ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
11 ივლისი, 2021


ავტობიოგრაფია

დავიბადე 1987 წლის 11 ივლისს ქალაქ ფოთში, დავამთავრე თბილისის 166-ე საშუალო სკოლა, 2004-ში ჩავაბარე, და 2008 წელს დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის განხრით, 2010 წელს დავამთავრე მაგისტრატურა, უნივერსიტეტი ,,მეტეხი“ ეკონომიკურის განხრით, საბანკო საქმე და ფინანსები.

2005 წლიდან - 2018 წლამდე ვიყავი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ თეატრ - სტუდია ,,მოდი ნახეს“ მსახიობი.

გამოცემული მაქვს ორი პოეტური კრებული. 2011 წლიდან ვარ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრი.

ჩემი პოეტების სიაში პირველი ადგილი ლადო ასათიანს უკავია!

ლადოს პოეზიამ შემაყვარა პოეზია, ლადოს პოეზიის გავლენით დავიწყე ლექსების წერა 2005 წელს. ლადოს ლექსების კითხვაში ვათენ - ვაღამებდი.

ჩემი საყვარელი ლექსი ლადო ასათიანის ,,სალაღობო“-ა, ჩემებიდან კი ამ ლექსს გამოვარჩევდი:

დედა

დედა არა მყავს... ჩამიქრა კვარი,
ჩემთვის ღამეა დილა ყოველი,
მსურს სიკვდილამდე ვატარო ჯვარი
და შემწედ მექნეს სვეტიცხოველი.

დედა არა მყავს... ჩაქრა ვარსკვლავი,
ცაც თანამიგრძნობს სიმწუხარეში,
სულგანათლებულ მშობლის საფლავი
სულის მისატან არის მხარეში.

აღარ მიყვავის ბაღნარში ნუში,
თუმც კვლავ მივყვები დროის დინებას,
ხშირად მიკრავდა მშობელი გულში,
მიზიარებდა გამოცდილებას.

ამ მონატრებას სტრიქონებს ვსწირავ,
ცხარე ცრემლები მისველებს ლოყებს,
ქუდბედიანი ვიყავი წინათ,
ხმაშიც არ მქონდა ნაღველი მოყმეს.

მე გულახდილად ვსაუბრობ ღმერთთან,
მხოლოდ მას ძალუძს ბედის მისნობა,
მჯერა: ვიქნები დედასთან ერთად,
როცა მიმიღებს მარადისობა.

აქ სამუდამოდ ჩამიქრა კვარი,
ჩემთვის ღამეა დილა ყოველი,
მინდა მეც ვზიდო ეს მძიმე ჯვარი
და მეწეოდეს სვეტიცხოველი.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს