ნაწარმოებები



ავტორი: ურანი
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2021


ძმარი დალიე

კი არ მიყვარდა,
მხოლოდ ბოქვენზე მოფერება  მიწყვეტდა ხმის ტემბრს
და ვნების მაჭარს დუღილისგან დუჟი სდიოდა.
მერე ერთმანეთს ვუწმენდით ამ ქაფს...
არ ეტეოდა ნიშნულები სკალაზე, მაშინ.

და გადიოდა წუთები, წლები...
და დრო ყირაზე გადადიოდა...

მაჭარი იგი ღვინდებოდა თვალდახელ შუა,
მაჭარი იგი აღარ ყრიდა პირიდან ქაფებს.
ძაფებს ართავდა არიადნა, ახვევდა გორგალს
და მე ვსტუმრობდი ლაბირინთებს, რესტორანს, კაფეს...

კვირა დღე იყო,
ისვენებდა უფალი ჩემგან,
ჩემს საშოში რომ ემბრიონად იქცა წერტილი.
კვირა დღე იყო,
დალაგება მოვიწადინე
და შევუდექი ოთახის წმენდას.
და ჩამოვრეცხე ამ წერტილის ლაქა კედლიდან,
და ხორცი მისი ამოვალბე წითელ ღვინოში.
თუმცა თვალებში ჩამისახლდა  მისი აჩრდილი-
წითელმა ტყვიამ  დამიხვრიტა სკლერაც, ბადურაც...

ძმრად იქცა ღვინო.

ახლა
კვირა დღე აღარ არის ჩემს კალენდარზე,
ახლა
ჩემს სახლში არ ჰკიდია სარკე აღარსად,
ახლა?
კითხვითი სიტყვის ბოლოსაც წერტილებს ვაჯენ
ძახილის ნიშნებს ვართმევ ყავარჯნებს
და ყველა ტიპის წინადადება თხრობითი ხდება.

არ არსებობენ კითხვითი სიტყვები:
რატომ? რისთვის? სადამდე?
მათ ც ნაწილაკი დავუმატე, მიმართებით ზმნიზედებად  ვაქციე
და მოემართებიან ისინი ჩემკენ
და მეუბნებიან:
იმიტომაც. რისთვისაც. სადამდეც.

თუ შენ ოდესმე ღვინის დაწურვა მოგინდება,- ძმარი დალიე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები