ნაწარმოებები



ავტორი: არავინ არ ვარ
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2021


ძილისპირული

კორპუსები დააღებენ ათას ხახას,
დაიწყებენ შენზე ხარხარს ირგვლივ,
საკუთარ თავს მოუყვები ისევ ზღაპარს,
სანამ დახრავს შენ ძვლებს შიში.

გაიხსნებ რაც იყო და რაც ვერ მოხდა,
რაც ვერ მოხდა ის გაფიქრებს მხოლოდ,
ეგუები რომ ასეთი იქნებოდა
და სხვაგვარი ვერა შენი ბოლო.

ლექსიც სადღაც შუა გზაში წყდება
თითქოს კვდება აზრი, ნება, ძალა...
აიკრიფე ზამთრის ამინდებად
სიტყვები და უჯრის შიგნით მალავ.

ოთახში ხარ, ყლაპავ მტვრიან ჰაერს,
სძინავს კედლებს, კედლის მიღმა დედას,
ის გპატიობს ყველა სტროფს და ტაეპს
ვერ გპატიობს უსაქმურად გდებას.

გინდა თუნდაც სადმე რომ გაიქცე
სანამ ტვინი დაგიდნება სრულად,
მაგრამ მაინც ვალის მოხდა გიწევს
იმისთვის ვინც შენზე ასე ზრუნავს.

სასიკვდილო სარეცელთან წევხარ-
ცხადად მხოლოდ ამას წარმოიდგენ,
გავიწყდება ხანდახან რომ შენ ხარ
საკუთარი გეენაც და ციხეც.

ამბობენ რომ დრო არავის უცდის,
გრძნობით ისე აღარ იმსჭვალები,
მეგობრებში ცდები როგორც უწინ-
პირველ გაცნობისთანავე ხდები.

გაიხსენებ რაც იყო და რაც ვერ მოხდა
ლექსიც სადღაც შუა გზაში წყდება,
მაგრამ მაინც გიწევს ვალის მოხდა...
სძინავს კედლებს, კედლის მიღმა დედას.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები