| ავტორი: აგრო ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 15 ივნისი, 2021 |
ბავშვობის მეგობრის ხსოვნას...
კარგი იქნებოდა ხანდახან რაღაცეებს ბავშვობაში ვტოვებდეთ.ცუდია როცა ვხვდებით ბავშვობის წლები უკან მოვიტოვეთ,მაგრამ რადგან ეს გარდაუვალია,კარგი იქნებოდა მაშინდელი,ზოგიერთი ფიქრი თან არ მოგვყვებოდეს.რომელიმე ერთი ფიქრი მაინც გვავიწყდებოდეს,თუნდაც ისეთ რამეზე რაც ისედაც ბევრდება წლებთან ერთად. ზიხარ პატარა ადამიანი და ფიქრობ რას ნიშნავს სიკვდილი.ვერ წარმოიდგენ რანაირად გაქრება ადამიანი,რომელსაც ყოველდღე ხედავ.ასეთ ფანტაზიორ პატარა თავშიც ვერ ახერხებ ამის წარმოდგენას,თვალებით ეძებ იქნებ სადმე დაინახო,არც გეშინია,გასწავლეს რომ შენთვის ჯერ ადრეა,მხოლოდ დიდებს ამჩნევ სიკვდილის ხსენებაზე უცნაურ მზერას.მიდიხარ ერთ დღესაც სკოლაში,ნამძინარევი თვალებით და ნაჩქარევად შემოცმული თბილი პულოვერით,უკვე კითხვაც იცი, A პუნქტიდან B პუნქტისკენ მიმავალი მატარებლის სიჩქარის გამოთვლაც შეგიძლია და იმასაც იგებ მარტივად,რას უდრის იქსი,ამიტომ ცოტა გწყინს რომ პულოვერი ისევ დედის გემოვნებით გაცვია,თუმცა სიკვდილი ისევ ჯერ ადრეაო, ხვდები ისევ პატარა ხარ და ეგუები.შედიხარ რომელიღაც დაწყებით ა,ბ ან გ კლასში და იგებ რომ შენს კლასელს მამა/დედა დაეღუპა(ეს სიტყვა რატო თქვეს არ იცი,მაგრამ ხვდები რომ სიკვდილს ნიშნავს) ახლა პირველად იმასაც იგებ რომ თურმე ამ დროს შენ კლასელს მეგობრების გვერდში დგომა სჭირდება,არადა შენ ისევ ვერაფერს გრძნობ,მხოლოდ ინტერესს,მაგრამ არ იმჩნევ,გაგიგია რომ ეს უფროსების სიკვდილი ცუდი რამეა.მასწავლებლის უკან,მწკრივში დგახარ კლასელის სახლის კართან, რომელიც ღიაა და ბევრ დიდ ადამიანებში ვერ ხედავ ვერცერთ ადამიანს რომელიც არ ტირის.შენ სიცილის სურვილი გიჩნდება,ტუჩს იკვნეტ,თავს დაბლა ხრი,მიზეზი არ იცი არც იმ ცრემლების და არც იმის სიცილი რატომ არ შეგიძლია,მაგრამ ხვდები რომ რაღაცას აშავებ.შენ თავზე ბრაზდები,მაგრამ რა უნდა ქნა,შენ პირველი წაქცევიდან მოყოლებული იმასაც გასწავლიან რომ ტირილი სირცხვილია,თუ ტირი ან გიკრძალავენ,ან დაგცინიან გადატყავებულ მუხლზე როგორ ტირიო.ბიჭი თუ ხარ ხომ მითუმეტეს,ტირილი და ქალის ჭკუაზე სიარული რომ სირცხვილია ეგ სულ პირველი გაკვეთილია.სიკვდილის ნახვის იმედი მალე გიცრუვდება,თურმე აქ მხოლოდ მეგობრის სანახავად მოგიყვანეს,ხვდები რომ სიკვდილი გვერდით ოთახში დარჩა,რადგან ტირილი იქ არის,აქ მხოლოდ შენი მეგობრების გაფართოვებული თვალები და მშობელ მკვდარი მეგობრის დაწითლებული თვალებია(ამას აღარ უშლიან როგორც ჩანს ტირილს) პირველმა შეხვედრამ სიკვდილთან,ეფექტი ვერ მოახდინა,მაინც ვერ ხვდენი რას ნიშნავს,მაგრამ ეჩვევი რომ ნელნელა კიდევ უფრო ბევრი კლასელი გრჩება მშობლების გარეშე,კიდევ უფრო მეტ ბავშვს,შენს გარშემო აღარ უშლიან ტირილს.იზრდები და ნელნელა სწავლობ კიდევ უფრო მეტ სიტყვას სიკვდილის აღქმის შესარბილებლად,მაგალითად როგორიც არის გარდაიცვალა. ნელნელა სიკვდილი გიახლოვდება,კლასელების მშობლებიდან,სამეზობლოში,შემდეგ საკუთარი მშობლების,სოფლად დარჩენილი ბებია პაპებისკენ ინაცვლებს,ახლა უკვე შიშს,მონატრებას,ცრემლს,საკუთარ მშობლებზე ხედავ,ადამიანებზე რომლებმაც გითხრეს რომ არ უნდა იტირო.ბოლომდე ჯერ კიდევ ვერა მაგრამ რაღაც უსიამოვნოს უკვე შენც გრძნობ,ცრემლიანი ადამიანების დანახვაზე. უფრო ნაკლებად გეცინება,მხოლოდ ხანდახან,თუ ვინმე ტირილს რამე უცნაურ ფრაზებსაც ამოაყოლებს. დრო ისევ მალე გადის,შენ სკოლას და კლასელებს ახალ მეგობრებში და ახალ მასწავლებლებში ცვლი,სიკვდილი აქაც ახლოს ტრიალებს.ერთ დღესაც სიკვდილის დანახვას იწყებ,საკუთარ წინაპარს რომელსაც ხშირად შენ ნახვასაც ამადლიდი,ახლა უძრავს და უფერულს ხედავ საკუთარ საწოლზე.საშინელი რამე ყოფილა სიკვდილი და ზურგს აქცევ,რადგან ყელში გაჩხერილი ბურთი,გგონია მხოლოდ იმ ოთახში გაჩერების ბრალია,სინამდვილეში გვერდით ოთახამდე გასვლასაც ვერ ასწრებ,ისე გემღვრევა თვალები და აზრზე მოსული სკამს ორივე ხელით ჩაფრენილი,საკუთარი მშობლის ხელებში ცრემლებს ყლაპავ.ახლა შენც აღარ გიშლიან ტირილს,კაცი თუ ხარ მაინც.ხვდები რომ რაც მთელი ბავშვობა გაინტერესებდა,მართლა ამოუხსნელად,მოულოდნელად ჩნდება და ისე გაკლდება ადამიანები მოხედვას ვერ ასწრებ,თავს მხოლოდ იმით იმშვიდებ რომ ამ ადამიანებმა ბევრის ნახვა მოასწრეს,გულუბრყვილოდ იმეორებ გაგონილ ფრაზებს "ნეტავ ჩვენც მივიდეთ მაქამდე". დრო გადის,შენ სარკიდან უფრო და უფრო დიდი ადამიანი გიყურებს,სიკვდილი კი უფრო და უფრო ახალგაზრდავდება.ახლა ნუგეშად ფრაზებიც აღარ გშველის,ამიტომ ღმერთს იშველიებ, "ღმერთს ხომ თავისთვის კარგები უნდა". ბავშვური ინტერესი გახსენდება ამ ყველაფერზე და თავს დამნაშავედ გრძნობ,რატო ფიქრობდი,რა გეჩქარებოდა,რას ელოდი,ახლა უკვე უმშობლოდ დარჩენილ შვილებზე მეტად,უშვილოდ დარჩენილი მშობლები ბევრდებიან,მაგრამ ნუგეშად ის დაგრჩა,შენს გარშემო რომ მსგავსი ჯერ არ მომხდარა... თუმცა სულ ცოტახნით გაქვს დრო თავი ამით გაიმხნევო.სულ მალე სარკიდან ისევ უფრო დიდი ადამიანი გიყურებს და გარშემო ის ადამიანები იწყებენ გაქრობას,ბავშვობაში რომ სიკვდილზე მეტად კალიების გეშინოდათ და ერთმანეთს არ უტყდებოდით.ბევრი რამე მოგვატყუეს ბავშვობაში,ის რომ ტირილი არ შეიძლება და ისიც რომ სიკვდილი ჩვენგან შორს არის.ყოველ დღე ცრემლებ შეკავებული,ბავშვობის წლებით სავსე ადამიანები გვაკლდება,სიკვდილს ჩვენც ვეღარ ვახსენებთ,მაგრამ გარდაცვალებას თუ ვიტყვით შვება მაინც არ არის.მიდიან ადამიანები ჩვენი ბავშვობის წლებიდან და ჩვენც ვეღარ ვიგებთ რა ვუყოთ დარჩენილ მოგონებებს პატარა ადამიანებზე,რომლებიც დაღამებამდე ბურთს დასდევდნენ და მეზობლის თუთის ხიდან ისე ხტებოდნენ მშვიდად,თითქოს სიკვდილი მათგან შორს იყო.ერთადერთი რაც ვისწავლეთ ის არის რომ ფეხზე გვკიდია,ვის ეცინება როცა ჩვენ ტირილი გვინდა,კაცები თუ ვართ მაინც.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|