ნაწარმოებები



ავტორი: პაპუნა გიორგაძე
ჟანრი: პროზა
22 ივლისი, 2021


მტრედი თავისი გზით მიფრინავდა

ნაწილი 1
     
      ეს არ არის მხოლოდ იმ ორი მეგობრის ამბავი, ახლა რომ ლუდის ქილებით თხელ ტელევიზორთან სხედან და კრივის მატჩს ელოდებიან.
არა, უბრალოდ ყველა ამბავს სჭირდება ვინმე, ვის ირგვლივაც იტრიალებს რომ საბოლოოდ მასზე შეიტყონ.
ამ შემთხვევაში კი ეს ვინმე -სწორედ ის ორი მეგობარია, თხელ ტელევიზორთან რომ სხედან ლუდის ქილებით და კრივის მატჩს ელოდებიან, ერთ-ერთი მათგანი - წარმატებული ინჟინერ-პროექტორია, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი შენობების გეგმების ავტორი, მისთვის სულ ერთია ვინ მოიგებს მატჩს, მას მხოლოდ სპორტული ღონისძიებისაგან სიამოვნების მიღება უნდა. მეორე - ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ღამურა გახლავთ, თუმცა კრივის მატჩის დროს, მას და მის კოლეგებს, არავინ მოიხსენიებდა ამ სახელით. მაშინ მღვდელი ერქვა, და მამა იოაკიმს ეძახდა მრევლიცა და შვილიც. ბედს არც ის უჩიოდა, კრივში კი ბოშათა მეფის ქომაგი იყო, და მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთი სული ჰქონდა როდის გაუშვებდა ბოშათა მეფე, დამპალ ზანგს ბამბის პლანტაციებში.
ეს იყო და ეს, ისხდა ორი მეგობარი თხელ ტელევიზორთან, ლუდის ქილებით ხელში, კრივის მატჩს ელოდა, და წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ იმის შესახებ, თუ რა სიგიჟე მოიცავდა სამყაროს მალე.
ვინმეს რომ ეთქვა მათთვის მაშინ, რომ ერთი თვის შემდეგ, ქუჩებში მოძრაობა შეიზღუდება, პირბადის ტარება სავალდებულო გახდება, ადამიანისთვის ხელის ჩამორთმევა საშიში იქნება საერთოდ ჩაიკეტება ქალაქებს შორის მიმოსვლაო, სიცილადაც არ ეყოფოდათ, თუმცა კრივის მატჩიდან ძალიან მალე, ეს ყველაფერი მართლა დაიწყო.
მსოფლიო შიშმა, პანიკამ და სრულმა ქაოსმა მოიცვა, არავინ იცის რეალურად რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი, ზოგნი ამბობდნენ ეთნიკური წმენდა არისო, ზოგნი ღვთიურ სასჯელზე საუბრობდნენ, ზოგნი ამბობდნენ, რომ დიდმა პოლიტიკოსებმა ომი და ნგრევა აირიდეს თავიდან, და ამ გზით ჩაანაცვლესო, ვიღაც იმასაც იძახდა, პირბადეების ბიზნესი ააყვავეს, სხვა მიზეზი არ არსებობსო, რეალური ინფორმაცია კი, რაც ყველასთვის ცნობილი გახდა ის იყო, რომ ყველაფერი, სადღაც, აზიის კონტინენტზე, ერთმა ნაბიჭვარმა ღამურამ დაიწყო.
ეს იყო და ეს.
კუბოების ჩასაყრელად გაჭრილი სხეულის შეხორცებას ვერ ასწრებდა დედამიწა. მსოფლიოს covid-19 სახელით ცნობილი ვირუსი უტევდა და სრულ ქაოსს, იმაზე მეტი პასუხგაუცემელი კითხვები მოჰყვებოდა, ვიდრე ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის შესახებ დასმულა.
კითხვები იმდენად რთული იყო, რომ უფრო ადვილი იყო, სწორედ ღმერთის მიერ სამყაროს შექმნაზე გეპასუხა, და არა თუნდაც სამუშაო გრაფიკების შეზღუდვაზე, ან გადაადგილების შეზღუდვაზე, ან კიდე რამის, თუ ყველაფრის შეზღუდვაზე, არა, ეს ყოველივე შეუძლებელი იყო.
_ ღმერთი? სამყარო? იცით რაშია საქმე, ყველა ამბავს სჭირდება ვიღაც, ვის ირგვლივაც იტრიალებს, რომ საბოლოოდ მასზე შეიტყონ, სამყაროს შექმნაც ერთგვარი ამბავია, რომლის "ვინმეც" ღმერთია, და აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს მის არსებობა - არ არსებობას.

გაცილებით მარტივია ამ ყველაფერზე საუბარი, რეალობა კი ძალაუნებურ განსაცდელში აგდებდა რესპოდენტს, ხოლო კითხვის დამსმელს - გაუაზრებელ უხერხულში. აი მაგალითად, ორი მეგობარი, რომელიც ერთი თვის წინ კრივის მატჩს უყურებდა, ახლა სახლებში არიან გამოკეტილნი, მღვდლის ტელეფონი რეკს, მღვდელი პასუხობს, ხაზზე ინჟინერია, და მასაც, ისევე როგორც ყველა სხვას, პლანეტაზე, კითხვა აქვს:
_ ზიარების დროს, ერთჯერადი კოვზების გამოყენებას ითხოვს ხალხი, რა აზრის ხარ ამაზე?
_ ზიარების არსს ვინც წვდება, იმდენსაც მიხვდება რომ უფლის წინაშე ყოველგვარი ვირუსი უძლურია, ნუ აჰყვები მსგავს კითხვებს. _ პასუხობს მღვდელი.
_ კი მაგრამ, ყველას ხომ არ აქვს ამოდენა რწმენა? აი თუნდაც, მალე აღდგომა მოდის, ლიტურგიაზე რამე წესები იქნება შემოღებული, არა?
_ სააღდგომო ლიტურგიაზე? რაიმე წესები? ახალი წესები? რეებს როშავ გესმის საერთოდ? უფლის სახლში ყველა დაცულია, ყველა სულიერი, და როცა ვინმესთან მიდიხარ სტუმრად, ამოწმებ მისი თეფშები როგორი წყლით არის გარეცხილი? ტაძარში ყველაფერი ნაკურთხია, ნაკურთხი სითხე კი არასოდეს ამყაყდება, საუკუნეები დატოვო თუნდაც. რომელ ვირუსზე მელაპარაკები?
_ მესმის რასაც ამბობ, თუმცა ყველაფერი მაინც რწმენის დოზებზეა ჩემი აზრით, და შენ თუ ამოდენა რწმენა გაქვს, გადი რინგზე და დააგდე ბოშათა მეფე, ეგ უსამართლო ჩემპიონი.
_ ჯერ ერთი ეგ სამართლიანი ჩემპიონია, და მერე მეორე, ეგ სულ სხვა ამბავია.
სულ ეს იყო, მეგობრები, მიუხედავად კამათისა, მშვიდად დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა კითხვები, რომლებიც ინჟინერს აწუხებდა, ძალიან მალე გახდა ვირტუალური სამოქალაქო ომის საბაბი. ეგრედწოდებული "ფანატიკოსები" და "ათეისტები" უტევდნენ ერთმანეთს, ფანატიკოსების ფლანგს სასულიერო პირები ამაგრებდნენ, ათეისტებისას _ ექიმები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულზე შინ დარჩენისკენ მოუწოდებდნენ საზოგადოებას. მღვდლები ზუსტად ისე განმარტავდნენ სიტუაციას, როგორც  მღვდელმა იოაკიმმა განუმარტა ინჟინერ მეგობარს სატელეფონო საუბრისას. ამის საწინააღმდეგოდ ლოზუნგი ლოზუნგზე იქმნებოდა
" მე შინ დავრჩები, ქრისტე კი მაინც აღსდგება"
ხოლო მსგავსი ომის დროს, გარეთ, ხალხისგან დაცლილი ქუჩები საშიშ სიჩუმეს ჰბადებდა, ზუსტად ისეთს და იმდენად საშიშს, როგორსაც  ძალზედ მძვინვარე ხმაური მოსდევს საბოლოოდ.
მიუხედავად პანდემიისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო რეჟიმისა, ტაძრებს მაინც მიეცათ ლიტურგიის ჩატარების უფლება, მხოლოდ ერთი იყო, რომ საავტომობილო მიმოსვლა აიკრძალა, სხვა შეზღუდვები არ დაწესებულა სააღდგომოდ ტაძარში მიმსვლელი ადამიანებისთვის, რაც შეეხება სასაფლაოზე გასვლას, ამ საკითხის თაობაზე მკაცრი ზომები მიიღეს, და კატეგორიული უარით დაუსვეს წერტილი. სასაფლაოზე ვერავინ გავიდოდა.
შაბათ დილიდან, მსოფლიოზე დიდ პანიკას ჰყავდა შეპყრობილი იოაკიმი, ყოველ წამს უფრო და უფრო უცემდა გული, მამლის ყივილის ხმა ესმოდა და რიდით თვალებს ვერ უსწორებდა ხატებს. შუადღით ტელევიზორთან მოკალათდა, თითქოს ბოშათა მეფის ბრძოლა ყოფილიყო. გაიტრუნა და მღელვარებით აკანკალებული მიაშტერდა პირდაპირ რეპორტაჟს იერუსალიმიდან, სადაც ღვთიური ცეცხლის გადმოსვლას ელოდებოდა მსოფლიოს საქრისტიანეთი. ნუთუ დადგა ჟამიო _ ფიქრობდა, და ერთნაირად უთრთოდა სხეულიცა და რწმენაც.
ცეცხლი გადმოვიდა.
ამის შემხედვარე იოაკიმის სხეულში დაბრუნდა ის სული, რომელიც ბოშათა მეფეს ქომაგობდა, _ მიდი, მოკალი ეგ ზანგი, დააგდე ისე რომ ვეღარ ადგეს, გააცამტვერეო.
- იდიოტო _ დასცინა ტელეფონზე ინჟინერმა _ მაშინ როცა სამყაროში მსგავსი ქაოსია, რომც არ გადმოსულიყო ეს ცეცხლი ვინ გაგიმხელდა?
_ არის რაღაც, რაზეც არასოდეს უნდა იხუმრო, _ უპასუხა მან.
_ კარგი ნუ გწყინს, მეც გილოცავ _ მოლბა მეგობარი
_ გმადლობ.
_  და ღამით რას აპირებ? როგორც ვიცი, საბოლოოდ მოგცეს უფლება წაიყვანო ლიტურგია.
_ ამის უფლებას ვინ წამართმევდა? საბედნიეროდ ვერც მრევლს შეუზღუდეს, აკრძალეს ავტომობილები, გამოაცხადეს კომენდანტის საათი, მაგრამ მაინც ვერაფერს გახდებიან, გინდა გითხრა რას ვაპირებ? ვაპირებ სამყაროს ღვთიური ძალა ვუჩვენო.
" რატომ ვერ ხვდება, რომ მსგავსი საუბრით, ჩემი, როგორც ურწმუნო ადამიანის თვალში, თავისი ღმერთი ჩაჯმული ანარქისტი გამოჰყავს და ვერაფერი მეტი" _ გაიფიქრა ინჟინერმა თუმცა ხმამაღლა არაფერი უთქვამს, არ უნდოდა ისევ სწყენოდა მღვდელს რაიმე, დაემშვიდობა, წარმატება უსურვა და ტელეფონი გათიშა.
მიუხედავად შეზღუდული გადაადგილებისა, ას კაცზე მეტმა მოიყარა ტაძარში თავი, იოაკიმს მიჰყავდა წირვა, სიამაყის გრძნობით გაჟღენთილი, თითქოს მის წინააღმდეგ ამხედრებულ საზოგადოებაზე, და რელიგიის წინააღმდეგ წასულ პოლიტიკოსებზე გამარჯვებას ზეიმობდა. ყველაფერი ზუსტად ისე ჩაატარა როგორც შარშან, შარშანწინ ან მანამდე იყო, მხოლოდ იმ გამოკლებთ, რომ ხალხს პირბადე ეკეთა. თუმცა ჯვარზე მთხვევის დროს პირბადეები ნიკაპზე ჩამოიწია ხალხმა და ტაძრის გარშემო სიარულის დროსაც არანაირი დისტანცია არ იქნა დაცული. დადიოდნენ, გალობდნენ, და ერთმანეთს ულოცავდნენ ქრისტეს აღდგომას.
დილით ცოლმა მიულოცა გამარჯვება იოაკიმს, ქალს ხელში ექვსი წლის მძინარე ბავშვი ეჭირა.
_ რამდენი ხანია რაც სძინავს? _ ჰკითხა იოაკიმმა მანქანისკენ მიმავალ ცოლს.
_ ეს ესაა მიიძინა, შეუძლოდ იყო, თუმცა მადლობა ღმერთს, ბოლომდე გაძლო მაინც.
_ შეუძლოდ რამ გახადა? _ შეშფოთდა მღვდელი.
_ არ ვიცი, თუმცა ზიარების შემდეგ შევატყვე რომ მოცოცხლდა.
_ კარგი, შინ წავიდეთ, ვიფიქრე ფეხით გავივლიდი, უმანქანო ქუჩებში, საშვიანი მანქანის მარტო სიარული ცოტა მეუხერხულება, მაგრამ რახან ბავშვი შეუძლოდ იყო, და მეც დაღლილი ვარ, მანქანით წავიდეთ, რაც მალე მივალ, მით მალე დავისვენებ და მერე ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება.
ვინ იცის ერია თუ არა ამ ყველაფერში ღვთის წყალობა, თუმცა იმ დღის მერე ყველაფერი კარგად კიარა, სრული საშინელებისკენ წავიდა.
იოაკიმის ვაჟი, რომელსაც თანდაყოლილი ასთმური ნიშნები ჰქონდა, ხშირად ხდებოდა ფილტვებით ავად, ხშირი იყო მისი სიცხიანობაც და მშობლებმაც ზეპირად იცოდნენ უკვე, როდის რა გზისთვის მიემართათ, თუმცა ამჯერად, სამყაროში გამეფებულ შიშს, საფუძვლიანად აყოლილმა ფოფოდიამ, აღდგომიდან მესამე დღეს სასწრაფო გამოიძახა.
ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, და მეორე დღეს, ცნობილი გახდა რომ მისი სახით კიდე ერთი ინფიცირებული შეემატა მსოფლიოს. მდგომარეობა _ რთული ასე შეაფასეს ექიმებმა, იოაკიმსა და მის ცოლს, რომელთაც არ დაუდასტურდათ კოვიდი, თვითიზოლაცია დაევალათ.
საუკუნედ გაიწელა თვითიზოლაციის ორი კვირა, იოაკიმი ლოცვაში აღამებდა და ათენებდა, ასე გაგრძელდა ორი კვირის გასვლის მერეც, იდგა ხატებთან და დილიდან დილამდე დაუჯდომლად ლოცულობდა. ღმერთს ავედრებდა შვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუმცა ამ ყველაფერმაც კი არ უშველა, და ჰოსპიტალიზაციიდან მეოცე დღეს, მაშინ როცა კომენდანტის საათი უკვე დაწყებული იყო, იოაკიმის ტელეფონმა დარეკა.
ბავშვის სუსტი იმუნიტეტი ვირუსს ვერ მოერია...
წუთით შეზიზღდა ღმერთი, ისე შეხედა მის ხატს, თითქოს შემოქმედი კიარა, ის ნაბიჭვარი ღამურა ყოფილიყო–ყოველივეს საწყისი ნაბიჭვარი ღამურა.
აღარ იცოდა რა ექნა, საავადმყოფოში ვერ მივიდოდა, რომც მისულიყო მაინც არავინ მიუშვებდა ცხედრამდე, მითუმეტეს შინ არავინ გამოატანდა და ვერც სასახლეს მოიტანდა კომენდანტის საათის დროს. სწორედ ამიტომ დუმილი გადაწყვიტა, რითაც დილამდე გაუხანგრძლივებდა სიცოცხლის იმედიან წუთებს ცოლს. სამზარეულოში გავიდა, ცივი წყალი დალია, ისევ ხატების კუთხესთან აპირებდა დაბრუნებას, თუმცა კარში, ღამის გრძელ პერანგში ჩაცმული ფოფოდია შეეჩეხა.
_ ვერ იძინებ? _ იკითხა ქალმა.
შეცბა მღვდელი, წვერსა და თმაში მოქცეული ღაწვები დაემანჭა. ლამის ტირილი მორთო, წამიერად იჩქმიტა ფეხზე, მოასწრო გაანალიზება რომ არაფერი შეტყობოდა,
_ ალბათ რომ დავწვე, ფიურის დარტყმულივით გამთიშავს ბალიში, თუმცა ლოცვა მირჩევნია _ წაილუღლუღა ის, რაც პირველად მოადგა ენაზე.
_ ჰოდა დაწექი, დილით განაგრძე ლოცვა, უფალი შეისმენს ამას, ხომ ხედავ, დედის გული როგორი იმედით არის განწყობილი, დაწექი, ნუ ღელავ.
_ მარტო იმედის იმედად ვერ ვიქნები, _ უპასუხა და ნაძალადევად გაიღიმა, ცოლზე ზრუნვამ თითქოს წუთების წინ გაგებული შვილის სიკვდილიც კი გადაავიწყა უბედურს.
_ როგორც გენებოს, ნება შენია _ პასუხობს ცოლი.
_ არ მიწყინო _ ამბობს იოაკიმი და ოთახიდან გადის.
_ იცი ყველაზე მეტად რა მენატრება? _ ესმის კარში ცოლის ხმა. შემობრუნდა, ქალი ჩაბნელებული ფანჯრიდან სიცარიელეს უყურებდა, მინას ისე ეფერებოდა, თითქოს სულიერი ყოფილიყო მინა.
_ რა გენატრება?
_ როცა მის ცხვირს ვაწვალებ, მის ციცქნა ცხვირს, არ მოსწონს, თუმცა ყოველთვის იცინის როცა ამ თამაშს ვიწყებ.
_ არ გინდა გთხოვ.
_ კიდე, როცა სიმღერას ვწყვეტ _ თავდავიწყებაში გადაისროლა საკუთარი თავი ქალმა. _ ჰო, როცა ვხედავ რომ ჩაეძინა, სიმღერას ვწყვეტ და ფრთხილად ვდგები,  ისე შეირხევა ხოლმე, ხელის ფათურით მეძებს, ამ დროს მინდა ხელში ავიყვანო, ისე მაგრად ჩავიკრა გულში და ვაკოცო, მერე თუნდაც მთელი საათით მამღეროს, ჩაძინებამდე.
_ თავს იტანჯავ ამ ფიქრებით, ხომ ხვდები?
_ სულაც არა, მე ვიცი, სულ მალე ისევ ასე იქნება ყველაფერი, ისევ გავაწვალებ მის ციცქნა ცხვირს და მისი კისკისიც, ახლაც რომ ყურებში ჩამესმის, ისევ მომცემს სიცოცხლის ხალისს.
იმ საღამოს მეტი აღარაფერი უთქვამს ქალს, წყალი დალია, ოთახიდან გავიდა და საძინებელს მიაშურა, იმედით აღვსილმა და სენტიმენტებით გათანგულმა.
იოაკიმი ოთახში დარჩა, ვერა და ვერ გამოეცნო ის, რაც მის თავში, გულსა და მთლიან სხეულში ტრიალებდა. რისი შიში იყო ეს? აწმყოსი თუ მომავლის? იმაზეც ფიქრობდა, რომ ცოლი ბალიშით გაეგუდა გათენებამდე, რადგან ვერ წარმოედგინა, როგორ უნდა გაგრძელებულიყო მისი სიცოცხლე ამის მერე. ერთადერთი, რაც აზრად არ გაუვლია, თავის მოკვლა იყო. დიდხნიანი ფიქრის შემდეგ, ხატებთან მივიდა, სანთელი აანთო, ბოდიში მოიხადა, მხნეობა ითხოვა და ამჯერად სხვა ლოცვის კითხვა დაიწყო. ლოცვის-რომლის მიზეზიც, ჯერ კიდევ არ ჰქონდა გააზრებული. იდგა ასე და ლოცულობდა.
დროდადრო ფანჯრიდან იყურებოდა და გათენების ისე ეშინოდა, როგორც  ღმერთის, ან შეიძლება უკვე ღმერთზე ცოტა მეტადაც კი ეშინოდა გათენების.
დღითი დღე მატულობდა ინფიცირებულთა რაოდენობა, ექიმები ვარაუდობდნენ რომ ეს ჯერ კიდევ არ იყო პიკი.
მრავლდებოდნენ გარდაცვლილებიც, და მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობა ან ძალიან მოხუცი, ან ისედაც სუსტი იმუნიტეტის მქონე იყო, საზოგადოებამ უფრო გაახანგრძლივა შინ დარჩენის დრო. იშვიათად თუ შეხვდებოდი ვინმეს ქუჩაში, შესაბამისად ეს იშვიათობა ძალიან შესამჩნევი იყო ხალხით სავსე კორპუსებიდან. მითუმეტეს მაშინ, თუ მღვდელი იყავი.
შვილის დაკრძალვიდან რამდენიმე დღე იყო გასული, დიდი იმედი არ ჰქონდა რომ წირვაზე ვინმე მოვიდოდა, თუმცა მაინც მიდიოდა მისი მოვალეობის შესასრულებლად.
დილის სიჩუმეში, ადვილად შეამჩნია ვიღაც, ვინც მის ზურგს უკან მოაბიჯებდა, გამოხედა, ოც წლამდე ახალგაზრდა დაინახა, მრევლი ეგონა, გაეღიმა.
_ რა გაცინებს ღამურავ? _ უხეშად მიაძახა გამვლელმა.
იოაკიმი დაიბნა, ეუცხოვა და ეუცნაურა სახელი, რომლითაც მიმართეს.
_ ბოდიში, რა მიწოდეთ? _ იკითხა დაბნეულმა.
_ ღამურა, ღამურა გიწოდე, რატომ გაგიკვირდა? შავი ხარ, ვირუსი გადაგაქვს და შუაღამით ეკლესიას ურტყამ წრეს. ღამურა ხარ აბა რა!
_ მოგიტევოს უფალმა _ ჩაილაპარაკა იოაკიმმა და გზა განაგრძო.
_ ვინ მომიტევოს? _ უფრო გაუხეშდა გამვლელი, _ უფალმაო? მის სახელს რა ნამუსით ახსენებ ღამურავ? მისი სახელით ავრცელებ ვირუსს, მისი სახელით აკონტროლებ ზეთის თუ მარილის ბიზნესს, მისი სახელით ყიდულობ სახლებს და მანქანებს სიმბოლურ ფასად, და მისივე სახელით იღებთ ოცდახუთ მილიონს შენ და შენნაირი ღამურები, წიწიბურა დანატრებული ხალხისაგან.
_ შემეშვი შვილო _ კიდე ერთხელ სცადა საუბრისაგან თავის დაღწევა.
_ შვილო? ვინ არის შენი შვილი, _ სულ გაცოფდა ბიჭი, წამოეწია, მოატრიალა ტაძრისკენ მიმავალი მღვდელი და საყელოში მოქაჩა.
_ თავი დამანებეთქო, გთხოვ!
_ აჰა, თავი დაგანებო არა? რატომ? იქნებ გზას აცდენილი ვარ, ფარას ჩამორჩენილი ცხვარი ვარ იქნებ, დამაყენე სწორ გზაზე, რა ვუყო მერე თუ ოცდახუთი მილიონი არ მაქვს, თხუთმეტ ლარად ვერ შეძლებ? სადღაც ხურდებიც უნდა მეყაროს, მიდი, აიღე და მაჩვენე მართალი გზა, მართალ გზაზე ალბათ აღარც მომშივდება და ეს ბოლო ფულიც აღარაფერში მარგია, აჰა, შენი იყოს შე მაოხრებელო გზირო.
_ აღარ შემეხო _ ხელით ჩამოიცილა მეტოქე იოაკიმმა, სწორედ ამ დროს ჩართეს კორპუსების ფანჯრებიდან მომზირალმა ხალხმა კამერები. _ თუ ხსნა გინდა ტაძარში წამოდი, მარტონი ვიქნებით თუ ვირუსი გაშინებს, ეგ ფული კი აქედან მომაშორე და იმაში დახარჯე, რისთვისაც გამიზნული გქონდა.
_ აჰ, არ გჭირდება არა? რათქმაუნდა, როგორ გაკადრეთ, სააღდგომოდ იმდენ ფულს იშოვნიდი, ჩემი თხუთმეტი ლარი რა მოსატანია, ტაძარში კი ისინი წაიყვანე, ვინც ეგრე აგავსო ფულებით, ვისაც არა აქვს უარყოფითი რეაქცია, როცა შვილოს ეძახი და ვინც თავადვე გიწოდებს მამას. მიუხედავად იმისა, რომ შენივე ღმერთი გეუბნება, ნურავის უწოდებ მამასო. თქვე ნაბიჭვარო ღამურებო, მოიხმეთ არა შვილები უფლის სახლად წოდებულ ტაძარში? აივსეთ არა სტომაქები მათი ნაოფლარით? ნამდვილი შვილები სად გყავდა მღვდელო? ან ცოლი, ან მშობლები? სად შეხვდნენ შენი ღმერთის აღდგომას? ალბათ სახლში, სადაც მრევლის მიერ მორთმეული ფულით ნაყიდ ღორის ხორცს ცოხნიდნენ!
_ ჩემს შვილს ნუ ახსენებ. _ ხმა დაებზარა იოაკიმს.
_ რატომ? რატომ არ ვახსენო ის გაზულუქებული ნაბიჭვარი, ალბათ იმაზე უკეთ ცხოვრობს ვიდრე...
მეტის თქმა არ დასცალდა, ახლად დამარხული შვილის შეურაცხყოფის მოსმენამ გონება დაუბინდა მღვდელს, მოპაექრის სამწუხაროდ, იოაკიმი კრივის მხოლოდ ქომაგი არ იყო, მარცხენა ხელი საყელოში მოუჭირა, მარჯვენათი კი გამეტებით დასცხო, მეოთხე დარტყმაზე დაეცა ახალგაზრდა, ამ ამბიდან მეორე დღესვე კი, სოც ქსელში კორპუსებიდან გადაღებულმა ვიდეომ იმდენი ნახვა დააგროვა, რამდენიც ოზი ოზბორნისა და ელტონ ჯონის დუეტმა.
განახლდა ომი სოციალურ ქსელში, იოაკიმის წინააღმდეგ დაწერილ ათობით ნეგატიურ კომენტარს, ერთი დამცველი თუ გამოუჩნდებოდა მხოლოდ. ისიც შვილის გარდაცვალებით მიღებული სტრესით ამართლებდა, ვერაფრით მეტით.
მეხუთე დღეს კი თითქოს ბომბი გასკდა, მოხდა ის, რაზე უარესიც არ არსებობს, მოხდა ის, რაც არა და არ უნდა მომხდარიყო, მოხდა ის, რაშიც იოაკიმს ბრალი არ უძღოდა, თუმცა...
მეხუთე დღეს, მღვდლის მიერ ნაცემი ახალგაზრდა, საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოხტა.
" ღამურამ კაცი მოკლა"
"მერამდენე სიცოცხლე უნდა შეიწიროს ღამურებმა"
"ღამურებს ყველაფრის უფლება აქვთ, სხვებს კი სიცოცხლის უფლებასაც ართმევენ"
მსგავსი კომენტარებით აივსო სოციალური ქსელი, თანდათან ქრებოდა და იკარგებოდა საპირისპირო აზრი, რომელსაც ხან იდეოლოგიების მტვრევა აქრობდა, ხანაც გარდაცვლილი ბიჭის გაღიმებული ფოტო.
და ასე დაიწყო ხალხის გულში ბოღმამ დუღილი.
ასე დაერქვათ ღამურები მღვდლებს.
და ასე წამოიწყო ყველაფერი, ერთმა მთავარმა ღამურამ, რომელმაც არა და არ თქვა ბოლო დროს ყველაზე ხშირად გაჟღერებული ფრაზა _ "დარჩი სახლში"

* * *
რამ უნდა მიიყვანოს ტექნიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი, რომლის მამაც საშუალოზე ბევრად მაღალ ანაზღაურებადი ხელფასით არაფერს აკლებს შვილს, რომ მწერლობა, ეს ყოვლად საშინელი გზა აირჩიოს. მითუმეტეს იმ ქვეყანაში, სადაც რედაქციები, რომლებიც ჰონორარს გასცემემ, დურგლის თითებზე ჩამოსათვლელია, და თავად ჰონორარიც იმაზე მცირეა, ვიდრე თუნდაც ყოველთვიური ელექტროენერგიის გადასახადი.
მიუხედავად ამისა, მღვდლის საუკეთესო მეგობრის, წარმატებული ინჟინერის შვილმა ცხოვრების გზად მწერლობა აირჩია, და ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, გაბედა კიდეც, რომ მამისთვის მისი ორი მოთხრობა წარედგინა.
თემა, რომელზეც მუშაობდა, ეპოქის შესაბამისი, სოციალური ამბები იყო, და ვერა და ვერ წააკითხებდა მათ მამას, რომ იოაკიმის შარიან ამბავს, ახალი პოლიტიკური ძალა არ მოჰყოლოდა ქვეყანაში, პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლის სტრატეგიად, სამღვდელოებასთან პირდაპირი ბრძოლა დაისახა, ერთ-ერთ ბრიფინგზე, საჯარო გახადეს ყველა ის ბიზნესი თუ დახმარება, რაც არაერთ ხელისუფლებას გადაეცა უკვე სამღვდელოებისთვის. რაღაც ლოზუნგივით შექმნეს, რომ უფლის გზაზე, ტაძრის გზით ვერ მიხვიდოდი.
საფინალო პირობა კი, ის გახლდათ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ეს ყოველივე აილაგმებოდა და დასრულდებოდა სამუდამოდ.
მოვლენების სენი ხომ ერთმანეთზე მიბმა არის, როგორც წესი, და მომავალ რევოლუციას თუ ახალ ოპოზიციურ პარტიას, ერთ-ერთმა სკანდალურმა ტელეგადაცემამ შეუწყო ხელი.
გადაცემაში, სახედაფარული და ხმაშეცვლილი გოგონა იყო მიწვეული.
_ მე ერთ–ერთი ეკლესიის მრევლი ვიყავი, _ ჰყვებოდა ამბავს იგი _ კეთილად განწყობილი ჩემი რწმენისა და სულიერი მამის მიმართ. შეიძლება ვინმე თვლის რომ შეუსაბამო იყო ჩემნაირი მორწმუნესთვის სიგარეტის მოწევა, ხშირად შეღებილი თმები ან თუნდაც ის ფაქტი, რომ შემიყვარდა და მასთან ვიწექი, თუმცა მე ამას ასე არ მივიჩნევ.
_ უკაცრავად, რატომ თვლით რომ სიყვარული რწმენასთან შეუსაბამოა? _ შეაწყვეტინა მონოლოგი ტელეწამყვანმა.
_ მე არ ვთვლი, თუმცა ეკლესია თვლის ამას.
_ ვერ დაგეთანხმები _ შეეკამათა ტელეწამყვანი _ ჩვენი ეკლესია სიყვარულს ქადაგებს.
_ მხოლოდ სიტყვებით, რადგან ჩემმა სულიერმა მამამ, ცოდვად მიიჩნია ჩემს მიერ ჩემს რჩეულთან სიყვარულის შექმნის აღსარებად მოყოლილი ამბავი. დიახ, ასე ითარგმნება ინტიმური ურთიერთობა რამდენიმე ევროპულ ენაზე.
_ კი მაგრამ, თუ თქვენ არ თვლიდით ცოდვად, აღსარებად რატომ თქვით მომხდარი?
_ ასე მეგონა მაშინ, დიდად არ ვთვლიდი თავს დამნაშავედ, თუმცა მოყოლა უფრო სწორ გზად მივიჩნიე, რაც საშინლად ვინანე შემდეგ.
_ რატომ ინანეთ?
_ რადგან ჩემმა მოძღვარმა უპატიებელ ცოდვად მიიჩნია მომხდარი, და გადაწყვიტა, რომ ჩემი მომავლისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ მამაჩემი გაიგებდა მომხდარს. შემძრა ამ შეთავაზებამ, ეს ბოლოს მოუღებდა ჩემი, როგორც ადამიანის ფსიქიკას, ამიტომ ბევრი ხვეწნისა და მუდარის შემდეგ, ამ შიშისგან თავის დასაღწევად, მომიწია თავად მოძღვართან გამეკეთებინა იგივე. ამ გზით დავიცავი მაშინ საიდუმლო. ამ გზით ვიცავ დღემდე, მაგრამ ახლა ყელშია ყველაფერი, არ ვიცი გამიგებს და მაპატიებს თუ არა მამა, არ ვიცი მაპატიებს თუ არა შეყვარებული, რომელსაც აგერ უკვე მეექვსე წელია ჩვენი ეკლესიის მოძღვართან ვღალატობ, მაგრამ ეს ტკივილი უნდა მოვიშორო, უნდა ვთქვა ყველაფერი, გთხოვთ, აანთეთ სინათლე, რომ სახე გამომიჩნდეს.
_ ეს დღევანდელი ფორმატისთვის შეუძლებელია _ შეცბა წამყვანი.
_ გთხოვთ, გააკეთეთ რასაც ვამბობ, მე მსხვეპლი ვარ და არა დამნაშავე, მე არ უნდა ვმალავდე სახეს, მნიშვნელობა არ აქვს, მორჩება თუ არა ეთერი, სოციალურ ქსელში იგივეს გავაკეთებ.
სხვა გზა არ იყო, შუქი აანთეს.
ეს ყველაფერი შაბათ საღამოს მოხდა. რამდენიმე წუთში მობილიზებულ პოლიციის ორ დანაყოფს, ცალ-ცალკე ჰქონდათ გადაკეტილი უბნის ეკლესია, და მღვდლის სახლი, რომლისკენაც პირველ ეტაპზე ოცდაათ კაციანი ამალა დაიძრა, ტელეგადაცემაში გამოყვანილი გოგონას მამის მეთაურობით.
მეორე დილით, ქალაქის ერთადერთი ტაძრიდან არ გაისმა ზარის რეკვის ხმა, ცხადია პოლიცია ყველაფერს იცავდა, ეკლესიასაც კი იცავდა უკვე ყოფილი მრევლისაგან, რომლებიც კვირა დილით, უფლის დიდების ნაცვლად, მათივე მოძღვარის ჩასაქოლად იყვნენ მოსულნი. ერთ-ერთმა ტაძარში შეჭრაც კი მოახერხა, შესაწირი ყუთი მოგლიჯა და იქვე მყოფ მათხოვარს გადასცა.
ასე ჩაიშალა პირველი წირვა.
ახალი ძალის ბრიფინგმა, ცხადია ინტერესი გაამძაფრა, ამჯერად მათი ერთ-ერთი ლიდერი ტელეშოუში მიიწვიეს. იქაც ეფექტური გამოსვლა ჰქონდა, თითქმის იგივე თემებზე ილაპარაკა, და შიგადაშიგ ცდილობდა დისტანციის გამოსახვას, ღმერთსა და სასულიერო პირებს შორის.
გადაცემის მეორე ნაწილში, დამსწრე საზოგადოებას მიეცა კითხვების დასმის უფლება, და ერთ-ერთმა გოგონამ, რომელიც საგანგებოდ იყო გამოწყობილი ეროვნულ სამოსში, მიკროფონი მოიმარჯვა:
_ რას გვეტყვით, თქვენი რამდენიმე დღის წინანდელი ბრიფინგი, რომელიც მიზანმიმართულად უპირისპირდებოდა რელიგიას, ხომ არ გულისხმობს ლიბერალური სამყაროს წისქვილზე წყლის დასხმას?
დარბაზში აქაიქ გაისმა ტაში.
_ გიპასუხებთ, თუმცა ჩემი პასუხიც პირველ რიგში კითხვით შემოიფარგლება, თუ შეგიძლიათ ასე საჯაროდ განმიმარტოთ, რა არის ლიბერალიზმი?
დარბაზი გაიტრუნა, ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა გოგონამ, ნელ-ნელა, დაბნეულმა წაიღო მიკროფონი ტუჩებისკენ.
_ ლიბერალიზმი... ეს... ბოდიში უცენზურობისთვის, მაგრამ პიდარასტების უფლებების დაცვას ნიშნავს.
_ საინტერესოა, თუმცა მხოლოდ მაგათი? _ ეღიმებოდა პოლიტიკოსს. _ და ლესბოსელების? ლესბოსელების არა?
_ დიახ, რა თქმა უნდა, თუმცა მე ამაზრზენობის პირველ საფეხურზე მყოფნი დავასახელე.
_ ბოდიშს გიხდით გოგონა, თუმცა მოდი ჯერ თქვენ გაერკვიეთ ლიბერალიზმის განმარტებაში, და შემდეგ დამისვით მსგავსი კითხვა. მანამ კი, მე მექნება კიდე ერთი კითხვა თქვენთან, ზუსტად ის, რაც იესო ნაზარეველმა დაუსვა მის წინააღმდეგ წამოსულ სასულიერო პირებს, ახლა კი თქვემ ვინც რელიგიის ძაგება დამდეთ ბრალად, მიპასუხეთ, ვინ დაავალა იოანე ნათლისმცემელს თავისი საქმე, ღმერთმა თუ კაცმა? _ დარბაზში მქუხარე ტაში გაისმა. _ საზოგადოებამ უნდა გაიაზროს ის ფაქტი, რომ მათი ღმერთი უზენაესი ძალაა, და არა რიგითი ადამიანები, რომლებიც შავად იმოსებიან და გულზე ოქროს ჯვარს იკიდებენ. ჩემი ღმერთი ის არის, ვინც იერუსალიმში სავაჭრო ადგილად ქცეული ტაძარი დაარბია, ვინც ქადაგებდა რომ ძნელად თუ შევლენ მდიდრები სასუფეველში, ვისი წამების დასასულსაც, იერუსალიმის ტაძარში აღსავლის ფარდა ჩაიხა. მე მას ვცემ თაყვანს და არა იმ ბრბოს, რომელიც მათი ნაშთია, ვინც გოლგოთაზე ჯვარზე მიალურსმნა...
სულ ეს იყო, ვინ რაღას კითხავდა? აპლოდისმენტებით დასრულდა შოუ, ეროვნულ სამოსში გამოწყობილი გოგონა კი კადრში აღარ გამოუჩენიათ.
* * *
წინასაარჩევნოდ პანდემია ჩაწყნარდა, ხელისუფლებამ მოხსნა კომენდანტის საათი, საკარანტინო ზონები მცირე შეზღუდვით, თუმცა ნაკლები ყურადღებით მუშაობდნენ, ასე იყო თუ ისე, ცხოვრება რიტმს დაუბრუნდა, და მიუხედავად იმისა, რომ ინჟინერსაც მიეცა დაწყებული და შეჩერებული პროექტის გაგრძელების საშუალება, საღამოს, შინ მოსულმა მაინც აიღო საგანგებოდ მისთვის ამობეჭდილი ფურცლები, რომლებზეც მისივე შვილის მოთხრობები ეწერა, დივანზე მოკალათდა და კითხვა დაიწყო:

"იყო მღვდელი, იყო მუსიკოსი, და იყო ვიღაც

მზე თუ ყველას ერთნაირად ანათებს, რატომ არის ორი ერთმანეთის პირდაპირ მცხოვრები მეზობლის დილა ასე განსხვავებული? აი სახლი, რომლის კარსაც დიდი ასოებით აწერია " ღმერთო დალოცე ამ სახლში შემომსვლელი" და მის პირდაპირ სხვა სახლის კარი, რომელსაც ცეცხლში გახვეული ოზი ოზბორნი ახატია კონსიერჟივით. პირველ სახლში მღვდელი ცხოვრობს, რომლის ცოლიც გუშინდელ პურს ხუხავს ძველ, საბჭოურ გაზქურაში, თავად მღვდელი კი ლოცულობს. სანთლის სუნი ასდის, თვალები დაბერებული და წყლიანი აქვს, წვერი - გრძელი და ჭაღარა.
მის პირდაპირ ახალგაზრდა მუსიკოსი ცხოვრობს, მას ჯერ არ გაუღვიძია, ნამთვრალევს სძინავს დივანზე, ლოყიდან გადმოსული დორბლით ბალიშის პირი აქვს დასვრილი, რომ გაიღვიძებს, ჯერ ხელით მოსინჯავს ახლო-მახლო ბოთლს, რომ ბოლო წვეთები გამოწრუპოს ალკოჰოლის, თუმცა მის გაღვიძებამდე დიდი დროა.
ამ დროს, მღვდელი გახუხულ პურს ჩაის ატანს, ერთ აბ წნევის მარეგულირებელსაც მიაყოლებს და ტაძარში მიდის.
გზად მეზობლებს ესალმება, მეზობლებიც ესალმებიან და ისევ ეუბნებიან საჩივარს მისი კარის მეზობლის შესახებ, რომელიც მთელი ღამე არავის ასვენებს თავისი გამაყრუებელი მუსიკით.
რა ჰქნას მღვდელმა, საიდან მიუდგეს? მუსიკოსს არც მისი წამს, არც ღმერთის, ეს ყველაზე უფრო უკვირთ მეზობლებს, ასეთმა სათნო კაცმა როგორ ვერ შეძლო ავზნიანი მეზობლის მოქცევაო? ეკითხებიან ერთმანეთს და ამაში გაჰყავთ დრო.
მღვდელი ამ დროს უკვე ლოცვას აღავლენს, მერე წირვას, ზიარების მერე მდუღარებით ამოიწვავს გულ-მუცელს, მერე ჯვარს გამოიტანს, სათითაოდ ემთხვევა ჯვარს მრევლი, მხოლოდ ამის მერე გაიხურავს აღსავლის კარს, და გვერდითა კარიდან გამოდის, რომ მოტანილი ჯვრები თუ ხატები აკურთხოს, ბოლოს ცოტას ილაპარაკებს კანტიკუნტად შემორჩენილ მრევლთან და შინ მიდის.
დაახლოებით იმ დროს, როცა მრევლი ჯვარზე მთხვევას იწყებს, მუსიკოსსაც ეღვიძება, მოყლუპავს ბოთლში ჩარჩენილ ალკოჰოლს, პირზე წყალს შეისხამს, აიღებს გიტარას და მიწისქვეშა გადასასვლელისკენ მიდის.
სახლიდან გამოსულს კიბეებთან მღვდელი ხვდება, ერთმანეთს ესალმებიან.
_ რას გიგავს ბიჭო თვალები _ ეკითხება მღვდელი.
_ გამოუძინებელი ვარ _ პასუხობს მუსიკოსი.
_ მერე ცოტა დაბალ ხმაზე უსმინე მუსიკას, და შენც გამოიძინებ და სხვებიც.
_ კარგი ხო, დავუწევ _ ეცინება მუსიკოსს და საწყალი თვალებით აგრძელებს მზერას იმ მიმართულებით, საითაც მღვდელი დგას.
ეღიმება ამ მზერაზე მღვდელს, ზუსტად იცის თვალების მსგავსი გამომეტყველება რასაც ნიშნავს.
_ პირდაპირ მითხარი რა გინდა _ ღიმილიანად უსვამს კითხვას მეზობელს.
_ ამასწინათ რომ მიშველე, შეგიძლია დღესაც იგივე დღეში მომაქციო?
ღიმილი სიცილში გადაეზრდება მღვდელს, შინ იპატიჟებს მეზობელს და სამზარეულოს კარადიდან ბოთლი გადმოაქვს.
ასე იყო ამასწინადაც, გათეთრებული, დამწუხრებული სახით შეხვდა მუსიკოსი, მის სახეზე გაუწყლოებას მთელი სამყაროს ტანჯვა ჰქონდა აღბეჭდილი, შინ შეიყვანა და ორი ჭიქა საბარძიმე ღვინო დაალევინა. ასე მოიქცა ახლაც, ჭიქაში დაუსხა სისხლზე უფრო მუქი წითელი ღვინო.
_ შენ გაგიმარჯოს, და შენს ღმერთს გაუმარჯოს _ თქვა მუსიკოსმა და უმალ გვალვა დამართა ჭიქას. ასევე მოიქცა მეორედაც, მადლობა მოიხადა და მიწისქვეშა გადასასვლელისკენ გაეშურა. მღვდელი კი ხატებთან მივიდა, ნახშირი გაახურა, სურნელოვანი საკმეველი დააწვა ზედ, სანთელი დაანთო და ლოცვას შეუდგა.
ასეთი იყო მათი ურთიერთობა, მერე რა რომ ერთი ურწმუნო იყო, მეორე კი იმდენად მორწმუნე, რომ ღვთისმსახურებამდე მიიყვანა თავისი რწმენა. ერთმანეთს არაფერს უშავებდნენ, თუ რა თქმა უნდა ხმამაღალ მუსიკას არ ჩავთვლით, და ასევე თუ არ ჩავთვლით ერთ უცნაურ ღამეს, როცა მუსიკოსმა შეუსვენებელი კაკუნი ატეხა მღვდლის კარზე.
არა, ამჯერად საბარძიმე ღვინო აღარ უნდოდა, თავად ეჭირა ხელში არაყის ბოთლი, ხშირი სუნთქვა ჰქონდა და აშკარა იყო, რაღაც აწუხებდა, რაღაც ისეთი, რასაც ალბათ მოუყვებოდა მღვდელს რამდენიმე საათში, მაგრამ მანამდე უნდოდა დაელია, უნდოდა ისე დაელია როგორც არასდროს, უნდოდა მთელი ეს ბრაზი და ბოღმა ალკოჰოლში ჩაეკლა, ჰოდა მიადგა შუაღამით მეზობლის კარს, და მანამ აკაკუნა სანამ არ გააღვიძა მოხუცი მღვდელი.
_ რა დაგემართა, ხომ მშვიდობაა? _ შეშინებულმა გააღო მღვდელმა კარი.
_ გახსოვს რომ მითხარი, ეკლესიაში იარეო?
_ კი, მახსოვს. _ მიუგო მღვდელმა.
_ ხოდა ვივლი, გპირდები ყოველდღე შემოვივლი ხოლმე, ოღონდ, ძალიან გთხოვ, ახლა ეს ბოთლი ჩემთან ერთად დალიე.
მღვდელი ცოტა დამშვიდდა, რაღაც უარესს ელოდა შუაღამოთ კარზე კაკუნის მერე, თვალები მოიფშვნიტა და ჩვეული, სათნო მზერით გახედა მეზობელს.
_ შემოდი, მაგის გარეშე ვილაპარაკოთ, მომიყევი რა დაგემართა, დალევაზე კი რა მოგახსენო, მე საერთოდ არ ვსვამ ახლა, მითუმეტეს კი სპირტიან სასმელს.
_ კარგი რა, რა მოგივიდა, დავლიოთ ერთად, დალევის დროს შენს რწმენაზეც მომიყევი და ბოლომდე აგყვები მაგ თემაში, გპირდები, გეფიცები.
_ მარხვაა ძმაო, მარხვა, არასოდეს დამილევია მარხვაში, რატომ მადგმევინებ ამ ცოდვაში ფეხს, ეგეც რომ არა, შენსავით ახალგაზრდა კიარა ვარ, სპირტიანი სასმელი ბოლოს მომიღებს, შემოდი, ჩაის დაგალევინებ და ისე ვილაპარაკოთ.
_ იცი რას გეტყვი? _ შეიშმუშნა მუსიკოსი, თითქოს პირველი სიტყვები გადაყლაპა, მერე ისევ სული ჩაითქვა და პირდაპირ ამოუშვა სათქმელი _ შევეცი შენს ეკლესიასაც, შენს მარხვასაც და შენს ღმერთსაც.
ერთი გვარიანი მჯიღი უთავაზა კედელს, და წამებში სადარბაზოს კუკუნახში ჩაიკარგა.
_ დაგელიათ, თუ ამითი ტაძარში მოიყვანდი _ თითქოს დატუქსა იქვე ატუზულმა ფოფოდიამ მღვდელი.
_ ასეთ ეკლესიურობას რა აზრი აქვს? _ მიუგო მღვდელმა _ რწმენა რაიმეს სანაცვლოდ კიარა, გულიდან უნდა მოდიოდეს, უნდა გიყვარდეს, უნდა გწამდეს და მაშინ აქვს აზრი, ამის გარეშე, არც ლოცვას აქვს ფასი და არც ზიარებას.
მღვდლის რწმენა ნამდვილად გულიდან მოდიოდა, იმხელა სითბოს და სიყვარულს ღვრიდა მაცხოვრის მიმართ, როგორც არავინ ალბათ.
ალბათ ამის დასტურია ისიც, რომ მაცხოვრის გოლგოთამდე გავლილი გზის გავლაც მოუწია. მეზობელთან ჩხუბის შემდეგ რამდენიმე კვირა იყო გასული, ეკლესიაში მაცხოვრის რეალური სახის ხატი მოუტანეს. ეს იყო მეცნიერების კვლევის შედეგად მიღებული სახე, მაშინდელი იუდეველების სახის ნაკვთების გათვალისწინებით. ეს სახე სულაც არ ჰგავდა იმ მოწესრიგებულ, წვერდავარცხნილ, თეთრღაწვებიან კაცს, რომელიც  ჯვარზე გაკრული გვესახებოდა ხატებში, არა, მისი თმა-წვერი უხეში იყო, ტუჩები სქელი და ნესტოები ფართო, სახეზე წითელი ფერი გადაკროდა, და თვალებიდან იმოდენა სიყვარულს აფრქვევდა, თითქოს გეუბნებოდა, ეს მართლაც მე ვარო.
ბეჭზე გაიდო დაღლილმა მღვდელმა ხატი და შინ წააბრძანა. დილის 12 საათი იქნებოდა, კიბეებზე ძლივს მიჰყვებოდა სული, მძიმდებოდა ხატი, ერთგან ჩამოდო, შეისვენა, სული მოითქვა.
ამ დროს კი  მუსიკოსი ჩამოუყვა სადარბაზოს კიბეებს. მღვდელს შეეჩეხა, ბრაზიანად შეხედა, ჯერაც არ განელებოდა მის მიმართ ბრაზი. არც მისალმებია, უბრალოდ, რამდენიმე წამით ხატს მიაშტერდა.
_ ეს ვინ არის? _ გაკვირვებით კითხა ბოლოს მღვდელს.
_ ეს, უფლის ძის, იესო ქრისტეს რეალური სახეა, ხატი, რომელსაც ტაძრიდან მოვაბრძანებ შინ, ძალიან დავიღალე, ვეღარ ვზიდავ და ვისვენებ. _ სიმონ კვირინელს ხედავდა იმ წუთებში მღვდელი მუსიკოსში, რას არ დათმობდა ახლა ვინმე რომ წაშველებოდა, მოხუცი იყო უკვე, აღარ ჰქონდა ახალგაზრდული ჯანი და ღონე.
_ სულ გამოშტერდით ხო? _ მოულოდნელი პასუხი ჰქონდა მუსიკოსს, პასუხი, რომელსაც სიცილი მოაყოლა, სიცილი, რომელსაც ვერა და ვერ მალავდა.
_ ოდესმე შენთვის შეურაცხყოფა მომიყენებია? _ განრისხდა მღვდელი.
_ არა, მაგრამ ალბათ იმიტომ, რომ არც მე მითქვამს სისულელე, შენ კი რეეებს როშავ?
_ რა გითხარი ასეთი, რომ სანაცვლოდ ეგ სიტყვები დავიმსახურე?
_ ის რომ იდიოტი ხარ, რადგან ამ ტიპმა, ვინც შენს ღმერთად შეგირაცხავს, შენგან განსხვავებით მარხვა დაარღვია ჩემს გამო. გახსოვს იმ დღეს, რომ გეხვეწე და არ დალიე, გარეთ გავედი, ქუჩაში ვუკრავდი და ვსვამდი, ჩემთან მოვიდა, მომისმინა, ჯერ ბოთლი გამომართვა, მოყლუპა, მერე გიტარაც გამომართვა და უკრავდა. მიკვირდა, დახვრეტილი ხელის გულებით ასეთ საოცრებას როგორ უკრავსთქო, მაგრამ ამაზე ბევრი არ მიფიქრია, ვუსმენდი, მისმენდა, ვსვამდით და მეც გული მიწყნარდებოდა.
და თქვენ? თქვენც დაინახეთ ალბათ სადმე, და დახვრეტილი ხელების გამო ღმერთი გეგონათ, აი ეს არის ზუსტად ფანატიზმი, რომელიც იდიოტიზმი უფროა, ვიდრე სიყვარული ან რამე სხვა.
_ მართლა რეებს როშავ? _ სუნთქვა შეეკრა მღვდელს.
_ იმას, რომ ეგ კაცი მართლა ღმერთია, ოღონდ მუსიკის ღმერთი, მაგის მიღმა კი ჩემნაირი ხელმოცარულია, რომელიც მიწისქვეშეთში უკრავს ბოთლი არაყის გამო.
ამ სიტყვებს კიდე ერთი ხარხარი მიაყოლა და ქვემოთ ჩავიდა, გზად გიტარას ააყოლა სიტყვები
" ჩემი ნაბიჭვარი მეგობარი,
ჩემი გიტარისტი მეგობარი,
ლოთი გიტარისტი მეგობარი,
ღმერთში აერია მღვდელს,
მღვდელო, გაახილე თვალები,
მღვდელო, ამდენს ნუღარ უსულელებ,
მღვდელო, მოიკრიბე ძალები,
ნახე, ღმერთი უკრავს უკულელეს."
ეს იყო და ეს. მღვდელი და მუსიკოსი ჩვეულ რიტმში ცხოვრობდნენ, მღვდელი ლოცულობდა, მუსიკოსი სვამდა და უკრავდა, ორივეს მოსწონდა თავისი ცხოვრება, ერთმანეთს არ აწუხებდნენ, მხოლოდ ხანდახან, როცა მღვდელს ფიქრები მოაწვებოდა, გავიდოდა შუაღამით მუსიკოსს მიუკაკუნებდა, შეშინბული, რიდით ეკითხებოდა, მის მერე კიდე ხომ არ გინახავსო, მაგრამ მუსიკოსისგან ყოველთვის უარს ისმენდა, იმ დღის მერე, მუსიკოსს ღმერთი აღარ უნახავს.
* * *
არჩევნები ჩატარდა.
_ გააყალბეს _ დაიყვირა ვიღაცამ.
_ დამაშანტაჟეს, შემოხაზული ბიულეტინი მომცეს, და საარჩევნო უბნიდან ცარიელის გამოტანა მაიძულეს _ ყვიროდა სხვა.
_ სამსახურის დაკარგვით დამემუქრნენ _ ამბობდა კერძო სექტორში მომუშავე.
_ რა სისულელეა, მე და ჩემმა მრევლმა მოქმედი ხელისუფლება შემოვხაზეთ _ ამბობდა მღვდელი.
ასე იყო თუ ისე, არჩევნები ჩატარდა და ხელისუფლებამ, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის 100% აგინებდა, 53% აიღო და უმრავლესობით მოკალათდა პარლამენტში.
ბრაზობდა ამაზე ინჟინერი, ცხადია, ეზიზღებოდა მოქმედი მთავრობა, ცხადია სიახლის იმედი ჰქონდა, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად შვილი ადარდებდა, რომელიც აქციიდან აქციაზე დარბოდა, შინ ხან ნაცემი მოდიოდა, ხან სველი, ხან გაზით მოწამლული.
_ სად მიდიხარ? _ ჰკითხა ერთ დილას.
_ აქციაზე _ იყო პასუხი.
_ შეეშვი ამ აქციებს, ჩემი აზრით ყოვლად უმიზნოა ეს ყოველივე.
_ ქვეყანაში ერთპარტიული პარლამენტია მამა, არც ერთი ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ შედის, ხვდები ამას რამხელა გამოხმაურება მოჰყვება მსოფლიოში? მინდა ამ ყველაფრის ნაწილი ვიყო, მინდა ჩემი ქვეყნის გვერდში ვიდგე ასეთ დროს. 
_ არ ვიცი რა გირჩიო, ან რა გიპასუხო, მე რით შემიძლია დაგეხმარო?
_ ჩემი მოთხობები წაიკითხე?
_ კი, მხოლოდ ერთი, მეორესაც ვაპირებ.
ეს იყო და ეს. ინჟინერმა მოთხრობა გადაშალა, შვილი კი აქციისკენ გაემართა.
არჩევნების შემდეგ, კარანტინი განაახლეს, რაც ცხადია ძალიან მოსალოდნელი იყო,
ყოველივე ამან ნეიტრალური საზოგადოების თვალშიც გააჩინა კითხვები. მათ შორის იყო ინჟინერიც, რომელმაც რამდენიმე დღის შემდეგ, ისევ შეუგდო შვილს თემა:
_ შეგიძლია მითხრა რატომ ხარ ამ ხელისუფლების წინააღმდეგი?
_ როგორ თუ რატომ? ამ ყველაფერს კითხვა უნდა?
_ პოლემიკას არ ვაპირებ, მხოლოდ საღი აზრის მოსმენა მინდა, საკუთარი შეხედულებების გასამყარებლად, ამიტომ მინდა გავიგო, კონკრეტულად შენ რა არ მოგწონს.
_ არაფერი მამა, საერთოდ არაფერი. მეზიზღება ხელისუფლება, რომელიც კრიმინალის ძალით ცდილობს ადგილის შენარჩუნებას, მეზიზღება ხელისუფლება რომლის მიერ ნარკოვაჭრობა ხელდასმულია ქუჩაში, მეზიზღება ხელისუფლება, რომელიც ნარკოტიკის სახით აკრავს საზოგადოებას კოზაკის ტყავს თავზე, და ამით უპირებს სრულ დეგრადაციას გენებს. მეზიზღება ხელისუფლება, რომელიც იხვეჭს და იხვეჭს სიმდიდრეს, მაშინ როცა ამდენი ბავშვი შიმშილით კვდება. გარეთ გაიხედე, მხოლოდ სიღარიბეა, მხოლოდ უიმედობაა, ადამიანები მხოლოდ სარჩო-საბადებელზე ზრუნავენ და იმის უფლებაც კი არ აქვთ რომ საკუთარი ოცნებებით იაზროვნონ, მუშაობენ მარტო ბანკები, კაზინოები, ლომბარდები, საშუალო ფენა არ არსებობს, ქვეყანა ორ განშტოებად იყოფა, მდიდრები და ღარიბები, თუმცა ღარიბებს ადამიანის სტატუსი ფაქტიურად დაუკარგეს უკვე. სოფლები ყველამ დატოვა, გაგივლია ბაზარში? იცი რა ღირს ყველი ან ლობიო? ხვდები რა ღირს სიგარეტი  რომელსაც ეწევი? და ვინ უნდა მითხრას რომ ეს ყველაფერი მოსაწონია? აბა დარეკე სასწრაფოში, თუ მოვა ვინმე? ამ ქვეყანაში ეკლესიას უფრო მეტი თანხა ხმარდება ვიდრე ჯანდაცვას.
_ სხვა რამეში ალბათ მართალი ხარ, მაგრამ სასწრაფოს უნდა გაუგო, ქვეყანაში ამდენი ინფიცირებულია.
_ ინფიცირებული? ვინ არის მამა ინფიცირებული? რა სიმპტომებით? ვირუსი არჩევნების დროს არ იყო? ეკლესიებში არ იყო ვირუსი? ვისაც როგორ აწყობს ისე გვათამაშებს, მე კი არ ვიქნები სათამაშო, სიცოცხლის ფასად დავიცავ ჩემი და ჩემი თანამემამულეების ინტერესებს...
_ კარგია ეგ მუხტი, შენი ასაკის რომ ვიყო ალბათ ეგეთი გულანთებული ვიბრძოლებდი მეც, თუმცა ახლა, როგორც სახელმწიფო მოხელეს, მეც ხელები მაქვს შეკრული, ისევე როგორც ბევრს, იყვირეთ, იბღავლეთ და იქნებ ეშველოს რამე ამ ქვეყანასაც.
_ ჰო მამა, სხვა გზა მაინც არ არის.
_ სიმართლე გითხრა, რეალურად არც ერთი ოპოზიციური პარტია არ მაძლევს მომავლის რწმენის იმედს. შენ რას ფიქრობ ამაზე?
_ უმრავლესობის აზრი და მიზანი ჩემთვისაც გაურკვეველია, მომწონს მხოლოდ ის, რომ უკლებლივ ყველა უარს ამბობს მანდატზე, ვნახოთ რა და როგორ იქნება.

ნაწილი 2
რა და როგორ უნდა ყოფილიყო? ბოლო მომენტში ყველაფერი აირია, ყველაფერი გაუარესდა, ყველაფერს შიშის და უიმედობის სუნი აუვიდა, გასაზიზღრდა და გამაძაგდა ყველაფერი, მსოფლიოში ვაქცინაცია დაიწყო, ქვეყანაში კი, სადაც აქცია აქციაზე იმართებოდა, უბრალოდ გახანგრძლივდა კარანტინის დრო.
ოპოზიციაც მოკალათდა პარლამენტის სავარძლებზე. თითქოს აქ არაფერიო, აქედან უფრო ვმართავთ ქვეყანასო, ესაო, ისაო...
მხოლოდ ახალი ოპოზიციური ძალა დარჩა ქუჩაში. ძალა, რომლის მიმართ ინტერესიც მხოლოდ ქვეყნის ერთმა პროცენტმა გამოიჩინა, ძალა, რომელიც საზოგადოების აზრით მიზანმიმართულ ბრძოლას უცხადებდა ღმერთს, ძალა, რომელმაც უბრალოდ შეინარჩუნა პრინციპები. ძალა, რომელმაც უბრალოდ წამოიწყო რევოლუცია.
ეს ამბავი არ არის იმ ბიჭზე, რომელმაც კარვითა და ზურგჩანთით დატოვა ქალაქი, და დედაქალაქში შეუერთდა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამართულ აქციებს. არა, უბრალოდ ყველა ამბავს სჭირდება ვინმე, ვის ირგვლივაც იტრიალებს რომ საბოლოოდ მასზე შეიტყონ.
ეს ბიჭი, მაშინაც კარავში იჯდა, როცა შეიტყო ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება. გაოგნდა, უმნიშვნელოდ აღიქვა თავი, შერცხვა, გაბრაზდა, გაბოროტდა, კარავთან ჩაიმუხლა და ნიშანს დაუწყო ლოდინი.
იყო ნიშანიც, უკანასკნელი ოპოზიციური ძალა იკრებდა ძალებს.
რას იფიქრებდა შინ მშვიდად მჯდარი იოაკიმი, თუ მსგავსი იდეოლოგიის მქონე პოლიტიკურ ძალას მომხრეები გამოუჩნდებოდა? თუმცა, მოქმედ ხელისუფლებაზე გაბოროტებული, და პარლამენტარ ოპოზიციაზე გაბრაზებული ხალხი, დაუფიქრებლად ამოუდგა მათ გვერდით.
დიახ, მათ ხალხი დაუდგა გვერდით, ხალხი რომელიც სხვა გზას ვერ ხედავდა, ხალხი რომელიც სიახლეს ითხოვდა, ხალხი, რომელსაც ღმერთზე უფრო შიმშილის ეშინოდა.
ასი ათასი, ორასი ათასი, ორასორმოცდაათი ათასი... ემატებოდა და ემატებოდა აქციას ხალხი.
შვიდი, ექვსი, ხუთი... აკლდებოდა და აკლდებოდა წირვას ხალხი,
ორიათასი... ორიათასი... ორიათასი... იზრდებოდა და იზრდებოდა კომენდანტის საათის დამრღვევთა რაოდენობა.
თვრამეტი, ცხრამეტი, ოცი... ამბობდნენ რომ იზრდებოდა გარდაცვლილ ინფიცირებულთა რიცხვიც.
_ რას აკეთებს ამ დროს ეკლესია? _ ბოლო ხმაზე ღრიალებდა მომიტინგე ოპოზიციური პარტიის ლიდერი _ იერთებს ხე-ტყეს და უცხოელებზე ყიდის, იშენებს ტაძრებს როცა ტაძრების გარშემო შიშველი ბავშვები ხურდებს იხვეწებიან, მართავენ ბიზნესებს როცა მოსახლეობა კომუნალურებს ძლივს იხდის, უნდა დასრულდეს მათი ბოგინი ხალხო...
_ რას ეტყვის ხალხი... რას ეტყვის ხალხი... შიშის ფეთებით უყურებდა ტელევიზორს იოაკიმი.
ტაში, ტაში იყო ხალხის პასუხი.
ინჟინერის ტელეფონიდან ზარის ხმა გაისმა.
_ როგორ ხარ იოაკიმ _ უპასუხა მეგობარს, რომელიც ნამდვილად არ იყო კარგად, ღელავდა, და ჰქონდა კიდეც ამ მღელვარებას მიზეზი.
_ ხედავ რა ხდება ქვეყანაში? ხედავ რა აზრებს ატარებს ხალხი?
ინჟინერი არაფერს ხედავდა, გულის სიღრმეში ისიც ამ ხალხის აზრის მატარებელი იყო, ერთი ორჯერ საკუთარ თავშიც შეეპარა ფიქრის დროს ეჭვი, ხომ არ შურდა იოაკიმის, რომელსაც მასზე უფრო კარგი მანქანა, ბევრად უფრო დიდი და ლამაზი სახლი და უახლესი თაობის მობილური ტელეფონი ჰქონდა? არა, არ შურდა, თავადვე დაასკვნა ეს, უბრალოდ იცოდა იოაკიმმა ეს რა გზებითაც მოიპოვა, და ქვეყანაში, სადაც შიმშილი იყო, სასულიერო პირის მსგავს ქმედებას არ მიიჩნევდა სწორად.
ელაპარაკა ცოტა, დაამშვიდა, არ შესულა კამათში, ცდილობდა მალე მორჩენილიყო საუბარს, რადგან მოცემულ მომენტში სხვა გეგმა ჰქონდა, უნდოდა შვილის მეორე მოთხრობაც წაეკითხა, და ჩაუჯდა კიდეც, მას მერე რაც მეგობართან სატელეფონო საუბარს მორჩა. მისი სახლი _ ასე ერქვა მას.

* * *

მისი სახლი
კიდევ კარგი, პოლიციის მანქანამ გაიარა, ფოტოდ გადაქცეულ ქუჩაზე. ხმაურმა ცოტათი შეახსენა ქუჩას თავისი ფუნქცია.
მიდიოდა პოლიციის მანქანა ხალხისგან დაცარიელებულ ქუჩაზე, როგორც ზვიგენი ცარიელ ოკეანეში, და ამაოდ ეძებდა მსხვერპლს, შიმშილისაგან დასაცხრომად.
გზა და გზა ხვდებოდა დაკეტილი სალონები და მაღაზიები, დაკეტილი ბანკები და აფთიაქები, ნაგვით გადავსებული ურნები და ლამპიონები, რომლებიც ანათებდნენ მედუზებივით, მაგრამ ვის და რას უნათებდნენ, თავადაც არ იცოდნენ.
კარგ საყურებელ ვესტერნს გავდა ეს კადრები. მარტივი წარმოსადგენი იყო, საშიში ბოროტმოქმედი, რომლის რკინისქუსლიანი ჩექმა ჩანს მხოლოდ კადრში, ტეხასური, ყვითელი ქვიშის ფონზე.
ის მოდის.
ხალხი სახლებში იმალება, და ერთი კადრიც, როგორ კეტავს ქალი ფანჯარას, და როგორ აცილებს მას ბავშვს.
შემდეგი კადრი თავისთავად, ბოროტმოქმედს აჰყვება, ქვემოდან ზემოთ, მის შეშლილ სახეს და სასტიკ ღიმილს გამოაჩენს, მისი ტუჩის მარცხენა მხარეს გაჩრილ სიგარას, რომელსაც ეს-ესაა გადმოაგდებს, და მის წინ მდგარ დადებით პერსონაჟს ჩახედავს თვალებში.
თუმცა სად არის დადებითი პერსონაჟი? ნუთუ ეს პატრულის მანქანა არის ის, ვისაც ფილმის ბოლოს ხელში იტაცებენ ტეხასელები და ჰაერში აგდებენ?
პატრულის მანქანა მიდის ქუჩაში, როგორც თვითმფრინავი ღრუბლებში. ირგვლივ თითქოს არაფერი არც არსებობს და არც არსებულა.
_ ამას უყურე, _ ამბობს მძღოლი და მანქანას აჩერებს.
ოფიცრები მანქანიდან გადმოდიან.
პატარა ჩიხში, რომლის გავლითაც ცენტრალურ გზაზე ხვდები, ჩიხში, სადაც მხოლოდ ორი სახლი, და ერთი კოხტა ეკლესია დგას, შესასვლელში, ეკლესიის აშენებამდე დასმულ "უბნის ჯვართან" ეძინა ვიღაც კაცს.
_ მოქალაქევ _ მიმართა მას ოფიცერმა.
მძინარეს რეაქცია არ ჰქონია ისე გათიშული იყო, ცუდი სუნიც ასდიოდა.
_ როგორმე გავაღვიძოთ _ თქვა ოფიცერმა.
_ მოქალაქევ _ რეზინის ხელთათმანიანი ხელით შეანჯღრია მეორემ.
მძინარებ რაღაც წაიბუტბუტა და მხარი იცვალა, ძილის მშვიდად გასაგრძელებლად.
_ მთვრალია _ თქვა ოფიცერმა. _ ვერ გავაღვიძებთ,
_ ჯიბეები უნახე, იქნებ საბუთები ჰქონდეს
_ ცარიელია, არც საბუთი აქვს და არც არაფერი.
_ კარგი, მაშინ აქვე, ახლო-მახლო გავიკითხოთ, და თუ ვერავინ იცნო, გადავიყვანოთ გამოსაფხიზლებელში, დილით კი ჯარიმას მიიღებს, კომენდანტის საათის დარღვევის გამო.
ოფიცრები პირველ სახლთან წავიდნენ. კარზე დააკაკუნეს, მასპინძელს ოფიციალურად წარუდგინეს თავი.
_ ხომ მშვიდობაა? _ შეშინდა ოჯახი.
_ ნუ ღელავთ ქალბატონო, _ უპასუხა ოფიცერმა, _ აქვე, თქვენს სახლთან, ჯვარი რომ ანათებს _ ხელი გაიშვირა პოლიციელმა _ ორმოც წლამდე მამაკაცია, უგონოდ მთვრალი, ვიფიქრეთ იქნებ თქვენი ოჯახის წევრი ყოფილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოსაფხიზლებელ განყოფილებაში მოგვიწევს მისი გადაყვანა.
_ ჩემი ქმარი, შვილები და მამამთილი სახლში არიან, სხვა აქ არავინ ცხოვრობს _ პასუხობს მასპინძელი, თან ჯვრისკენ იხედება, იმდენად აინტერესებს ვის ძინავს იქ.
_ გასაგებია ქალბატონო, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, ბოდიშს ვიხდით შეწუხებისთვის.
_ არაფერია, არაფერი _ ამბობს ქალი და თითქოს პოლიციის თანამშრომლების გაცილებას ცდილობს.
_ შინ დარჩით ქალბატონო, ეზოს ჩვენ თვითონ დავტოვებთ, ჭიშკარსაც დავკეტავთ, გარეთ ნუ გამოხვალთ, კომენდანტის საათია.
_ დიახ, რა თქმა უნდა, დიახ _ პასუხობს ქალი, უკანასკნელად წაიგრძელებს კისერს, მერე შინ შედის და ღია ფანჯრიდან ცდილობს, არ ჩამორჩეს მოვლენებს.
მეორე სახლში სტუმრობამდე, ეკლესიის ეზოდან მოესმათ ხმა.
_ ხომ მშვიდობაა უფროსო? _ ეკითხებოდა სიბნელე პოლიციელებს.
_ რომელი ხარ? _ უპასუხა ოფიცერმა და ფანარი გაანათა.
ამასობაში ეკლესიის ეზოშიც აინთო სინათლე, და მკაფიოდ გამოჩნდა შუა ასაკის, შავ ანაფორა გადაცმული, თეთრწვერა მღვდელი.
_ უკაცრავად მოძღვარო, _ წაიწია ერთ-ერთი თანამშრომელი მისკენ. _ რას ვიფიქრებდით ასეთ დროს ტაძარში თუ იქნებოდით, ამიტომ გიპასუხეთ ასე უხეშად.
_ ეგ არაფერი _ უპასუხა მღვდელმა. _ ჩემი სახლიც ამ ეზოშია, სადაც ჩემი ტაძარი. აქვე ვცხოვრობ, ჯერ პატარა კელია მქონდა, ნელ-ნელა მშვენიერ საცხოვრებლად გადავაქციე. დიდი არაფერია, თუმცა მე მყოფნის.
_ ძალიან კარგი _ მიუგო ოფიცერმა _ ანუ აქ ცხოვრობთ, შესაბამისად, იქნებ იცნოთ ის კაცი, ჯვართან რომ სძინავს.
მღვდელმა ჯიბიდან სათვალე ამოიღო, ეზოდან გამოვიდა, ჯვართან მივიდა და მძინარეს დახედა.
_ პირველად ვხედავ _ უთხრა პოლიციელებს. _ არც ამ უბანში, და არც ტაძარში აქამდე არ მინახავს.
_ კარგი მოძღვარო, რა გაეწყობა, ახლა კი ბოდიშის მოხდით, დაბრუნდით თქვენს ეზოში, ხომ გესმით, კომენდანტის საათია და...
_ დიახ, დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამას რას უპირებთ?
_ გადავიყვანთ გამოსაფხიზლებელში, და დილით გავარკვევთ დანარჩენს.
_ ჯარიმა არ ამოუწეროთ თუ შეიძლება, ცოდვაა, ნახეთ აბა, ამას სად ექნება ჯარიმაში გადასახდელი ფული.
_ ვეცდებით, ვნახოთ რის გაკეთებას შევძლებთ.
მღვდელი შინ შევიდა, პატრულის თანამშრომლებმა კი ბოლო მეზობელიც მოინახულეს, იმ იმედით რომ მათ მაინც ეცოდინებოდათ რამე ლოთზე, თუმცა უშედეგოდ. სხვა გზა არ იყო, გამოსაფხიზლებელში უნდა გადაეყვანათ. ეს კი არც ერთ მათგანს არ მოსწონდა, რადგან ლოთი _ პირდაპირი მნიშვნელობით, ყარდა.
_ მოქალაქევ _ ჩასძახეს ოფიცრებმა, და რეზინის ხელთათმანებიანი ხელი იღლიებში ამოსჩარეს. ძლივს ძლიობით წამოაყენეს ფეხზე. ლოთი თავიდან ლუღლუღებდა, ბოლოს, როცა როგორც იქნა გაეღვიძა, თავი გაითავისუფლა პოლიციელებისგან, თვალები მოიფშვნიტა და გაკვირვებული მიაშტერდა პოლიციელებს.
_ მოქალაქევ, თქვენ დაარღვიეთ პრეზიდენტის დეკრეტი, რის გამოც დაჯარიმებული ხართ...
_ მოიცა, მოიცა, ერთი წამით _ ხმა ამოიღო ლოთმა, _ რა დეკრეტი დავარღვიე? ჩემთვის ვიწექი, მეძინა, ქუჩაში დავდიოდი, პირბადე არ მეკეთა თუ რით დავარღვიე?
_ პატივცემულო, ახლა საღამოს თერთმეტი საათია, და თქვენ ქუჩაში იმყოფებით, ნასვამ მდგომარეობაში.
_ არა ვარ ნასვამი.
_ როგორ არა ხართ, გნებავთ ალკო ტესტი ჩაგიტაროთ?
_ არა, არა, მოიცა, გამახსენდა, ბნელოდა, და პეშვით დავლიე წყალი, ნუთუ ისევ... ოჰ, რა თქმა უნდა, მერამდენედ დამემართა ასე... თუმცა მერე რა? სიმთვრალე რა, დანაშაულია?
_ არა, სიმთვრალე არ არის დანაშაული, თუმცა პრეზიდენტის დეკრეტის დარღვევა დანაშაულია, და თქვენ ჯარიმდებით...
_ არ გამოგართმევ მაგ ქვითარს.
_ ესეიგი თქვენ წინააღმდეგობას უწევთ პოლიციას?
_ კარგი, მოდი უფრო გარკვევით აგიხსნით, მე სახლში ვარ, ზუსტად იქ, სადაც თქვენ მომეცით ბინა.
_ ვინ ჩვენ?
_ თქვემ, ადამიანებმა.
_ მოქალაქევ, თუ შეიძლება...
_ არა, არ შეიძლება, ღამეა, ბნელა, მე კი მეძინება, და ვინაიდან და რადგანაც სახლში ვარ, და თქვენ უმიზეზოდ მირღვევთ მყუდროებას, მაქვს უფლება, აქედან მიგაბრძანოთ, და დავუბრუნდე იმ ლოკაციას, რომელსაც ოცდაერთი საუკუნეა ვიტან თქვენი კეთილდღეობისათვის.
ლოთმა ხელები გაშალა, უკან დაიხია, და ჯვარს ისე შეახტა და მიეწება, თითქოს ჯვარი მაგნიტი ყოფილიყო, ხოლო თავად რკინა.
ოფიცრები მისწვდნენ ტანსაცმელში, ერთიანად შემოეხა ყველაფერი, სქელი, ძველებური საცვლის გარდა, ამის შემხედვარე პოლიციელებმა უკან დაიხიეს, ერთმანეთს შეხედეს, მერე, ერთ-ერთმა გაბედა და მიუახლოვდა, ხელი შეახო, სხეული რკინისა იყო, ისეთივე რკინის, როგორც ჯვარი, ფანარი მიანათა, და მკაფიოდ გაარჩია მის წინ მდგარი ჯვარცმა.
ასე იდგნენ საათობით, გაყინულები, გაშეშებულები, უყურებდნენ და ვერ გაეგოთ რა ექნათ, რომ გაქცეულიყვნენ, სად გაქცეულიყვნენ? ვისგან გაქცეულიყვნენ. ბოლოს ერთ-ერთმა მოიფიქრა, დაიჩოქა, და ლოცვა დაიწყო, მეორეც გამოფხიზლდა, მან ლოცვის გარეშე დაუწყო ვედრება, რომ კიდე ერთი სიტყვა ეთქვა მისთვის, თუმცა ამაოდ. მეტალის კონსტრუქცია ხორცშესხმას აღარ აპირებდა.
* * *
ვერავინ ითვლიდა რამდენი ათასი იყვნენ უკვე მომიტინგეები, ხელისუფლებას სხვა გზა აღარ დარჩენოდა, უნდა ემოქმედა. საზოგადოებას დაშლისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა რომ მათზე გამოყენებული იქნებოდა მომწამლავი აირი, ვინღა უსმენდა? ასიათასობით ადამიანი ერთხმად მღეროდა და გადამწყვეტი დარტყმისთვის ემზადებოდა.
სპეც დანიშნულების რაზმი გამოჩნდა მომიტინგეების სიახლოვეს, ყველა გრძნობდა რომ რაღაც აღმატებული იწყებოდა, ან მეორდებოდა, და მაშინ, როცა გარკვეულმა ჯგუფმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადა, სპეცრაზმი ხალხისკენ წამოვიდა.
არა, ცა არ განათებულა, არც არაფერი მომხდარა მისტიური, არც ხმა, არც ქუხილი, საერთოდ არაფერი, უბრალოდ სპეცრაზმის წევრებმა ნიღბები ჩამოიხსნეს და რევოლუციონერებად გადაიქცნენ.
ეს იყო და ეს, იოაკიმმა ტელევიზორი გამორთო, ყველა საჭირო ნივთი ჩაალაგა და მეუღლესთან ერთად მთაში გაიხიზნა.
* * *
იმ დროს, როცა ეს ყველაფერი ხდებოდა, ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნიდან, ქალმა დარეკა შინ, შვილთან.
არა, ეს ამბავი არც ამ ქალზეა, და არც მის შვილზე, უბრალოდ ქალი, მეტ დროს იმსახურებს ამბისაგან, რომლის შესახებაც ყველა და ყველაფერი ყვება ქუჩებში, გამვლელები, მოწყალების სათხოვნელად გამოსულები, ლიმონის გამყიდველი მოხუცები, თუ მშიერი, ბეწვგაქეცილი ძაღლები.
დიახ, ქვეყანაში, სადაც ბავშვები შიმშილით იხოცებიან და მოხუცები ლიმნებს ყიდიან ქუჩებში, ქალი რეკავს ევროპის წამყვანი ქვეყნიდან შინ, შვილთან.
_ აქციებს არ შეუერთდე _ თხოვს ქალი შვილს.
შვილი აქციაზეა, იბრძვის, ბოლო ხმაზე ღრიალებს.
_ არ შეუერთდე აქციებს, ქვეყანას ღუპავენ _ თხოვს დედა.
შვილს დედა ენატრება, იმაზე მეტად ვიდრე ოდესმე ვინმეს ვინმე მონატრებია, შვილს დედა უყვარს, პატივს სცემს, თუმცა ახლა არ უნდა რომ მოუსმინოს.
_ ხომ ხედავ, შენი ძმა შინ ზის და არ აქცევს მაგ უაზრობას ყურადღებას _ ამბობს დედა.
შვილი ნერვებს იმშვიდებს, ყველაფერი ეზიზღება უკვე, დედაც, ძმაც... გაანალიზებას იწყებს მათი ცხოვრებისა. აანალიზებს, ძმის ესმის, დედის - არა. პასუხები არ აქვს, იბრძვის, ღრიალებს.
_ არ წახვიდე აქციაზე თუ მე და შენი ძმა გიყვარვართ _ ამბობს დედა.
სიგიჟემდე მიჰყავს გააზრებას შვილი. ვინ არის დედა? უმაღლესი მათემატიკის ასოცირებული პროფესორი, არაერთი ღირებული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელიც ახლა დგას შორეული ქვეყნის ერთ-ერთი ქალაქის ერთ ერთი სახლის ტუალეტში, ისუნთქავს ბებერი უცხოელის გაზებს, ელოდება, მერე ხელით უნდა გამოწმინდოს, დედა, რომელსაც შვილები ენატრება, დედა, რომელსაც საკუთარი მნიშვნელობა დაუკარგავს საკუთარ თავსა და გულში. არაფერი ახარებს, ვერაფრით ერთობა, შვილები ენატრება, სახლი, ახლობლები.
ვინ არის ძმა? ბალახზე დამოკიდებული, დეპრესიული ობიექტი, რომლის ცხოვრების ერთად ერთი მიზანია _ იშოვოს ბალახი და მოწიოს, მაგრამ მოწიოს სრულიად უკულტუროდ, გადაჭრილ ბოთლში, ზუსტად ისე, როგორც მისი სამშობლოს დამპყრობელი ქვეყნის ციხეებში გამოიგონეს, კვამლის არ დასაკარგად. თუ ჰკითხავ - გიპასუხებს რომ მადლობელია მოქმედი ხელისუფლების, რატომ? რადგან არავინ უშლის მოწევას, რადგან ბიჭები პროგრამაზე ზიან და ამისთვის პასუხს კიარავინ თხოვს, პირიქით, ეხმარებიან, ქუჩებში ყიდულობს ყველაფერს, და თუ პოლემიკაში შეხვალ, შეიძლება გეჩხუბოს კიდეც, რადგან მან ძალიან კარგად იცის, რომ სწორედ და მხოლოდ ეს არის ბედნიერება, და არაფერი მეტი.
აი დედა და ძმა, და ვინ არის თვითონ? დამპალი ლუდომანი, რომელიც ახლა მოატყუებს დედას, რომ აქციაზე არ წავა თუ ორას ევროს გაუგზავნის, რა ქნას, სხვა გზა არ აქვს, რა ქნას, წაგებული აქვს, რა ქნას?!
აი მიწა. ქვეყანა, ემიგრანტი ქალებით, სავსე ბანკებითა და ტაძრებით, სავსე კაზინოებითა და მათ სიახლოვეს ლომბარდებით. ქვეყანა, რომლის საშუალო ფენას, შეუძლია თვიური ხელფასით, მხოლოდ სამი კილო ხორცი, სამი კილო ყველი, 100 ცალი პური და ოცდაათი კოლოფი სიგარეტი იყიდოს. ჯანდაბას, ერთ კვირას თავი გატანილია, მაგრამ დანარჩენი სამი კვირა? სამგზავო? კომუნალურები? ვინმე რომ მოკვდეს? ვინმე რომ დაოჯახდეს? ვინმემ დაბადებისდღეზე რომ დაპატიჟოს?
ჯანდაბა... ინტერნეტის გადახდა დავიწყებია.
_ მეგობარო, ოცდაათი ლარი ხომ არ გაქვს ხელფასამდე რომ მასესხო?
_ არამაქვს, ბოდიში, ვალებში ვარ...
_ არა მაქვს, ბოდიში, ვერ გეხმარები...
_ არა მაქვს, პირიქით ვეძებ სიგარეტის ფულს...
_ არა მაქვს...
_ არა მაქვს...
_ არ მაქვს...
_ არა...
_ არა...
_ არა...
ზარი საზღვარგარეთ:
_ დედა, შეგიძლია 15 ევრო გამომიგზავნო? ინტერნეტის გადახდა ვერ მოვახერხე.
_ კი მაგრამ კომუნალურევბს ხომ იხდის მთავრობა?
_ ინტერნეტს არ იხდის, რაც შეეხება კომუნალურებს, ჩვენ და კიდე სამ მეზობელს არ გადაგვიხდია, მეხუთეს კი მგონი ჩვენ ოთხის გადასახდელიც შეტენეს, 260 ლარი მოუვიდა აპრილის თვეში, არა და მხოლოდ ნათურა და ტელევიზორი აქვს სახლში, წარმოგიდგენია? მაცივარიც კი არ აქვთ, როგორ უნდა გაწვდნენ?
_ კარგი ჰო, გამოგიგზავნი... _ ამბობს დედა.

* * *
ხელისუფლება დაემხო, მართვის სადავეები ახალმა ოპოზიციურმა ძალამ ჩაიგდო ხელში, რომელმაც ცხადია ახალი, რიგგარეშე არჩევნები გამოაცხადა და ქვეყანაც ნელ-ნელა შეუდგა მზადებას.
თუმცა ბევრი არაფერი, ეს არჩევნები, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის იმ სეზონს გავდა, დურანტი რომ გოლდენში გადავიდა. ყველამ იცოდა ვინ მოიგებდა. ასეც მოხდა, ქვეყნის 78% სიახლეს ემხრობოდა. სხდომა შედგა, და ცხადია პირველ რიგში რელიგიის მიერ ქვეყნის მიმართ მიყენებული ზარალი განიხილეს. დაიდო დასკვნა, რომ თუ იმ ქონებებს ჩამოართმევდნენ, რომელიც სხვა და სხვა მთავრობას მათთვის სიმბოლურ თანხებად ჰქონდათ გადაცემული, ქვეყანაში უსახლკარობის პრობლემა მოგვარდებოდა. ამან პატარა აქციები გამოიწვია, პატარა უმნიშვნელო აქციები, რაც ნელ-ნელა, ღამურების დაპატიმრებების წამოწყებამ შეაჩერა. ძირითადად, მათ ბრალი საზოგადოების მიმართ ღმერთის სახელით მანიპულირებაში დასდეს, სწორედ მათ, ვინც მოუწოდებნენ საზოგადოებას პანდემიის დროს ტაძრებში სიარულს.
იყო სხვა ბრალდებებიც: აღსარების საიდუმლოს დარღვევა, ჰომოფობია, რასიზმი, ბევრი მათგანი გაიშიფრა, როგორც ოკუპანტი ქვეყნის მიერ დანიშნული აგენტი. ამ ამბავში იმოდენა მაღალჩინოსანი სასულიერო პირები მოყვნენ, რომ საზოგადოება კიდე ერთხელ გამოვიდა გარეთ, თუმცა ამჯერადაც უშედეგოდ, რადგან მათი რიცხვი ძალიან მცირე იყო.
უჩნდებოდა ხალხს ამ ყველაფრის მიმართ პროტესტი, გრძნობდნენ რომ ღმერთს ართმევდნენ, თუმცა ტელევიზორები ყოველდრე გადმოსცემდნენ საცხოვრებელ სახლებად გადაკეთებულ ეკლესიებში შესახლებულ ოჯახებს, რაც სენტიმენტებს აღძრავდა ხალხის გულებში, სენტიმენტები კი იწვევდა დუმილსა და დაყოლიებას.
_ ჩვენ რა გავაკეთოთ? როგორ ვიარსებოთ? _ ყვიროდა ერთი ჯერ არ გასამართლებული ღამურა.
_ დადექით თქვენი ყოფილი ტაძრების წინ და ითხოვეთ მოწყალება, ჩაძვერით იმ ბავშვების ტყავში, რომლებსაც მთელი ცხოვრება უყურებდით _ იყო პასუხი რიგითი მოქალაქისაგან.
_ ნეტარ არიან გლახაკნი _ მიუგო სხვა მოქალაქემ სიცილითა და ბრაზით _ რამეთუ მათია სასუფეველი ცათა ღამურავ.
მალე ეს სასულიერო პირიც დაიჭირეს.
ასეთი ტემპით გაგრძელდა ცხოვრება. ჯერ ღამურები გაქრნენ, მერე პანდემია, მერე სიღარიბე, უსახლკარობა, რაც სოფლის მეურნეობის წინ წამოწევის გეგმამაც განაპირობა, დაზოგილი ბიუჯეტის დახმარებით.
და მიწა დაემსგავსა მიწას, რომლის შემდეგი ნაბიჯიც დაკარგული ტერიტორიების შემოერთებაზე ზრუნვა იყო.
მშვიდად იყო ყველა, შრომობდნენ, არსებობდნენ, მათ შორის იყო ინჟინერიც, რომლის გარშემოც იტრიალა მთელი ამ დროის განმავლობაში ამ მრავალ ისტორიას შეხებულმა ამბავმა. იგი შრომობდა, ამაყობდა შვილით, და ფიქრობდა მეგობარზე, რომელიც წარმოდგენა არ ჰქონდა სად იყო.
ასე გაიარა ორმა წელმა, სიმშვიდეში, ნეტარებაში, შენებასა და სიახლეების დანერგვაში, და ზუსტად ორი წლის თავზე, ინჟინერის ტელეფონი აწკრიალდა.
იოაკიმი იყო, მაღალმთიანი რაიონის ერთ-ერთი სოფლიდან რეკავდა. მონატრებული მეგობრის სანახავად მალევე ჩალაგდა ინჟინერი, მანქანა გამოიყვანა, შვილიც დაიმგზავრა და მასთან გაეშურა.
_ ახალ მოთხრობაზე მინდა მოგიყვე მამა _ საუბარი დაიწყო გზაში შვილმა.
_ ყურადღებით გისმენ _ ესიამოვნა საუბრის დასაწყისი ინჟინერს.
_ წარმოიდგინე ეპოქა, რომელშიც სრულიად გამქრალია რელიგია, არა მხოლოდ ტაძრები და ღვთისმსახურება, არამედ თავად ღმერთი ირაცხება კრიმინალად. ამ კანონის მიღებას უამრავი სასულიერო პირი ემსხვერპლა, მხოლოდ ერთმა დააღწია თავი, ცხადია, სადღაც სხვა ქვეყნებში სხვებიც გადარჩნენ, თუმცა ჩემს ლოკაციაში, მხოლოდ ერთი ბერი გადარჩა, რომელმაც მიწისქვეშეთის სალოცავი შექმნა. ცოლიც კი შეირთო, გადიოდა წლები, გაუჩნდა შვილი და მასაც შეასწავლა ღვთისმსახურება, და ასე გადაეცემოდა თაობიდან თაობას სტატუსი _ მღვდელი. საუკუნის მერე, ან ორი საუკუნის მერე, ამ ერთადერთი გადარჩენილის შთამომავალი, მაყვლის დასაკრეფად არის ღორღში წასული, მაყვლის ღვინო უყვარს და სულ კრეფს მაყვალს, უეცრად საიდანღაც მტრედი გამოფრინდება, ბეჭზე დააჯდება და მაყვლის ბუჩქისკენ გაახედებს. ბუჩქს ცეცხლი მოედება და ლაპარაკს დაუწყებს.
_ ეს სადღაც უკვე მსმენია.
_ ჰო, ამ სახით გამოეცხადა ღმერთი მოსესაც.
_ კარგი, მერე?
_ მერე ის, რომ ღმერთი ნიშანს აძლევს მას, რომ მისი სამყაროში დაბრუნების დროა.
ამასობაში მსოფლიო კრება გადაწყვეტს, რომ ღმერთის გაქრობამ მატერიალური წინსვლა მოუტანა სამყაროს, თუმცა გაზარდა კრიმინალი, რადგან უფლის შიში ვერავის და ვერაფერს აჩერებდა. ჰოდა გადაწყვიტეს, რომ სამყაროსთვის დაებრუნებინათ ერთი ღმერთი, მხოლოდ და მხოლოდ ერთი, რომელსაც არც მეტი, არც ნაკლები, არჩევნების სახით აირჩევდნენ.
და ასე იწყება ღმერთების არჩევნები. მერე სრული ქაოსი მიდის, ზოგი ღმერთი, მოციქულების სახით ქალთა უფლებების გამოსწორებას ჰპირდება მოსახლეობას, ზოგი მარხვის შემცირებას, ზოგი რას და ზოგი რას. მთელი პროპაგანდაა, ხატებისა და ფრესკებისთვის კედლების ომის ჩათვლით.
საბოლოო მორალი კი ის არის, რომ ცხადია, კაცს სჭირდება რწმენა, სჭირდება ღმერთი, ისევე როგორც ღმერთს ადამიანი, რადგან ადამიანის გარეშე ღმერთის არსებობას ფასი არა აქვს.
_ საინტერესო უნდა იყოს, როცა დავბრუნდებით წავიკითხავ _ დაპირდა ინჟინერი შვილს.
რამდენიმე საათიანი მგზავრობის მერე, ჩავიდნენ ერთ მიუვალ, საზღვრისპირა სოფელში, სადაც იოაკიმი დასახლებულიყო. ის, რაც ყველაზე მეტად ეუცხოვა მამა-შვილს, სარდაფში გაკეთებული პატარა სამლოცველო იყო, სადაც, იოაკიმი წირვა-ლოცვას აღავლენდა თურმე. მრევლიც ჰყავდა, იმ და რამოდენიმე მეზობელი სოფლის მოსახლეობა.
სწორედ ამ მიზეზით, ცოტა მოლხენისა და ერთმანეთის მოკითხვის მერე, ამაღლებულ გორაკზე წაიყვანა იოაკიმმა მეგობარი, წაიყვანა და თხოვა რომ დახმარებოდა იმ გორაკზე ტაძრის აშენებაში.
ინჟინერი სიგარეტს ეწეოდა, შიშნარევად ფიქრობდა და ემისტიურებოდა ადგილი, არა მისი სილამაზის გამო, არამედ მაყვლის რამდენიმე ბუჩქის გამო, რომელიც იქ დახვდათ. შვილის მოთხრობაში ეგონა თავი.
მიუხედავად ამისა უარზე იყო, და უხსნიდა იოაკიმს, თუ რა მარტივი იყო ცხოვრება დოგმების გარეშე.
იოაკიმს კი თავის მხრივ, რელიგიური არგუმენტები მოჰყავდა, და ასე აგრძელებდნენ დიდი ხანი კამათს.
_ ეს არ არის ჩემი ნება _ ამბობდა იოაკიმი _ ეს უფლის ნებაა და შენც მისი რჩეული ხარ, შენ უნდა ააშენო ამ მიწაზე პირველი ტაძარი.
_ არ შემიძლია, არა _ ამბობდა ინჟინერი, _ არაფერშუაშია აქ უფალი, ეს შენი წამოწყებაა და არ მოგცემნს კარგ შედეგს, დაგვიჭერენ სხვა თუ არაფერი, მეც დამღუპავ ამით და შენს რწმენასაც. დარჩი უკანასკნელ, მიწისქვეშეთის ღა... მღვდელად, აკეთე შენი საქმე, რად გინდა ტაძრის ზომა?
_ ხალხი არ მეტევა, ხალხი.
_ არ ვიცი, ნუ მიწყენ, მე არ შემიძლია.
_ დაიჯერე, შენ რჩეული ხარ.
_ კარგი რა, აღარავინ საუბრობს ახლა ეგრე _ უპასუხა და კიდე ერთხელ მოუკიდა სიგარეტს.
_ დაგიმტკიცებ _ გაბრაზდა იოაკიმი. გორაკის შემაღლებულ ადგილას დადგა, ხელები გაშალა, ცისკენ აღაპყრო მზერა. _ უფალო, უჩვენე შენი ძალა ამ ურწმუნოს, რომ აღასრულოს ნება შენი...
უეცრად ცა ახმაურდა, შეშინებულმა ინჟინერმა სიგარეტი ბუჩქისაკენ მოისროლა და მოვლენებს მიადევნა თვალი. საიდანღაც დიდი, თეთრი მტრედი გამოფრინდა, რომელიც ხელგაშლილი იოაკიმისკენ მიფრინავდა, მაყვლის ბუჩქსაც ცეცხლი მოედო, ყველაფერი შვილის მოთხრობის სიუჟეტს ჰგავდა, თუმცა მღელვარება წამიერად შენელდა, როცა მტრედმა ხელგაშლილ იოაკიმს ჩაუფრინა და სიბნელეში გაუჩინარდა.
მაყვლის ცეცხლს მოკიდებულ ბუჩქს გამოხედა იოაკიმმა, მასთან მივარდა, ჩაიმუხლა, პირჯვარი გამოისახა.
_ უფალო, აჩვენე შენი ძალა, გთხოვ უფალო.
_ არ გამოსცადო უფალი შენი _ მოესმა ხმა. ხმა, რომელიც მხოლოდ თვითონ გაიგონა, ინჟინერს არაფერი გაუგია, თავაზიანად მივიდა მეგობართან, ბეჭზე დაადო ხელი. იოაკიმი ცხარე ცრემლით ტიროდა, დამარცხებული იყო, შეშინებულიც.
_ სიგარეტი მოვისროლე წეღან ამ ბუჩქისკენ, მისი ცეცხლია _ უთხრა, ააყენა და შინ წამოიყვანა.
არაფერი გამოვიდა ტაძრის აშენების მცდელობიდან, რადგან ინჟინერი დარწმუნებული იყო რომ ცეცხლი მხოლოდ მისმა ღერმა გააჩინა, რაც შეეხება მტრედს, ამის თაობაზე კი ორივემ იცოდნენ, რომ მტრედი უბრალოდ თავისი გზით მიფრინავდა, და არაფერი მეტი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები