ნაწარმოებები



ავტორი: აკირა
ჟანრი: პროზა
4 ივნისი, 2021


მზის შვილობილები - ნაწილი I(განთიადი)

დანტე

დაცემული ხომალდის ნამსხვრევებში გამოეღვიძა.
თავიდან ვერ მიხვდა, სად იყო. უზარმაზარი პირამიდასავით დასქეროდა მეტალის მასა.
გაახდენდა, რომ ბოლოს წითელ პლანეტაზე დაეშვა - სადგურამდე გამყოლს არ დაუცადა და უდაბნოს გზას მარტო შეუდგა.
დაფეთებული წამოხტა - ხომალდის ნარჩენებს ახედა - მიტოვებული და გამოცარიელებული იყო.
მის წინ, დიუნის ბორცვზე ვიღაც მოთავსებულიყო და ძველი რადიომიმღების სიგნალს ამოწმებდა.
დომენიკს გაახსენდა, სიცხისგან გათანგული როგორ დაეცა, უკვე ბოდავდა, მზის შარავანდედით მოსილი ფიგურა რომ წამოადგა.
არადა ეგონა, ეს დასასრული იყო.
თუმცა მის წინ ხორციელი, წელში მოხრილი არსება იჯდა.
-ჰეი!-დომენიკმა შეჰყვირა.
მისკენ დაეჭვებული სახით მოტრიალდნენ.
მზისგან ატკრეცილსახიან ბიჭს ჰგავდა, ცნობისმოყვარედ შემოსცქეროდა.
-მშვენიერი, მშვენიერი!-შესძახა,-შენც გაგიღვიძია, თავს როგორ გრძნობ?
ფეხზე რომ წამოდგა და თავსაბურავი ჩამოსძვრა, დომენიკი დარწმუნდა, რომ ოც წელს ახლად გადაცილებული, შავად მოთამაშე თვალებიანი გოგო იყო. ხაკისფერი ტანსაცმლში ჩამძვრალიყო და თავზე მზის სათვალე დაემაგრებინა.
-ვინ ხარ?-დომენიკს უნდოდა თავაზიანად გამოსვლოდა, მაგრამ მხოლოდ მოგუდული, უხეში ბგერები აღმოხდა.
მაშველმა მისი ტონი არ შეიმჩნია.
-დანტე დამიძახე! აქედან მოშორებით გიპოვე, პირდაპირ, ბედისწერაა, რომ უკან დავბრუნდი! უკვე ბოდავდი, "ელი ელი"-ს ეძახდი?! ისიც აქაა, ამ უდაბნოში? რატომ მიგატოვა?!
დომენიკმა შეუბღვირა.
გოგო უბოროოტოდ უღიმოდა. თვითონაც მოეშვა, ბოლოს და ბოლოს, უდაბნოში სულის ამოხდომას გადაარჩინეს.


ილთანი

ლოცვისგან დაღლილმა ილთანმა ღამე ცივ იატაკზე გაათენა. მოკუნტული იწვა, პატარა ხელის მტევნები გულზე მიეკრა და სულ კანკალებდა.
მზის პირველ სხივს ქურუმი ქალი შემოყვა და საკურთხეველთან ძირს მწოლიარე ქალის გვერდით ჩაიმუხლა.
-ჰაე, ეს რა დაგმართნია, ღმერთებო, მიშველეთ!
ილთანი მალე გამოფხიზლდა. ქურუმ ქალს ხელი მოხვია, დაამშვიდა,კარგად ვარო. ისიც წამოდგომაში მიეხმარა, წყალი მოუსვა სახეზე და წითელი ღვინოც დაუდგა საწოლთან. ქალს გვერდი ჩალურჯებოდა და ტკივილი გულს უღონებდა, თუმცა ხმას არ იღებდა, ისევ მოკუნტული იწვა, თავის ფიქრებში გამომწყვდეული და ცდილობდა ხილვებზე აღარ ეფიქრა.
აღმოსავლეთიდან ქარივით მომავალი კაცის სახე არ შორდებოდა გონებიდან, იმისი, ვის გამოჩენას მისი ღმერთებიც კი მდუმარედ ელოდნენ.


მაგდა

ფორუმმა არაქათი გამომაცალა. სახლამდე ძლივს მოვაღწიე. მინდოდა, ცოტა სული მომეთქვა, ჯერ ამდენი ადამიანი, პრეზენტაცია, კონფერენცია, ჟურნალისტები. „ქალბატონო მადგა, რა ურთიერთობა გაქვთ აქაურ დიზაინერებთან...რატომ არ თანამშრომლობთ მათთან...რა ურთიერთობა გაქვთ თქვენი მოდის სახლის ბიზნეს პარტნიორთან...სინამდვილეში რა გახდა თქვენი სამშობლოში დაბრუნების მიზეზი, ამბობენ...“
ამბობდნენ, ამბობდნენ...ყველაფერს - ტყუილსა და უფრო ტყუილს, ცრუს და მართალს ურევდნენ ერთმანეთში და ამბობდნენ, ან კი რა დაუშლიდათ?! კითხვებიც, შესაბამისად, არ წყდებოდა. უამრავი წარმატებული ჩვენება, ახალი პროექტები და მათ ჩემი პირადი ცხოვრება უფრო აინტერესებდათ.
მქონდა თუ არა ურთიერთობა მარკთან?! ეშმაკმა უწყოდა. ვიცოდი მხოლოდ ის, რომ ეს კაცი დიდხანს აღარ მტოვებდა მარტო, თუმცა ჯერ არაფერს მთხოვდა სანაცვლოდ. ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა თხუთმეტ წელს აღწევდა, ის კი სამსახურში პირველ დღეს მისული ახალგაზრდა კაცივით გამოიყურებოდა - სუფთად გაპარსული, მოწესრიგებული პერანგით, თუმცა მოუსვენარი ხელებით და მონადირის კბილებით - აშკარად ბასრად გალესილით.
ფეხსაცმელი შემოსასვლელში მივყარე. თავი მისკდებოდა. ცივი წყლის აბაზანა მისწრება იქნებოდა.
ამბობდნენ...მაინც რას?! რისთვის დავბრუნდი სამშობლოში? ვიცოდი, საითაც მიჰყავდათ საუბარი. სამწუხაროა, მაგრამ თუ შენს ცხოვრებაში პოლიტიკოსი ფიგურირებს, კითხვებს ვერასოდეს დააღწევ თავს. თუმცა მე როცა გავიცანი, მაშინ მხოლოდ ენერგიით სავსე, თუმცა დაბნეული ბიჭი იყო, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობდი.
გუნებაში გამეცინა, რაღა მაკავშირებდა ამ კაცთან?! თანაც, ეს ზედმეტად გემრიელი ლუკმა იქნებოდა ყვითელი პრესისთვის და გულზე დაადგებოდათ. ერთი ნაბიჯიც და მოდის დიზაინის ბრწყინვალე პანთეონიდან ოჯახის სამარცხვინო დამანგრეველ ბულდოზერთა გამოფენაზე გადამანაცვლებდნენ.
სააბაზანოს ხალათი შემოვიცვი და ფანჯრები გამოვაღე.
ადრეული გაზაფხულის სუნი იგრძნობოდა.


