ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
31 ივლისი, 2021


***

ძველი დღეების გახსენება უფრო რთულია,
ძველი დღეების, სადაც ჯერაც შემორჩა სითბო.
ადამიანი უეჭველად სიყვარულია
და თუ არ არის, უეჭველად უნდა რომ იყოს.

კარგი დროება წლებს გაჰყვა და ნისლში შეცურა.
ახლა არაფერს ველოდები, აღარც ვცდები და
არც არაფერი მიხარია. უეჩვეულოა,
არ მეგონა თუ გაზაფხულიც ვერ მიშველიდა.

ვისთვის ვწერ? ხშირად ვეკითხები ჩემს თავს ხმადაბლა
და ვერ ვპასუხობ. სიჩუმეა ჩემი მიმიკა.
მე შენთან, ვიცი, მეტი უნდა მელაპარაკა,
რომ სასაუბრო დამრჩენოდა ცოტა სიკვდილთან.

ნაცრისფერ დღეებს ჩემს ნერვებთან ვატარებ ომში
და გაუძლებლის გაძლებაა ბრძოლის მოგება.
შორს ჩანს ადგილი სინანულის, სახელად - მორჩა!
უსასრულობის სავანედ რომ არ გამოდგება.

უნდა მეწერა, ეს ვიცოდი, როდესაც გავჩნდი.
უნდა მეწერა, ბედისწერამ ასე განაგო.
თუმცა არ ვიცი, ყველაფერზე ჩემს სულში წაშლილ
რომელ რწმენას და რომელ ძველ ღმერთს ველაპარაკო

და სიმართლე ვთქვათ, არც მე ვეძებ მათთან მისვლის გზას,
ყველა გზა მაინც მათთან მიდის გვიან თუ ადრე.
მე მართალი ვარ ყველა ღმერთთან და ჩემს სინდისთან
და მაინც თითქოს ცის სიბევრეს ბეჭებით ვათრევ

ძველი ბერძენი ტიტანივით და ასე მცირე
და ასე მშრალ დროს გადურჩე, ვიცი, რთულია...
ადამიანი მანძილია წლებს შორის (ტირე)
და ამ წლებს შორის მოქცეული სინანულია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები