ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
31 ივლისი, 2021


ემიგრანტობის თემასა და დედაშვილობაზე


2017 წლის 28 მარტს - საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო. როგორც იქნა აღსრულდა ვახტანგ მეექვსის აღმზრდელის - სულხან - საბას ოცნება საქართველოს ევროპულ ოჯახში მიღებისა. როგორ სთხოვდა საფრანგეთის მეფეს - ლუდოვიკო მეთოთხმეტეს ჩვენს ქვეყანას დახმარებოდა, მაგრამ მუხრან მაჭავარიანის არ იყოს,

„საფრანგეთს ვთხოვოთ: გვიშველისო, - სასაცილოა! -
შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია“.

თუმცა სწორედ ჩვენ ვართ პირველი ევროპელები, ამას ადასტურებს დმანისში აღმოჩენილი ზეზვას და მზიას თავის ქალები.

მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდიაც იმისთვის იბრძოდნენ, რომ ქართველებს თავისუფლად შესძლებოდათ ევროპაში სიარული და საყვარელი ადამიანების მონახულება (მე პირადად დეიდა მყავს იტალიაში), მოგეხსენებათ როგორი ჩაკეტილი იყო საზღვრები საბჭოთა კავშირის დროს.

ევროპა მაინცდამაინც ცუდ რამეს არ ნიშნავს. ევროპა - ეს არის მიქელანჯელოს, ლეონარდო და ვინჩის, ტიციანის, რაფაელის, ბეთჰოვენის, მოცარტის, შუბერტის, დანტეს, გოეთეს, შექსპირის სამშობლო. ევროპელებს ჩვენგანაც შეუძლიათ ბევრი კარგი რამის სწავლა (ისევე როგორც ჩვენ მათგან), რადგან არც ჩვენ გვაქვს ნაკლები ისტორია და კულტურა.

დარწმუნებული ვარ, ემიგრანტ ქართველებს ისე ენატრებათ საქართველო, როგორც ზვიად გამსახურდიას ენატრებოდა დევნილობაში ყოფნისას.

ქართველები ბევრნი ვართ, საქართველოში ვართ ცოტანი. ვისურვებდი, რომ ყველა ემიგრანტი სამუდამოდ დაბრუნებულიყოს სამშობლოში. ჩემი ეს ორსტროფიანი ლექსი სწორედ ჩემივე სურვილის დადასტურებაა:

ო, ემიგრანტო! სამშობლოდან გადახვეწილო
ნუ დაივიწყებ საქართველოს - ცრემლებით ნამულს,
თუ საჭიროა ყველაფერი უნდა შესწირო,
კოსტავასავით ანაცვალო სიცოცხლე მამულს.

ო, ემიგრანტო! ანგელოზი გეძახის ფუძის,
დღემდე მოგელის სანატრელი შენი კერია,
არ დაივიწყო - ვინც გაწოვა სიმართლის ძუძუ,
შენი ჩამოსვლით გაახარე ეს ივერია.

ემიგრანტობის თემაზე კიდევ ერთი ლექსი მაქვს, რომელსაც ,,ემიგრანტი დედის წერილი“ დავარქვი.

არ არსებობს იმაზე ძვირფასი სიტყვა, ვიდრე
,,დედაშვილობა“.

დედაჩემის სიცოცხლეში (1958-2012) მხოლოდ ერთი ლექსის დაწერა მოვასწარი მასზე, მხოლოდ დედაჩემის გარდაცვალების მერე დამიგროვდა დედაზე ლექსები.

არ არსებობს დედაზე დაწერილი ცუდი ლექსი, დედაზე დაწერილი ყველა ლექსი თავისებურად კარგია.

დედაშვილურ სიყვარულზე უფრო დიდი გრძნობა არ არსებობს დედამიწაზე, ისევე როგორც არ არსებობს დედის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე უფრო დიდი ტკივილი, შვილის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილის გარდა.

ხშირად ჩაეხუტეთ დედებს... ცუდ ხასიათზე ვიყავი თუ კარგ ხასიათზე, დედას ყოველთვის ვეხუტებოდი. არა აქვს მნიშვნელობა ცუდად ხარ თუ კარგად, დედას ხშირად უნდა ჩაეხუტო (ვისაც აღარ გვყავს, ნათელში გვიმყოფოს უფალმა), ჩახუტებით სითბო გადადის. მშობლის სიყვარულიდან იწყება მოყვასის სიყვარული.

დედა სიცოცხლის ელექსირია! ბედნიერია ის ქალი, რომელსაც დედა ჰქვია, ქალისთვის დედობაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.

არავის ეყვარები ისე, როგორც მშობელ დედას უყვარხარ, არავინ გიერთგულებს ისე, როგორც შენი დამბადებელი გიერთგულებს.

ჩვენ – ქართველებს ბევრი კარგი სიტყვა გვაქვს დედაზე: ,,დედაენა“, ,,დედა ბოძი“, ,,დედა ისტორია“, ,,დედამიწა“ და ასე შემდეგ.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

ემიგრანტი დედის წერილი

მოგესალმები შენ - ჩემო შვილო,
გადახვეწილი უცხო მხარეში...
შენ უფლება გაქვს მე შემომჩივლო,
რომ ჩემს გამო გაქვს სევდა თვალებში.

თუმც ჩემო შვილო, ნუ განსჯი დედას,
მრავალჭირვარამ ვარ გამოვლილი...
შენი მშობელი უცხო ცას ხედავს
და სხვის მიწაზე დნება თოვლივით.

მინდა ვიწყებდე ცხოვრებას ახალს,
ისევ ჰყვაოდეს ჩვენს ბაღში ნუში...
მე ალბათ მალე ჩამოვალ, გნახავ
და რა თქმა უნდა, ჩაგიკრავ გულში!

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები