ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
5 ივნისი, 2021


თეთრი წრე ან მალევიჩი - პლაგიატორი?

#გალერეა

ნინო დარბაისელი სტრონი

თეთრი წრე ანუ მალევიჩი - პლაგიატორი?   

  მალევიჩის “შავ კვადრატს”, რომელსაც თავად ავტორი სუპრიმატიზმის ნიმუშად მიიჩნევდა და რომელსაც ცნობილ ხელოვნებათმცოდნეთა  კვალად,  დღემდე ხშირად მოიხსენიებენ სახელით -
,, ხელოვნების საწყისი”
ან
“ხელოვნების ნულოვანი წერტილი”
  ყველა იცნობთ;
  ისიც ბევრმა იცით, თუ რა მაგიური თეორიებია შექმნილი ხელოვნებათმცოდნეობაში
მის შესახებ;
იცით ასევე, რომ  პირველი გამოფენიდან ზუსტად 100 წლის თავზე შესწავლილი იქნა ტილოს ქვედა ფენები და იქ სხვა ნამუშევარი აღმოჩნდა.
    ნაწილმა ისიც უწყით, რომ 2015 წელს მალევიჩს რასიზმშიც კი დასდეს ბრალი, რადგან ტრედიაკოვის გალერეის მკვლევართა ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში,  გარდა რუსებისა, უცხოელი წევრებიც იყვნენ,  ახალი,  ლაზერული ტექნოლოგიის გამოყენებით,  სულ ქვედა ფენაში გარკვევით ამოიკითხა წარწერა ,,ზანგების ბრძოლა ბნელ გამოქვაბულში”.
… როგორ განვითარდა ამბავი ამის შემდგომ?!
  მალევიჩ - კერპის რეიტინგმა მსოფლიო ხელოვნების ბაზარზე  მკვეთრი ვარდნა იწყო. მართალია, გაისმა აქა-იქ გამამართლებელი ხმებიც, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში რასიზმის საკითხი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ასეთი სიმწვავით არ იდგა, რომ კაზიმირმა გაიხუმრა, თორემ პირადად დიდ პატივს სცემდა ..ბლა-ბლა-ბლა
  არტ-ისტორიკოსები  კი  ამბავმა დიდ საგონებელში ჩააგდო.  ფაქტი  იმდენად უტყუარი  და თვალნათლივი იყო, მისი  იგნორირება,  შებრძოლება, ანუ  ახსნა რაიმე იდეოლოგიური დივერსიით, შეთქმულების თეორიით და ამგვარი ჩვეული რაღაცეებით, არ გამოდიოდა,  გაქცევითაც ვერსად გაექცეოდი. რა რჩებოდა?
      როგორ უნდა მოშორებოდა  დღესდღეობით მაინც ასე მწვავედ  განსჯადი რასისტობის ლაქა დიდ ხელოვანს?
    ვინ რას იფიქრებდა, რომ უარესი კიდევ წინ ელოდა  არტ-ისტორიკოსთა შრომას, რომ პრაქტიკულად, ახლიდან დასაწერი გახდებოდა ერთ-ერთი  თითქოს-და,  ყველაზე მოწესრიგებული ფაზა სახვითი ხელოვნების ისტორიისა, აქცენტებიც ახლებურად გადასანაწილებელი.
  ამ შემთხვევაზე ფიქრისას  სულ ერთი ძველი ხუმრობა მახსენდება: ‘’როგორ ამოვიყვანოთ ლაქა ტანსაცმლიდან“:
    - თეთრი  ძაფით შემოვბლანდოთ ლაქა,  შემდგომ ფრთხილად  მივყვეთ  თეთრ  წრეს და  ამოვჭრათ მაკრატლით.
      აღმოჩნდა, რომ სიტყვები  ტილოს ქვედა ფენაზე  მალევიჩის ხელით კი იყო დაწერილი, მაგრამ მას არ ეკუთვნოდა,  ეს - თავისუფალ თარგმანს წარმოადგენდა მეცხრამეტე საუკუნის ფრანგი იუმორისტი მწერლის ალფონს ალეს (https://ru.m.wikipedia.org/wiki/Алле,_Альфонс ) სიტყვებისა, ისტორიკოსებს ის-ის იყო მშვიდად უნდა ამოესუნთქათ, ადამიანმა ხუმრობით ფრანგი კომედიანტის სიტყვები გაიმეორა,  თავისთვის, მარტო  მუშაობისას და თავადვე გადაფარა ახალი ფენით, პრაქტიკულად წაშალა. დიდი ამბავი, ხომ არ შეიძლება, ამის გამო რასისტად გამოაცხადო, იქნებ სწორედაც პირიქით , არ ეთანხმებოდა ამ სიტყვების მთქმელს!
არის არა,  ამაში ლოგიკა?!
მაგრამ საქმე გაცილებით ცუდად აღმოჩნდა.
  საქმე ისაა, რომ  მალევიჩს  „შავი კვადრატის გარდა,  კიდევ ორი მსგავსი, თუმცა შედარებით ნაკლებად პოპულარული „თეთრი კვადრატი“ და  „წითელი კვადრატიც“ აქვს დახატული...
-  მერე ეს რას უშლის ხელს? ნება თავისი იყო, თუ სურდა სხვა ფერის კვადრატებსაც დახატავდა და გამოფენდაო -  იკითხავს  ალბათ გაკვირვებული მკითხველი….
      მოთმინება, მოთმინება!
      ჩვენ მიერ  ზემოთ ნახსენებ მწერალ ალფონს ალეს, რომელიც  ევროპულ ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებაშიც მინიმალიზმისა და კონცეპტუალიზმის ერთ-ერთ წინამორბედად მიიჩნევა,  1915 წელზე გაცილებით ადრე, 1893 წელს  პარიზში უკვე    გამოფენილი ჰქონდა შავიც, წითელიც და თეთრიც... ოღონდ არა, კვადრატი არა, მართკუთხედი. სულ 8 სხვადასხვა ფერი აქვს.
    და რომ არც ალფონს ალეა პირველი!
  მისი ნამუშევარი თავის მხრივ  - იყო პაროდია 1882 წელს პარიზშივე გამოფენილი ტილოსი ,,ზანგების ჩხუბი ღვინის სარდაფში”, რომლის ავტორიც იყო პოლ ბილხოდი.
საერთოდ კი მთლიანად შავი ტილო, როგორც ნამუშევარი,  მანამდე ორსაუკუნოვან ისტორიას ითვლიდა და არაერთ მხატვარს ჰქონდა შესრულებული.
        დამთხვევები  ადამიანთა მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში მომხდარა და მოხდება კიდეც,
მაგრამ  დავუკვირდეთ სათაურებს ალფონს ალეს ტილოებისა:
1 თეთრი მართკუთხედი - ‘’ სისხლის გათეთრებით დაავადებული გოგონები მიემართებიან პირველ ზიარებაზე“
2.  წითელი მართკუთხედი - “პომიდვრის მოსავალის აღება წითელი ზღვის სანაპიროზე აპოპლექსიკური კარდინალების მიერ”.
3.  შავი მართკუთხედი -“ ზანგების ბრძოლა გამოქვაბულში კუნაპეტ ღამით“

რა დასკვნა გამომდინარეობს აქედან?
1.ერთი რამ  ხომ უტყუარია,  -  თავისი შავი კვადრატის შექმნამდე, მალევიჩისთვის, მიმნიმუმ, ცნობილი იყო ღამით მოჩხუბარი ზანგების გამომსახავი მთლიანად შავი ტილოს/ტილოების არსებობის ამბავი.
  2. მან იცოდა, რომ თავად  ნამდვილად არ იყო პირველი,  ვინც მთლიანად შავად დაფარულ სასურათე სიბრტყეს, როგორც  ავტორი მხატვრულ ნამუშევრად ლეგიტიმაციას მიანიჭებდა.
3. უკეთეს შემთხვევაში,  მან პრინციპულად გააკეთა რემიქსი.
4. ცნობილია, რომ იგი  თავის შავ კვადრატზე ორაზროვნად საუბრობდა…

ეს კერძო, სკანდალური  ამბავი  ჩემთვის  უფრო იმითაა საინტერესო,  რომ საშუალებას მაძლევს არა ლიტერატურის, არამედ  სხვა დარგის - სახვითი  ხელოვნების მაგალითზე დავუკვირდე, რა მომენტიდან ხდება ადამიანი პლაგიატორი და როგორ მონაწილეობს ამ საქმეში ერთი მხრით  პიროვნული ნება,  მეორე მხრივ - გულუბრყვილო საზოგადოების გათამაშების ცელქური სურვილი და  ასევე შემთხვევითობა.
    ხელოვნების ისტორიკოსნი კი კვლავაც გულმოდგინედ ცდილობენ, გამართლება მოუძებნონ სათაყვანებელ კერპს.
  მე ხელოვნებათმცოდნე არა ვარ, უბრალოდ მიყვარს და მაინტერესებს მხატვრობა
  და  სულ ესაა, რაც  ხელთ არსებული ინტერნეტ მასალების დამუშავებით  გავარკვიე.
    როგორც კი რაიმე ახალს გავიგებ,  ვეცდები შეგატყობინოთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები