ნაწარმოებები



ავტორი: ევა_ბოშა ქალი
ჟანრი: პოეზია
17 ივნისი, 2021


Იცეკვე ვიტა

Იცეკვე ვიტა.
შენი თერთმეტი წლის და გათხოვდა,
იცეკვე ვიტა.
სოფლის სახლების სახურავების მსგავსი
მრავალფერა კაბით იცეკვე ვიტა.
ძალა და ღონე მოიკრიბე,
სამუშაო დღესავით დაიღალე,
ფეხშველამ ქუსლები დაიტყავე,
იცეკვე ვიტა.
კაბა ქარივით აშრიალე,
მუხლები თვალებს არ დაუმალო,
ცერა თითებიც რომ დაიმტვრიო
იცეკვე ვიტა.
პირველი დღეა,
ხვალ მეორე,
მერე მესამე,
შენი თერთმეტი წლის დის ქორწილი
სამ დღეს გრძელდება,
იცეკვე ვიტა.
დღეს პირველი დღეა,
დილით ქალები დას ქალობას მიულოცავენ,
მამაკაცები შეაბამენ სახსოვრად ოქროს,
შენ კი ბოლომდე დაიქანცე,
იცეკვე ვიტა,
იმ დიდ ქალებთან,
ნომრად რომ აქვთ ცეცხლებში ცეკვა,
ყველა რომასთან,
ყველა წუთთან,
წამთან იცეკვე,
რადგან შენ უკვე ცხრა წლისა ხარ,
მეთერთმეტე დედ-მამის შვილი,
და არ მგონია ეგ ბავშვური კისკისი
დიდ ხანს დაგიტოვონ,
მაგრამ სანამ გაქვს,
სანამ ისევ სიცოცხლეს აფრქვევ,
შენი თერთმეტი წლის დის ქორწილში
იცეკვე ვიტა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები