ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
6 ივნისი, 2021


გივი ბერიკაშვილისა და კახი კავსაძის შესახებ

ცოტა ვინმეს თუ ღირსებია სიცოცხლეში ხალხის ისეთი სიყვარული, როგორიც გივის და კახის.

ის, - რაც კახი კავსაძემ 1989 წლის 9 აპრილს გააკეთა, გმირობის ტოლფასი იყო! დარბევა ახალი დაწყებული იყო, რუსთაველის გამზირიდან დაძრულ მასას თეატრის კარები გაუღო და მეორე სართულზე - მცირე დარბაზში შეუშვა. იცოდა რომ რუსი სამხედროები თეატრის დიდ დარბაზში შემოვიდოდნენ, მათ ხალხი დიდ დარბაზში ეგულებოდათ.

2017 წელს მაჩაბლის 13 ნომერში - მწერალთა სახლში, მწერალთა კავშირის შენობაში აწ გარდაცვლილი მწერლის - ვახტანგ ჭელიძის ხსოვნის საღამო იყო, რომელმაც შესანიშნავი წიგნი „ქართლის ცხოვრების ქრონიკები“ დაწერა.

საღამოს დაწყებამდე ცოტახნით ადრე, მე, პოეტმა ნოდარ ჯოჯუამ, პოეტმა ბადრი ქუთათელაძემ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა გივი ბერიკაშვილზე ვისაუბრეთ, საოცრად თბილი და ხუმარა პიროვნება იყოო, ბევრს გვაცინებდაო სუფრაზეც და სუფრის გარეთაც.

ბატონი გივის ნათამაშები როლებიდან მე პირადად „ლონდრე“ დამამახსოვრდა, თამაზ მელიავას ამავე სახელწოდების ფილმიდან, ხოლო მარჯანიშვილის თეატრში ნათამაშები სპექტაკლებიდან მწერალ კიტა ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“.

მიუხედავად იმისა, რომ თეატრი ჩემთვისაც არ არის უცხო (სტუ-ს, იგივე გეპეის თეატრის მსახიობი ვიყავი 13 წლის განმავლობაში), კინოსაც აქვს თავისი ხიბლი, გარდა „ლონდრესი“, გივი ბერიკაშვილი ტიგრან გულოიანის როლითაც დამამახსოვრდა გიგა ლორთქიფანიძის ფილმიდან „თეთრი ბაირაღები“.

ერთხელ, სოფიკო ჭიაურელმა - გივი ბერიკაშვილს ხუმრობით უთხრა: „მე თუ შენზე წინ წავედი ამ ქვეყნიდან, იმ ქვეყნად თეატრი თუ იქნა, საქმეს ჩაგიწყობო“.

სოფიკო გივიზე წინ წავიდა... სოფიკოს გარდაცვალებიდან 13 წელია გასული. ძალიან აკლია ქართულ სცენას სოფიკო, გივი და კახი.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

მამულიშვილებს

მამულიშვილნო! მიყვარხართ,
დიდია თქვენი ამაგი,
ჯიხვის რქით დამილოცნია
ჩვენი ჯიში და ალაგი.

იყო დიდგორი, შამქორი,
ცხრა აპრილი და შინდისი,
ყველა ერთგული ქართველი
არის ამ ქვეყნის სინდისი.

თავისუფლებას უმღერის
დღეს მათი შთამომავლობა...
სამშობლოს სამსახურისთვის
მამულიშვილებს - მადლობა!

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები