ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
20 ივნისი, 2021


ხარჭა

ნინო დარბაისელი

ხარჭა*

აი, ინათა და  როგორც იქნა,
ამ პარმაღამდე მოვეთრიე მე -  ხარჭა შენი,
თითქმის ცოლი,
შენგვერდით მწოლი;
ვგდივარ ნაგვემი,
ფერადსამოსელშემოხეული,
უღონოდ ხელებგადაყრილი
მე კართა წინა,
გეღვიძოს მაინც,
ამ მძიმე ღამეს რამ დაგაძინა!

წუხელ იმდენმა გავეშებულმა კაცმა შემიცნო, რამდენსაც სურდა,
შენ შეეცანი…
არა, იქ უფრო მეტნი იყვნენ,
ერთად დამაცხრნენ ყველანი,
მუქთა ნეტარებას დახარბებულნი…

იქნებ-და იმად გაგერიდე,
იმად ვიარე მარტოდმარტომ მამის სახლისკენ,
რომ ხვედრი ესე იგრძნო გულმა,
მზეჩამავალმა  მამაჩემმაც ხომ  გვაყოვნა
შორს მომავალნი…

ან როგორ დამთმე,
რას ელოდი?
რა მოხდებოდა?
ბრბო დაცხრებოდა,
კაცის მაგიერ ქალთან სექსი რომ ერგებოდა?
გონს  მოგებული  შინ საბოძვარით გამომიშვებდა?
განა ამისთვის დამეძებდი?
ამად გინდოდი?
იცოდე, ვკვდები,
მძულხარ, იცოდე
და ამ სიძულვილს ვერ დაანელებს
ვერავითარი სამართალი რჯულთა,
მსაჯულთა!

რას გრძნობს სხეული, როცა ამდენი კაცი ესევა,
წუხს თუ უხარის?!
პირველი ორი, ანდა სამი..
ამის მერე კი ყველაფერი, იცი, როგორი სულერთი არის?!
ჰო, სულერთია!
სძულხარ ამ სხეულს,
კაცთა ცოდვით ასე,
საშოგალიცლიცებულს 
და სძულს ყოველი მამაკაციც,
ვინც  ან შენამდე ან შენს მერე ზედ დასცხრომია,
სძულს,  ვინც არასდროს დაუნახავს,
იმ ერთის გარდა,
არ დამტოვოთო, ლამის მუხლებში რომ ჩაუვარდა.

სად არის ღმერთი, -  ბიბლიიდან გადმოვძახი ათასწლეულებს -
სად არის მამა,
საყოველთაო,
ნუთუ ხარჭისთვის არა სცალია?!
ნუთუ ჯერ ცოდვა უნდა მოხდეს,
რომ სამართალი, ისიც გვიანი,
მოუვლინოს ადამიანებს?
ვინ მიპასუხოს:
განა ნაკლები ბოროტებაა,
რომ ბრბოს მძვინვარეს
შენი თავის გადასარჩენად
უსაყვარლესი  მიუგდო ხარჭა,
თითქოს სხვა ყველა საზღაური
შემოგეხარჯა
დააჯიჯგნინო,
გააღო კარი,
ნახო მკვდარი,
ვირს  გადაჰკიდო მერე იმისი ლურჯი სხეული,
შინმიღწეულმა თორმეტად დაჭრა,
ერს დაურიგო იმის სხეულის ნაწილები,
დაუნელებელ ვნებას რომ გგვრიდა,
რათა აღშფოთდეს ერი იგი
და შენივ ხელით განწირულისთვის 
ფიცხელი ომით  შური იძიოს.

ჰო, კიდევ ცოტაც და ამ პარმაღზე ვეგდები მკვდარი.
არაფერია მზისქვეშეთში ჯერ მოუმხდარი,
არც პირველია და არც ბოლო ეს  საქმე ავი,
ამაოდ გიხმობ,
მომაკვდავი ამაოდ  ვხავი,
ათასწლეულებს გადასწვდება ეს საკითხავი.
არ დაგვივიწყებს ერი ძლიერი, ყოვლისმნახველი,
არც დამელევა
განმკითხავი და დამძრახველი,
მაგრამ  ღვთის გარდა, არც არავის ეცოდინება,
ან შენ რა გერქვა,
ან რა იყო ჩემი  სახელი.
ვის ენაღვლება სახე,  ტანჯვით რომ დამემანჭა,
ან სული ჩემი,  უპასუხოდ  რომ გაიტანჯა!
არ  იარსებებს ჩვენს სახელზე ან ლოდი ან ჭა.
თუკი ვისიმე მოქმედებით ერი გადარჩა,
მართლდება თურმე, უკეთურიც რომ იყოს გარჯა, 
კარგ საქციელად ჩაითვლება საქმე საზარი,
ვის-ღა შევჩივი?
მე, ხარჭა შენი,
თითქმის ცოლი
შენგვერდით მწოლი,
ვის ვეხსომები,
ვის დავაკლდები ადამიანად!
სულ ტყუილია სიკვდილის მერე გლოვა და ზარი.
ვინ მომინატროს
მე  - ოდესღაც სახემწყაზარი,
მე - კოჭმაღალი,
მე - ლამაზკანჭა,
კაცთა მრავალთა შეცნობილი მე - ერთი ხარჭა!

_
* ბიბლია, მსაჯულთა 19-20.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები