ნაწარმოებები



ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2021


***

ჰოდა, "კაროჩე" ჩემო ძმაო, ყოფა ომია,
დიდი ძაღლების, ქოფაკების! შენ მუდამ ძაღლებს
წვრთნიდი და იცი, ძმაო ჩემო, ძაღლი როდესაც
კუდს გიცინებს, სწორედ მაშინ სიგნალად გაძლევს,
რომ შენ გენდობა და ეს ნდობა ისე მყიფეა,
ისე მოკლეა, ეშვებამდე წამები ჰყოფნის.
არსებობაა, ცხოვრებაა, ვიცი, მძიმეა
და არჩევანიც არის ერთი, თავის გაყოფა
იმ ვიწრო ყულფში, ქალაქი რომ საცეცად უშვებს,
ყელთან რომელიც ამდენ დარდს და სიყალბეს ყლაპავს.
შევე*ი ჩვენსკენ გამოშვერილ თოფების ლულებს
და გამაძღარი მათხოვრების უგულო კასტას.
თითები მტყდება რომ ვდუმვარ და ძაღლები ყეფენ.
გადასარჩენად დაღვრილია დროცა და სისხლიც.
ახლა ღამეა, ქალაქია, ჩვენ ვართ და მერე
ჯანდაბას რაც კი დაგვაკლდება. ღამეებს იქით
და დღეებს იქით ცხოვრებაა, ნათელი, სუფთა
და იმ ცხოვრების ანასხლეტი ჩვენში კვლავ ცოცხლობს.
არსებობაა. ცხოვრებაა. ძაღლები სუფრას
მუდამ თან სდევენ. შენ ეგა თქვი, გავყაროთ როგორ,
ისე რომ ჩვენი ხორცის გლეჯის არ მივცეთ შანსი.
ჩემო ძამიკო, ყველა კაცი იმ გზებით იარს
როგორც თავად სურს და ცხოვრების მთავარი არსიც,
ან როგორც გინდა - მუღამია, გადარჩე! ხშირად,
ძალიან ხშირად მეფიქრება მიღირს თუ არა...
მბეზრდება თავი, რადგან ზოგჯერ ძაღლივით მეც ვყეფ
და ვემსგავსები უსამშობლო, მუდამ მოარულ
სხეულს, რომელიც სახლს და სახლში მიმსვლელ გზას ეძებს
და ეხეტება უსიამოდ აღმა და დაღმა.
აღმა და დაღმა რა გამოლევს გულბოროტ ქოფაკს.
ჩემს სხეულს უკვე მრავლად ადევს ეშვების დამღა
და ალბათ, ახლა უფრო შორეთს დაკარგვის დროა,
რომ გავერიდო ჩვენი ქვეყნის შინაურ ძაღლებს,
ნაგაზებს, ძუკნებს, მაძებარებს, ფინიებს, იმათ
რომელებსაც თვალში უპატრონო ცხოვრება უდუღთ
და ყოველღამით უსახლობის ჭრილობა სტკივათ.
ჰოდა, "კაროჩე", ჩემო ძმაო, მე ამ ომს ვაგებ
ვერ გამოვიდა შენი ძმისგან დიდი ნაგაზი
და ახლაც, როცა ჩემი სახლის ძველ ფანჯრებს ვაღებ
თითქოს გაფრენას მთავაზობდეს, მიხმობს ქალაქი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები