ნაწარმოებები



ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2021


* * *

განჯინაში ქილით მიდგას დედის მიერ  მოდუღებული მანდარინის მურაბა.
შემოდგომის მერე ხელუხლებლად თვლემს როდინის გვერდით.
შევანჯღრევ ხოლმე, შიგადაშიგ-
ხომ არ ამჟავდა, ან პირიქით,
დაშაქრება ხომ არ დაიწყო.
მეთილისმება.
ბავშვობას და დედას მახსენებს.
აქვე მყავს თითქოს.
წარმოვიდგენ, ძალადაკარგული მარჯვენით,
მეორე, საღი ხელის  მიშველიებით,
როგორ რეცხავს ოქროსფერ ,,ბურთებს",
როგორც იცოდა-
სათითაოდ,
გადაქერცვლამდე,
როგორ აწყობს  მომინანქრებულ დიდრონ ჯამში,
აყრის ,,პესოკს" და
წვრილი ჭავლით წყალსაც  მიუშვებს
( აკი, ზედმეტი მოუვიდა).

ყვითელ სიბლანტეს წებოვანი დარდი ამძიმებს.
მანდარინები არასტანდარტულ ფიგურებს ჰგვანან-
სკოლის ბიოლოგიის ლაბორატორიაში, სპირტში შენახულ ( თუ არ ვცდები) ზვიგენის  ქვირითს.
მახსოვს, მიკვირდა ბავშვობაში-
რად გამოფატრეს,
რას ერჩოდნენ,
რატომ დაშალეს ნაწილ- ნაწილ,
რად შეინახეს...

ზამთრის დღეებში,
პირბადიან,
ცანაბდიან ყომრალ დღეებში
მზეებივით ღუოდნენ ქილას
შეხიზნული ციტრუსები.
მათბობდნენ თითქოს.
თან სუნთქვაში მავარჯიშებდნენ.
ყველაზე მეტად რომ  მჭირდებოდა,
სწორედ მაშინ,
ვირუსახდენილს.

დედის ტელეფონს მერამდენედ დაედო ტაბუ.
წყვეტილ- წყვეტილი სიგნალები
ხევენ დღეებს და
ღამეების  ფსევდო სიმშვიდეს.

დღეს კიდევ ერთხელ შევამოწმე სიროფის სისქე და ელდა მეცა-
პლასტმასის ხუფქვეშ გაწოლილმა რუხმა  ხავერდმა შემომცინა
და შემამცივნა.
გულმოწურულმა ვიმეორე ჟინით,
ცრემლებით,
ბრაზით,
ათასგზის, 
რომ  არ შეეძლო და მაინც სცადა.
ბოლო გრამ შაქარს შეელია,
გაზის ქვითარსაც  არ  დახედა,
სახელდახელოდ შეფუთა და გამომიგზავნა ცრემლზე მლაშე,
დარდზე მძიმე,
ნაღველივით მწარე ჩაროზი-
მანდარინებად მოტივტივე,
ღიმჩაკლული დღე-ღამეები,
თვალისჩინივით რომ ვუვლიდი
და ვერავისთვის ვიმეტებდი.

ჭიამაია მოაწყდა სარკმელს.
შემოვუშვი.
ხელისგულზე მოვასვენე
და როცა ფრთები ფრთხილად დაკეცა,
ჩუმად,
ჩურჩულით გავუმხილე, რომ
მეც მასავით დავეძებ დედას.
ვთხოვე, წამომყვეს და
მაპოვნინოს.
წამომყვეს მხოლოდ და მაპოვნინოს.
ამ ერთხელ სცადოს და მაპოვნინოს...
თუ არ დამთანხმდა,
რა თავში ვიხლი მის ნაკარნახევ
ფერად ამინდებს?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები