ნაწარმოებები



ავტორი: ნინო--
ჟანრი: პოეზია
22 ივლისი, 2021


***

მინდა და ვეღარ
ვიხსენებ ზამთარს,
მინდა და ვეღარ
ვგრძნობ დღეს ამ ივლისს
და ფიქრთან,
როგორც საყვარელ მკვდართან
ჩემი წარსული
გზად შემოივლის.

რაღაცას ვკარგავ,
რაღაცას მართმევს
ბუხრის ყელიდან
წასული ბოლი,
ერთი პოეტის
არ იყოს მართლაც
- რაა სიცოცხლე
ბოლოს და ბოლოს.

ერთი ნაბიჯი
ჯვარცმული ღმერთის,
ერთი შრიალი
დაფნის, ბუერის.
გალაკტიონის
ნახტომი ერთი,
ერთიც გასროლა
ჰემინგუეის.

ასე უვლია ერთს,
ასს და ათასს,
მეც წავალ,
თუკი შევძლებ და ვივლი...
რა ვქნა,
ვერაფრით ვიხსენებ ზამთარს,
რა ვქნა,
ვერაფრით ვგრძნობ დღეს ამ ივლისს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები