ნაწარმოებები



ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2021


გაქრობა

გამაღებინეთ კარი უფრო მეტი სხივისთვის
გულის, რომელიც იკუმშება საპირისპიროდ
თავისი კედლის, უფრო მეტად ბუღის და კვამლის,
ასე რომ ხრჩოლავს, იმავე დროს ხედვას ართულებს,
სუნთქვაზე დიდი ხანი არის არაფერს ვამბობ.
არაფერს ისე ვისაკლისებ როგორც თვალებით
ერთ დროს ფერების აღმოჩენის შესაძლებლობას,
რომელიც ზვინში ჩავარდნილი ნემსივით გაქრა
და თუ არ გვინდა ჯოხი მართლაც ნემსზე გადატყდეს,
თივას შევუნთოთ, ფერფლს კი ქარი როცა წაიღებს,
ფოლადის ღერი გაშავებულ ადგილს შერჩება,
როგორც პირველად პოვნის რაღაც უცხო ნიშანი.
და თუ ჯოხივით არ გვინდა რომ ნემსიც გადატყდეს,
თვალს მიფარებაც ნუგეშივით გახდეს ამაო,
თითის გაშვერა დაემსგავსოს წერტილის კვლევას
რომ ის არსებობს რამდენიმე და იმათიდან,
ყველაზე მკვეთრი იმსახურებს - მიყურადებას,
თვალ-თვალს, ან  თუნდაც სულ უბრალოდ ამოჩემებას,
მიგნებას იმის რომ თანაბრად ამ სისუსტეში
შორი-ახლოა შეგრძნებები რომელიც ახლა,
ბოლოს და ბოლოს როგორც იქნა წამომეწია
და გამაქრო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები