ნაწარმოებები



ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2021


სედა

პლეხანოველი სედა გახსოვს? ხელში ტაროთი,
ხშირად მინახავს მოვდიოდი როცა სკოლიდან-
სახლში, პირიქით, მივდიოდი, სკოლისკენ, როცა.
სულერთი იყო, რა წყინდა ან რა უხაროდა,
მისი სიტყვები სასაცილოდ რომ არ გვყოფნიდა.
სულერთი იყო იმ მომენტში გინება. ლოცვაც.
ამბობდნენ: სედა ბოზიაო, მე არ მჯეროდა,
გულში იმასაც ვიძახოდი, რას აღარ ითმენს?
სედას უყვარდა არაყი და ფერუმარილი.
დაატარებდა სედა ხშირად წითელ ჩემოდანს.
წითელ პომადას. მანიკურსაც ისვამდა-წითელს.
სედას უყვარდა მზესუმზირა. მარტი. აპრილი.
მახსოვს, ერთხელაც გამოვედით დილით კამოზე-
ველოტრეკიდან მე და მამა. მამას ნაყინის
ფული ვეთხოვე. მამამ მითხრა, არ გაცივდეო.
ოფლიანი ხარ. მოითმინე. შვილო, წამო ჯერ,
ატელიეში შევიაროთ. მერე, რაც გინდა,
იმას გიყიდი. ხელოსანთან არის ვიდეო...
და ჰა, ბუზღუნით ავუყევით კამოდან-პასტერს.
მამას ნაცნობმა დაუძახა რკინიგზელებთან.
მე თვალში უშნოდ გამეჩხირა ბასკინ რობინსი.
სედაც იქ იჯდა. სიგარეტით და ტაროს დასტით,
მაშინ ვიფიქრე, კიდევ მრავალს მოინელებდა...
სედას ჭრელ-ჭრულა კაბა ეცვა მერი პოპინსის.
მამა, გახედე, მივანიშნე სედასკენ თითით.
თითის გაშვერა უზრდელობა ყოფილა თურმე.
სედამაც ნახა, მისკენ თითი რომ გავიშვირე...
მამა, გახედე. აგერ ოფლიც შემაშრა, თითქმის.
მამას თვალები მივაპყარი ფართე და მრუმე.
ამ დროს ზურგს უკან გავიგონე: შე ვირიშვილო!
გავშრი. გავშეშდი. შემეშინდა. სედას ხმა მაშინ,
იყო საშინლად უადგილო. უკმეხი. ცივი.
მოვტრიალდით და მოვასწარი მხრების აჩეჩვა.
კაცო, ხომ ხედავ, ნაყინსა გთხოვს ეს შენი ბავშვი,
თითის გაშვერა თქვენ ასწავლეთ, ბატონო გივი?
და სედამ ხელში სტაკანჩიკი შემომაჩეჩა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები