ნაწარმოებები



ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
20 ივნისი, 2021


რისი თქმაც ვერ მოვასწარი





უკვე დიდი  ვარ, მალე შვიდის გავხდები. სექტემბერიც დადგა.  წელს სკოლაში  მივდივარ და მიხარია. საბავშვო ბაღის მეგობრებიდან  ბევრი ვიქნებით ერთად. ხაჯარატ, ჩემი მეზობელი და ბაღის ძმაკაციც ჩემთან ერთად იქნება. უკვე მოვილაპარაკეთ, ერთ მერხთან უნდა დავსხდეთ. ხაჯარატის  ბიძაშვილი, ამრა, ჩვენზე ერთი წლით პატარაა და ალბათ ისევ ბაღში ივლის. ჩემი ძაღლი, გორდა, ადრე ბაღამდე მაცილებდა, ახლა სკოლამდე მომაცილებს და მერე ისევ სახლში დაბრუნდება.
ჩვენი სოფელი სოხუმთან ახლოს არის. დედა სოხუმში ერთ ინსტიტუტში მუშაობს, მამა ტყის მცველია - რეინჯერი. მეც მინდა რეინჯერი გავხდე, კიდევ მინდა ფეხბურთელი ვიყო და ექიმი, იმიტომ რომ ბებიას სიარული უჭირს, ფეხები აწუხებს  და უნდა ვუმკურნალო. მერე ყველაფერ ამას რომ მოვრჩები ცოლი უნდა მოვიყვანო. ცოლად აუცილებლად ამრას მოვიყვან, მაგრამ ეს ჯერ არავინ იცის – არც ამრამ. მოვა დრო და ვეტყვი.
ზაფხულში  შორიდან სროლების ხმა ისმოდა. მამა თუ სახლშია ის და ბებია ხშირად ლაპარაკობენ ომზე. მეც თუ ოთახში ვარ, დედა ყოველთვის აჩუმებს ორივეს:  ბავშვმა არ გაიგონოს, შეეშინდებაო. საშიში რა არის. ბავშვებთან ერთად მეც ხშირად ვთამაშობ ომობანას ხის თოფებით. მე და ხაჯარატ სულ ერთ გუნდში ვართ -  ჩვენს სოფელს ვიცავთ. ამრა ჩვენი ექთანია. თუ დავიჭრები, ამრამ უნდა მომიაროს. ხან მწყინს კიდეც, რომ ჯერ არ დავჭრილვარ, იმიტომ რომ ვიცი ამრა ძალიან კარგად მომივლის.  ამრა  ძალიან ლამაზია, ისე ლამაზია, რომ დავინახავ სუნთქვა მეკვრის -  თითქოს ზღვაში ვყვინთავდე.  მერე რამდენიმე წამს ვერაფერს ვამჩნევ და მუცელი მიბუყბუყებს. ადრე მეგონა ყველას ესმოდა როგორ ვბუყბუყებდი, მაგრამ მივხვდი რომ ეს არავის ესმის, მგონი არც ამრას, მაგრამ ეს არაფერი -  მთავარია მე მესმის. 
დღეს სოფელში ტანკები შემოვიდნენ. ჩვენს ჭიშკართანაც ჩაიარეს. შორიდან სათამაშო მეგონა, თურმე ნამდვილებია -    ტანკებზე ბავშვები კი არა, დიდი კაცები ისხდნენ სამხედრო ფორმებში და უფორმოდაც. დედამ, ჩვენს სოფელშიც მოვიდა ომიო. გაიფიქრე, ალბათ ომი ტანკებით დადის-ნეთქი და დედას ვეკითხები:
-  დე,  დიდი კაცებიც თამაშობენ ომობანას?
-  არა, არ თამაშობენ, ეს ნამდვილი ომია და ეზოდან არ გადახვიდე! 
სხვა ოთახში  რომ გავიდა,  გავიპარე  და ხაჯარატთან გავიქეცი. ჩვენი და ხაჯარატის ეზოებს ღობერიც კი არ ჰყოფს, პატარ ღელე ჩამოდის ჩვენს  შორის.  მოკე გადასასვლელი გავქვს, რომელიც მხოლოდ ჩვენ და ამრამ ვიცით. ამრას მშობლები უცხოეთში ჰყავს  და  ისიც ხაჯარატთან  ცხოვრობს.  მე დიდხანს ვიძახდი: ხაჯარატ,  ამრა  სად ხარ-მეთქი.  არავინ მპასუხობდა. სახლის კარი დაკეტილი იყო. მერე ჭიშკარი გაიღო, მეგონა ხაჯარატ ან ამრა  იქნება-მეთქი, დედაჩემი იყო,  ახლავე სახლში წამოდიო, - მითხრა.
-    დედა, ხაჯარატ და ამრა  სად არიან?
-    დროებით ნათესავებთან არიან და მალე დაბრუნდებიან!
უცებ ეზოში ვიღაცეები შემოვიდნენ, მხრებზე ავტომატებით. აქ ვინ ცხოვრობსო, - დედაჩემს ჰკითხეს. მე დედას დავასწარი და აქ ჩემი მეგობრები  ცხოვრობენ და ახლა სახლში არ არიან-მეთქი.  დედამ მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა, – ქართველებიო.
ისინი ეზოდან გადავიდნენ. ცოტა ხანს დაველოდეთ. როცა თვალს მიეფარნენ, დედამ ხელი მაგრად ჩამკიდა ხელში და ჩვენი სახლისკენ წავედით. ეზოში რომ ჩავედით დედამ მითხრა, სკოლისთვის რომ ზეთის საღებავები ვიყიდეთ, ის მოიტანეო. მე სახლის კიბეებზე ავირბინე და საღებავების ყუთი ჩამოვიტანე. დედას ხელში ფიცრის ნაჭერი ეკავა, რამდენიმე ცალი ლურსმანი და ჩაქუჩი. მერე ფიცარზე ფუნჯით წერა დაიწყო. მე უკვე ასოებს ვცნობ. სახლში ბებიას ძალიან ბევრი წიგნები  აქვს, სადაც მზეთუნახავები და უფლისწულები, დევები და ნაცარქექიები,  ნახევარქათამები და ასფურცელები, კეთილი და ბოროტი ჯადოქრები ცხოვრობენ, თან ყველანი ერთად.  წლების წინ პატარა რომ ვიყავი დაძინებისას ხან ბებია, ხან დედა ამ წიგნებიდან მიკითხავდნენ ამბებს. მერე ვიძინებდი და  არ ვიცი რატომ, ხშირად ვნახულობდი ერთი და იმავე სიზმარს.  მესიზმრებოდა  როგორ ამოფრინდებოდა ამ წიგნებიდან ზღაპრული ფასკუნჯი  და წამიყვანდა მაღალი მთისკენ, სადაც  თითქოს ამრა ჰყავდათ დამწყვდეული ბოროტ ჯადოქრებს და მერე როგორ გადავარჩენდი ამრას და უკან, ჩვენი სოფლისკენ  ერთად მოვფრინავდით. ერთხელაც დედას და ბებიას ვთხოვე მეც მასწავლეთ ეს ამბები წიგნებიდან როგორ ამოვიკითხო-მეთქი და დედამ  სულ სხვა წიგნი მომიტანა,  აი ეს  დედა ენა არის, ის დაგეხმარება კითხვა ისწავლოო და პირველი წინადადება წამიკითხა,  - ,,აი ია“. ზუსტად იმ დილით ტელევიზორში მულტიკი გადიოდა,  პატარა გოგო როგორ ასწავლის ჩაპუტკუნებულ ბომბორას  კითხვას.  თავიდან ბომბორას ერიდება ვერაფერს ამბობს, მერე გაიქცევა,    გოგოს იებს მოუტანს და ,,აი ია“ - ეტყვის.  მეც  ღელის პირას  იები მოვკრიფე და ამრასთან გავიქეცი. წიგნიც თან მქონდა.  მივახარე, აი მე უკვე კითხვა ვიცი-მეთქი,  იები ამრას  გადავეცი და ვუთხარი - ,,აი ია“. აი ასე იწყება ეს წიგნი-მეთქი.  ამრამ გაიცინა, თურმე ისიც უყურებდა ამ ფილმს.  მაშინ ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში დავდიოდით. ახლა უკვე ყველა ასოს ვარჩევ და ჩემით წავიკითხე დედამ როგორ დაწერა: „აქ ცხოვრობენ ქართველები, ახლა სახლში არ არიან“.  მერე წავედით, ხაჯარატის ჭიშკარზე ეს წარწერა მივაჭედეთ და ჩვენს ეზოში დავბრუნდით. ვერ ვხვდები დედა ამას რატომ აკეთებს,  მაგრამ არ ვეკითხები, ეტყობა ეს დიდების თამაშის წესებია და მეც ხო უკვე დიდი ვარ და მალე სკოლაში უნდა წავიდე!
ჩვენს ეზოში ბებია და გორდა დაგვხვდნენ. ბებია ტიროდა და ომის და იარაღის მომგონს წყევლიდა, თან ამბობდა, ამას ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, შემთხვევით არაფერი არ ხდება, თავისუფლებას  იოლად ვის ღირსებია, საქართველო რომ ეღირსოს, რუსული იმპერიული აზროვნებაა, გვთიშავენ რომ იბატონონო. 
-    დედა, ბავშვი არ შეაშინო! – ჩუმად ეუბნება ბებია დედას.
-  მე არაფრის არ მეშინია! - ვამბობ.
-  ეს ბიჭი ნეტა მშვიდობით მოვიდოდეს შინ! - ამბობს ბებია.  მამაჩემს  ბიჭს ეძახის. ჩვენ ვერაფერი ვთქვით.
- გორდა, შენ მაინც თუ იცი, ავთო სად არის?! – ბებია ახლა ძაღლს ეკითხება. გორდა  მის ირგვლივ დარბის და ყეფს - თითქოს რაღაცას ეუბნება, მაგრამ სამწუხაროდ მე  მისი ენა არ ვიცი  და ვერაფერს ვხვდები. ალბათ ბებია ხვდება,  თქმით კი ჩვენ არაფერს გვეუბნება.  გორდა ყოველთვის გრძნობს მამა სახლში როდის ბრუნდება. ერთხელ, ღამით, მამა ნასვამი იყო. გორდა, როგორც ყოველთვის, გზაში შეეგება და მამაჩემი რომ მოეფერა, ჩანთა რომელშიც მწყემსების გამოტანებული ყველი და სულგუნი იდო, იქვე დარჩა. დილით ადრე დედაჩემს ჰკითხა, სახლში რამე მოვიტანეო? არაფერი არ მოგიტანიაო, – დედაჩემმა უთხრა.  მამაჩემი ეზოში ჩავიდა, მეც ჩავყევი.  ,,გორდა, გორდაო...“ -  დაიძახა, მაგრამ ძაღლი ეზოში არ ჩანდა, ყეფით ეზოს გადაღმიდან გამოგვეხმაურა.  მერე მამა სოფლის გზაზე გავიდა, მეც გავყევი და გზაზე ორი ეზოს მოშორებით გორდა დავინახეთ, ჩანთასთან იჯდა და თვალს არ აცილებდა. როცა დაგვინახა, ჩვენკენ გამოიქცა ყეფით. მამაჩემმა ბევრი ეფერა, რა ჭკვიანი ხარ, გორდაო. ბებიას და დედას რომ მოვუყევით ეს ამბავი, ბებიამ ჩაილაპარა, ნაკლები უნდა დალიო, სულ გორდას იმედზე ვერ იქნებიო.
- ნეტა ბიჭი შინ მშვიდობით მოვიდოდეს!  – ისევ გაიმეორა ბებიამ. მეც მინდა ბებიამ ბიჭი დამიძახოს. ამას რომ ვეუბნები, იცინის.  ნუ ნერვიულობ, გამოჩნდებაო, – დედა ბებიას ამშვიდებს, მაგრამ ვხვდები, რომ თვითონაც ნერვიულობს.
-  არა, ის ტყეს თავს არ დაანებებს და იქ დარჩება სანამ ეს ომი არ დამთავრდება!  – თითქოს თავისთვის ბუტბუტებს ბებია.
-  ახლა ტყისთვის ვის სცხელა?!  – უკვირს დედას და მთებისკენ იყურება.
-  როცა ომია, ყველაფრისთვის სცხელათ! –  ამბობს  ბებია. 
  ადრე შორიდან მოდიოდა სროლების ხმა. მერე თანდათან ახლოს მოიწია. ერთხელ ძალიან დიდი აფეთქების ხმა  გაისმა.  პირველი ყუმბარა  ჩამოვარდა სოფელში და  სკოლის შენობას  მოხვდა.  დედამ თქვა, ალბათ სწავლა გადაიდებაო.  ძალიან დამწყდა გული. არადა, ყველაფერი მზად მქონდა, წიგნები რვეულები – საწერიც და სახატავიც, საღებავებიც. თან სკოლა რომ დაიწყება, ალბათ ხაჯარატ და ამრაც დაბრუნდებიან-მეთქი, ვფიქრობდი. უკვე ძალიან მენატრება ამრა. ყოველდღე ვიყურები  ხაჯარატის სახლისკენ. ხაჯარატი რომ დაბრუნდება, ანუ ამრაც დაბრუნდება.  ისევ არავინ ჩანს. ერთ დილას ხმაურმა გაგვაღვიძა. ხმა ჩვენი ჭიშკრიდან მოდიოდა - თითქოს რაღაცას აჭედებდნენ. დედა ეზოში ჩავიდა. მეც გავყევი. ხაჯარატის დედა იყო, ჩვენს ჭიშკარზე ახლა ის ამაგრებდა ფიცარს.  წარწერა ვერ წავიკითხე, იმიტომ რომ ქართულად არ ეწერა. ხაჯარატის დედას ალინა ჰქვია. ალინა ჯერ მე მომეფერა, როგორ ხარო. მე თვალებით ჩემს მეგობრებს ვეძებდი. არსად ჩანდნენ, ხაჯარატ და ამრა სად არიან-მეთქი, – ვკითხე. ახლა აქ არ არიან, ნათესავებთან არიანო,  - მიპასუხა. მერე დედაჩემს გადაეხვია. დედაჩემმა და ხაჯარატის დედამ ისაუბრეს, თან ორივენი ტიროდნენ. მერე ალინა თავის სახლისკენ წავიდა.  დედამ ხელი მომკიდა და სახლში ამიყვანა. ბებიას სავარძელში ეძინა. დედამ გააღვიძა, ახლავე უნდა წავიდეთო, რამდენიმე საათში სოფელში ჩრდილოკავკასიელების და რუსების ჯარი შემოვაო. ბებიამ, ბიჭი რომ დაბრუნდეს, სახლში, ვინმე ხო უნდა დახვდეს, თან სიარული მიჭირს, სად უნდა წამოვიდე, მე დავრჩები, თქვენ წადითო. დედა დიდხანს ეხვეწა, - წამოდიო. ვერაფრით დაითანხმა. მერე დედამ უთხრა, ალინა დაბრუნდა და თუ არ წამოხვალ უნდა რომ მასთან იცხოვრო, ვითომ მისი დედა ხარ, რომ რამე არ დაგიშავონო. კარგი გოგოა ალინა,  დედამისი ცუდად რომ იყო მე ვაწოვებდი ძუძუსო, - ბებიამ ჩაილაპარაკა. 
დედამ ორი ფუთა შეკრა,  ცოტა საჭმელი და  ტანსაცმელი წავიღოთ,  ბევრს ვერ ვატარებთო. მერე ბებიას ჩაეხუტა, დედა, თავს მიხედეო, უთხრა და მეც მანიშნა, ბებიას დაემშვიდობეო. ბებიამ, შენ ახლა ბავშვი აღარა ხარ, დიდი ბიჭი ხარ, დედიკოს მიხედე და შინ მშვიდობით დაბრუნდითო, -  მეჩურჩულებოდა,  მკოცნიდა  და თან ცრემლებით მასველებდა. მე მიკვირდა, რატო ტიროდა, ალბათ დამშვიდობების დროს ბებიამ აუცილებელად უნდა იტიროს-მეთქი, – გავიფიქრე. ალინაც  მოვიდა და პარკში შეხვეული ხაჭაპურები მისცა დედას, ბევრი კი არაფერია, გზაში მოგშივდებათო. ეზოდან რომ გადმოვედით, გორდაც გადმოგვყვა.
-  დედა,  გორდას რა ვუყოთ, თან წავიყვანოთ თუ დავტოვოთ? -  ვეკითხები დედას. მე კი მინდოდა გორდა ჩვენთან ერთად წამოსულიყო, მაგრამ ბებიას მთლად მარტო დატოვებაც არ მინდოდა  და მამაჩემსაც ვინ დახვდებოდა გზაზე, თუ გორდა ჩვენთან წამოვიდოდა?
  -  თვითონ გადაწყვიტოს!  – ამბობს დედა.
სანამ სოფლიდან წამსვლელ სხვა ხალხს შევუერთდებოდით, გორდა ჩვენთან ერთად მოდიოდა. მერე გაჩერდა და უკანა თათებზე ჩაჯდა.  მივედი და როგორც ბებია ჩამეხუტა, მეც ისე ჩავეხუტე გორდას. ასე მგონია, გორდას თვალები ცრემლიანი ჰქონდა. მეც ამიცრემლდა თვალები, მაგრამ არ დავაძალე, წამოდი-მეთქი. მერე გორდა უკან გაბრუნდა, სახლისკენ. ჩვენ მეზობლებთან ერთად ტყისკენ მივდიოდით. მოღრუბლული დღე იყო, უმზეო.  ალბათ ორ საათში  უკვე მთაზე ვიყავით ასული. აქედან ჩანდა, რომ სოფელში რამდენიმე სახლს ცეცხლი ეკიდა. ჩვენი და ხაჯარატის  სახლი ისევ იდგა, ძმაკაცებივით. მერე გზა გავაგრძელეთ და  სოფელი აღარ ჩანდა, მხოლოდ კვამლს ვხედავდით.
ვერ მოვითმინე და დედას ვკითხე, ან სოფელი რატომ დავტოვეთ, ან სად მივდივართ-მეთქი. გიორგი, ასეა საჭირო, შენ ხომ მეგობრებთან ერთად ომობანას თამაშობდი, ჩათვალე, რომ ესეც თამაშიაო. მეზობლებთან და სხვა უცხო ხალხთან ერთად ტყეში მიმავალ ბილიკზე ჭიანჭველებივით ვიყავით ჩამწკვრივებულები. ერთი დიდი ბიჭიც მოდიოდა ჩვენთან ერთად. იგი ცოტათი წინ იყო და  რაღაცას  ლაპარაკობდა. მესმოდა, ჩემს უკან ერთი მეზობელი ქალი მეორეს როგორ ეუბნებოდა, სტუდენტია, შეყვარებულთან ჩამოვიდა, ხელი უნდა ეთხოვა,  მანქანა არ გამოუტარებიათ და ფეხით მარტო მისულა ოჯახში. შეყვარებული გარდაცვლილი დახვდა, ჭიშკართან გასულ მომლოდინე გოგოს ბრმა ტყვია მოხვედრია. ამის გაგებაზე  ბიჭმა    გააფრინა,  არავის ეკონტაქტება, თავისთვის ლაპარაკობს რაღაცეებსო. დედას ვეკითხები:
-      დედა, ტყვიას თვალები აქვს?
-    არა, გიორგი, არ აქვს?!
-    აბა, ბრმა ტყვია რა არის?
-    შემთხვევით რომ ვიღაცას მოხვდება ტყვია, ისე რომ მისთვის არ დაუმიზნებიათ, ის არის!
-    აბა ბებია რომ ამბობს, რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება?!
-    დამღალე, გიორგი, რამდენ რამეს მეკითხები, იცოდე ორი ნაბიჯით არ მომცილდე, სულ ჩემს გვერდით იარე, გაიგე?!
- კარგი! 
დაპირებით კი  დავპირდი, თუმცა როგორც კი მზერა მომარიდა, გავიქეცი იმ ბიჭის გვერდით გავაგრძელე გზა – დამაინტერესა, რას ამბობს-მეთქი. სულ ერთი და იგივე სიტყვებს იმეორებდა: „...სიმაღლე უდრის ტრფიალის უსასრულობას, სიგრძე – სათნოების ზესწრაფვას, ცე პლუს ნულ ერთი, განი – განი დაუვიწყარ მოგონებას, შინაგანი სიმხურვალის საკითხებს თუ გადავწყვეტთ, და კიდევ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან სუბსტანციებს, ჩვენც ცაში ავიჭრებით...“ – თან ხელებს შლიდა. რომ დაამთავრებდა, თავიდან იწყებდა: „...სიმაღლე უდრის...“ მერე მე შემომხედა. ალბათ მიხვდა რომ ვუსმენდი. გაჩერდა, აღარ ლაპარაკობდა. მე ვეუბნები:
-  იცი, მე და ხაჯარატ სოფელში ქაღალდის თვითმფრინავებს ვაწყობდით და ვაფრენდით. მეზობლები ამბობენ შენზე, რომ გააფრინე და შენ რა გააფრინე?
გაიცინა. მერე რა გქვიაო, – მკითხა. გიორგი-მეთქი. შენ რა გქვია-მეთქი, გურამიო.
-    ლამის სეხნიები ვართ! - ისევ გამიცინა.
-    სეხნიები როგორ? - ვეკითხები გაკვირვებული.
-  ორივეს სახელი ხო ,,გ" ასოთ იწყება! გიორგი, სიარული თუ გაგიჭირდა მითხარი, დაგეხმარები!
-    არა, არ მიჭირს, პატარა კი არა ვარ, ისე კი მაინტერესებს ცაში როგორ ავიჭრებით?
-    ამის გაგება ჯერ შენთვის ადრეა, პატარა ხარ! 
-    ჩიტები ჩემზე პატარები არიან და დაფრინავენ!
ისევ გაიცინა. მერე ვეუბნები:
-    კი შენ ჩემზე დიდი ხარ, მაგრამ შეიძლება რომ ვიმეგობროთ?
კარგიო, – ხელი მაგრად ჩამომართვა. მერე დედამ დამიძახა, გიორგი, აქ მოდიო. მივედი. ხო გითხარი უცნობებს არ გამოელაპარკოო, მეუბნება გაბრაზებული.
-    დედა, არ არის უცნობი, გურამი ჰქვია და უკვე დავმეგობრდით, იცი რა კარგი ბიჭია?
-    შენ რა იცი ჯერ კარგი და ცუდი?!  ხო გითხარი არ მომცილდე-მეთქი?  იცოდე ჩემს გვერდით იარე!
-    კარგი რა დედა, პატარა ხომ არა ვარ! - ვეუბნები მე.
  მერე  დედამ ელზას გამოტანებული ხაჭაპური მომიტეხა,  პატარა არ ხარ, მაგრამ  არ მოგშივდაო. გამოვართვი და იმ ბიჭთან მივედი, არ გშია-მეთქი, ვკითხე.
-  „არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა“, – მითხრა.
-  პური არ მაქვს, ხაჭაპურია!  - ვეუბნები. ისე კი კარგად ვერ გავიგე რა უნდოდა. 
-  შენ ჭამე, წინ დიდი გზა გვიდევს!
-  თუ შენ არ შეჭამ, მაშინ არც მე შევჭამ!
-  შენ რა მაგარი კაცი ხარ! – იცინის და ცოტა მოატეხა. მერე მეც ვჭამე. დედას გავხედე. ის არ ბრაზობდა და  ისიც მიცინოდა.
მერე ჩვენს წინ ჩოჩქოლი ატყდა: ქალის ყვირილის ხმა და გოგოს ტირილის ხმა მოდიოდა. გურამმა, რა ხდება ნეტაო? – თქვა და ხმაურის მიმართულებით გაიქცა. დედა მეზობლის ქალებთან ერთად მოდიოდა და ლაპარაკობდა. ვიფიქრე, რომ ვთხოვო გაშვება არ გამიშვებს-მეთქი, ნებართვა არ ამიღია და მეც გურამს  დავედევნე. ვხედავ, ვიღაც უცნობი ბიჭი, ალბათ ისიც გურამის ხნის, წვერებიანი, მხარზე ავტომატით, ჩვენს სოფლელ გოგოს ეუბნება:  „რას წიკვინებ, წამოდი, გეუბნები, ყველა ქალი ამაზე ოცნებობს და შენ რომელი ინგლისის დედოფალი მყავხარო“. ინგლისის დედოფალს არ ვიცნობ, მაგრამ ამ გოგოს ვიცნობდი, მირანდა ერქვა. წელს დაამთავრა სკოლა და ბოლო ზარზე გამოსაშვები საღამოს დედოფალი გახდა. ახლა დედამისს ჰქონდა მირანდაზე ხელი ჩავლებული და კანკალებდა. მირანდაც კანკალებდა. გურამმა ბიჭს ხელი ხელში ჩაავლო და გააშვებინა, თან ლინა რა ხდებაო, – გოგოს ჰკითხა.
-  შენა ბიჭო,  ე... შენს საქმეს მიხედე, თორემ მოგდე სიფათში! - დაუყვირა წვერებიანმა გურამს და საყელოში დაექაჩა.
-  ეს გოგო ჩემი საცოლეა ახლა აქედან წადი მშვიდობით, შენთვის აჯობებს! - უთხრა გურამმა ხმადაბლა.
-  საცოლე არა კვატი, სახელიც არ იცი, მირანდა ქვია ამ გოგოს! უკვე სამი საათია ვკერავ, ახლა აქედან დაახვიე თორემ დაგაცალე აბოიმა, გაიგე ბიჭო!
თქვა წვერებიანმა და  გურამს ხელი მოუქნია. იმან თავი დახარა და დარტყმა აიცილა.  წვერებიანს ავტომატის გადმოღება უნდოდა. გურამი წელში  შეუვარდა, თუმცა  წვერებიანი მასზე მაღალიც იყო და მსუქანიც და უფრო ძლიერი ჩანდა.  ვიფიქრე ერთ ფეხში შევუვარდები, კვანტს გამოვკრავ და ცოტათი მაინც დავეხმარები გურამს-მეთქი. მართლაც, ერთ ფეხზე დავებღაუჭე წვერებიანს, მაგრამ იმან ფეხი მოიქნია და წრუწუნასავით მომისროლა. წაქცევას მირანდას დედამ გადამარჩინა. ამ ძიძგილაობაში ორივე  ბალახიან ფერდობზე დაცურდნენ. გზად ავტომატი ხის ფესვებს გამოედო და იქვე დარჩა. მოჩხუბრები თან ქვევითკენ მიგორავდნენ, თან ერთმანეთს ურტყამდნენ. ცოტაც და ხევში ჩავარდნენ და აღარ ჩანდნენ, ჩხუბის და ლაწალუწის ხმა ისმოდა მხოლოდ. ვიფიქრე, ავტომატს ავიღებ და გურამს  მივეხმარები-მეთქი. ის იყო იარაღისკენ ფეხი გადავდგი, ჩემთან დედა მოვარდა, აქ რა გინდოდაო, მითხრა და ხელი ისე მაგრად მომიჭირა ხელზე, კინაღამ ტკივილისაგან ხმამაღლა ვიყვირე. მერე მირანდას დედას დაელაპარაკა:
–    ელზა, რა მოხდა?
-  საზიზღარი, აგვეტორღიალა გზაზე, მირანდას თავს არ ანებებდა, ბუჩქებში გავისეირნოთ და წახვალ შენი გზითო, – ეუბნებოდა! მერე ვიღაც ბიჭი გამოგვესარჩლა და იმან გადაგვარჩინა! - ყვებოდა  მირანდას დედა. ირგვლივ ხალხი შეგროვდა. საიდანღაც ორი ავტომატიანი ბიჭი გამოჩნდა, სამხედრო ტანსაცმელი ეცვათ. იმათაც მოისმინეს ეს ყველაფერი,  თვითონ მირანდა კი განუწყვეტლივ ტიროდა და იცრემლებოდა. დედამისი კი აგრძელებდა, ის ბიჭი რომ არა, რა გვეშველებოდა, იმის გამზრდელმა იხაროსო...  სამხედროებს არაფერი უთქვამთ, ხევში ჩაირბინეს, გზად ის ფესვწამოდებული ავტომატიც აიღეს. ისინიც აღარ ჩანდნენ უკვე. ცოტა ხანს ისევ ისმოდა ხმაური, მერე კი ავტომატის ხმა გაისმა. ამის შემდეგ ყველაფერი მიჩუმდა.  მივხვდი, რომ ეს ის თამაში არ იყო, რასაც მე და ხაჯარატ ვთამაშობდით.  ეს ნამდვილი ომი იყო. პირველი რაც გავიფიქრე, ალბათ გურამი მოკლეს-მეთქი, ხოდა ხმამაღლა ავტირდი. მრცხვენოდა, მეგობარს რომ ვერ დავეხმარე და დედას ხელზე ვუკბინე, ისე, რომ იმან შეჰკივლა და ხელი გაეშვა.  მე  ქვევით გავიქეცი. დედამ, ყვირილი ატეხა, - მიშველეთ, ხალხოო  და ფერდობზე უკან დამედევნა,  თან ცდილობდა არ წაქცეულიყო. ამასობაში  შევნიშნე ქვემოდან სამნი ამოდიოდნენ, ის ორი სამხედრო წინ და უკან კი გურამი,  მხარზე ავტომატ გადაკიდებული. ის წვერებიანი ბიჭი არ ჩანდა. გურამი რომ ცოცხალი  დავინახე, გავჩერდი  იქვე ბალახებზე ჩავჯექი. დედაც ნელ-ნელა ჩამოვიდა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა და ისიც ქვემოდან მომავლებს უყურებდა,  არ მეჩხუბებოდა, მაგრამ ისევ ტიროდა, ოღონდ ჩუმად.
ის ბიჭები გზაში რაღაცაზე საუბრობდნენ.  როცა მოგვიხლოვდნენ, მომესმა ერთი ბიჭი მეორეს ეუბნებოდა, რაც ახვარი იყო ის ახვარი დარჩა და ძაღლურად ჩაკვდაო. ახვარი არ ვიცოდი რა იყო, ჩემით მივხვდი, ალბათ ძალიან საშინელი ადამიანი, მაგრამ ძაღლი რა ცოდო არ არის?    ჩვენი გორდა გამახსენდა. გურამს სახეზე სისხლი ეტყობოდა და ტანსაცმელი სულ დასვრილი ჰქონდა. ჩვენ რომ მოგვიახლოვდნენ, ისე მიხაროდა გურამს რომ ცოცხალს ვხედავდი, ვერ მოვითმინე და მისკენ გავიქეცი. მან ხელში ამიტაცა და თვალებზე ცრემლი რომ დაინახა, იტირე, კაცო, არ გრცხვენიაო, – მითხრა. მერე შევნიშნე, გზაზე ხალხი შექუჩებულიყო და ჩვენ გვიყურებდა.
უკან რომ ავბრუნდით, მირანდას დედა მოვიდა გურამთან, მადლობა, შვილო, ჩვენი გულისთვის თავი საფრთხეში ჩაიგდეო. მირანდაც მოვიდა და გმადლობთო, ისე მირანდა მქვიაო. გურამი უხერხულად იდგა, მაპატიეთო, ალბათ იმიტომ რომ სახელი შეეშალა, თუ რა ვიცი, - საპატიებელი რა ჰქონდა.
ბიჭებმა, ავტომატის სროლა თუ იციო, – გურამს ჰკითხეს. კიო, უნივერსიტეტში სამხედროს სწავლების დროს დამიშლია კიდეცო. ამ ჯგუფთან ერთად შენ გააგრძელე გზა, ეს ავტომატიც შენთან იყოს,    თუ ვინმე მოვა სამხედრო და გკითხავს რამეს, უჩას რაზმელი ვარ, ასე უთხარიო და ჩქარი ნაბიჯებით გააგრძელეს ხალხის წინა ნაკადისკენ გზა. მირანდას დედამ დედაჩემს უთხრა, რა მაგარი ბიჭი ყოფილა გიორგი, ისიც გამოგვესარჩლაო. მე რა მაგარი ვარ, ვერც  მირანდას და ვერც გურამს  ვერაფრით  დავეხმარე, მაგრამ ეს რომ გავიგონე მაინც ძალიან გამიხარდა და დედას გავხედე, თან ვიფიქრე ნეტა ამრა და ხაჯარატ მიყურებდნენ ახლა-მეთქი -  ნამდვილ ჯარისკაცად ვგრძნობდი თავს, მერე რა რომ ავტომატი არ მქონდა.
გზას ვაგრძელებდით. მთელი დღე მოღრუბლული ამინდი იყო. მზე არ გამოჩენილა და ციოდა. მერე ცოტა ხნით წვიმა წამოვიდა.  დედამ კურტკა ჩამაცვა. გურამს საზაფხულო პერანგი ეცვა. დედამ, ჩემოდნიდან თავისი თბილი სვიტრი ამოიღო და გურამს მიაწოდა, ჩაიცვიო. იმან უარი უთხრა, – არ მცივაო. მგონი ქალის სვიტრის ჩაცმა ითაკილა.
ისევ გზა გავაგრძელეთ. ცოტა რომ ვიარეთ გზაზე პატარა ლეკვი შეგვხვდა. ბილიკთან ახლოს  და ბუჩქის ძირას საწყალობლად წკავწკავებდა. ისეთი პატარა იყო, მიწას ძლივს აჩნდა. თვალებიდან ცრემლი მოდიოდა. იდგა საცოდავად და თითქოს ხალხს გვეუბნებოდა, მომხედეთ,  ადამიანები არ ხართო?!
- რა ცოდოა, ხო? - დედას და გურამს ვეუბნები.
-  ეტყობა პატრონმა დატოვა, ან  დაეკარგათ! – ამბობს გურამი.
-  დე, წავიყვანოთ რა!
-  გიორგი, მაგის საჭმელი სად გვაქვს?!
-  დე, ჩემს წილს გავუყოფ! 
-  მერე რა ვქნათ, წილებიც რომ არ დაგვრჩება?
-  „არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა!“ - ვიმეორებ გურამის სიტყვებს. დედა გაკვირვებული მიყურებს, ეს ვინ გასწავლაო. გურამმა-მეთქი.  ლეკვი ხელში ავიყვანე.  ვხვდები,  რომ დედა არ მეწინააღმდეგება,  მართლაც რა ძალა ჰქონია სიტყვას.    ლეკვი კი სულ ერთი ციცქნა იყო. ისეთი მადლობით სავსე მზერით მიყურებდა, აბა მისი დატოვება იქნებოდა? დედას და გურამს, ვეკითხები: - რა დავარქვათ-მეთქი. იმათ მხრები აიჩეჩეს. თავიდან ვიფიქრე, გორდას დავარქმევ, მაგრამ გადავიფიქრე - ერთი გორდა ხო მყავს.
-  ლომა დავარქვათ! - ვამბობ მე.
-  კი, სულ ლომსა ჰგავს! – იცინის დედა.  უკვე შევეჩვიე ახალ თანამგზავრს, ცოტა შემეშინდა კიდეც, პატრონი არ გამოჩნდეს-მეთქი და კურტკის უბეში ჩავისვი და გარედან ვიჭერდი ხელით. რომ ჩავხედე, უკვე ეძინა. ეტყობა სითბო იგრძნო, იმიტომ რომ მეც ვიგრძენი როგორი თბილი იყო. დედამ ლეკვი რომ ვერ დაინახა, გაუკვირდა – ლომა რა უყავიო. უბეში მყავს-მეთქი. ისევ ჩხუბი დაიწყო, იცოდე არ დაგასველოს, თორემ ვერც შენ გადამირჩები და ვერც შენი ლომაა თუ ვეფხვიო. კარგად აღზრდილი ლეკვი ჩანს, ცუდ საქმეს არ იკადრებსო, – თქვა გურამმა.
ცოტაც რომ ვიარეთ, ვიგრძენი რომ გაიღვიძა. წამოიყეფა, ოღონდ ეს ის საცოდავი წკავწკავი არ იყო, როცა ვნახეთ მაშინდელი – ლეკვური ყეფა იყო, თითქოს რაღაცა  მითხრა. ნეტა ბებია აქ იყოს, მიხვდებოდა რას ამბობს.
დედამ ისევ ჩხუბი არ დამიწყოს-მეთქი და გურამს ჩუმად ვეუბნები:
-    მგონი ლომა რაღაცას მეუბნება, რაღაცა უნდა!
-    ამოიყვანე, იქნებ გავლა სურს?!
დავუჯერე. ამოვიყვანე და მიწაზე დავსვი. ბილიკიდან გადავიდა, თან მე გამომხედავდა, ეტყობა ფიქრობდა ხომ არ დამტოვებსო. ჩვენ სამივენი გავჩერდით და ველოდით. მერე დედა ბავშვობაში რომ მეკითხებოდა, დიდი გინდა თუ პატარაო, ორივე ქნა დიდიც და პატარაც, მერე ცოტა მიწაც მიაყარა  და ისევ ჩემსკენ გამოიქცა. მართლაც რა კულტურული ლეკვიაო, დედასაც გაეცინა. ისევ უბეში დავაბრუნე და გაიტრუნა.
მირანდა და დედამისი  უკვე ჩვენგან ახლოს აგრძელებდნენ გზას.  მირანდა ხშირად მოიხედავდა. ცოტაც რომ ვიარეთ, გურამთან მივიდა, ხელში  რვეული ეჭირა. შეიძლება ჩემი ლექსები გაჩუქოთო? – გურამს ჰკითხა. დიდი მადლობა იმან უპასუხა. მე ვერ მივხვდი დიდი მადლობა კიო თუ არაო. ეტყობა მირანდაც ვერ მიხვდა, და უხერხულად ეჭირა რვეული ხელში. ისევ მე ვკითხე გურამს:
-    გურამ, დიდი მადლობა კი თუ დიდი მადლობა არა?
გურამს ეღიმება, მერე კი ამბობს:
- იცით,  მირანდა, დიდი მადლობა რომ ლექსებს მჩუქნით, ოღონდ ხალხი სამშვიდობოზე რომ გავა, მერე ომში მინდა დავბრუნდე, იქნებ ეს რვეული დაიკარგოს და არ ვიცი, როგორ გამოგართვათ?!
- . ეს ლექსები ყველა ზეპირად ვიცი, თან ყველა სხვა რვეულებშიც მიწერია! – თქვა მირანდამ და შეეტყო სწყინდა, რომ საჩუქარზე უარს ეუბნებოდნენ.
-  მაშინ დიდი მადლობა საჩუქრისთვის! - თქვა გურამმა და მეც ამოვისუნთქე. გამიხარდა, თუმცა მე რა შუაში ვიყავი, მაგრამ მაინც. მირანდა მერე ისევ დედამისთან დაბრუნდა. გურამმა რვეული  გამოართვა  და უბეში  შეინახა.
ამასობაში ის ორი ბიჭი, სამხედროები შემოგვხვდნენ ისევ. ერთს ხელში სამხედრო კურტკა ეჭირა და გურამს მისცა. ის არ იღებდა, არ მინდაო. ძალად დაუტოვეს, ამაღამ აცივდება და ასე პერანგით გაიყინებიო. თან ჰკითხეს რაიმე ექსცესს ხომ არ ჰქონია ადგილიო. არაო გურამმა. ახლა ისიც სამხედროსავით გამოეწყო. ესენი  რომ წავლენ მერე უნდა ვკითხო ექსცესი რა არის.
- რო დაღამდება, გზას ნუღარ გააგრძელებთ, ვინმე ხრამში არ გადაიჩეხოს, სადმე ხის ძირას კოცონიც დაანთეთ, ვინმე არ გაიყინოს, ოღონდ სიფრთხილე დაიცავით, ტყეს ცეცხლი არ წაეკიდოსო, – თქვა იმ სამხედრომ, რომელმაც კურტკა დაუტოვა გურამს და ისევ გააგრძელეს გზა.
ცოტა ხანში წვიმის წვეთები თოვლის ფიფქებად გადაიქცნენ. სოფელში ზამთარშიც კი იშვიათად მოდიოდა თოვლი. ახლა ჯერ სექტემბერი იყო და ყველას უკვირდა, რა დროს თოვლიაო.  ადრე  ძალიან მიხაროდა თოვლი, მაგრამ  სხვები ყველა წუხდა ახლა თოვლის მოსვლა იქნებოდა, გავიყინებითო, ამიტომ ახლა უკვე ისე აღარ მიხაროდა, როგორც დედამ თქვა  უდრო დროს მოსული თოვლი.  მერე  ჩამობნელდა და ჩვენი ჯგუფი ერთი დიდი ხის ძირას გავჩერდით. გურამმა იქვე გზის ახლოს ხმელი ტოტების მოაგროვება დაიწყო. მე ლომა დედას დავუტოვე - გურამს მივეხმარები-მეთქი.  ორივენი ტოტებს ვაგროვებთ, თან ვეკითხები ვეკითხები:
-      გურამ,  ექსცესი რა არის?!
-  ექსცესი არანორმალური ვითარებაა,  ან შემთხვევა...  ჩხუბი შეხლა-შემოხლაც შეიძლება ექსცესად ჩავთვალოთ! - მპასუხობს ის.
    მერე ცეცხლი დავანთეთ. გურამსა და დედაჩემს შორის ვიჯექი და ცეცხლს ვუყურებდი. ლომაც ჩემს წინ იჯდა და ისიც ცეცხლს უყურებდა და თბებოდა. მირანდა და დედამისიც ჩვენთან ერთად უსხდნენ ცეცხლს. გურამმა რვეული ამოიღო და შეეცადა ცეცხლის შუქზე წაეკითხა ნაწერი. მზერაზე შეეტყო, რომ მოეწონა, რასაც კითხულობდა. მეც დამაინტერესა რას კითხულობდა და გურამს ვთხოვე ხმამაღლა წაიკითხე-მეთქი. გურამმა მირანდას ჰკითხა, რა კარგი ლექსებია, შეიძლება ერთი ხმამაღლა წავიკითხოო? კიო, რა თქმა უნდაო, იმან უთხრა. გურამმაც  წაიკითხა:
„ლურჯთვალა იამ მზეს გაუღიმა,
მზემაც ცვარ-ნამით დაბანა პირი.
ჩამოუშვია წამწამი ტირიფს
და გაუმხელელ სიყვარულს ტირის“.
ლექსმა ამრა გამახსენა, თუმცა არც დამვიწყებია, მაგრამ ახლა უფრო გამახსენა. მე ვიცი, რომ ამრა აფხაზურად მზეს ნიშნავს. ჩემი სიყვარულიც ხო გაუმხელელია, ვერ მოვასწარი ამრას ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს. როგორ მომენატრა. თან ვდარდობ: აუცილებლად უნდა შორს  ვყოფილიყავი,  რომ მივხვედრილიყავი რა ახლობელია ჩემთვის?  მერე ჩამეძინა. დილით ხაჯარატ მაღვიძებს, ადექი, გადამთიელები ჩვენ სოფელს თავს დაესხნენ, ამრას მოტაცებას აპირებენო. მიკვირს, ხაჯარატ აქ საიდან გაჩნდა?  გურამს ვეძახი, სად ხარ, ექსცესს აქვს ადგილი-მეთქი. არც ის  ჩანს. მერე ავტომატს დავუწყე ძებნა -  არსად არ არის. დედაც არსად ჩანს, არც ლომა. ხაჯარატიც სადაღაც გაქრა.  სულ მარტო დავრჩი, ჩემი სოფლისკენ მივრბივარ. გზაზე ვეცემი,  ვდგები და ისევ მივრბივარ,  მაგრამ თითქოს მაინც ერთ და იმავე ადგილას ვარ. იქვე ტყიდან ვხედავ მამა გამოდის და ხელში ავყავარ,  უნდა რომ ჩამეხუტოს.  მამა, დამსვი, - ვეუბნები,  - ამრა უნდა გადავარჩინო.    ტყეს საიდანაც მამა გამოვიდა უცებ ცეცხლი უჩნდება.  მამა მიწაზე მსვამს და ტყისკენ გარბის, ალბათ ხანძარი რომ ჩააქროს.  ისევ  ვიძახი:  გურამ, ხაჯარატ... სად ხართ? არავინ ჩანს... გზა კი არადა არ ილევა. მერე ერთ ადგილას ფეხი დამიცდა და ხრამში    ვვარდები, უცებ დედა გამოჩნდა.
  -    გიორგი, ძილში ყვიროდი! -  მეუბნება.
  -    დედა, ექსცესს აქვს ადგილი!
-    რა, შვილო?  -  მეუბნება დედა და შუბლზე ხელს მადებს.
-    დედა, ხაჯარატმა მითხრა, რომ ამრას მოტაცებას აპირებენ და უნდა წავიდე ვუშველო!
- ალბათ სიზმარი იყო გიორგი!
- დედა, ამრას ვერავინ მომტაცებს!  - ვამბობ.
-    ხო კარგი, დამშვიდდი, ამრას ვერავინ მოგტაცებს! 
მერეღა ვხვდები, რომ ვიღაცის სახლში ვარ და საწოლში ვწევარ და თურმე  ეს სიზმარში იყო. დედა სად ვართ-მეთქი.
-    ჯვარში ვართ, კოტე ბიძიასთან! ორი დღე მაღალი სიცხე გქონდა და სულ მამამ გატარა ხელით.
-    მამა  სად არის? 
-    იმ ღამით დაგვეწია, ხის ძირას რომ ცეცხლთან ვიჯექით, შენ გეძინა და არ გაგაღვიძე.      ისევ უკან დაბრუნდნენ, სხვებს რომ მიეხმარონ!  მამაშენმა  სახლში უნდა დავბრუნდე, დედას ასე ვერ დავტოვებო.      დაგიბარა, რომ აუცილებლად დაბრუნდება და ჩვენც თან წაგვიყვანს!
-    ლომა  სად არის?
-    ეზოში დარბის!
მართლაც ეზოდან ლომას ლეკვური ყეფის ხმა მოისმოდა. მერე ისევ ჩამეძინა...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები