ნაწარმოებები



ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2021


ბოლოდროის აბზაცები

მე ვიწურები ოფლში და დენთში,
ჩემი სიტყვები სადღაც მიდიან.
ეს არ იცვლება, სინამდვილეში
ისევ და ისევ დიდი მითია.
მე დავდიოდი საპოვნელებით
და ერთი წამიც არ დამითმია.

მხედავენ, ასე გადის დღეები,
ვფიქრობდე მინდა შენზე ახლოდან.
შენ სინამდვილის გასახსენები
მზე თბილი გულით ნელა დაგქონდა,
და აქვე იყავ მაშინ, როდესაც
მე ჩემი თავი სულ არ მახსოვდა.

გზები ჩათელეს ნედლმა ნისლებმა
და უცებ გახდნენ წვიმის მოტივი.
მეტაფორაა მთელი მიგნება,
ზოგჯერ დუმილის ალტერნატივა.
ან ხეივანში გასეირნება,
პოეტები რომ ჩანან ტოტებთან.
ადამიანი ერთხელ იცვლება,
თუკი არა ყავს ორი ტოტემი.

ნუ დამიჯერებ, რომ დაძაბული
არ დაჯდე ზღვასთან მზის მოლოდინში.
დარაზმულია ის არაბული,
თუ იგვიანებს, სხვა ზრდილობისთვის.
და შენთან თუკი უკვე მოვიდა,
თავს დავხრი, მწუხრად მოგიბოდიშებ.

მე ჩამიკეტეს კარი და ცეცხლი
გამიხსნეს ფანჯრის ღია მინიდან.
გადმოცვენილი ოქრო და ვერცხლი
ბავშვობიდანვე უფრო მიკვირდა
ვიდრე გაქცევა უცნაურ მხეცის
თავის თავიდან - ადამიიდან.

ბევრს აღწერს ხოლმე ერთი მინიმა,
და პოემათა ასტომეულიც.
ადრე, სულ ადრე წვიმა მივლიდა
და სიხარული ბართოლომეო.
და დავდიოდი ზღვის ნაპირიდან
მდინარეებად გადმორეული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები