ნაწარმოებები



ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
8 ივნისი, 2021


გრეტა ოტო, ანუ როცა ეკლესიის ზარები რეკენ ანგელოზებს ფრთები უჩნდებათ (II ნაწილი)

    II  ნაწილი

-   ოჰ, მოვიდა მშვიდობის მაძიებელი... სად ხარ ოთია, ძამა  ამდენი ხანი, გაშრა ყელი?!  -  შემხვდა  ალე კარებთან. 
- ხო, გაიგე  ახლა  კოვიდის პირველი სიპტომი მშრალი ყელიაო და  გინდა სულ დასპირტული გქონდეს?
- სპირტი კი არა ძამა, იმისთანა რამეა,  სუპერ,  ოტკა კი არა მზეია,  მზეი...
- ჰა-ჰა... მაგი ღვინოზეა!
- მეიცა,  რას გეტყვი იცი?  კაი თუა,  მზეია, აპა რა არის... მზეია ყოლისფერში, დასტურ ვჩივი.  ავანთე წეღან, სანამ მოხვიდოდი!  ფეთქავს...
- თბებოდი?
- არა, დამაინტერესა... ხო იცი  კას ოტკას რაფერ ამოწმებენ,    ცეცხლს უნდა შეასხა და ააგუზგუზოს  უნდა...  გუზგუზებს...
  ლაპარაკობს , თან სამზარეულოში  მაგიდაზე თეფშებს ალაგებს,  იქ უკვე შემწვარი  კვერცხი  ტაფით დაუდგამს.    აქვეა  მჟავე კიტრი,  ჯონჯოლი, ყველი, თონის პური  და პრასიც ...  სრული  იდილიაა  და  გაგრძელება  მაცივრის უკნიდან  ნაბეღლავის მწვანე პოლიეთილენის ბოთლი გამოაქვს, ალბათ  კონსპირაცია.  ახლა რომ გახსნას  ბოთლი და მართლა ნაბეღლავი ესხას...  პატარა საარყე  ჭიქებში ჩამოასხა, აი მწარე, ჩვენ ტკბილად ვიყოთო, თქვა და  გადახუხა. სახე რომ დაეჭყანა, მივხვდი, ოტკა იყო.  მე მგონი სიტყვა გადახუხვა  ოტკისთვის შეიქმნა, აბა ღვინოზე, ან კონიაკზე ასე ვერ იტყვი. ლექსიც მახსენდება სადღაც წანაკითხი,  ,,გამარჯობა იორამე, ამ დილით  თუ ხუხე რამე?“    ხოდა მეც გადავხუხე.  უი, კაია.  ამას დასაჭყანი რა ჰქონდა,  ხურმიდან  არაყი თუ გამოვიდოდა რას ვიფიქრებდი, რაღაც ეგზოტიკური გემო  დაჰკრავს.   
-   რას ამბობდი ძამა,  ვინ გრეტა გარბოო?  - მეკითხება  უცებ .  ისევ ის გოგო მახსენდება.
- თავიდან მეც გრეტა გარბო  მეგონა და აღმოჩნდა გრეტა ოტო!
- ეს ვინ არის?
-   პეპელა!
-   რა პეპელა? 
-   ჩვეულებრივი პეპელა,  ოღონდ  მექსიკაში და  არგენტინაშია  გავრცელებული,  პეპლებზე მაქვს  სადიპლომო ნაშრომიო.
-   ვისა?
-   ვისა დ ანჟელა მერკერს!
-   ეს ვინ არის?
-   იოკო ონო!      ვაჰ, როგორ გიძლებენ სახლში?
-   მიძლებენ რო,  სიდედრს წნევა აქვს,  სამი დღის წინ იყო სტუმრად და  იმის მერე სულ წნევა აქვს!
-   ასეთი რა ქენი!
-   რა უნდა მექნა, დავათვრე!    სადაა მერე ის გოგო?
-   გავიდა გაღმა!
-   მოკვტა?
-   ხიდს გაღმა კაცო!
- რომელ ქვეყანაშიო?
-   დათვრა ეს, რა რომელ ქვეყანაში?
- პეპელა,  კაცო!
- არგენტინა!
-   არგენტინა,  არ გეტკინა...  ვაჰ, რა მაგარი რითმაა, არგენტინა, არ გეწყინა, არ გეტკინა...  ვიღაც ამბობდა, რითმების ბაზარიაო,  რომ გავყიდო, რამდენს  მომცემენ?
- რაა?
-   იცი რა გითხრა, ძამა,    რაცხა შეცვლილი მეჩვენები,  ის  პეპელა  გულში ხო არ ჩაგივარდა,  ჰა, გამოტყდი!
- გულში არა , გუგლში... 
- მაიცა, იქნება და  დაევასე  რომ გამოგლაპარაკებოდა და ეს გრეტა გარბო თუ ვინც არის მოიგონა, ჰა...
- მოიცა, რა! 
-   აბა რომელი საათიაო ხო არ გეტყოდა, მოკლედ დაევასე, რა!
- არა, შანსი არ არის,  რა დავევასე, ასე მგონია საერთოდ ვერ მხედავდა...
- ჰა, ჰა...  ნახე ბიჭი...    ანუ ვერ გხედავდა ფიქრობ იმიტომ  რომ გინდოდა დაენახე,  გეუბნები რა,  შეყვარებული ხარ!
- ვინა ბიჭო!
-   დაიწყე ახლა ვინა ბიჭო,  რათა ბიჭო, სადა  ბიჭო...  სადა და ჯომოლუნგმაზე...
-   საგარმათხა მაინც გეთქვა!
- ეს რაღაა?
- ნეპალში ასე ეძახიან  ჯომოლუნგმას!
- საგარმათხა არ ვიცი, მარა  მაი თხაი იქნება  თავს რომ დაგაკარგვინებს! შეყვარებულ კაცს უცებ ეტყობა, რას მასწავლი!  აბა გამოტყდი...  ,,ერთიც ვნახოთ დიპლიპიტომ ხმა ამაიღოს“...  ჰა ამაიღე ხმა...
- ვერა ხარ ხო იცი?!
-   ვიცი,  დავაი, თითოც  ვხიოთ,  მაიცა, სადღეგრძელო უნდა ვთქვა, მოდი რა პეპლებს  გაუმარჯოს,  აი, დაინახავ მინდორს ყვავილებიანს და ხვდები რაღაც აკლია, რა აკლია?
-   რა ვიცი რა აკლია?
-   პეპელა, ვირო! შენა ხარ მხატვარი?  დასახვრეტია  ვინც შენ დიპლომი  მოგცა!
-   გამომივიდა ეს გურული სტალინი!
-   სტალონე მაინც გეთქვა, რემბოს ბიძაშვილი...    ხოდა მოდი პეპლებს გაუმარჯოს,  რომლებსაც ელი, ელი...
- ელი, ელი ავლაბრელი...
- მაიცა ხელს ნუ მიშლი სომხურად ელი კი არა ქართულად ელი...  ელი, რომ ოდესმე გამოჩნდებიან და  მაშინ,    როცა  საერთო  არ ელოდი, გულში აგიფრთხიალდებიან. მერე იფრენენ, იფრენენ და  უცებ ქრებიან, თითქოს დაიკარგებიან, მაგრამ მართლა კი არ დაიკარგებიან,  მუცელში  არიან, ახლა იქ გიწყებენ ფრენას და  მაშინ ხვდები რომ  ეს  ის არის რაც  ყველანაირა ბრძანების გარეშე გულში, სულში,  მუცელში და ფეხის ძირშიაც ჩაგისახლდება ხოდა მოდი ამ პეპლებს  გაუმარჯოს!  - თქვა და ხუხა და კიდე დაიმანჭა.
- ხო კაი პეპლებისა  იყო, მაგრან ფეხის  ძირას რათა?   
- ჰმ,  ბიჭი, იმას რად არ კითხულობ მუცელში რათაო,  გულში  რათაო,  გუგლში  რათაო,      ...  მოიცა, მოდი შევამოწმოთ, მოდი აბა, დავგუგლოთ,  გრეტა  გარბო, თუ როგორ არის ეს პეპელა?      -  ამბობს და ტელეფონს იღებს.
- გრეტა ოტო!
- ისწავლა ბიჭმა,  ჰა, ჰა...    ოკეი,  კაი  დავგუგლოთ,  ,,გრეტა ოტო“ ხო,  ნახე მართლა ყოფილა პეპელა,  გამჭვირვალე ფრთებით.
- აბა,  მოიცა, თუ გამჭვირვალეა, როგორღა ჩანს ?
- მე რა ვიცი, აქ ასეა ინფრომეიშენ, აი ნახე,  სურათებიცაა, კიდეები ჩანს მხოლოდ  თან რა პოეტურად წერია... ,,მისი ხილვა დიდი ესთეტიურ სიამოვნებას ანიჭებთ ბუნების მოყვარულთ“...      მოიცა რა ქვია?
-     პეპელას?
-   რა პეპელეას, იმ გოგოს?
-   მე რა ვიცი რა ქვია?
-   ვირო, სახელი არ უნდა იცოდე?
- საიდან უნდა ვიცოდე?  მორბოდა გრეტა ოტო  ხო არ დაგინახავსო, მე სახელი მეკითხა?
- ბავშვობაში არ გასწავლეს, რომ უცნობს არ უნდა გამოელაპარაკო? 
- თუ არ გამოელაპარაკე, სულ უცნობი იქნება...
- ესეც მართალია...  ესთეტი ყოფილა ის გოგო.
- ესთეტი რატო?
- ესთეტიურ სიამოვნებას რომ მიიღო ესთეტი უნდა იყო, ვირმა რა იცის ხურმა რა ხილია და ხურმის ოტკა....


  (გაგრძელება იქნება) 




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები