ნაწარმოებები



ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2021


ღვინოდ გადაქცევა წყლის

წყალს როგორ გაატანეს ნედლი ხორბლის ფქვილი,
მოეკითხებათ მეწისქვილეებს.

წვიმა - დაბნეული, უცხო, ტურისტივით ფოთლებს ეხეტება.
დამკვირვებელია ჩემი ფორიაქი ათას სინამდვილის.
სხვებმა დაითვალონ ისევ შედეგები,
უნდო არჩივები გადაინაწილონ.

ჩვენ კი ეჭვის თვალით ყალბი გამთენია მივიღოთ.
წვიმამ - დაბნეულმა ჩუმად მოიყვანა ცივი დღე.

რა უფლება აქვთ ჩემს ორგანოებს
გაუაზრებელ მოქმედებების.
ღმერთო, შეუნდე.
(შემოვიარე მემილიარდე ოქრომჭედელი,
აღარ ვკითხულობ ახალწვეულებს).
მათ ისევ მომკლეს მე ცხენისწყალზე
და მიზეზები სიკვდილს როგორ გაამართლებენ..
მათ ისევ მომკლეს მე ცხენისწყალზე,
უშინაარსო მოქმედებებით.

მე მარცვალი ვარ, ადამიანი
და უჩინო რამ დამირჩა უცხო.
მიწამ და წყალმა გადამიაროს,
მზის სიბრალულმა დამაურწყოს.

ცივი ამინდის შემეშინდეს.
მშიერი მგზავრის მომერიდოს.
სანამ ფერი არ მომეკიდება
ვერ გავცვლი სიტყვას.
ცვლადი მთვარე რომ ამობრწყინდება,
სიცოცხლეში არ მომეწყინება.
ამხელა დარდის წამოკიდება
განა მე მიყვარს.

ჩემი და-ძმების გამორიდებას
გადამაჩვია ამ ურითმობამ.
ბევრს ჩემზე მეტად გაუჭირდება,
ბევრს შეხვდა თიხა.

ჩაქრეს ეს ობლის თვალისჩინი,
დევის ფილთაქვა.
ათასი სეტყვა გავაჩინე,
ათასს მიმყავხარ.

ახიელას და ალისუბანს
შენი სიმღერის ხმა კი უყვარს.
ღვინოდ გარდიქცეს წყალი სუფრას,
ღვინოდ გარდიქცეს.
შენი სიმღერის ტექსტის ბოლოს
შენი კისერის, ყელის ბოლოს
შენი თვალების ცვრიან ბროლებს
რა დამავიწყებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები