ნაწარმოებები



ავტორი: მუხრან აბაშიძე
ჟანრი: პოეზია
30 მაისი, 2021


ბენოი ბოისღარ (ცნობილია ბაისანგურ ბენოელი - თაც, თუმცა მშობლიურ სახელს ვამჯობინებთ)

ეძღვნებათ სიმართლით აღსავსე ვეინახებს,
ცალ-ცალკე და ყველას ერთად,
- უკლებლივ ყველას
                           
არ ჩაბარდეო, გამოგიხსნით, გავარღვევთ ზღუდეს, -
ყველას ძახილით შემოსძახა ცალ-ხელ-ფეხ-თვალამ, -
ვისაც მკლავებში რკინის სული ედგა და უდევს;
ვინც შიშს და ყოყმანს საძირკველი გამოუთხარა.

პასუხად დუმილს ვინ ელოდა, თუმცა ეს კლდენიც,
ეს მწვერვალებიც, ყოველივე განგების ტყვეა:
შამილმა მოკლა ის შამილი, ვისაც მოკლავდნენ,
და ისიც, ვისაც არსებობას ერჩივნა ტყვია, -

რადგან დრო იყო, ქარიშხალი ხელში მოეთბოთ,
და ჩასადგომად მდუმარებით ექროლათ ფიქრებს;
არ დასცემოდა ცეცხლით დამდნარ მოედანს ბურთი;
და შეშინებულ ბავშვებს ბაღში ეანცათ იქნებ.

- არა! შეიპყრეს ის, ზღაპარულად ცეცხლს რომ შეება, -
(შეიტყო ბზარი კავკასიის გულის ფიცარმა), -
მიჰკრა მგლის მუხლი მოყვარეთა გადამოყვრებას,
და ბრგე სიცოცხლე იქვე ფიცხლად გამოიცალა,

შეავლო მზერა - აღმაფრენის წამის მეასედს,
მზერამ - მიზანი აღასრულა - ბოისღარულმა:
კვლავ დაიბადა იმ მამაცთა სამყარო, სადაც
თავისუფლებამ სისხლძარღვებში გაიჟღარუნა.
                                           
                                            25 მაისი, 2021 წ.
შენიშვნა: ლექსი შთაგონებულია შემდეგი ისტორიით: როცა ათწლეულობის განმავლობაში თავისუფლებისთვის მებრძოლი შამილი მტერს დანებდა, - თანამებრძოლმა ბენოი ბოისღარმა , ვისაც სამშობლოსთვის მუხლჩაუხრელ ბრძოლაში ცალი ხელი, ფეხი და თვალი ჰქონდა დაკარგული, -დაუძახა: ეს არ გააკეთო, ალყას გავარღვევთ და გამოგიხსნითო, მაგრამ მტკიცე გადაწყვეტილებით იძულებულ შამილს უკან აღარ მოუხედავს, რამეთუ თანამებრძოლები ზურგში მტერსაც არ ესვროდნენ. ორი წლის შემდეგ, სიკვდილმისჯილი ბოისღარი ჩამოსახრჩობად გაიყვანეს და სამომავლო კავკასიური შუღლის გაღვივებისთვის სკამის გამოსაღებად ერთი დაღესტნელი შეამზადეს, წინდახედულმა ბოისღარმა კი თვითონვე ჰკრა ფეხი სკამს და აღესრულა, მაგრამ სამუდამოდ გააცოცხლა ჟინი - სიმამაცის და თავისუფლების.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები