ნაწარმოებები



ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
18 ივლისი, 2021


ბონიდან

ცოტა თუ ამბობს მართალს.
ვიცი, რა არის დაღლა
უმნიშვნელოა - ვკარგავ
მნიშვნელოვანს არ ვმალავ.
როცა ტბებია მაღლა
ვთვრები. მივდივარ შორს.

გამოეცალა თოვლს
უცნაურ სურნელს ცრის
ეს გაქცეული დრო,
ეს გასიზმრება ცის.
თავისთავადს არ აჩენს
მზე. მე ვერ ვამჩნევ, ხომ
ნათლად ვერ ვიღებ სათქმელს.
სახეზე ვიცნობ ხორცს.
ტყვიები გახვრეტდა ჭერს,
გარდავიცვლები რომ.

აქ თვალებს სხვაგან დავსდევ.
იამაიკელ ხეთებს.
სულ ცოტა დამიცადეთ,
დედაჩემს მიმიხედეთ.
ისე ჯიგრები სხვა ალს
წაუკიდებდნენ ხედებს.

სულ ცოტა რამეს ვმალავ.
როგორც გადაღვრილ სასმელს.
ყვავილად გახსნილ მალას
დაუღამებელ სანთელს
გადავაბიჯებ სიკვდილს,
ოღონდ სიცოცხლის მწამდეს.
ოღონდ მიყვარდე, როგორც
შევყვარებივარ დარდებს.
სევდით ნუ მომიგონებ.
ცრემლით არ გამიწვალდე.

არა, არ დავიღალე,
ათას სიცოცხლის გვერდზე.
ცოტა ხნით ვხუჭავ თვალებს,
ხშირად არ დავწერ ლექსებს.
ხვალამდე გავიდარებ,
ხვალამდე გავიდარებ,
ხვალამდე გავიდარებ
ვიცი, რა ფიქრიც მეძებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები