ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2021


***

"Hello from the other side" ადელი, სიცხე,
სხვა ნაპირები, სხვა ქვეყნები, ხალხი და ქუჩა...
ისევ წვალებით გათენდა და ანარეკლს იწვევ
ომში, რომელშიც წააგე და რატომღაც ურჩად
აგრძელებ ბრძოლას... ყელში არის მსგავსი მოტივი,
ყალბი დრამები და წუწუნი, ომზე ბრძოლებზე...
სისულელეა, იმ ზომამდე უკვე მოვედით,
რომ ერთი ზღაპრის გმირებივით ერთურთს მოვებათ
და ამოვგლიჯოთ დედამიწას ჩვენი ფესვები,
მოვწყდეთ ზედაპირს და სად წავალთ მერე იქნება
ჩვენი სურვილი, ჩვენი ნიჭის, განცდის ამბავი
და აბსურდამდე დაყვანილი თავისუფლება.
***
ესეც ნაცნობი მოტივია, ესეც გადაცვდა.
ან სად წახვალ და ვის მიწაში გადაერგვები,
როცა სიცივით გამომშრალი ზიხარ ხანდახარ
და ნერგებივით გითრთოლდება სუსტი ნერვები.
კვლავ წუწუნია, კვალვ ვაება, მოთქმა და შფოთი.
პირისპირ ხვდები ძველ სარკეში მცხოვრებ ანარეკლს
და შენც არ იცი, რა გრძნობაა, როდესაც დუმხარ
და სულელივით მხოლოდ თვალებს აახამხამებ,
რადგანაც მარტივ ფუნქციებში ცოცხლობს სიცოცხლე,
სუნქვა, თვალების ხამხამება, ძილი, ფიქრები...
ანარეკლს უთვლი თავხედურად დღეთა ნაოჭებს
იმის შიშით, რომ ხვალ საერთოდ აღარ იქნები.

***
მოდი შევეშვათ ამ ოცნებას, მოდი ერთ დღესაც
ჩამოვანგრიოთ ოცნებათა მრუმე კასკადი.
შენც კარგად იცი, არაფრისგან არარა რჩება
და ზოგჯერ ასი მილიონიც ნიშნავს არაფერს.
რამდენჯერ მოხდა... რამდენს აგვცდა იღბლის ტყვიები,
რამდენ ოცნებას წავაფარეთ შიშის ფარაჯა
და რომ ვერაფრით ამოვხსენით, ისე ვიქეცით
ჩვენი ცხოვრების კარცერებთან მორჩილ დარაჯად.
რამდენს შეგვკვეცეს მხრებზე ფრთები, რამდენს გვიმუხთლეს,
რამდენს დაგვცინეს, როცა ვთქვით, რომ ვართ პოეტები,
რამდენს გაგვხადეს ჯარისკაცის კამუფლიაჟი
და მოგვაგლიჯეს გენერლების ეპოლეტები,
გამოგვათრიეს კლასებიდან, როცა გვინდოდა
სხვა ბავშვებისთვის გვეანდერძა ჩვენი ფიქრები
და ნებანება გამოგვწურეს, რაც საჭიროა
სიცოცხლისათვის: მეტი განცდა, მეტი იმედი
და დაგვიტოვეს მხოლოდ შიში, მხოლოდ მზადება
უარესისთვის და გვასწავლეს ვიყოთ "ვოლკები",
რომ ვარდის კრეფა უეკლებოდ არ მოხერხდება,
რომ თუ მოვდუნდით, პეპლებივით დავიხოცებით.

***
ისევ გათენდა, ისევ ფრთხილად, ისევ წვალებით
და ოთახიდან კვლავ სიფრთხილით გამოაბიჯე.
ტკბილი სიზმრების ნამსხვრევები ჩაგრჩა თვალებში
და კვლავ ადელის მელოდია... უცხო ნაპირზე
ახლა თოვლია და სითეთრის წმინდა ზღაპარი,
სადაც ჩურჩხელად ქცეულია ყინულის ლოლო,
სადაც არ გიწევს, დაამარცხო ასი ურჩხული
და არსებობა ხელფასივით გამოიზოგო.
თუმცა დილაა, ისევ დილა, ზარის მრეკავი,
რომელიც კვლავაც დაუნდობლად გშოლტავს წუთებით
და გერეკება რუტინული ეშაფოტისკენ,
სადაც მარტივი პროცესია - განადგურება...
უმზერ სარკეში გამოკეტილ უცხო ანარეკლს,
ეჰ, რა შორია ძველი სუნი, სუნი წვიმების.
უმზერ ანარეკლს, ისიც გიმზერს და ეღიმება...
შენც მთელი გულით გინდა, მაგრამ ვერ იღიმები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები