ნაწარმოებები



ავტორი: მადამ ფისუნია
ჟანრი: პროზა
7 ივნისი, 2021


***

ზოგჯერ ადამიანები იმაზე მეტს გრძნობენ ვიდრე სურთ რომ იგრძნონ. ასე მოხდა მაშინაც. ის ვიგრძენი რამაც გული მატკინა. არც სიტყვებით და არც ქცევებით გამოუხატავს, რომ მის წარმოსახვაში ნელ-ნელა დავმახინჯდი. მკერდი ჩამომეწელა, მუცელი ჟელეს დაემსგავსა (სიარულისას თითქოს მე, მკერდი და მუცელი სამი სხვადასხვა, მთვრალი პიროვნება ვიყავით, რომლებიც ერთმანეთს გამუდმებით ფეხებში ედებიან). აალბათ, იმასაც ამჩნევდა, რომ ჩემს თმას ფერი ეცვლებოდა, თუმცა გულმოდგინედ ვცდილობდი დამემალა. არ უთქვამს დამახინჯდიო, არც ის უთქვამს, რომ გადავუყვარდი.არაფერი უთქვამს საერთოდ…არც ყოფილა საჭირო, ყალბი ღიმილი და და გაყინული თვალები უსიტყვოდაც ყველაფერს ამბობდნენ, ისედაც…ყოველ ჯერზე, როდესაც თვალებში ჩავხედავდი, ვტიროდი, შიგნიდან, უხმოდ და უცრემლოდ (თუმცა მას არასოდეს შეუმჩნევია).მერე მისგან ყალბი ღიმილი მეც შევისწავლე და ყველაფერი დალაგდა.ისე იყო როგორც უნდა ყოფილიყო. ყოველი გაღიმება, ჩახუტება და ალერსი გახდა “სამსახური”, რომლისთვისაც არცერთს არაფერს გვიხდიდნენ. და ვგრძნობდი, თანდათან როგორ ვკარგავდი ადამიანობას, ემოციებს, გრძნობებს, ყველაფერს, რაც ოდესმე ძვირფასად ჩამეთვალა.დავცარიელდი. გამოვიფიტე. ალბათ, ისიც დაიღალა და გამოტყდა, რომ სხვანაირი გავხდი და ასე, უბრალოდ წავიდა.მისთვის ბევრი რამის თქმა მინდოდა, მაგრამ არაფერი მითქვამს, უბრალოდ მოვკვდი.დროთა განმავლობაში ქვად და ლოდად ქცეული გული დაიბზარა და გატყდა. ჰოდა, აიღეს ეს ნამსხვრევები და არანაკლებ დამსხვრეულ სხვა სხეულის ნაწილებთან ერთად ჩაყარეს ხის სკივრში და მიწაში ღრმად ჩაფლეს. სული კი იმ ნაფლეთებს გამოცლილი დიდ, შავ ქვაში ჩაკეტეს.ვიმზირებოდი ქვიდან და ვხედავდი ბევრს. ახალ საფლავებს, მტირალ ხალხს, მომლხენ-მოქეიფეთ. წითელ კვერცხებს, სანთლებს…თუმცა, ძირითადად მარტოობას ვხედავდი, როგორც საკუთარს, ისე ჩემი მეზობლებისას. ახლებთან ჯერ ხშირად მოდიოდნენ, მერე უკლებდნენ, ბოლოს ჩემი საფლავის მსგავსად აბალახდებოდნენ ხოლმე. ერთგვარი ციკლივით იყო, რომელიც იშვიათად თუ ირღვეოდა.აი, მაგალითად, ისე როგორც იმ დღეს…წარმოსადეგ სევდიან მოხუც კაცს შორიდანვე მოვკარი თვალი, ყვავილებს ცოცხივით მოიქნევდა და მოჩანჩალებდა.ახლოს რომ მოვიდა, სახე მეცნო, თუმცა ვერ გავიხსენე.მანამ სანამ ჩემს ქვასთან არ გაჩერდა.ყვავილები დააწყო. ქვიდანაც ვიგრძენი შუბლზე მოდებული მისი ტუჩების სიმხურვალე. ადამიანი რომ ვყოფილიყავი ალბათ გამაჟრჟოლებდა, ახლა კი მხოლოდ სითბო მეამა. დაბერებულა.მაგრამ არ დამახინჯებულა, განსხვავებით ჩემგან.რაღაცები იბუტბუტა და წავიდა.მგონი პატიებას მთხოვდა.ჩემთან სტუმრობის სიხშირე გაზარდა.ხანდახან სვამდა ხოლმე ჩემს ქვასთან ერთად.შემებრალა, რადგან იმაზე მარტოსული მეჩვენა ვიდრე ჩვენ ყველანი.ვაპატიე.არ მითქვამს მაგრამ მგონი იგრძნო. ერთხელ, იქ სადაც ჩემი გული ეგულებოდა ჩამეკონა და დაიძინა.აღარ გაუღვიძია…..ჩემი ქვის გვერდზე სხვა ქვა გაჩნდა.იმ ქვის პატრონი თვალს არასოდეს მისწორებს. მხოლოდ თავს ხრის და ნანობს.

მე უკვე საუკუნეა ვაპატიე, მაგრამ თვითონ ჯერაც ვერ ჰპატიობს თავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები