტაკდნენ,
და მოუგროვე წყალი გუბეებში,
რათა წყურვილი მოიკლან,
მზის გულზე ხეები აღმოუცენე,
რათა თავები მოიჩრდილონ,
ზამთარში, მუყაო უსახსოვრე,
ხისგან შეჭედილი პატარა სახლი გაუთბე,
მატყლის ქვეშსაგებით. 

ღმერთო დაიფარე მიუსაფარი ძაღლები,
მოდას აყოლილი პატრონებისგან,
ბავშვებისთვის დაბადების დღის საჩუქრად,
უსულო საგანივით განწირული საბორიალოთ,
რადგან მათ ყველაზე ნაკლებ სჭირდებათ - თავმოწონება.

ღმერთო დაიფარე მიუსაფარი ძაღლები,
ადამიანებისგან რომლებსაც შეუძლიათ მეგობრები სჭამონ,
აწამონ,
გაჰყიდონ,
მიატოვონ,
მოჰკლან.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები