ნაწარმოებები



ავტორი: გიგო ამრა
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2021


ნინო დეიდა

ოცი წელია მეტროსთან ზის ნინო დეიდა.
ჭაღარა თმით და შავი კაბით. თუმცაღა სალმის
თქმას ვერ დაასწრებ. ნუ ეცდები. შენც არ მომიკვდე.
ნინო დეიდა სან-ზონაში ყვავილებს ჰყიდის.
ერთხელაც, როცა დროზე ადრე ჩამოწვა ბინდი.
მე სასეირნოდ გამოვედი, როგორც მორიგი
დღის მოსაკლავად. იყო ქუჩა. ვიდექით სამნი.
ნინო დეიდას მივესალმე და მომერიდა,
ხუმრობით მეთქვა, უმნიშვნელოდ, მაგრამ ცალსახად,
რომ დღეს სალამი დავასწარი, ასე სალმიანს...
ნინო დეიდა ჩუმად იჯდა. გზას გაჰყურებდა.
ნინო დეიდას აღელვებდა ვიღაც მესამე.
შურით ავივსე. ისე მსურდა ბიჭის გალახვა.
ვიღაც მახინჯის. უგვანოსი. შავთვალწარბიან
უცნობი ბიჭის. ხელზე ედო ცალი საყურე.
ხარბად უცქერდა. მერე გაქრა და მომესალმა
ნინო დეიდა, როგორც იქნა. რავა ხარ, ბიჭო,
ისევ უცოლოდ იარები, შენ რა გითხარი?
აგერ, ვერ ხედავ ჩემი შვილი ცალი საყურით
ლომბარდში მიდის. არყის ფული არ მაქვსო, დედი.
მე შევიძულე ჩემი თავი. ლექსების ნიჭიც.
ავღელდი. გავშრი. გავწიწმატდი და ავითხარე.
ნინო დეიდამ განა რისთვის დაიმსახურა,
ქუჩაში ჯდომა. სიცივისგან წართმეულ გვერდებს,
თითებს და თვალებს, რა უნახავთ ოდესმე კარგი,
ცალი საყურეც არყის ფულზე გაცვალა შვილმა?
დეიდა ნინოს დაავიწყდა იმ დღეს სალამი.
მე გვიან მივხვდი, როგორ შერცხვა ჩემი. რა იყო
მისი მოწყენის უტყუარი მიზეზი. ქარგა.
ნუგეშის სიტყვაც ვერ ვუთხარი. მოგვისწრო წვიმამ.
ცალი საყურე ნაპოვნივით მუჭში დამალა
და მორჩენილი ყვავილები სახლში წაიღო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები