ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
25 ივლისი, 2021


ჩემი შვილის თმა


"ჩემს შვილს გამხმარი მანდარინისფერი თმა აქვს.
მისი თმის ზედაპირზე მოციალე ფოტონები ,
მის კულულებში მოთამაშე ათინათებად...
ეს ერთადერთია რაზეც მინდა ვიფიქრო ახლა.
ახლა, როცა თურქი დალაქი მის ლამაზ, გრძელ, პრიალა და რბილ ნაწნავს ძირში აჭრის,
თავისი უზარმაზარი, შემზარავი, ჟრუანტლის მომგვრელი რკინის მაკრატლით.

ჩემს შვილს გუდიაშვილის ნახატი ქალების მაგვარი თითები აქვს.
გრძელი, ბოლოში აპრეხილი...
ამ ლამაზი თითებით უყვარს თავისი კულულების თამაში.
ახლა ამაზე მინდა ვიფიქრო, დავხუჭო თვალები და არ ვუყურო,
სასტიკი თურქი დალაქი როგორ პარსავს,
პრიალა სამართებლის საშიში მოძრაობით,
მის თავთუხისფერ თმას.

ჩემს შვილს დიოს და ბრუს დიკენსონის სიმღერები უყვარს.
ყურსასმენებით ფანჯარაში მომზირალი
ბევრჯერ გართულა ოცნებებში და გაჰპარვია დრო.
ახლა მის ოცნებებზე მინდა ვიოცნებო...
მისი ოცნებები არ მინდა დაშრეს, არ მინდა დასრულდეს...
როგორც ამ დღეებში - სულ რომ სძინავს, რეალობისგან გასაქცევად - როგორც ამიხსნა.

ჩემს შვილს ფიქრები, გეგმები და ოცნებები უყვარს.
მის მიხაკისფერ, გრემა თვალებში ვარსკვლავები რომ აკიაფდებიან,
ვხვდები რომ ჩვენთან არაა და სადღაც დაფრინავს, ფერად სამყაროში.
მის ოცნებებში მინდა ვიფრინო ახლა, ოღონდაც გუშინდელი დღე დავივიწყო
- მისი თმები, გახლართული ჩემს თითებში,
- დაუსრულებლად, შემოდგომის ფოთლებივით რომ ცვიოდა მისი თავიდან...
და აბაზანამ როგორ მიიღო სასტიკი კუბის ფორმა, ჩემი იმედების კუბოდ როგორ იქცა და გამყინა ცხელ წყალში -პარადოქსი.
როგორ ვმალავდი თმებით სავსე ხელებს მისი ლამაზი თვალებიდან და ვლოცულობდი ერთს :გამაძლებინე უფალო!

ჩემი შვილი ძლიერი გოგოა! ჩემზე ძლიერი, ბევრზე ძლიერი და
ის არ იმჩნევდა ჩემს ხელებს, თმით სავსე ხელებს ვითომც ვერ ხედავდა.
არც ახლა იმჩნევს ცივ სამართებელს მის ნაზ კანზე.
მხოლოდ 3 დღით არჩია დუმილი და მთხოვა გამეგო მისთვის.
მე კი მართლა რკინის კი არ ვარ ?!
და მეც, ფოლადისად რომ მომაქვს თავი და დამჭკნარი პომიდორიც ვერ ვარ,
მისი ძილიანობისას მის მაგივრად ვესაუბრებოდი ჩემს საცოდავ თავს.
მის მაგივრად მივმართავდი და შევაჩვენებდი ყველა წმინდანს, ვინც მისი დედის ლოცვა ვერ შეისმინა და მისი დასამართნი უბედურებანი მის დედას არ დამართა.
დიდი ხანია დედამისი „ ყველა დედას შვილი კარგად უმყიფეო“ ასე ლოცულობს.
ახლა კი მხოლოდ ძალას სთხოვს და რწმენის შენარჩუნებას!

ჩემს შვილს იასამნისფერი სული აქვს.
მრავალფერადი და სურნელოვანი იასამნები უყვავიან .
მაშინაც კი, როცა გადამეტებულს უწოდებს ჩემს სიკეთეებს,
მაშინაც , როცა ირონიით უყურებს ჩემს ლოცვას და მხოლოდ
ჩემი ხათრით იწერს პირჯვარს და ჩემი გულისთვის წაიბურტყუნებს
„უფალო შემიწყალენ“, მაშინაც უფრო ღვთისნიერია, ვიდრე ნებისმიერი მორწმუნე და მომლოცველი დედამიწის ზურგზე.

ჩემს შვილს დიდი საქმეები აქვს წინ.
მე ჩემი მოვრჩი.
სწორედ ამიტომ,
ახლა , ოღონდაც ფიქრებით მაინც სადმე გავიქცე და...
ჭაღარა თურქ დალაქს, რომელიც არც ისე სასტიკია სინამდვილეში, როგორც აქამდე წარმოგიდგინეთ,
არც მისი სამართებელი თუ მაკრატელია იმდაგვარად შემზარავი, მე რომ მომეჩვენა,
ვართმევ ჩემი შვილის ლამაზ გრძელ ნაწნავს და მაგრად ვიხუტებ გულში,
რათა კვლავ, რათა ისევ, სადღაც იისფერ მორევში გადავეშვა და
ჩემი შვილის ოცნებებზე ვიოცნებო."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები