ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
16 ივლისი, 2021


რესტავრაცია

სალამი, სამყაროვ, სანამ შენ გეძინა,
გუბეში ნასროლი კენჭივით დამკარგე,
მახსოვს, რა კარგი იყო ფეხმძიმე
დედის მუცელში ყოფნა, რა კარგი,
დედა მღეროდა დილა-საღამოს,
მამა მუცელზე დედას კოცნიდა
ანუ ჩემს შუბლზე, მაშინ სამყარო
ფეხზე მეკიდა, რადგან მყოფნიდა
მამის კოცნა და დედის სიმღერა,
მაგრამ სექტემბრის ბოლოსკენ ვიშვი,
დედისგან დამყვა ყველა სიკეთე,
მამისგან-წასვლის ბავშვური შიში,
მაგრამ როდესაც მამა წავიდა,
კოცნა და შიში ღმერთთან წაიღო,
ის მარტო იდგა, მახსოვს ვაგზლიდან-
პლეხანოვამდე სამუსაიფოდ,
ჩვენ დავდიოდით ყოველდღე ფეხით,
ხშირად ვსტუმრობდით დუმბაძის მოზარდ
მაყურებელთა თეატრს და ვერხვებს
ქარი ხან შოპენს, ბიზეს და მოცარტს,
აკვრევინებდა ხანდახან ვაგნერს,
მიყვარდა ქარში ბახის მიგნებაც,
მე უშენობას წლებია ვანგრევ,
მაგრამ ვხვდები, რომ თავად ვინგრევი,
ვხვდები, რომ ძვლებში მამტვრევს, მაციებს,
აღარც ქარია. აღარც ხეები.
ნეტავ შემეძლოს რესტავრაცია-
ჩემივე თავის ან იმ დღეების...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები