ნაწარმოებები



ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2021


.

მე ახლა ჩუმად ვუდარაჯებ ღამეულ განცდებს,
ჩემმა თვალებმა აირეკლეს მთვარე ცის ფონით,
მაისის ღამეს ცელქი სიოს ჩურჩული ავსებს,
თხელი ღრუბლები მაგონებენ კაბებს შიფონის.

შენ ახლა გძინავს, ღრმა ძილით და ხმაურს ქალაქის
ასე უმიზნოდ ეწირება ძილის სიმშვიდე.
ჩემზე რა გითხრა?! უშენობა ლექსში გადამდის,
ვწერ და ეს ლექსიც ემსგავსება სულის სიშიშვლეს.

ვერ დამიტია სხეულმა და სოფლის შარა-გზებს
ლამპიონები პაექრობენ სადაც მთვარესთან -
უშინაარსო ნაბიჯებით სუნთქვებს ვალაგებ,
ვალაგებ გულს და ეს გულია ისევ თავდებად,

რომ ამ ღამითაც გამოგივლი სიზმარში წამით,
მიდი-მოდიან თვითნებურად როგორც ქარები,
მუხლზე დავდგები, თვალებს შუბლზე კოცნისას დავხრი
და შენს ყოველ ნაკვთს სულის თრთოლვით მივეპარები.

უტეხი მზერით სათითაოდ დავკრეფ ღიმილებს,
დავკრეფ სიმორცხვეს, ცის კიდემდე დაბნეულ განცდებს.
ჩავა მთვარე და განთიადი მზეს რომ იშვილებს
ღია თვალებით ნანახ სიზმრებს გაფანტავს მწარედ.

აისის ღრუბლებს აუწითლდათ ლოყები მზისგან,
ფიქრის ხურჯინი ოცნებათა შფოთვით გაივსო,
რომ შენ მზესავით ამოხვიდე წამწამებს მიღმა
და შენს თვალებში ჩაიფერფლოს ჩემი დაისი.

შენ ახლა გძინავს, ღრმა ძილით და ხმაურს ქალაქის
და სიზმრების ზღვას ეწირება ძილის სიმშვიდე.
ჩემზე რა გითხრა?! უშენობა ლექსში გადამდის,
ვწერ და ეს ლექსიც ემსგავსება სულის სიშიშვლეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები