ნაწარმოებები



ავტორი: ვალე
ჟანრი: საბავშვო
4 ივნისი, 2021


მინიატურა: ქუჩიდან გაქცევა (ბავშვებისა და მოზარდებისთვის) 2021 წ.

ტკივილმა გამომაღვიძა.
თითქოს ყველა ნერვი და სისხლძარღვი გულზე მაქვს შემოხლართული და თანაც ერთ, საერთო განასკვნზე ჩემი წონა გირა კიდია.
დღეს პირველი დილა მაქვს, როცა პირსახე საკუთარი სიმწრის ცრემლებით არ ჩამომიბანია და ცოტა შევცბი და შევშინდი კიდეც, ვაი, თუ ასე მივეჩვიე სასტიკ მოპყრობას... ან იქნებაც და, ისე ვღელავ დღევანდელ გეგმაზე, ჩემს ტანჯულ სხეულს ცრემლებისთვის აღარც სცალია.
უნდა გავიქცე.
კი. კი. უთუოდ.
მე ქუჩიდან, სადმე, ოღონდ არა ისევ ქუჩაში, აუცილებლად უნდა გავიქცე...დღეს.
გეგმა ასეთია:
როგორც კი მწვანე აენთება შუქნიშანზე, ნაცვლად კუთვნილ ბარდიულზე დაბრუნებისა, უნდა გადავირბინო აჩოჩქოლებული ქუჩა და სრულიად საპირისპიროდ, რა თქმა უნდა უკანმოუხედავად ...ვირბინო, მანამ...მაგრამ, აი აქ არ ვიცი, ვერ ვიაზრებ, რა შეიძლება მოხდეს...ვის წარმოუდგენია ქუჩიდან გაქცეული ეწოდოს იმას, ვინც ისევ ქუჩაში დარბის და, როგორც გახურებულ კასრში ჩაკეტილი თაგვი, ცივ კედლებს აქეთ-იქეთ მიეხეთქება...ვინ...ვინ შემიფარებს...მე...ნაგვემ-ნაჯიჯგნ-დაუძლურებულ, პირდაუბანელ პატარა უფლისწულს...
აენთო...
მივრბივარ.
ყრუდ მომდევს მანქანების მძღოლების შეძახილები - „მიდი, გაიქეცი პატარა უფლისწულო, ჩვენ შენს გვერდით ვართ!!!“ ახლოდან ვგრძნობ გამვლელების გაოგნებული მზერას, როგორ იწევიან გვერდზე და მითმობენ გზას - უმისამართოს...
„აი, აქ შევალ“ - გავიფიქრე. აქ წყალია, უცებ პირ-სახეს, პირველად ცხოვრებაში, ცივი წყლით დავიბან...
ოცი წელი გავიდა მას შემდეგ...
საოცარი ისაა, რომ მთელი ეს დრო, გაღვიძებისას ისევ საკუთარი ცრემლებით ვიბან პირ-სახეს, ოღონდ - სიხარულისგან, მამობირვი, დედობრივი, მშობლიური, ღმრთაებრივი მზურნველობისგან.
დღესაც მაქვს გეგმა:
ჩვენ, ასიათასობით ღვთისმშობლის მზრუნველობის კალთის ქვეშ შეფარებულმა, მუდამ პატარა უფლისწულებმა და ქალწულებმა უნდა ვთხოვოთ დღევანდელ, იმ საინფორმაციო მაუწყებლებს... ნუ გვწამებენ ცილს და, თითქოსდა ჩვენი თანაგრძნობით, ნუ გვიბღალავენ იმას, რაც ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის და არა მარტო ჩვენთვის - მთელი ჩვენი სამშობლოსათვის.
და, თუ მაინცდამაინც ისევ და ისევ თანაგრძნობა სურთ, მოგვბაძონ, მიმოიხედონ და მოგვასწრონ, ამ წამსაც უამრავი ცრემლგამშრალი პატარა უფლისწული და ქალწული ელოდება მწვანეს ანთებას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები