ნაწარმოებები



ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2021


გერტრუდას პასუხები-3

ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო როდრიგო,
შენ შემასწავლე წრფისგან რკალი როგორ მოვდრიკო,
დრომ მიმაჩვია წარმოსახვით როგორ გეფერო,
დროებით ჩვენი სიახლოვე გახდა ზეპირი,
გუშინ საღამოს წავიკითხე დინო ბუცატის
„ძაღლი, რომელმაც ღმერთი ნახა“, სიზმრად გიცადე,
მაგრამ ლოდინი ამჯერადაც დარჩა ლოდინად,
შენს მხარეს ისევ ხელუხლები არის ლოგინი,
გაგიზარმაცდი, ჩემს მხარესაც გვიან ვალაგებ,
არადა, ერთ დროს, ვერ ვიტანდი ასეთ ბალაგანს,
ბევრჯერ მოგვსლია სისულელის გამო კამათი,
ახლა კი ვდარდობ, ნეტავ როდის გამოანათებ
და მაინც როდის მომეხვევა შენი მკლავები?
წყალს წაუღია ყველა ჩვენი წაკინკლავება!
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო როდრიგო,
შენ შემასწავლე წრფისგან რკალი როგორ მოვდრიკო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები