ნაწარმოებები



ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
10 ივნისი, 2021


ყოჩაღი წიწილების თავგადასავალი

ალბათ, ყველას გინახავთ ქათმები. იცით, როგორი ლამაზები და ნაირფერები არიან ისინი. ზოგი თეთრია, ზოგი ჩალისფერი, შავი, ჭრელი, ნაცრისფერი, დაწინწკლული. გაგიკვირდებათ, მაგრამ ადრე, ყველანი ერთი ფერისანი იყვნენ, უბრალოდ - თეთრები.
ერთ სახლში, რომელიც იმ უდაბური ტყის პირზე  იდგა, სადაც ჯადოსანი ცისფერი ფერია ცხოვრობდა, კრუხს ძალზე ცელქი წიწილები ჰყავდა. სად არ იჩხრიკებოდნენ, სად არ მიძვრებოდნენ, სად არ ჰყოფდნენ თავიანთ პაწაწა, ცნობისმოყვარე ნისკარტებს. კრუხი სულ ქოთქოთებდა და ეძახდა თავის თავნება შვილებს.
ერთხელ შუადღეზე, როცა ძალიან ცხელოდა, კრუხმა შემოიკრიბა თავისი პატარები, ყველას მოეფერა და სთხოვა:
- ცოტა ხნით დავიძინოთ შვილებო, მეც ძალიან დავიღალე თქვენს დევნაში და ძალების მოკრება მჭირდება.
ზოგ წიწილას დაეძინა, ზოგი უბრალოდ ისვენებდა. ერთი, ყველაზე მოუსვენარი, ანცი წიპუნა წრიალებდა და გვერდით მყოფ და-ძმათაც არ ასვენებდა.
- მოდი, ტყეში გავიპაროთ. ახლა  იქ გრილა. თან რამდენ ახალს გავიგებთ... - წასჩურჩულა ძამიკოს.
მან  ჯერ იუარა, მაგრამ, მერე ჭკუაში დაუჯდა წიპუნას ნათქვამი. გვერდით მყოფსაც გააგებინა, მან მის გვერდით მყოფს გადასცა და მალე წიწილების უმრავლესობა ფეხაკრეფით  გაემართა ღობისკენ. დანარჩენებს და კრუხს არაფერი გაუგიათ, მშვიდად ეძინათ.
მოგზაურები ღობის ღრიჭოში გაძვრნენ და ტყეს მიაშურეს. იქ, მართლაც გრილოდა და საოცარი სიჩუმე იდგა. წიწლებმა ჭიაყიელებიც ამოთხარეს, გადასანსლეს და და უფრო ყოჩაღად გააგრძელეს გზა.
თურმე ადრე ყვავილებიც უფერონი იყვნენ და ცისფერი ფერია მათ შესაღებად ემზადებოდა. ეზოში საღებავები გამოეტანა. ყველა თავახდილი იყო. ფერია არჩევდა, რომელი ყვავილი რა ფერად შეეღება, რომ მისი ყურადღება წიწლების წივწივმა მიიქცია.
ისინი, წიპუნას მეთაურობით, გამწკრივებულნი, ფეხაწყობილები მიაბიჯებდნენ ბილიკზე. ფერიას გაუკვირდა  მათი დანახვა. მოეწონა გამბედავი, ღუნღულა წიწილები და ეზოში შემოიპატიჟა. მოუსვენარმა წიწილებმა ეზო წამში მოირბინეს. თავიანთი ცნობისმოყვარე ცხვირ-ნისკარტები ყველგან შეჰყვეს. უცებ, ერთმა მათგანმა წაიფორხილა და შავ საღებავიან ვარცლში მოადინა ტყაპანი.
ფერიამ უცებ ამოიყვანა გაწუწული წიწილა. მან ბუმბული რამდენჯერმე მძლავრად შეიბერტყა  და წინწკლები გვერდით მყოფს შეეშხეფა. ის ისე ლამაზად დაიწინწკლა, რომ ფერიამ ჰკითხა: - გინდა, ასეთი დარჩე?
წიწილას მოეწონა განსხვავებული სამოსი და დაეთანხმა.
- ჩვენც გვინდა სხვანაირი სამოსი - წამოიძახეს წიწილებმა. ზოგი ჩალისფერ საღებავში ჩახტა, ზოგი - ნაცრისფერში. ზოგმა ნისკარტი ამოავლო საღებავში და ბუმბულზე მიისვ-მოისვა. ფერიამ, ჯადოსნური ჯოხით, ყველას შეუნარჩუნა არჩეული ფერი. გახარებული წიწილები სახლისკენ გაემართნენ. ამასობაში კრუხს გაღვიძებოდა და დარჩენილ წიწილებთან ერთად  ქოთქოთით ეძებდა დაკარგულ შვილებს.
შეღებილი წიწილების დანახვაზე ელდა ეცა, მაგრამ ისინი ისეთი მხიარული წივწივით შემოეხვივნენ დედას და ისე ამაყად უყვებოდნენ ფერიასთან სტუმრობის ამბავს, რომ კრუხს გული მოულბა. მოეფერა მათ და უთხრა:
- ჩემო პატარებო, მოუსვენრებო და ცელქებო! გამბედაობა და სიახლის ძიება კარგი თვისებაა, მაგრამ  სიფრთხილეცაა საჭირო. რომ გამეპარეთ, ეს ცუდი საქციელია. ქორს, ძერას, მიმინოს ან ყვავს რომ შეემჩნიეთ მაშინ? ვინ დაგიცავდათ? ვინ შეგიფარებდათ? ამიტომ, გახსოვდეთ, შემდეგში მე მითხარით თქვენი სურვილი და ერთად ავიხდინოთ ის. მეც არ ვინერვიულებ და თქვენც უფრო უსაფრთხოდ იქნებით.
დარცხვენილი წიწილები დაეთანხმნენ დედიკოს. შეუძვრნენ ფრთების ქვეშ და დაღლილებმა ტკბილად დაიძინეს.
აი, იმ გამბედავი წიწილების შთამომავლები არიან თეთრი, შავი, დაწინწკლული, ჩალისფერი, ნაცრისფერი და ჭრელი ქათმები .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები