ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
30 ივლისი, 2021


წვიმა

რამდენი წვიმა გამოვტოვეთ, მაინც, რამდენი,
რამდენჯერ გვსურდა გიჟებივით წვიმაში ცეკვა?
სისულელეა, სისულელის ერთხელ ჩადენა,
სისულელეა ქოლგის გაშლა, მოდი, დავკეცოთ!
სისულელე ხომ ცოდნა არის, ხოლო ცოდნას კი,
გამეორება ჰყვარებია, ასე ამბობენ...
ნუ შეშინდები, დავსველდებით თუკი ცოტათი,
შენს ცივ ტუჩებსაც გამოვიხსნი ცხელი ამბორით!
ვიყოთ შიშველი ფეხებით და შენს თეთრ „ოლ სტარებს“,
კისერზე შარფად დავიკიდებ-სველი თასმებით,
ვიყოთ ამ წვიმის ჯაშუშები, ღმერთის მსტოვარნი,
ვიყოთ წვიმაში, განა მზესთან რას მოვთავსდებით,
მაგრამ, ვაი თუ, შემეპარა წვიმაში იჭვიც,
შენი ყელიდან მკერდისაკენ წვეთს რომ აცურებს,
მე მოგახურავ მკლავებს, როგორც სჩვევიათ ფიჭვებს,
შენ გაიღიმებ. მომეკრობი და ვერ მაცდუნებ,
რომ ეს ხელები წავატანო წელს და თეძოებს,
რომ ეს თვალები წავატანო შეხსნილ საკინძეს,
რომ ხსნილი იყო-მარხულისთვის თევზის კერძივით,
რომ იყო ახლოს, უსაშველოდ მოკლე მანძილზე,
რომ მთელი ყელი დამიორთქლოს შენმა ჰაერმა,
რომ გულისცემა ამიჩქაროს სუნთქვის სიხშირემ,
რომ ვნება მკლავდეს და სურვილი მრავალნაირი,
რომ ყველა ერთად ჩავაძაღლო დასაწყისშივე,
რომ ვიდგე, როგორც მარმარილოს სვეტი, ბიუსტი,
ნუ გაბრაზდები, ნურც დამცინი, დედას გაფიცებ...
მსურს, ამ წვიმაში საკუთარ თავს სულზე მივუსწრო,
და მამასავით ჩაგეხუტო, მხოლოდ დაგიცვა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები