ნაწარმოებები



ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
15 ივნისი, 2021


ნიჟარების მატარებელი

ადამიანები თვლიან , რომ ბედნიერი ვარ.

სახლიდან  ყოველი გასვლისას ვიღებ ფერად ბუშტებს და
თმაში ვიმაგრებ ბოლოებზე განასკვული ლენტებით.
თავად ვღებავ ბუშტებს სხვადასხვა ფერად.
თავდაპირველად ყველა თეთრია.

ნიჟარებს ვაგროვებ ქუჩა-ქუჩა,
მივიდებ ყურზე და ვისმენ თქვენს მღელვარებას.
რაზე არ წუხხართ, ხოლმე თქვენც...
ვის აგარაკი უყიდია,
ვინ სამოგზაუროდ წასულა,
ვის საყვარელი გაუჩენია,
ვის ულვაში მოუპარსავს...
განა რა ჩვენი საქმე ესაა,
მაგრამ მაინც ვუსმენ თქვენს ხმაურსა და მძვინვარებას გზა-გზა ნაპოვნი ნიჟარებით
და აღარაფერი მაკვირვებს
გარდა ნიჟარის უცნაური ფორმისა.
ვუყურებ და ვცდილობ გავარკვიო,
რა ძალამ მოაქცია მთელი ქვეყნის მღელვარება ამ ერთ ციდა ხვეულაში...

მთელი ცხოვრებაა ცურვას ვსწავლობ:
ხან ზურგზე ვწვები,
ხან მუცელზე,
ხან ბაყაყს ვემსგავსები და ხან ძაღლს,
მაგრამ რად გინდა-
საკუთარი თავიდან ვერ გამოვცურე.

მერე მამაჩემი?
რანაირი იყო-
ღმერთივით შავი,
კაცივით წმინდა...
მესტვირე იყო მამაჩემი,
კი არ უკრავდა,
დააწყობდა თითებს საკრავზე ,
ათამაშებდა სულჩაუბერლად.
და იღვრებოდა მელოდია საწყალობელი...
მესმოდა მხოლოდ მე დაკვრის ხმა -
არ მიჭამია თეთრი გველი,
ღმერთმანი, მაშინ.
და როცა სული ჩაუბერა სტვირს , მამაჩემმა
შეწყდა სიმღერა,
გამიწყალდა გულში მერცხალი.

უმღერებელი სიმღერები,
დაუწერელი ლექსები,
დაუხატავი ნახატები
უცეკვებელი ცეკვები,
მოუქარგავი ტილოები,
გაუჩენელი ჩვილები,
ჩემს ერთ ნიჟარაში მოვაგროვე
ყველას  გულის სათქმელს ვიგონებ,
ზღვაო, ნაპირთან დამიტოვე,
მოკითხვად,
ნიჟარების ვაგონი.














კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები