ნაწარმოებები



ავტორი: ზარქუა
ჟანრი: პოეზია
10 ივლისი, 2021


***

ცაო, სად არის შენი თვალები?
დედამიწისკენ ჩამოიხედე,
ნახე ქვესკნელი, მიწა და წყალი,
ნახე საწყალი ადამიანი,
რომელსაც უჭირს ტყვე ხორცის რჩენა,
საკვები არის მისივე სისხლი
სინანულად რომ ექცევა ბოლოს.
სივრცეებს ვერ ვგრძნობ, ასე
უსივრცო,
კერპებგარეშე დავიარები,
რადგანაც ვიცი ყოველი კერპი განწირულია, როგორც ბავშვობა
და დახეთქილი ხელებით ნაშენ,
ყველა ტაძარს და ყველა ოაზისს,
ვაწერ ჩემს სახელს ...
გაკაფული ტყის ისევ გაკაფვა,
აშენებულის ტრფობით შენება,
ბრუნვა მზისა და თავის გარშემო,
წელიწადების მონაცვლეობა,
არის ლაჩარი სულების ხვედრი
და როგორც ცნება - თავისუფლება,
შორსაა მათგან.
ცაო, სად არის შენი თვალები?
დედამიწისკენ ჩამოიხედე,
ნახე ქვესკნელი, მიწა და წყალი,
ნახე საწყალი ადამიანი,
და ამის მერე მოძებნე იქვე,
შენს სწორფერად რომ დაბადებულა,
ერთი მათგანი პოეტი კაცი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები