ნაწარმოებები



ავტორი: გურო როყვა
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2021


***

წვეთებად ვითვლი ჩემს ნაწვიმარს განთიადამდე,
ღმერთო, რა ურცხვად მედარდება  გრძნობა თამამი?!
ეს ტკივილები ნაიარევს გამიათასებს
და საუკუნოდ გადამკარგავს ,ვიცი, კალამი.

ჩემი ჯერია, გავხდე მტერი ამაოების,
ვიდრე სიცოცხლე ამღვრეული თქეშით დამექცა,
როგორც ქუხილი უწვიმობას აღარ მოიშლის,
ასე სხეულიც ცოდვის წარღვნას ვეღარ გაექცა.

გავჩნდი ვნებიდან,თუმც, ტკივილი გამომყოლია,
კაცთა სამყოფელს წვეთად ვავსებ ჩემი ცხოვრებით,
მე ამ ხროვაში ჩავიკარგე, ასე მგონია,
და ავვორთქლდები ამ ქაოსში ამაოებით.

სული წამართვეს, ახლა ფურცლით ვიქმნი განწყობას
და სევდა ისევ სურათს ხატავს უმანკოების,
როგორ ვენაცვლო უფსკრულიდან სულის განდგომას,
მითხარით, მწყემსი როგორ გავხდე უბრალოების?!

წამებად ვითვლი ჩემს ნაწვიმარს მზის ამოსვლამდე
და ამაყ მზერას ამ გრძნობებში სევდა წვეული,
ვწერდი სიგიჟეს და გრძნობები სულ გამოვცალე
ბოლოს კი  ასე გადავავსე ჩემი რვეული...

                                                            გურო როყვა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები