ნაწარმოებები



ავტორი: საბა ოკუჯავა
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2021


*

რა ესიზმრებათ გარდაცვლილებს?
იქნებ,
ჩვენ ვესიზმრებით
და ეს არის მათი სიზმარი...

1

მირკანის თვეში,
შუა მარტში
უნდო აფხაზივით
გავშორდი ქალაქს
და ქალაქელებს.
ენკენის თვეში
გაგიმხილო უნდა ყველაფერი...
ქარის პირისპირ ვიდექი და
საპირისპიროდ ქროდა...
ასე დაიწყო პოეზია.
პეშვით შევსვა მდინარის წყალი,
სული მოვითქვა.
ეს ხე იყო,
სამჯერ რომ მოჭრეს.
მერე ძირიანად,
სისხლი შეუცვალეს...
ამ ხის ადგილას დავასაფლავეთ
მეზობლის გოგო.
საფლავზე მიმოზა აყვავებულა...

2

ჭიშკრიდან გამომძახა-
-მანდ,
ჭიშკრის გადაღმა,
ქალაქელო, რასშვებიო?
ცივად ვუთხარი
გარეთ რად დგახარ?
კარი გავუღე,
არ დაიძრა, არ მომესვლებაო...
საფლავს ვთხრი მეთქი
ვუთხარი,
და შიშმა შეიპყრო.
მერე და რისთვის?
შემეკითხა.
ხმა არ გავეცი.
მდინარე მღვრიე იყო,
ჭასთან გავედი წყლის დასალევად.
მერე ძლივს ვზიდე
დაჟანგებული ოწინარი.
ძველი სიმღერა წავიმღერე.
დოქი გავტეხე.
მივაძახე ჭირმა წაიღოს
მეთქი.

3

იძინე მეგობარო
საშიშია აქ გაღვიძება,
ძილი გერჩივნოს.
მარხვის დღეს მიწას მიგაბარე.
ლოცვა ვთქვი
ჩუმად რაც შევძელი და გავიხსენე.
წესი არავინ აგიგო და აპატიე...

4

ბოლო ჭიქა უფლისა იყოს,
შენ შეიბრალე ჩვენი სოფლის,
კურტიზანი.
გებარებოდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები