ნაწარმოებები



ავტორი: ევა_ბოშა ქალი
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2021


Ჩარის სიკვდილი

Იწყებენ ღამის უკოშმარო დღეების ათვლას
მოსაცდელში მდგარი ქალები,
თუმცა ვინ დარდობს ბნელ კოშმარებს, თუ ძილი იქნა.
მოდის ექიმი,
თეთრი ხალათი თითქოს ისე გამჭვირვალეა,
მხოლოდ შეპარვით გახედავენ მოსაცდელში მდგარი ქალები.
მოდის ექიმი
როგორც ქვესკნელის გამგებელი
ზესკნელის მეუფესთან დამარცხებისას,
მოდის ექიმი,
როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი,
არასასურველი ნომრით.
ალბათ კაცები დასახევად ამზადებენ წითელ პერანგებს,
ალბათ წყალი მზად არის რომ ჩაყლაპოს ნაჭრებიანი კუბო,
მოდის ექიმი როგორც კუბო მშვიდ მდინარეში.
თეთრი ხალათის თეთრ ჯიბეში ჩხრიალებს ვერცხლი,
ცხადია მალე ყველა რომა ცრემლით იცეკვებს,
ყველას გულებში აენთება ჩარობის ცეცხლი,
ხოლო ექიმის თეთრი ხალათის თეთრი ჯიბე,
გავსებული ვერცხლის პირსინგებით,
ან რომელიმე ახალ რომას გადაეცემა,
ანდა გაყვება ნელ მდინარეს ნაჭრებთან ერთად.
იცეკვე რომა,
შენი სხეული ახლა როგორც საბადო ქარში,
უხილავი და არსებულზე შეუცნობელი
მიჰყვება წვიმის ნელსაცხებელს, მალამოდ ქცეულს,
აქ დილაობით ვეღარ მოხვალ მშვიდი სახით და
ვეღარც დღის ბოლოს იღრიალებ გაბრაზებული
სარომაო, დასვრილ ბავშვებთან.
მოდის ექიმი როგორც ქალებზე გამწყრალი მღვდელი,
წუთი წუთზე რომ გამოაგდებს ეკლესიის ეზოდან,
ატირებული ქალები კი დარცხვენილნი მოდიან შენთან.
მოდის ექიმი,
მოსაცდელში მყოფი ქალების
მეთაურს იხმობს,
Თეთრი ხალათის ჯიბიდან ბღუჯით
იღებს პირსინგებს, საყურეებს,
ხელის გულზე დაუყრის ბაბოს,
თავს გააქნევს და წავა, როგორც ლამაზი მანქანიდან გადმოსული კაცი,
ჯიბეში რომ ხურდას ეძებდა და ვერ იპოვნა.

Ცხადია,
მოკვდა ბოშათა ჩარი.
ჰაი გოგოებს, ლამაზებს და
ეს ესაა დამკერდილებს ახლა ეშველად,
ძალიან მალე დაეტყობა ყველას მუცელი,
რადგან არავინ, სულ არავინ მოსთხოვს პასუხებს.
გარეთ ყველა რომა ცეკვავს,
სახლში პერანგს ჭრიან ქალები,
მე კი ვუყურებ აღმოსავლეთს და მეღიმება,
რადგან სულ რაღაც 14 წლის ვარ,
ჯერ ისევ კაბის ჰორიზონტად გამომდგარ მუცელს ხელით ვეხები,
ვიღიმები და აღარც მომავლის მეშინია,
აღარც წარსულის.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები