ნაწარმოებები



ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2021


გერტრუდას პასუხები-12

ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო როდრიგო,
გწერ ბოლო წერილს, ფოსტალიონს ვატან მოკითხვას,
კონვერტს გულდასმით გავუკეთე წითელი დამღა,
დღეიდან ისევ მოლოდინის სიმძაფრე დამღლის,
გთხოვ, გაუფრთხილდი ჩემს წერილებს, სანამ გამოხვალ,
მსურს, რომ იქამდე შეინახო, ვიდრე გამოხრავს
უშენობას და უძილობას ვირთხა-მსუნაგი,
ვიდრე ეს სახლი გადაიქცა სოროდ, ბუნაგად,
ვიდრე ამ სახლში, საძინებელს მე ვურევ, მარტო,
ვიდრე აპრილმა ჩაგასესხა დღეები, მარტო,
ვიდრე მაისმა აითვისა, ის რაც მაისმა-
მთების ექოდან, რომ გეძახდი, გესმის, მაისმა?
წვიმა ძილისპირს კოკისპირულს მიწყობს თარეშებს,
წყალს წაუღია გაზაფხული-წვიმის გარეშე!
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო როდრიგო,
გწერ ბოლო წერილს, ფოსტალიონს ვატან მოკითხვას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები