ნაწარმოებები



ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2021


საზურგე

დააკავშირე შენი დღე და შენი ამინდი
იმ ნისლის კბილა მთის სიზმართან,
რომელსაც დურბინდით იტყუებდი  ცხვირამდე
და ძირში ბაწარივით შემოვლებულ ბილიკზე წოწიალს
არაფერი გერჩივნა.
რამდენი სახლის სახურავის გამოტოვება შეგეძლო თურმე,
როცა ღამ-ღამობით სიმყუდროვეში
ჩურჩილის ბინადარ მწერებსაც ეზედმეტებოდათ შენი ფაჩუნი.
თითქოს სიყვარული  სიცოცხლის უხმაურო ფორმა ყოფილიყო,
თითქოს ცაცხვიდან აფრენილი ბეღურები
არც კი იმჩნევდნენ დაყვავილებულ ტოტებზე შერჩენილი ბუმბულის დანაკლისს.
ასე იცვლებოდა ყველაფერი და ამ მიმდინარეობიდან  თავის დაძვრენა
ძველი ხის სკამის საზურგეზე ამოჩხაპნილი ,,დამლახუჭა’’ - თიც იყო შესაძლებელი.









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები