ავტორი: ლელა მგელაძე ჟანრი: პოეზია 19 ივლისი, 2021
ჭეშმარიტების გემო
"ცნობიერება არის ერთი ეგზემპლარი. იგი ჩვენ კი არ გვაქვს, ჩვენ ვართ ცნობიერებაში".( მამარდაშვილი)
ყველაფერია ნათქვამი და გადათელილი - ყველა ბილიკი. დროს დაუტესტავს ყველა ანდაზა, მოყოლილია ყველა არაკი.
არა იმიტომ ვერ გაატანს ვახშმამდე თავსხმა, ბრძენმა რომ ბრძანა და არც იმიტომ, მხოლოდ შიგთავსს თუ დაღვრის კოკა, პოეტმა რომ თქვა ჭეშმარიტება ოკეანეა, დროჲს მიღმა მყოფი. ზოგიერთს უცებ მოვარდნილი მოწყვეტს ღვარცოფი, ზოგს კი ობობას ქსელის მსგავსად სუსტად დართული ძაფით ეწევა მისკენ წლები გადახლართული. ერთი ჭურჭლიდან სხვადასხვა წყალს ხომ ვერ დალევენ?! ყველა წვეთსა და სულ ყველა დოზას, გამოჟონილა რაც კი სილაში, ერთი გემო აქვს - მომწარო მლაშე.