რენე

კონფერენციის მეორე სესიაზე რენე ჩამოვიდა. მისი გამოჩენა წყლის პოვნას ჰგავდა უდაბნოში. რენეს სიამოვნებდა ხალხთან ურთიერთობა და ამ მხრივ ჩემს გასაკეთებელს საქმეს ის ყოველთვის სიამოვნებით უძღვებოდა. თანაც მისი მოცინარი სახე ყველასთვის აღმაფრთოვანებელი იყო და ისე შესციცინებდნენ როგორც მე ლექციის პირველ დღეს, როდესაც კამპუსში დაკარგულს გადამეყარა და ჩემი გზამკვლევი გახდა.
არც კი მახსოვს, როგორ მოხდა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ ბინა ერთად ვიქირავეთ - მშობლები ეხმარებოდნენ, თუმცა ერთ დღეს ურჩობა მოუნდა და რამდენიმე თვით ჩემთან გადმობარგდა.
სახლში ნორმალურად არც ჩერდებოდა, მუდმივად რომელიმე ახალ გამოფენის შემდეგ გამართულ წვეულებაზე ათევდა ღამეს, დილით კი სუნამოთი გაჟღენთილი ბრუნდებოდა. მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სახლში არასოდეს არავინ მოუყვანია.
კონფერენცია კიდევ ერთ კვირას გაგრძელდა. თუმცა რენე წასვლას არ ჩქარობდა. არც მე ვიყავი მისი გახანგრძლივებული შემორჩენის წინააღმდეგი.
-მიმიღებ,მადლენ?! - საღამოს გამომეცხადა, ლოყები უკვე სასმლისგან ჰქონდა ატკრეცილი.
-როდის აქეთ მთხოვ ნებართვას?! - გამეცინა, კარს მოვცილდი და რენეც შემომყვა, თხელი პალტო არტისტულად მიაგდო სავარძელზე და თავადაც მსუბუქად ჩაეშვა.
-არ დალევ?-გრძელი თითები მოლოდინით აათამაშა.
-მაცივარში შეიხედე, - უკვე აბაზანიდან გამოვძაზე, პერანგზე ხალათი შემოვიცვი და უკან გამოვბრუნდი.
რენემ ჩაახველა, ოთახი დაკვირვებით მოათვალიერა.
-სად გყავს მოხუცი კავალერი?! - გვერდულად გამომხედა.
-მოხუცს გაჩვენებ შენ, - მოჩვენებით გავუბრაზდი, - სადაცაა ცოლად უნდა გავყვე.
რენემ ჩაიფრუტუნა, ფეხი ფეხზე გადაიდო და სავარძელზე გადაწვა.
-ცოლად ვერ გაყვები! შენს ცხოვრებაში სხვა კაცი ვერ დაიკავებს მთავარ ადგილს!
-ავი ძაღლი, - გამეცინა და პალტო ავაცალე საკიდზე გადასატანად.
რენეს ხშირად ვეხუმრებოდი, რაც შენ გაგიცანი, შემს ცხოვრებაში არაფერი წასულა ნორმალურად-მეთქი, ის კიდევ უმადურს მეძახდა, სწორედ ჩემს გვერდით ყოფნამ გაქცია საქვეყნოდ აღიარებულ დიზაინერადო.
ჯერ წარმოდგენაც არ მქონდა ის და მარკი როგორ შეეგუებოდნენ ერთმანეთს.
-რა გაწუხებს მადლენ?! - რენე ჩემს გვერდით გადმოჯდა, - რა მოხდა?!
რენესთვის არასოდეს არაფერი დამიმალავს, გულგატეხილი სწორედ მან მანუგეშა და შემიფარა, დემნას შესახებ ყველაფერი იცოდა და ახლაც ხვდებოდა, რომ რაღაც მას უკავშირდებოდა.
-არ მითხრა, რომ ისევ გული აგიფრიალდა, - ცალყბად ჩაიცინა რენემ, ირონიულად მიყურებდა.
-არა,პირიქით, - ფანჯარასთან გადავედი, ოთახის ბუღი კიდევ უფრო მამძიმებდა, - ვერც მივხვდი, თუ ოდესმე ვიცნობდი...არც კი ვიცი...არც კი მახსოვს, რატომ ვიყავი მასთან?!
მარკს გამგზავრებამდე ქალაქში უნდოდა გავლა. საღამოს კი წყნარი ადგილი ვიპოვეთ, სავახშმოდ შევჩერდით.
გაზაფხულის შესაფერისი კაბა მეცვა, ცისფერი, ბროწეულის ყვავილებით მიმოფანტულ-ნაქარგი.
ნაჭერი დედის გარდერობიდან ავიღე და შემდეგ იმ კაბის მიბაძვა ვცადე, რომელიც მასზე ყველაზე უკეთ მახსოვდა. მისი შრიალი ყოველთვის მახსენებდა დედას და მის სიახლოვეს მიბრუნებდა. თითქოს ეს ერთადერთი კაბა შელოცვით კვლავ უბრუნებდა სიცოცხლეს.
მარკს გული აწუხებდა და სასმელს ერიდებოდა. თავის მდგომარეობაზე ნაკლებად საუბრობდა, მეც კითხვებით არ ვაბეზრებდი თავს. აქაურობაც იმდენად არ მოსწონდა, დიდხანს რომ გაჩერებულიყო, საქმის გამოც ერჩივნა საკუთარ სამშობლოში დაბრუნება.
მშვიდად ვვახშმობდით. მე ჩემს ახალ პროექტზე ვუყვებოდი, მინდოდა, ცოტა ხანს სახლში მემუშავა, თემაზე ინფორმაცია შემეგროვებინა. მარკი წინააღმდეგი არ იყო, თუმცა არც ბედნიერი ჩანდა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ერიდებოდა ჩემს გადაწყვეტილებაში აგრესიულ ჩარევას.
არ ვიცოდი, ეს მომწონდა თუ მაღიზიანებდა.
-რენეც ჩამოვა ცოტა ხნით, - სასხვათაშორისოდ ვახსენე.
-რა თქმა უნდა, - მარკმა დაკვირვებით შემომხედა, - რენე ხომ არასოდეს გტოვებს.
პირი გავაღე შესაკამათებლად, როცა გვერდიდან ნაცნობი ხმა მომესმა და ისე დავდუმდი, თითქოს მეხს გადაეაროს ჩემს თავზე, ნელა, ქვემოდან გავიხედე და დემნას დასრულებულ პროფილს შევავლე თვალი - კამპანიას უცხო, ნაკეციანი კაცები უწევდნენ, თვითონაც დაეკარგა სხეულის ძველებური ფორმა, თუმცა ხმა ისეთივე ჰქონდა - თამამი, წკრიალა. ოღონდ ასე ხმამაღლა განზრახ თუ საუბრობდა. არ მინდოდა, შეემჩნია, რომ მისმა აქ ყოფნამ ამაფორიაქა. მარკს მივუბრუნდი და უნებურად დედას კაბაზე დავუწყე ლაპარაკი. აღელვებისას, ისეთ ინტიმურ ამბებს ვყვებოდი, სხვა დროს ძალით რომ უნდა ამოეგლიჯათ.
-დედაჩემი მხატვარი იყო, - თქვა მარკმა, - მე მის ნახატებს ვინახავ, ისე როგორც შენ კაბას. მის სახელოსნოსაც არ შევხებივარ. ვფიქრობდი, სიკვდილის მერე თუ რამე რჩება ჩვენგან, ისევ ჩვენს საყვარელ ადგილს ვუბრუნდებით და იმ წერტილში უსასრულოდ ვიდებთ ბინას.
დემნა წასვლას არ აპირებდა, მე და მარკი წამოვდექით, ჩანთა ავიღე სკამიდან და ჩვენი მზერა მაშინ შეხვდა ერთმანეთს.
მის სუფრაზე თევზი  სხმარტალებდა.სალათის გადაცრეცილი ფურცელი მხოლოდ მოსართავად ამოედოთ.
მარკმა სახლამდე მომაცილა. ნაჩქარევად დავემშვიდობე .
კარის მიხურვისთანავე აბაზანისკენ გავიქეცი და წყალში ჩავხტი. თავს ბინძურად ვგრძნობდი.
დარწმუნებით ვიცოდი, რომ სიკვდილის შემდეგ ჩემი სული დემნას ძებნას არასოდეს დაიწყებდა.


დომენიკი

გამთენიისას გაუყვნენ წითელ უდაბნოს.
დანტემ ხომალდში შენახული სამგზავრო ტანსაცმელი მისცა და ზურგჩანთაში წყლის ბოთლებიც ჩაულაგა.
სწრაფად მიდიოდნენ და არ ლაპარაკობდნენ.
საღამოს, ორი მთვარის ამოცურებისას მიაღწიეს ქვიშაში ჩაფლულ სვეტს.
დანტე ახლოს მივიდა.
სვეტი კოშკივით აღმართულიყო ქვების გროვაში.
გარშემო მხოლოდ გამხმარი ბუჩქების ნარჩენები დაძრწოდნენ.
სვეტი სადგურის გადამცემი აღმოჩნდა - დანტემ ცოტა ხანს იჩხერკედელავა, მერე ზედ ციფრები აკრიფა და ცოტა ხანში, ქვიშიდან, სისინით ამოცურდა წყალქვეშა ნავისმაგვარი კონსტრუქცია.
დომენიკმა მიმოიხედა. გარშემო არაფერი ჩანდა.
-მოდი მოდი,-დანტემ ხელი დაუქნია-ეს ჩვენი გაჩერებაა.
ნავისებურ ხომალდში ჩავიდნენ.
იქაურობა მართლაც გემბანს ჰგავდა, დანტე წინ წახტა და ჩანთა შესასვლელში მოისროლა.
-სად წახვედი, ბებერო მელა?!
მუქი, გაფიჩხებულთმიანი კაცი გამოეგებათ. დანტეს დანახვაზე ხელები გაშალა.
-აქ რომელმა ქარმა გადმოგაგდო?!
დანტემ გაიცინა და ძველი ნაცნობებივით ჩაეხუტნენ ერთმანეთს.
დომენიკი იცდიდა, სანამ ისინი ხელების ქნევით, ერთმანეთს აჟიტირებულები ელაპარაკებოდნენ, ხომალდის კედლებს ათვალიერებდა.
უცნაურად ეჩვენებოდა შუა უდაბნოში ქვიშაში ჩამალვა.
- ტალია კიდევ არ ბრუნდება ხომ სახლში?! -კითხულობდა კაცი,-სულ არ წუხს იმაზე, რომ მამამისს აქაურობა შესაკეთებელი აქვს, ნახე რას დაემსგავსა უმისოდ!
-დაბრუნდება, დაბრუნდება!-ამხნევებდა დანტე,-ხომ იცი, ყოველთვის ბრუნდება.
-ჰო, მაგრამ ამ ომის მერე ისე ვარ შეშინებული,-კაცი ხელებს აქნევდა,-კაცმა არ იცის, რა მოუფრენს თავში ფედერაციას...აქაც გადმოიფრინა ერთმა ხომალდმა, ვითომ არ ედარდებოდათ ეს ტვირთგადაზიდვა, მაგრამ რას გაიგებ, მადა მოუვიდეთ და აქაურობასაც ჩააფრინდნენ.
-მაშინ, გირჩევნია, ეს ხომალდი ქვიშიდან ამოაძვრინო,-კედელს ხელი მოუკაკუნა დანტემ.
ახლაღა გაახსენდა, რომ დომენიკიც იქ იყო.
-ჰო,მართლა, ბერტ, ეს დომენიკია, ჩემი ტურისტი.
კაცმა თავიდან ფეხებამდე აათვალიერა და თავი დააკანტურა.
დომენიკმაც თავი დაუკრა.
-კარგი, კარგი, წყლისა და საკვებისკენ,- ბერტი პატარა სამზარეულოში შეცუხცუხდა.-ბევრი არაფერი მაქვს, თუმცა თქვენ ორს გეყოფათ.
დომენიკი ყოყმანით მიუჯდა სამზარეულოს ბარს, მაგრამ როგორც კი სენდვიჩის პირველი ნაჭერი ჩაკბიჩა, ერთნაირად მოვარდნილი შიმშილისგან ლამის გონება მთლად დაუბნელდა და პირი ისე გამოიტენა, დანტეს რომ არ მოესულიერებინა, დაიხრჩობოდა.
-მადლობა,-წაიბუტუბა დომენიკმა. ბერტმა წყალი კიდევ მიაწოდა.
-უკვე მეორედ,-დანტემ გაიცინა და თვალები ჩაეკარგა.
დომენიკმა დაბნეულმა შეხედა.
-ანუ უკვე მეორე სიცოცხლე გმართებს ჩემი,-შეპარვით ჩაილაპარაკა დანტემ,-ასე არაა?!


ილთანი

სამსხვერპლოზე იწვა, ტანზე არაფერი ემოსა, ყორნისფერი თმა ზეთისხილისებრ კანზე ჰქონდა ჩამოშლილი.
გული უცემდა ღელვისგან. ტკბილ-მწარე სიხარულით ელოდა, როდის მიიღებდნენ მისი ღმერთები ძღვენს - მის სიცოცხლეს.
ქვის ქანდაკებები გულხელდაკრეფილნი ჩამოჰყურებდნენ.
საკურთხევლისკენ ვიღაც მოიწევდა მძიმე ნაბიჯით.
ცახცახებდა ქალის სხეული.
უკანასკენ საფეხურზე რომ ამოაბიჯა, შეჩერდა. ხელი ქალის გარშემო შემოგროვილ ყვავილებს დაუსვა.
-ძღვენი! -  წარმოთქვა მან.
ქალმა ილთანმა ძრწოლვით ახედა და ელდამ სხეულში დაუარა - მზემოკიდებული სახიდან აკვესებდა ავაზის თვალები.
სხეულზე ვარდის ფურცლები გადაეშალა.
და მაშინ დაიხსნეს ხელები მისმა ნახევარღმერთებმა და მუხლი მოუყარეს კაცს.
ილთანს კივილით გამოეღვიძა. საკურთხეველი აღარსად ჩანდა. მხოლოდ კედლებს შესცქეროდა მთვარე.
ილთანმა ზურგი აქცია ვერცხლისფერ კედელს და ბნელ კუთხეს მიეკრა.
უნდა მოეცადა.
თუმცა არ გაგრძელდა დიდხანს მისი ღელვა.
მეორე დილით მოვიდა იგი უდაბნოდან, თეთრი ტუნიკით და სახეშებურული.


ხომალდი

სახეზე ცივი წყალი ესიამოვნა.
საკუთარ ამოღამებულ თვალებს აკვირდებოდა სარკეში.
სახლში დაბრუნების მიზნით დატოვა ფედერაცია, მაგრამ მაინც ამ გადაკარგულ უდაბნოში ამოყო თავი.
კაბინაში ჩავიდნენ დასაწოლად. იმაზე ფორიაქს არ აპირებდა, დანტესთან რომ იყოფდა სივრცეს,
დაღლილობისგან მალევე ჩაეძინა. ვარდისფერ ნისლში ჩაეშვა.
სმოგში ჩაფლული ნეონის ქალაქი ედგა თავზე.
ცათამბჯენის თავიდან გადმოჰყურებდა განათებულ გზებს.
ერთი ნაბიჯიც და...
ფეხი დაუცდა.
ვარდნამ სუნთქვა შეუკრა.
ელდანაკრავივით წამოხტა საწოლიდან.
დანტემ კომპიუტერიდან თავი აიღო და გაოცებული მიაჩერდა.
დომენიკი გაოფლილი ძლივს სუნთქვდა.
-ვერც შენ იძინებ?-დანტემ წყლის ჭიქა გაუწოდა.
ხარბად დალია და მოსულიერებულმა ფეხები იატაკზე ჩამოაწყო. ხელებს მატრასს უჭერდა.
დანტე სკამზე შემოტრიალდა. წყალი თავისთვისაც ჩამოისხვა და თითები ჭიქაზე აათამაშა.
-გისმენ,-მშვიდად თქვა.
-რაა?-დომენიკი ფიქრებიდან გამოერკვა.
-უდაბნოში დახეტიალობ, ათასი პლანეტის სადგურზე გინდა წასვლა, კოშმარები გაწუხებს...-დანტე თითებზე ითვლიდა,-რაღაც გაქვს მოსაყოლი.
დომენიკს უნდოდა ეთქვა შენს საქმეს მიხედეო, მაგრამ მისდა გასაოცრად, მხოლოდ თავი მორჩილად დაუქნია.
დანტე კატასავით მოკალათდა და გაფართოებული თვალებით შემოაცქერდა.


ქურუმი

უმაღლესი ქურუმის ტახტზე იჯდა. მედიდურად უყურებდა კაცს, უფრო ზიზღითაც. ის ფეხმორთხმული მოკალათებულიყო მის პირდაპირ და აუღელვებლად აცლიდა ყურძენს მარცვლებს.
ქურუმმა ქალმა ღვინო მიაწოდა ილთანს, იმან მოსვა და თავით ანიშნა, სტუმარსაც შესთავაზეო.
კაცმა გამოართვა, მოიყუდა და ისე ჩამოცალა, ქალისთვის მზერა არ მოუცილებია.
ქურუმი გავიდა. ილთანი დუმდა.
-ჩემი სახელია სარ-ლეჰ’ხემი,-წარმოთქვა კაცმა,-უდაბნოს ხალხის მეგზური.
-შენი სახელია სარ-მილხ’ჰამა,-კბილებში გამოსცრა ილთანმა,-მომთაბარე ავაზაკთა მეუფე!
კაცმა ამოიოხრა, ყურძენი ლანგარზე დადო.
მოსახვევი მოიხსნა თავიდან.
შავი, ბზინვარე თმა ფრთასავით ჩამოეფინა.
ილთანს გააჟრჟოლა, კიდევ კარგი, ფეხზე არ ვდგავარო, გაიფიქრა.
-ამ ქალაქში საკვების მარაგის შესავსებად გავჩერდით,-განაგრძო ლეხემმა,-დასვენებაც გვჭირდება.
-ამის შესატყობინებლად მოხვედი?!-დამცინავად წარმოთქვა ქალმა, ღონე მოემატა, ნაყენის მოქმედებას გრძნობდა.
კაცს წარბი არ შეუხრია.
-ეს ქალაქი შესაძლოა, ამიერიდან ჩვენ გვეკუთვნოდეს,-ისეთი მშვიდად წარმოთქვა, თითქოს დილის სალამს ამბობდა,-იგივე ითქმის ღმერთების ყველა ძღვენზეც.
ილთანის ხელიდან ჭიქა დაეფშვნა იატაკს. სისხლისფერმა ფარდაგმა არაფერი შეიტყო.
-როგორ ბედავ!-ბრაზისგან ხმა ჩაუწყდა,-ღმერთები ამას არ გაპატიებენ!
-შენს ღმერთებს იმის ძალაც არ აქვთ, საკუთარი ცეცხლისგან დაგიცვან,-ფეხზე წამოდგა და თავი დაუკრა ქალს.
-მაგრამ მე შენ გიხრი ქედს! თუ შენ ინებებ, ამ ქალაქიდან ხვალვე წავალთ.
ქალი შეცბა. კაცს დააკვირდა. ძარღვიანი ხელები გვერდზე ჩამოეშვა და ფეხის წვერებზე ირწეოდა.
-ერთ კვირაში დავბრუნდები,-ისევ დახარა თავი კაცმა-და პასუხს მოვისმენ.
-რას მთხოვ სანაცვლოდ?-ილთანს ხმა გაებზარა.
ლეხემს ავი ღიმილი გადაეფინა სახეზე. თითქოს პასუხთა შორის უარესს არჩევდა.
-ამ ტაძრის მთავარ საგანძურს!
ქალმა გონებაში თვალი გადაავლო იქროს ნაკეთობებს და ძვირფას ქვებს, იყო იქ ერთი, ლალით და ალმასით მოჭედილი-ათასი ღმერთის კვერთხი.
-თუკი კვერთხის შესახებ გითხრეს...-ხმა უთრთოდა.
-ეგ ძღვენი შენი ქვის ღმერთებისთვის დამიტოვებია,-ლეხემს მხრები შეუტოკდა,-მე ცოცხლების საკადრისს ვთხოულობ - უმაღლეს ქურუმს.
ილთანი თითქოს იატაკს დაანარცხესო.
არ შეუმჩნევია, როგორ ან როდის წავიდა კაცი.
ფარდაგზე ჩამოცურდა მუხლმოყრილი, მთელი სხეული უცახცახებდა.
დამხმარე ქალმა ნაყენი მოუმზადა და ეცადა, დასაძინებლად წაეყვანა.
არ დამორჩილდა.
ღმერთებთან დაემხო და დილის პირველ სხივს ლამის ქვასშეზრდილი შეხვდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები