ნაწარმოებები



ავტორი: წეროს თოვლი
ჟანრი: პოეზია
22 ივლისი, 2021


როცა ქარია

ყველა მოვკვდებით!
- ამბობ შენ და სიმშვიდეს ჩემსას
კოსმიური ბზარები ამსხვრევს.
ფშატის ფოთლები ხმებიან და
ფრთხილად ცვივიან.
მოდი ძველ ქოხთან, ცივ ამინდში,
უფიქროდ დავსხდეთ.
სადაც თოვლია
და ეს თოვლი, სულზე თბილია.

დამჩემდა ფიქრი,
ახლა, მკვეთრად უმისამართო.
ფიქრი და შიში სამუდამო,
როგორც იესო.
გაყინულ სულს, თუ იისფერი თოვლით გავათბობთ,
არ ვნაღვლობ,
თუნდაც, სამუდამოდ დავსევდიანდე.

თოვლი მიყვარდა
და ამ თოვლის წერა ლექსებად.
ზეცა მემსხვრევა, როცა ვერ ვწერ
და ვერ გიყურებ.
თაროზე თვლემენ დავიწყებით პლათი, სექსტონი.
იქვეა თეთრი მარგალიტის,
ძველი საყურე.

რა საოცარი სიმარტოვე დასჩემდათ თვალებს.
კვლავ ხალხმრავალი ამბებიდან იხუჭებიან.
ღამე ბასრ მთვარეს
მლაშე ცრემლის ჭაობში ავლებს,
და მთვარისგულის ძგერა ისმის
უძირო ჭიდან.

იყოს თოვა და დაათოვოს ფშატის ხმელ ფოთლებს,
ჩვენ კი ძველ ქოხთან,
ცივ ამინდში, ვისხდეთ უფიქროდ.
როცა ფშატები ამ ხმელ ფოთლებს
ქარშიც ვერ თმობდნენ,
როცა ქარები
უკოცნიდნენ ხეებს საფეთქლებს,
შენ ამბობდი - რომ ცხოვრებაა,
ყველა მოვკვდებით.
ეს სამყარო კი,
არ დაინდობს ვისაც ვალი აქვს.
მოვკვდეთ და იყოს..
იყოს თოვა.
იყოს შოპენი.
როცა მარტო ვართ,
როცა გვცივა,
როცა ქარია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები