ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
3 აგვისტო, 2021


***

რა გრჩება უკან, ჩემო ძველო, ნაცნობო სევდავ,
ნაცარი, ფერფლი, მცირე ღიმი და ბევრი სიტყვა
რომელიც არ თქვი და ამ ცუდი ცხოვრების შემდეგ
ალბათ არსებობს, რაღაც მაინც, რის გამოც ღირდა

ცხოვრება. ალბათ, ახლაც არის რის გამოც გაძლებ.
ხომ ხედავ, ჩემო უძველესო, ნაცნობო სევდავ-
მე მაინც ვსუნთქავ, ვარსებობ და იმედსაც გაძლევ
რომ არ გამოშრე. მოიცადე ხვალამდე. ერთხანს

კიდევ მჭირდება ცარიელი, უიღბლო თავი.
უფრო უჭკუო, თორემ ჩვენსას ძაღლი არ დაყეფს,
(იღბალს) რადგანაც ჩვენს ყოფაზე მცირედის გამო
ტყვიას იკრავდნენ საფეთქელში და ასეთ ღამეს

დაიმოწმებდნენ, რომ აღარ ღირს უცქირო ზეცას:
არა თამბაქო, არა ღმერთი, არა კარები,
რომელსაც მაშინ მიადგები, როდესაც შენ ხარ
შენი თავი და კარის მიღმა მაინც გხვდებიან

თვალები, სადაც წაიკითხავ მთელი დღის სიცხეს,
სიავეს, დარტყმებს, უარყოფებს, ვალებს და ყველა
პრობლემას რასაც გაექეცი და მაინც ისე
გიმზერენ თითქოს, შენს გარშემო ტრიალებს ზეცა,

რომელსაც გუშინ მიახალე, რომ არ გსურს მისით
აივსო, როცა ყველაფერი გამძიმებს ქვემოთ.
დაგჩემდა გრძნობა, უცნაური, სახელად - ზიზღი...
(პირველყოვლისა შენს მიმართ და...) ფიქრს იწყებ, შენ რომ

ყოფილიყავი შენი თავი ამ წლებით ადრე,
რომ შეგძლებოდა გადაგესვა ხაზი იმისთვის
და იმათთვისაც ვინც და/ან რაც ყოველდღე განგრევს
გადარჩებოდი... თუმცა ახლა ღამეა. სხვისი

ფიქრია ესეც. შენ ხარ ეს სხვა და უკან დარჩი
და წინ წავიდა სამყაროში რაც იყო ყველა
სიამე, სიბრძნე, სიხარული და მაინც ბავშვის,
იმ მიამიტი ბავშვის გულით სუნთქავ და ფეთქავ

შენი ცხოვრების დაღლილ მკერდში, უცნობო ჩემო,
ძველო სევდავ და იოცნებე, ხვალამდე მაინც
გაძლო და მერე სხვა იქნება... სხვა დღე და ერთობ
მოულოდნელად, შესაძლოა მოაბა თავი

ყველაფერს, რასაც ეძიებდი. ამბობენ, ჰპოვებს
მძებნელი, თუმცა ესეც, იცი, ძველი ხაზია
სიბრძნის, რომელიც იცრიცება ხეებზე, როცა
მზეები ასე უნაყოფოდ ზღვაში ჩადიან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები