ნაწარმოებები



ავტორი: თემური57
ჟანრი: პროზა
5 აგვისტო, 2021


ლაშა ტალახაძე

                .  .  .
წიგნის წერისას არჩევანის წინაშე დავდექი - რით დამეწყო. გადაწყვეტილება თავისთავად მოვიდა, დიდხანს განსჯა არ დამჭირვებია. ვიწყებ იმით, რითაც ლაშამ დაიწყო აღმასვლა სპორტის უმაღლესი მწვერვალის  ,,ოლომპოს“ დასალაშქრად.
ლაშას შედეგები, ნაჩვენები იუნიორთა საერთაშორისო ასპარეზობაზე.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
წელი შეჯიბრი          ჩატარების ადგ.   წონითი  კატეგორია  ატაცი კგ. აკვრა კგ. ს/ შედ. ადგილი
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -------------------------------------------------------------------------------------------------
2010 ევრ. ჩემპ. იუნ.  ვალენსია ესპანეთი            + 105 კგ.               158             187             345         1

2011 ევრ. ჩემპ.  იუნ. ბუქარესტი, რუმინეთი       + 105 კგ.                 185               217             402         1

2011 მსოფ. ჩემპ.      პარიზი. საფრანგეთი       + 105 კგ.                 180                 207             387         20

2012 ევროპ. ჩემპ.  იუნ.      ეილატი, ისრაელი      + 105 კგ.         190          222             412           3

2013 მსოფ. ჩემპ.    იუნ.  ლიმა, პერუ                   + 105 კგ.           190           221       411           1

2015 მსოფ.  ჩემპ. ჰიუსტონი, აშშ                         + 105 კგ.         207                   247     454           1
                                                           
                                                                         
                                                      წინათქმა
პატივცემულო მკითხველო!

მადლობელი ვარ უფლისა, ისეთ ეპოქაში რომ დავიბადე, რომელშიც ჩემი ადგილის პოვნა არ გამჭირვებია, თუმცა, როგორც ყველა ადამიანის განვლილი გზა, მარტივი არც ჩემი ყოფილა, აღსავსე იყო მოულოდნელობებითა და პრობლემებით.

ერთ-ერთი ასეთი მოულოდნელობა ის გახლავთ, რომ ლაშას წარმატების შესახებ ნაწარმოების დაწერა გადავწყვიტე. აქამდე ექვსი წიგნი გამოვეცი, რაღაც წარმატებას საერთაშორისო ლიტერატურულ კონკურსებზec მივაღწიე და ამით გამოცდილებაც შევიძინე, მაგრამ არა იმდენი, რომ სრულიად ახალ თემას შევჭიდებოდი. იმას, rac  ჩემს ცხოვრებაში თანამედროვე პატრიოტიზმის სახელით შემოიჭრა და ეს ცხოვრება კიდევ უფრო გამილამაზა.

ლაშასთვის რიოს ოლიმპიადა ,,დიდგორის ბრძოლა“ იყო. მას ძალოსნობაში თავისი ადგილი ამ ბრძოლის მოგებით უნდა მოეპოვებინა. ეს არ გახლავთ მაღალფარდოვანი სიტყვები, არც მწერლის მხატვრული გამონაგონი. ეს იყო რეალობა, რომელშიც ის აღმოჩნდა.

თავიდან, ვიდრე წიგნის წერის გადაწყვეტილებას მივიღებდი, ბევრი ვიფიქრე, რადგან ფარული შიში ნამდვილად დამეუფლა. რატომღაც მომეჩვენა, წიგნი მოცულობითi არ გამოვიდოდა, არა იმიტომ, rom ინფორმაციის მიღების მცირე  ტექნიკური საშუალებები გამაჩნდა - მასალის ხელმისაწვდომობამ დამაეჭვა.

წიგნის მთავარი მოქმედი გმირის დრო, მგონი, წამებშია გაწერილი და არა თუ ხშირად, შეიძლება მასთან შეხვედრის შესაძლებლობა საერთოდ არ მომცემოდა. ამასთან, ლაშას შესახებ ერთი წიგნი უკვე გამოცემულია და მე არ გამაჩნდა სურვილი, ძველის ინტერპრეტირებით ისეთი წიგნი შემექმნა, რომელიც უკვე ფაqtobrivad  შექმნილი იყო. ასევე ცუდად ვიცნობდი ,,ძალოსნობის სამზარეულოსაც,“ მართებული იქნება თუ ვიტყვი, რომ საერთოდ არ ვიცნობდი.
ამიტომ სხვა მიმართულებით წავედი. მშრალი სტატისტიკა სპორტის ისტორიას დავუთმე და  მხატვრულ-დოკუმენტური ნაწარმოების შექმნა განვიზრახე, რომლის მოქმედი გმირები ჩვენი სასიქადულო სპორტსმენის უახლოესი ადამიანები, მის მშობლიურ ქალაქში მოღვაწე  ძალოსნობის სპეციალისტები და ამ ქალაქში მცხოვრები ჩვეულებრივი ადამიანები იქნებოდნენ. 

იცოცხლეთ! აქ კი ჰორიზონტზე, მირაჟივით გამოჩნდა უამრავი შესაძლებლობა. მე და ლაშას ოჯახი, საჩხერეში კარგად ნაცნობ ,,ძველი სტადიონის“ უბანში ვცხოვრობთ. ვიცნობ მის მშობლებს,  მეზობლებს, ახლობლებსa და ყველას, ვისაც ლაშა თავის კერპად მიაჩნია.

საკითხის დადებითად გადაჭრაში მნიშვნელოვანი როლი იმანაც ითამაშა, რომ წარსულში ლაშას მამასთან  არაპირდაპირი, მაგრამ სამსახურებრივი ურთიერთობა მაკავშირებდა, რომელიც აგებული იყო ურთიერთპატივისცემაზე. ამასთან, ბოლო პერიოდამდე ბატონი კობა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურში მუშაობდა, რომლის ხელმძღვანელი ლევან ჩხეიძე გახლავთ. ამავე სამსახურში უანგაროდ შრომობს ზურაბ თურმანიძეც. ორივე ბატონი კობას მეგობრები არიან და მათთან გარკვეული კეთილი დამოკიდებულება მეც გამაჩნია.

ბატონმა ზურამ ამ წიგნის რედაქტორობა ითავა, რამაც ძალიან გამახარა, რადგან მასთან ტანდემში ორი წიგნი გამოცემული მაქვს და მის პროფესიონალიზმში ეჭვი არასდროს შემპარვია. მას ნაწარმოების სტრუქტურა გავაცანი, მომიწონა და წერასაც შევუდექი. 

ღირსეულ სპორტსმენს ღირსეული წიგნი ეკუთვნის - მაღალმხატვრული ნაწარმოები, რომელიც გაჯერებულია სხვადასხვა ინფორმაციით, სტატისტიკითა და მიღწეული შედეგების დაფიქსირებით, მაგრამ სპორტი მხატვრული ლიტერატურა არ არის… მოიგონო სიუჟეტი, შეხვიდე შენს მიერ გამოგონილ სამყაროში და თავისუფლად იმოქმედო ... სპორტი გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს მწერალს ...

ამ წიგნში მკითხველი ბევრ საინტერესო ინფორმაციას აღმოაჩენს, რომელიც დაკავშირებულია ლაშასთან ან ძალოსნობის ისტორიასთან. ახლოს გაიცნობს გოლიათის მშობლიურ მხარეს - საჩხერეს და იქ მცხოვრებ უბრალო ადამიანებს, რომლებიც ისე ემსახურებიან სამშობლოს, როგორც შეუძლიათ.
                                                   
                                                ინფორმაცია განსჯისათვის
ლაშა ტალახაძის შესახებ მომავალიში, ალბათ, იმაზე მეტი დაიწერება, რაც აქამდე დაწერილა, რადგან ამ ახალგაზრდა გოლიათის ცხოვრება ისეთ კალაპოტში და ისეთი სისწრაფით მიედინება, შეუძლებელია, ამას თან არ ახლდეს დიდი წარმატება.

მიზნისკენ სწრაფვა, შრომისმოყვარეობა, მეტოქეებისადმი პატივისცემა და საკუთარი სამშობლოსადმი დაუღალავი სამსახური უფლის მიერ შეუმჩნეველი არასდროს რჩება, რაც დროში გავრცობადობით,  აუცილებლად სიკეთით მთავრდება. სიკეთით, რომელსაც ამ  ქვეყნად დასაწყისი კი გააჩნდა, მაგრამ არა მგონია, დასასრული ჰქონდეს - ეს კაცობრიობის დასასრულიც იქნებოდა. ამას კი შემოქმედი  არ დაუშვებს. ადამიანებს სიკეთის კეთების შესაძლებლობას მუდმივად მისცემს.

იგი სწორედ ამ გზას მიჰყვება, სიკეთის გზას, რომელიც განზოგადებულია სპორტში და კერძოდ, ძალოსნობაში. არ შეიძლება ცუდი ადამიანი კარგი სპორტსმენი, მშობელი და ა.შ. იყოს, ასე არ იმართება ღმერთის მიერ შექმნილი სამყარო. სამყარო, რომლის მცირედი, მაგრამ ზებუნებრივად კაშკაშა ვარსკვლავი, ქართულi ტრადიციების მოყვარულ, ერთ ჩვეულებრივ იმერულ ოჯახში დაბადებული გოლიათი  ლაშა ტალახაძეა.

ყოვლისმომცველი ისტორია გამოჩენილ ადამიანებს შესაფერის თიკუნებს უბოძებს ხოლმე: დიდი, მცირე, კეთილი და სხვა, თუმცა, ლაშასთან მიმართებაში ასე არ მომხდარა ... არ მომხდარა, რადგან ის ამ ისტორიაში იმ სახელით შევიდა, რომელიც მისმა მშობლებმა - ქალბატონმა ჟანამ და ბატონმა კობამ დაანათლეს ... ლაშა! ... უბრალოდ ლაშა! ...
გაივლის წლები და ლაშა აქტიური სპორტიდან წავა, მაგრამ მისი სახელი არ გაფერმკრთალდება. იგი იმ მამულიშვილთა სათაყვანებელ კოჰორტაში თავის კუთვნილ ადგილს დაიმკვიდრებს, რომელთაც ქართველი ერი მხოლოდ სახელით მოიხსენიებს და ისტორიაც ამგვარად იცნობს.

ლაშამ ქართული სპორტი, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, აქამდე არნახულ სიმაღლეზე აიყვანა. მოიგო ყველა ტიტული, რისი მოგებაც ერთ ადამიანს შეეძლო და მკვეთრი ნატერფალი ოლიმპოს მწვერვალსაც დაამჩნია, საიდანაც უკვე მარადისობა მოჩანს.

  2016  წლის 5 აგვისტო. რიოს ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 206 ქვეყნის თერთმეტი ათასზე მეტი სპორტსმენი. სპორტის 28 სახეობა მოიცავდა 41 დისციპლინასა და 306 ღონისძიებას. დევიზი: ,,Um mundo novo (ახალი მსოფლიო) ზედმიწევნით ზუსტად ესადაგებოდა ოცდამეერთე საუკუნის მოთხოვნას, რომელმაც კაცობრიობას განვითარების მორიგი ეტაპი განუსაზღვრა. ის ეფუძნება კოსმიურ ფილოსოფიას და სცდება დედამიწის მიზიდულობის ფარგლებს.

  გავუსწრებ მოვლენებს და შეგახსენებთ, რომ ადამიანის მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში არაამოწურვადია მისი შესაძლებლობების ზღვარი, რომელიც არც თუ ისე ხშირად, მაგრამ მართლაც ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება. ამ მხრივ  არც სპორტია გამონაკლისი, თუმცა ზოგიერთ სახეობაში მიღწეულმა პროგრესმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, დაუჯერებელი რეალობად  აქცია.

  რიოს ოლიმპიურ თამაშებზე თავისი ,,კოსმიური სიტყვა“ სპორტის ერთ-ერთმა უძველესმა სახეობამ, ძალოსნობამაც თქვა. ერთმანეთის მიყოლებით დაემხო ,,დროში გაწელილი“ მსოფლიოსა თუ ოლიმპიური თამაშების რეკორდები. ადამიანმა თითქოს ზებუნებრივი ძალა შეიძინა. დაძლია ქართული ანდაზის  აქამდე არსებული სტერეოტიპი - ,,თავს ზემოთ ძალა არ არის“ და საკუთარი სხეული, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, დაიმორჩილა, შესაძლებლობების ზღვარს გადააბიჯა. შექმნა ახალი ფილოსოფია, რომელმაც სპორტი სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა, ცხოვრების წესად დაამკვიდრა.

  სპორტმა ჯერ კიდევ ჩვენი ცივილიზაციის არსებობის გარიჟრაჟზე ,,აიდგა ფეხი,“ ადამიანი მას, როგორც კერპს, ისე ეთაყვანებოდა. მართალია, შემდგომში ის ირეალური, საოცრად მოქნილი და სიცოცხლისუნარიანი მიმდინარეობა გახდა, მაგრამ მისი მნიშვნელობა კაცობრიობამ იმთავითვე გაითავისა - ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას ომს მშვიდობა ცვლიდა.

ე.ი. როგორც ცოცხალმა ორგანიზმმა, სპორტმა არსებობისათვის ,,სასიცოცხლო სივრცე“ მოითხოვა. მოითხოვა და მიიღო კიდეც, ადამიანმა უყოყმანოდ დაუთმო თავისი საცხოვრისი - პლანეტა დედამიწა.

  დღეისათვის, ამ ,,გადასახედიდან’’, უკვე ძნელია იმის თქმა,  რა სჯობდა - სამუდამოდ სამოთხეში დარჩენა თუ ,,შემეცნების ხის ნაყოფის“ მირთმევა. მაგრამ  Tu არ იქნებოდა ეს უკანასკნელი, ადამიანი ვერასდროს იხილავდა მატერიალურ სამყაროს, ვერასდროს შეძლებდა სპორტით ტკბობას. ის ერთგვარი მიზანია, რომელიც მიღწევადია.
  სპორტი მართლაც მიზანია. იგი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე განსაზღვრავს, როგორც კონკრეტული ადამიანის, ასევე ნებისმიერი ერის და კაცობრიობის მომავალს. მისი სრულქმნა ადამიანის გონითი შესაძლებლობების სრულყოფის პარალელურად მიმდინარეობს, რის გამოც ,,გარემოსთან’’ ადაპტაცია ადვილად დაძლია. მისდამი დამოკიდებულებამ და მასშტაბებმა ისეთ სიმაღლეებს მიაღწიეს, რომ თანამედროვე ეპოქაში ერის იდენტიფიცირების განმსაზღვრელიც კი გახდა.

  სპორტი ზეციდან ბოძებული ,,ღვთიური მადლია,“ ის სულ სხვა სივრცესა და დროში არსებობს. ეს სამყარო არც აბსტრაქტულია და არც მიწიერი, მასში დრო არც მიედინება და არც ერთ ადგილზე დგას. აქ რეალობა სინგულარულია და აზრი კოლაფსირებული. მისაღებიც და მიუღებელიც ერთმანეთშია შერწყმული, მაგრამ მათ შორის ბრძოლა ყოველთვის სპორტის, სიკეთის გამარჯვებით მთავრდება. 

  იულიუს ფუჩეკმა ასეთი რამ თქვა: ,,თუ შენ გინდა ახვიდე მაღლა, ადი საკუთარი ფეხით, ნუ მოინდომებ, აგიტანონ იქ და ნურც დაჯდები სხვის ზურგსა და თავზე’’.

  სწორედ ამიტომ სპორტი მუდმივ განახლებას განიცდის სივრცესა და დროში, რაც მისი განვითარების წინაპირობაა. ყოველი გარკვეული ეტაპის შემდეგ, კაცთმოყვარეობის ხარჯზე, ის უფრო მოქნილი ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე სპორტი სიკეთის ერთგვარი ფილოსოფიაა.

წავიდა ის დრო, როცა სპორტი, ისე, როგორც ერთ დროს, გასული საუკუნის ცხრაასჩვიდმეტ წელს  ხელისუფლება, ,,ქვაფენილზე ეგდო’’ და ,,ამღები’’ არ ჩანდა. ასეთ ავანტურას მან საბოლოოდ უთხრა უარი. სპორტმა ,,ხელისუფლების ხელში აღებით“,  ახალ სიმაღლეებს მიაღწია, მცირე და მრავალრიცხოვან ერებს შორის ზღვარი წაშალა. სპორტში მიღწეული წარმატება დედამიწის ცივილიზაციის ისტორიის კუთვნილება გახდა.
  ამ მცირედი გადახვევით ვცადე, მკითხველთა ყურადღება სპორტის მნიშვნელობაზე გამემახვილებინა, რომ რიოს ოლიმპიადაზე ლაშას გამარჯვება ღირსეულად წარმომეჩინა.

ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები მიშელ ტემერმა გახსნა. ფიცი სპორტსმენთა, მსაჯთა კორპუსისა და მწვრთნელთა სახელით, შესაბამისად: რობერტ შეიტმა,  მარტინიო მობრემ და ადრიანა სანტუსმა დადეს.

  ძალოსნობაში კაცებს შორის 8 წონით კატეგორიაში, 6-16 აგვისტოს, მედლების 15 კომპლექტი გათამაშდა. სხვადასხვა დარღვევების გამო ოლიმპიადაზე გამოსვლა აეკრძალათ რუსეთისა და ბულგარეთის ძალოსნებს.

  16 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე, A კატეგორიის ძალოსანთა ასპარეზობა დაიწყო. სრულიად საქართველოს ყურადღება ,,რიოცენტრის“ მეორე პავილიონის ძალოსნობის დარბაზზე ფოკუსირდა. +105 კგ. წონით კატეგორიაში ჩვენი ორი თანამემამულე: ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე გამოდიოდა.

  საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე, რომელმაც ოლიმპიური ოქრო საბერძნეთში მოიპოვა და ასევე საჩხერელია, იმედოვნებდა, რომ ლაშა ოქროს მედალზე  ,,წავიდოდა“, იმედმა გაამართლა.  157,34 კგ. წონოსანმა ლაშა ტალახაძემ ატაცში - 205; 210; 215 კილოგრამი ერთმანეთის მიყოლებით დაძლია და აკვრაში ასევე ბრწყინვალე შედეგი აჩვენა - 242; 247 და 258;  საერთო შედეგით - 473 კილოგრამი, მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. ხოლო ირაკლი თურმანიძე 448 კგ-ით მესამე ადგილზე გავიდა. ასპარეზობაში მონაწილეობას 17 ქვეყნის 22 სპორტსმენი იღებდა.

  ეს იყო ქართველი სპორტსმენების ბრწყინვალე გამარჯვება. იმ დღეს სრულიად საქართველომ გაიხარა, სიამაყემ დაისადგურა თითოეული ჩვენთაგანის გულში. მართალია, ამგვარი წარმატებებით განებივრებულები არ ვართ, მაგრამ არც უმისობა გვეთქმის, თუმცა ლაშას გამარჯვება სულს სხვა ხარისხში იყო აღმატებული - პლანეტის ყველაზე ძლიერი ადამიანი!

  იავნანითა და ქართული ზღაპრებით გაზრდილმა საჩხერელმა ბიჭმა მსოფლიო შეაშფოთა, პატარა ერის შვილმა ოლიმპიადის ისტორიის ახალი ბრწყინვალე ფურცელი დაწერა. ფურცელი, რომელიც მასთან და ქართველ ერთან ერთად,  უკვე ეზიარა მარადისობას. ის არა მხოლოდ წარსულის, მომავლის კუთვნილებაც გახდა. იმ ქართველებისა, რომლებიც  ლაშას გამარჯვებით გაიზრდებიან და იამაყებენ, ახალ გამარჯვებებზე წავლენ.

დიდ სპორტში ადვილად არავინ არაფერს თმობს. ლაშასაც, ბეჰდად სალიმის სახით, ღირსეული მეტოქე დაუპირისპირდა. მან ატაცში მსოფლიოს ახალი რეკორდი 216 კგ-ით დაამყარა და ერთი კილოგრამით გადაუსწრო ლაშას.

სალიმმა, ალბათ, ჩათვალა, რომ წმინდა სპორტული შედეგის გარდა, ლაშაზე ფსიქოლოგიური უპირატესობაც მოიპოვა და ქართველ სპორტსმენს ოქროს მედალზე ხელი ააღებინა. მაგრამ მისდა  სამწუხაროდ, იმას ვერ მიხვდა, რომ ლაშა ორივე კომპონენტში: ფიზიკურშიც და ფსიქოლოგიურშიც მასზე ძლიერი იყო.

  თუმცა გასათვალისწინებელი იყო ერთი მეტად მნიშვნელოვანი ,,გვერდითი გარემოება:“ აკვრაში, დაახლოებით ცამეტი წლის წინანდელი მსოფლიოს რეკორდი ბეჰდადის თანამემაულეს 263,5 კგ-ით, ჰუსეინ რეზაზადეჰის ეკუთვნოდა, რაც სალიმს თითქოს ერთგვარ უპირატესობასაც კი ანიჭებდა. მაგრამ ირანელისთვის აკვრის დისციპლინა, პირდაპირი მნიშვნელობით, მძიმე გამოდგა, მან ვერ დაძლია 245 კილოგრამი, სამივე ცდაში ხელი მოეცარა და ოლიმპიურ მედალზე ფიქრი ამით დაასრულა. გამარჯვების კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ფეხი ლაშა ტალახაძემ შედგა.         
                           
                                                ძალოსნობის ისტორია
  ძალოსნობა (სიმძიმეების აწევა), როგორც სპორტის ერთ-ერთი უძველესი სახეობა, სათავეს ადრეული ანტიკური ხანიდან იღებს. ფიზიკური სიძლიერე და სრულქმნილი სხეული ადამიანის ზებუნებრივ წარმომავლობაზე მეტყველებდა და მას განსაკუთრებულ სტატუსს ანიჭებდა - ,,ძლიერი, ძლიერთა შორის“.

  გოლიათები, როგორც მათ უწოდებდნენ, გარკვეული პრივლეგიებითაც სარგებლობდნენ. ისინი, მეფეთა და მმართველთა მხრიდან, მუდამ ყურადღების ცენტრში იმყოფებოდნენ, წარმატების შესაბამისად, უზრუნველადაც ცხოვრობდნენ.

  ანტიკურ ხანაში მამაკაცის სწრაფვა, ფიზიკურად ძლიერი ადამიანი გამხდარიყო, მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარეობდა. დიდი ფიზიკური ძალის ქონა სხვებზე გამარჯვებას და საკუთარი სიცოცხლის დაცვას ნიშნავდა. ამიტომ საბრძოლო იარაღების სრულფასოვან ფლობასთან ერთად, ის დიდ ყურადღებას სხეულის გაკაჟება-გაჯანსაღებასაც უთმობდა.
სრულქმნისადმი ასეთმა მიდგომამ ძლიერთა შორის დაპირისპირების, პაექრობის აუცილებლობა წარმოშვა და იმ საზოგადოებაში ამ დაპირისპირებისადმი გარკვეული მოთხოვნილებაც გააჩინა, რამაც შემდგომ შეჯიბრობითობის სახე მიიღო.

  დედამიწის ცივილიზაციის ადრეული ხანა, ძირითადად, ევროპის კონტინენტით იყო წარმოდგენილი- ანტიკური პერიოდით, ბერძნულ-რომაული ცივილიზაციებით, რომელთაც კავშირი ან არ ჰქონდათ, ანდა უმნიშვნელო შეხების წერტილები გააჩნდათ სხვა დიდ ცივილიზაციებთან - დასავლურ - აცტეკურ-მაია-ინკურთან; აღმოსავლურ - ჩინურ -ჰარაპულ და სამხრეთულ - ეგვიპტურ-აფრიკულ  კულტურებთან.

ძალოსნობის (ათლეტიზმის) შესახებ პირველი ცნობები, როგორც რაღაც ცალკეულად გამოყოფილი ე.წ. სპორტის სახეობა, სწორედ ჩინურმა კულტურამ შემოგვინახა. ის განეკუთვნება შუს დინასტიის მმართველობის ხანას, ანუ 1000 წელს ქრისტეს შობამდე პერიოდს.

ზრდასრული მამაკაცი, ვიდრე სამეფო არმიაში ჩაირიცხებოდა, გადიოდა ძალისმიერ შერჩევას, რაც თანამედროვე განმარტებით, ალბათ, ერთგვარი სატესტო გამოცდა იყო, რომელიც შედგებოდა სხვადასხვა ე.წ. ვარჯიშისაგან და ათლეტიზმის ელემენტისაგან. შეფასებას სპეციალური კომისია ახდენდა და დადებით ან უარყოფით დასკვნასაც ის გასცემდა. 

მაშასადამე, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ იმ პერიოდისთვის უკვე არსებობდა ძალოსნობის გარკვეული ნორმატივების ერთობლიობა, რომელიც მომავალ ჯარისკაცს, სამხედრო სამსახურში ჩაირიცხვამდე, აუცილებლად უნდა ჩაებარებინა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მას გარკვეული წვრთნა ამ ე.წ. გამოცდამდეც უნდა გაევლო, რადგან  ,,ფორმაში“ ყოფილიყო და  ,,შერჩევა“ არ ჩაეფლავებინა.

  ზემოთ ნახსენები ყველა ცივილიზაციის ისტორია ძალოსნობის შესახებ ცნობებს მეტ-ნაკლებად ინახავს. ასე მაგალითად: ძველ ეგვიპტეში შტანგის მოვალეობას ქვიშიანი ტომარა ასრულებდა, საბერძნეთში კი - სიპი ქვა, მრგვალი ფორმის ლოდი.

  ძალოსნობა, როგორც ცალკეული სახეობა, მართალია ანტიკური ოლიმპიური თამაშების პროგრამაში არ შედიოდა, მაგრამ სავარაუდოა, რომ იმ საზოგადოებისთვის სიმძიმეების აწევაში შეჯიბრი  ,,უცხო ხილს“ არ წარმოადგენდა.
საბერძნეთში, ერთ-ერთ ანტიკურ ტაძარში, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს დიდი ქვა, რომელიც განეკუთვნება ქრისტეს შობამდე მე-6 საუკუნის პერიოდს. ამ ე.წ. შტანგაზე დატანილია შემდეგი წარწერა: ,,ბიბონმა, ფილოსის შვილმა, ეს ქვა ერთი ხელით აწია თავს ზემოთ“... ქვა 143 კილოგრამს იწონის.
                                                 
მკითხველს ისტორიიდან, ალბათ, კარგად ახსოვს ელადელი გოლიათი მილონი, რომელიც ქრისტეს შობამდე მე-6 საუკუნეში ცხოვრობდა. ის იყო ფილოსოფოსი და მომღერალი, პითაგორას საუკეთესო მოწაფე, ოლიმპიური თამაშების არაერთგზის გამარჯვებულული. ამასთან, სიბარისებთან ომში სამხედრო შენაერთსაც ხელმძღვანელობდა.
აგრეთვე ცნობილია, რომ ფიზიკური სრულყოფისათვის ის მიმართავდა დღეისათვის კარგად ადაპტირებული ძალისმიერი ვარჯიშის ე.წ. სამ პრინციპს: ხანგრძლივი ზემოქმედებისთვის დატვირთვის მოქმედებას, ზემოქმედების უწყვეტობას და ინტენსიურობის გეგაზომიერ გაზრდას ზემოქმედებისთვის.

ლეგენდის თანახმად, ამ პრინციპებით ვარჯიში მილონმა ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო. ხბოს ზურგზე მოიგდებდა და მოედანს ერთ წრეს შემოუვლიდა. ასეთ ვარჯიშებს ყოველდღიურად მიმართავდა. ხბოს ზრდასთან ერთად იზრდებოდა ათლეტის კუნთოვანი ქსოვილიც, ძალა თანდათანობით ემატებოდა.

მილონი ოლიმპიურ თამაშებზე ქრისტეს შობამდე 540 წელს, 14 წლისა დაუშვეს. მან გამარჯვება ჭიდაობაში მოიპოვა. შემდეგ, 20 წლის მანძილზე, ის ექვსჯერ გახდა აბსოლიტური გამარჯვებული.

მისი სვლა ოლიმპოს მწვერვალისაკენ ლაშას გზას მაგონებს. თითქოს ამ ორ გოლიათს შორის რაღაც უხილავი კავშირია, რომელიც მარადისობის სიმბოლოდ აღიქმება.

ძალოსნობამ (ათლეტიზმი) სპორტის სახეობად ჩამოყალიბება 1860 წლიდან დაიწყო. ამ პერიოდისათვის ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასვტრალიაში, კანადასა და სხვა ქვეყნებში ათლეტიზმის წრეები და კლუბები იქმნება.

ძალოსნობის წესები ყველგან განსხვავებული იყო. ასეთ მრავალფეროვნებას ათლეტთა და მაყურებელთა ფანტაზია განაპირობებდა და უმეტეს შემთხვევაში, მათ წარმოდგენის, შოუს სახეს სძენდა.

მაშინდელი საზოგადოება ამგვარ შერკინებას უფრო სენსაციად, ვიდრე სასპორტო პაექრობად აღიქვამდა, თუმცა ამას თავისი მიზეზიც გააჩნდა. არამასობრიობა, საინფორმაციო საშუალებების სიმწირე (მხოლოდ პრესა), ცხოვრების ჯანსაღი წესისადმი ინდიფერენტული დამოკიდებულება და სხვა პროცესები სპორტის განვითარებისათვის ერთგვარ მუხრუჭს წარმოადგენდნენ. 

მაგრამ 1896 წელს ძალოსნობა (ათლეტიზმი), როგორც სპორტის დამოუკიდებელი სახეობა, პირველი ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შეიტანეს, რომელსაც მისმა სამშობლომ - ათენმა უმასპინძლა. პირველი ძალოსანი ოლიმპიური ჩემპიონი დანიელი იენსენი გახლდათ, რომელმაც 111,5 კილოგრამი დაძლია.

რატომღაც ძალოსნობა, 1900, 1908 და 1912 წლებში, პროგრამიდან ამოიღეს, თუმცა, დანარჩენ შემთხვევაში ეს სახეობა ოლიმპიადების მუდმივი ბინადარი იყო. ამ სახეობაში თავიდან მხოლოდ კაცები მონაწილეობდნენ, ქალების ჩართვა მოგვიანებით, 2000 წელს, სიდნეის ოლიმპიადისaთვის დაიშვა.

პირველ ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობაში მედლები მხოლოდ ორ დისციპლინაში გათამაშდა: აკვრა ერთი ხელით და ორივე ხელით. შემდეგ წლებში ეს წესები თანდათან დაიხვეწა.

რაც შეეხება ანტიკური ხანის ოლიმპიურ თამაშებს, მას ხანგრძლივი ისტორია გააჩნია. ის იწყება ქრიტეს შობამდე 776 წლიდან და გრძელდება ქრისტეს შობიდან 393 წლის პერიოდამდე. პირველი ოლიმპიური თამაშების დაწყება საბერძნეთში კრონოსის მმართველობის პერიოდს ემთხვევა.

შეჯიბრი ხუთ სახეობაში: სირბილში, სიგრძეზე ხტომში, შუბის ტყორცნაში, ბადროს ტყორცნასა და ჭიდაობაში იმართებოდა. ყველა დისციპლინას თავისი შემზღუდავი წესები გააჩნდა. მაგალითად: სიგრძეზე ხტომისას ათლეტს ხელებში ჰანტელები უნდა სჭეროდა, ჭიდაობისას კი მოწინააღმდეგე მიწაზე სამჯერ უნდა დაენარცხებია და სხვ (იმ ეპოქაში სიგრძეზე ხტომაში ჰანტელების გამოყენება იმაზე მიუთითებს, რომ ამ ე.წ. ძალოსანთა ინვენტარს საბერძნეთში კარგად იცნობდნენ და მისი მეშვეობით სხეულსაც იკაჟებდნენ).

დისციპლინების სიმწირისა და გარკვეული შეზღუდვების მიუხედავად, ოლიმპიური თამაშების დაფუძნება დედამიწის ცივილიზაციისთვის ე.წ. სავიზიტო ბარათის შექმნას ნიშნავდა, რამაც ჩვენამდე არსებულს, თანამედროვეს და ჩვენს შემდგომ ეპოქებს  იმის წინაპირობა შეუქმნა, რომ სხვა მიღწევებთან ერთად, კაცობრიობას კოსმიურ ცივილიზაციათა წინაშეც მოეწონებინა თავი. რა თქმა უნდა, თუკი ამის შესაძლებლობას  არამიწიერი ცივილიზაციები მოგვცემდნენ.

ჟამთასვლის მანძილზე, ,,ანიდან“ მოყოლებული სპორტი მუდმივად ვითარდებოდა და ოცდამეერთე საუკუნეში ხელოვნების რანგში ამაღლდა.

გასულ ეპოქებში მას ასეთი სტატუსი არ გააჩნდა: იგი ძალის, სხეულის სრულყოფის, სისხარტის და სხვ. ერთგვარ ნაზავს წარმოადგენდა, რადგან ითვლებოდა, რომ ადამიანი ან ადამიანთა გარკვეული ჯგუფი წარმატებას, ძირითადად, ფიზიკური ძალის ხარჯზე აღწევდა, რასაც, ალბათ, თავისი ლოგიკური მიზეზი ჰქონდა.  აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მან, სახელდობრ, როგორც სპორტმა, კაცობრიობის განვითარების ისტორიაში უდიდესი როლი ითამაშა.

ხელოვნებასთან სპორტის გატოლება ამ უკანასკნელის მასობრიობამ და მასში მიღწევადმა წარმატებამ განაპირობა. ამასთან ის, როგორც ფილოსოფია, ისე ჩამოყალიბდა, რაც ერის გამაერთიანებელის მსოფლმხედველობით შეხედულებას დაეფუძნა და მისივე იდენტურობის მაჩვენებელიც შეიქმნა.

თანამედროვე სპორტში მხოლოდ ფიზიკური მონაცემების ხარჯზე, თუმცა აღნიშნული ცალსახად მნიშვნელოვანია, სპორტსმენი ფონს ვერ გავა. სპორტის ამ ე.წ. ფილოსოფიაში, გონითმა შესაძლებლობამ, ჯანდაცვისა და საინჟინრო სფეროებში ტექნოლოგიურმა მიღწევებმა თავისი მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირეს.

ყოველივე ამას ყოველდღიური მუხლჩაუხრელი შრომა, ფსიქოლოგიური მდგენელი და როგორც ხელოვნებაშია, ახლის ძიება, ასევე ადამიანის ესთეთიკური და ზნეობრივი სრულყოფა დაემატა, ამან კი სპორტი თვისობრივად განაახლა და გაამდიდრა, ანუ გააკეთილშობილა.

სწორედ ამ მიზეზეზთა გამო გახდა იგი მილიონთა თაყვანისცემის კერპი, დედამიწის ცივილიზაციის უპირობო ტანდემი, რადგან სპორტი მშვიდობის, მშვიდობიანი პაექრობის ავანსცენა შეიქმნა. უდაოდ საამაყოა ის, რომ მის განვითარებაში წვლილი ქართველ სპორტსმენებსაც მიუძღვით, თანაც წონადი.

სპორტის ფილოსოფია ნებისმიერი ერის გაერთიანების მსოფლმხედველობით შეხედულებას ეფუძნება, რომელიც ამავდროულად ამ ერის იდენტურობის მაჩვენებელიც გახლავთ.

ამის გამოა ოლიმპიური თამაშები აგრერიგად მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით ქართველთათვის, რადგან აქ მიღწეული წარმატება ჩვენი ერის იდენტიფიცირების დადასტურებაა და ამასთანავე, მუდმივი შეხსენების ერთგვარი კატეხიზმო ...  ,,ჩვენ, ვვარსებობთ“!

ე.ი. არა მხოლოდ რუკაზე, დედამიწაზეც არსებობს თვითმყოფადი პატარა ერი, რომელსაც სახელმწიფოებრიობა (დროშა, ჰიმნი და სხვ) გააჩნია, სხვა დიდ ქვეყნებთან თანასწორია და მათთან თანაარსებობის უფლების მსურველი.
ეს ცნობადობა კი, თუმცა მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც იმის გარანტია, რომ საქართველო სხვა ქვეყნების მხრიდან აგრესიის მსხვერპლი არ უნდა გახდეს. ზემოთ სწორედ ამიტომ შევადარე ლაშას მიერ ოლიმპიური ოქროს მედლის მოგება მისას და საქართველოს  ,,დიდგორს“.

თითქოს სპორტი, განსაკუთრებით ოლიმპიური თამაშები, პოლიტიკიდან შორს უნდა იდგეს, რადგან ამ პერიოდისთვის ომები წყდებოდა, მაგრამ ოცდამეერთე საუკუნეში მათი გზები მაინც გადაიკვეთა.
მიმაჩნია, რომ ეს ,,გადაკვეთა“ არ არის ცუდი. სხვა შეიძლება, სხვაგვარად თვლიდეს. საკამათო საკითხია, მაგრამ ერთში ალბათ ყველა დამეთანხმება- სპორტი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი მდგენელია და ერის ერთიანობის საფუძველი.

პოლიტიკასთან მისი კავშირი კი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენნაირ ქვეყნებს ადვილად არავინ მოერიოს. აგრესიის შემთხვევაში ,,დიდი პოლიტიკის“ ნაწილი გახდნენ. მხარდამჭერები გამოუჩნდნენ.           
პირველ ქართველ ოლიმპიელზე - თავად ჭავჭავაძეზე (მისი სახელი მოძიებულ წერილობით წყაროში სამწუხაროდ მითითებული არ არის), რომელიც რუსეთის იმპერიის ნაკრების შემადგენლობაში 1912 წლის ზაფხულის ოლიმპიადაში მონაწილეობდა, ინფორმაცია ძალზე მწირია. მაგრამ 1952 წლის ოლიმპიური თამაშების მატიანე, საიდანაც ქართველ სპორტსმენთა ოლიმპიური ბიოგრაფია დაიწყო, ამომწურავ ინფორმაციას ინახავს.
ფინეთის დედაქალაქში გამართულ ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე პირველი ,,ოქროს ანგარიში“ დავით ციმაკურიძემ გახსნა და ქართველ ოლიმპიელთა მნიშვნელოვან წარმატებათა ქრონოლოგიას ამით ჩაუყარა საფუძველი, რაც დღემდე გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება.

ყველა დროის გათვალისწინებით, საქართველოს ოთხი ძალოსანი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს:
რაფაელ ჩიმიშკიანი;
კახი კახიაშვილი (სამგზის);
გიორგი ასანიძე;
ლაშა ტალახაძე;

ძალოსნობაში პირველი ოლიმპიური თამაშების პრიზიორები (1896 წ.)
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
                                                            ერთი  ხელით სიმძიმეების აწევა (კაცები)
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ლანჩენსტონ ელიოტი                          -  დიდი ბრიტანეთი        - 71.0 კგ.
ალექსანდერ  ვიგო ჯენსენი                -  დანია                              - 57.0 კგ.
ალექსანდრო ნიკოლოპოულოსი        -  საბერძნეთი                  - 57.0 კგ.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
                                                          ორი ხელით სიმძიმეების აწევა (კაცები)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ალექსანდერ ვიგო ჯენსენი                  -  დანია                            - 111.5 კგ. კგ.
ლანჩენსტონი ელიოტი                          -  დიდი ბრიტანეთი        - 111.5 კგ. კგ.
სოტირიოსი ვენსისი                                  -  საბერძნეთი                    - 90 კგ.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------                                         
   

                                                              ლაშას შედეგები:
საქართველოს ჩემპიონი (ახალგაზ. 2013; საქართველოს ჩემპიონი: 2013, 2016, 2017; ევროპის ჩემპიონი (იუნ.) 2010, 2011; მსოფლიოს ჩემპიონი (იუნ.) 2013;
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (იუნ.) 2013; მსოფლიოს ჩემპიონი (იუნ.) 2013; მსოფლიოს ჩემპიონი: 2015, 2017; კახი კახიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი 2015; ოლიმპიური ჩემპიონი 2016 (რიო); ევროპის ჩემპიონი (23-წლ-მდე) 2016; ევროპის ჩემპიონი 2016, 2017, 2018;
საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი 2016, 2017; მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი (IWF)- 2017.

2016 წელს ლაშა საქართველოს სახელმწიფოს  ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდა.

2017 წელს ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ საუკეთესო ძალოსანი-სპორტსმენი გამოავლინა. ლაშა ტალახაძემ 9804 ხმით პირველი ადგილი დაიკავა და  მეორე ადგილზე გასულ ეგვიპტელ ოჰაბ მაჰმუდს 1313 ხმით აჯობა .

დაჯილდოების ცერემონია საქართველოს დედაქალაქში2018 წლის 7 მაისს რუსთაველის თეატრში გაიმართა. ლაშასთან ერთად საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ესპანელ  ქალბატონს ლიდია ვალენტინისაც მიენიჭა და შესაბამისი ჯილდოც გადაეცა. 

საზეიმო ღონისძიებაში ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. აღნიშნული ჯილდო სპორტსმენებს 1982 წლიდან ენიჭებათ, მაგრამ საქართველოში ეს პრესტიჟული დაჯილდოება პირველად გაიმართა, რაც ლაშას დამსახურებამ განაპირობა.

ლაშას მსგავსი ადამიანების ცხოვრება, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, მუდმივად განახლებადია დროში. დარწმუნებული ვარ, ვიდრე წიგნის წერას დავასრულებ, ის ალბათ რამდენიმე ოქროს მედლის მოპოვებას მომასწრებს და ამ ღირშესანიშნავ წარმატებას აქ ვერ ავსახავ. ამიტომ, ვეცდები, წერის დრო მაქსიმალურად შევამცირო, თუმცა ეს ნაწარმოების ხარისხის გაუარესების ხარჯზე არ მოხდება. ამასთან, მას მომავალ გამარჯვებას ვუსურვებ.

იმის გამო, რომ განსახილველი მასალა მოცულობითია, ყველაფრის გადახედვა და გადაკითხვა მიწევს. სიმართლე გითხრათ, ეს დიდ სიამოვნებას  მანიჭებს, მაგრამ კიდეც მაშინებს, რაღაც მნიშვნელოვანი შეიძლება გამომრჩეს. თუმცა, მაინც მდიდრდება ჩემი სულიერი სამყარო, ღრმავდება ცოდნა და წერის პროცესში ახალს, საინტერესოს მუდმივად ვიგებ.                                     
                           

                                      2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნობაში

ძალოსნობაში პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი 1891 წლის 28 მარტს ლონდონში გაიმართა. მასში მონაწილეობა ექვსი ქვეყნის შვიდმა ათლეტმა მიიღო და მონაწილეები ერთმანეთს რვაჭიდში, ერთ წონით კატეგორიაში ერკინებოდნენ.
მორიგი, რიგით მე-2 მსოფლიოს ჩემპიონატი, მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ - 1898 წელს ვენაში, ავსტრო-უნგრეთის იმპერიის დედაქალაქში გაიმართა და ამ დროისათვის გარკვეული ცვლილება შეჯიბრის წესმაც განიცადა.

მრავალჭიდის ჯამში ათლეტებს თოთხმეტი ვარჯიშის გაკეთება ევალებოდათ, რაც, როგორც ზემოთ ავღნიშნე, ალბათ, მაყურებლებზე გათვლილი უფრო შოუს ელემენტები იყო, ვიდრე სასპორტო პაექრობა.

ძალოსნობის დისციპლინების წონითი სეგმენტირება მოგვიანებით - 1905 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხდა. შეჯიბრი 70 (მსუბუქი), 80 (საშუალო) და 80კგ-ზე ზემოთ (მძიმე) წონით კატეგორიებში გაიმართა.

იყო ერთი, მეტად საჩოთირო წესიც: ძალოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვა არ ექვემდებარებოდა მკაცრ რეგლამენტირებას და დამოკიდებული გახლდათ ათლეტთა ან მათ მეცენატთა სურვილზე, ზოგჯერ საზოგადოების დაჟინებულ მოთხოვნაზეც. ამის გამო, მსოფლიოს ჩემპიონატი 1905 წელს - სამჯერ; 1910 წელს - ორჯერ და 1911 წელს - ოთხჯერ გაიმართა.

მართალია, შემდეგ წლებში, ზემოთ აღნიშნული მიმართულებით ძალოსნობის წესები შეიცვალა, მაგრამ მასში რაღაც მცირე უზუსტობა მაინც დარჩა.

1949 წლიდან, ვიდრე 1989 წლამდე პერიოდში, ძალოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატები ევროპის ჩემპიონებსაც (აღნიშნული ღონისძიებების ამ კონტინენტზე ხშირად გამართვის გამო) ავლენდა. იყო წლები, მაგალითად: 1964, 1968, 1972, 1980 და 1984, როცა ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულსაც ეუფლებოდა. ეს წესი მოგვიანებით შეიცვალა და ოლიმპიური თამაშების წლებში ძალოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი აღარ იმართება.

წარსულს არ მივტირი, მაგრამ ისე, როგორც ამბობენ, ცოდვა გამხელილი სჯობს: ძალოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატებზე, მამაკაცთა შორის, ყველაზე მეტი მედალი საბჭოთა სპორტსმენებმა მოიპოვეს - 331 ოქრო, 208 ვერცხლი და 93 ბრინჯაო. ეს ინფორმაცია იმიტომ შეგახსენეთ, რომ აღნიშნულ წარამტებაში წვლილი ქართველ ძალოსნებსაც მიუძღვით: რაფაელ ჩიმიშკიანს რაულ ცირეკიძეს, დიტო შანიძეს, კახი კახიაშვილს (დამოუკიდებელი გუნდი) და სხვ.

სანთელ-საკმეველმა თავისი გზა არ დაკარგა და ყველა მომდევნო თაობის მხრიდან სწორება იმ წარმატებათა ერთობლიობაზე გაკეთდა, რომელთა შემოქმედნიც ჩვენი სახელოვანი ძალოსანი დიდი სპორტსმენები იყვნენ. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ეს ესტაფეტა ღირსეულმა თაობებმა გადაიბარეს, რომლებიც ასევე ღირსეულად აგრძელებენ ამ გზას - გიორგი ასანიძე, ირაკლი თურმანიძე და რა თქმა უნდა ჩვენი გოლიათი - ლაშა ტალახაძე.   

2015 წლის რიგით 82-ე მსოფლიოს ჩემპიონატს 20-29 ნოემბერს ქალაქი ჰიუსტონი (ამერიკის შეერთებულ შტატები) მასპინძლობდა.

თუ არ ჩავთვლით 2011 წლის პარიზის ჩემპიონატს, ეს ლაშას პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი იყო, რომელშიც წარმატებისთვის აუცილებლად უნდა მიეღწია, რადგან, ჩავარდნა, რომელიც 2013 წელს დოპინგ-ტესტს უკავშირდებოდა, წარსულს სამუდამოდ ჩაბარებოდა,
მაშინ ახალგაზრდა პერსპექტიული ძალოსანი, თავისი კარიერის გარიჟრაჟზე, მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა, დოპინგ-კონტროლმა პრეპარატ Stanozolol-ზე დადებითი შედეგი აჩვენა, რის გამოც ორწლიანი (2013-15 წ.წ.) დისკვალიფიკაცია დაეკისრა.

ამ ფაქტის შესახებ ლაშას მამამ, ბატონმა კობამ, შვილის მიერ გამოთქმული განმარტება გაიხსენა: ,,იმ დროს რაც ლაშას დაემართა, მისი ბრალი ნამდვილად არ იყო. ცუდი ინფორმაცია გამოქვეყნდა, თითქოს იგი მწვრთნელებისაგან დამალულად იღებდა დოპინგს. მერწმუნეთ, ეს ტყუილია. ლაშას ოჯახს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს მისი სჯერათ. ის სუფთა იყო“

ეს სიტყვები, ალბათ, ძალიან მძიმე სათქმელი იყო, მაგრამ მხოლოდ ლაშას უნდა ეთქვა და ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა კიდეც, რითაც ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა- ჭორებს, გაუტანლობას, შურს და შეიძლება სხვისთვის თვალნათელ სიმართლესაც, რომელიც მისთვის, იმ მომენტისათვის არ იყო ჭეშმარიტება, რადგან მის ,,მონანიებაში,“ რომლითაც მან წარსული გადაფურცლა, ეს წუხილი, სევდასთან ერთად ცხადად გამოსჭვივოდა.

ახალგაზრდობის წლებში სპორტთან ირიბად ვიყავი დაკავშირებული, მაგრამ ფეხბურთს და ძალოსნობას იმთავითვე თვალყურს ვადევნები. თუ არ ვცდები, მძიმე წონოსანმა ჟაბოტინსკიმ 250 კილოგრამი დაძლია და ეს გაუგონარ შედეგად იქნა მიჩნეული.

მაშინ დოპინგის შესახებ წარმოდგენაც არ მქონდა, თუმცა მოგვიანებით, პრესიდან, ნაცნობ-მეგობარ სპორტსმენებისგან და სხვ. გავიგე, რომ ,,დოპინგის ბაზარზე“ ათასგვარი საზიზღრობა ხდებოდა.

ამ ნივთიერების მოტრფიალე სპორტსმენები და არა მარტო ძალოსნები, მგონი 50 ათასიდან 70 ათასამდე დოლარს იმაში იხდიდნენ, რომ დადებითი ტესტი არ ამოსვლოდათ. ამასთან, მოწინააღმდეგე სპორტსმენთა მწვრთნელები კონკურენტებს აკრძალურ პრეპარატებს თურმე საჭმელშიც კი უყრიდნენ. ერთი სიტყვით ბრძოლა და თანაც ,,წესების გარეშე“ კულისებშიც მიმდინარეობდა.

დარწმუნებული ვარ, ზემოთ ნახსენები ფაქტების შესახებ მკითხველსაც კარგად მოეხსენება, ამიტომ ამ საკითს აღარ განვავრცობ, მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ამ კუთხით ,,სუფთა სპორტსმენებს“ საქმე მთლად გარანტირებულად არ ჰქონდათ.

საერთაშორისო დონის თითქმის ყველა ასპარეზობაზე ე.წ. საერთო სასადილოებში ყველა სპორტსმენი ერთი სისტემითა და ერთი პროდუქტებით იკვებება, მაგრამ კერძების მომზადება ჩვეულებრივად სამზარეულოებში ხდება, სადაც წესიერ მზარეულებთან ერთად, არაწესიერებიც მუშაობენ. პატარა ქრთამის საფასურად საჭმელში დოიპინგს ისე ჩაგიყრიან, თვალსაც არ დაახამხამებენ.

ასეთი რამ საშინელებაა, მაგრამ იგი სპორტის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც გარდა სიფრთხილისა, ვერაფერს დაუპირისპირებ.

კაცობრიობის ისტორიაში ხმლებითა და თოფებით ბრძოლის მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა, ოცდამეერთე საუკუნემ, ,,ჰიბრიდული ომის“ სახელწოდებით, ბრძოლის ახალი მეთოდი შეიმუშავა, რომელიც ნებისმიერი სიბინძურის: შავ პიარს. თეთრ პიარს, მასმედიის საშუალებებში გამოჭენებას, ჭორებს, მონაცემების გაყალბებას და სხვა ნეგატივის დაშვებას ითვალისწინებს. ამიტომ დოპინგთან დაკავშირებულ  სკანდალს მხოლოდ ვექტორულად, სწორხაზოვნად არ უნდა შევხედოთ, მასში ორივე -დადებითიცა და უარყოფითიც- უნდა ვეძიოთ და ფაქტების ურთიერთშედარების გზით ჭეშმარიტებამდე მივიდეთ.

მე ეს უკვე გავაკეთე. ჭეშმარიტება, რომელიც სიმართლის გამოხატულებაა, ლაშას მხარეს დგას. მან თავისი განმარტება საქმით დაადასტურა. არა მგონია, ასეთი დიდი სპორტსმენი სხვა მიმართულებით წასულიყო. ის პრეპარატი, რომელიც მე ზემოთ სპეციალურად დავასახელე, თუ არ მეშლება, სისხლში ერთ წლამდე  რჩება და ადვილი აღმოსაჩენია. მაშინ, როცა უფრო ძლიერი და ,,უხილავი“ პრეპარატებია შექმნილი ... დანარჩენს უკვე განმარტებაც კი აღარ სჭირდება.       

ძალოსანთა 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ლაშამ ყველას- მტრებსა და მოყვრებს- დაუმტკიცა, რომ ალგეთს გაზრდილი მგლის ბოკვერი იყო და დავით აღმაშენებლის ღირსეული შთამომავალი, რომელსაც ,,გამარჯვების მოპარვა“ არფერში სჭირდებოდა. გამარჯვებას სჭირდებოდა ლაშა, რომ ადამიანებს ერწმუნათ სპორტის სიდიადე. ამოსავალი წერტილი სპორტის ფილოსოფიისა ხომ სწორედ ეს ღირებულებაა.  ამიტომ, გაუზვიადებლად, ლაშას მიმართაც შეგვიძლია, ყმაწვილი მეფის ,,საგმირო საქმეთა“ თვითმხილველის, დავითის მემატიანის უმშვენიერესი სიტყვების პერეფრაზირების გარეშე გამეორება:  ,,და იწყო აღმოცისკრებად, მზემან!“ ...

,,ამომავალი მზე“ ჯერ მხოლოდ ვერცხლისფრად აციმციმდა ძალოსანთა ცის კაბადონზე, თუმცა  ეჭვი არავის შეპარვია იმაში, რომ, როცა ის ზენიტში ჩამოდგებოდა, ბუნებრივი ოქროსფერით აელვარდებოდა ...
მიღწეული შედეგიც ამას ადასტურებდა:
ატაცი - 207 კგ.
აკვრა - 247 კგ.
ორჭიდის ჯამი - 454 კგ.

ე.ი. ლაშამ ატაცში, 207კგ-ით, მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა, აკვრაში ნაჩვენები შედეგით -247კგ- მესამე ადგილი, საერთო ჩათვლაში, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ვერცხლის მედალი.

თუმცა, ყველსაგან მოულოდნელად ფორტუნამ ლაშას მხარე დაიჭირა. რუსი ძალოსანი ალექსეი ლოვჩევი დოპინგ-კონტროლზე ჩავარდა (მაშინ რუსეთის გუნდი დოპინგის მოხმარების გამო დისკვალიფიცირებულიც იქნა), პირველი ადგილი და ოქროს მედალი ლაშა ტალახაძეს გადაეცა.

ქვემოთ გთავაზობთ +105 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორთა შედეგებს, მიჩნეულს ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ, დოპინგ-კონტროლის მონაცემების გათვალისწინებით, საბოლოოდ.
მაშინ ამ წარმატებით, ყველამ გაიხარა. კარგად მახსოვს ის დღე, თანაქალაქელთა მომღიმარი სახეები და ლაშას მშობლების შეურყეველი რწმენა, რომლებიც, შვილთან ერთად, ოლიმპოს მწვერვალს დაჟინებით უმზერდნენ. მტკიცედ სწამდათ, რომ ლაშას მშობლიურ ქალაქს მეორე ვარსკვლავიც შეემატებოდა- საჩხერე ორვარსკვლავიანი ოლიმპიური ქალაქი გახდებოდა ... გახდა კიდეც, თუმცა ღმერთი ხომ სამობითაა? ... მერე კი კანონზომიერებით ...
ლაშამ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დამსახურებულად რომ მიიღო, ამაში ეჭვი არავის შეhპარვია. ძალოსანთა მრავალრიცხოვანმა ოჯახმა, გულშემატკივრებმა და სპორტის მოყვარულებმა მასში დიდი პოტენცია დაინახეს. პერსპექტივა, რომელიც მომავალი წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ვულკანივით უნდა ამოხეთქილიყო.
მართალია, ქართველ გოლიათს ძლიერი მეტოქეები ჰყავდა, მაგრამ საქმეც სწორედ ამაში გახლავთ. ღირსეული მეტოქე მუდმივ სპორტულ ფორმაში გამყოფებს, მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. იცი, მიზნისაკენ ისიც ჯიუტად მიემართება და მუხლჩაუხრელად შრომობს, ადვილად არაფერს დათმობს.

სწორედ ამიტომ არის საჭირო უპირობო ლიდერობა. ამას კი დიდი ოფლისღვრა, ინტელექტი და გონების ფსიქოლოგიური მდგრადობა, აგრეთვე, მწვრთნელის მაღალი პროფესიონალიზმი, მისი ალღო, მახვილი თვალი და ყური სჭირდება. შეასრულებ დავალებას? აუცილებლად ახვალ პედესტალის უმაღლეს საფეხურზე, კაცობრიობის ისტორიაში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებ. 

ყველა ერს პატივს მივაგებ, მაგრამ მასშტაბების გასააზრებლად შეგახსენებთ, რომ თითქმის მილიარდმოსახლეობიან ინდოეთს, მსოფლიოს ცივილიზაციის ერთ-ერთ აკვანს (მოხენჯო-დაროსა და ჰარაპას ცივილიზაციები) თავისი დამოუკიდებლობის არსებობის მანძილზე, სულ რამდენიმე ოლიმპიური მედალი აქვს აღებული. ხოლო სამმილიონნახევრიან საქართველოს მალე თითები არ ეყოფა მხოლოდ ოქროს მედლების დასათვლელად! ეს მაშინ, როცა იგი დამოუკიდებლობის სამათეულ წელსაც არ ითვლის (ქართული კულტურაც უძველესი ისტორიის მქონეა, შუმერთა ეპოქის თანასწორი და თანაზიარი)!

დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალიში მსოფლიოს ფიცარნაგზე ჩვენი ძალოსანი ქალების გაცილებით მრავალრიცხოვანი გუნდიც წარსდგება.

ამის თქმის შესაძლებლობას ის რეალობა მაძლევს, რომელიც ამ მიმართულებით უკვე გამოიკვეთა, თუმცა ჯერ-ჯერობით მხოლოდ მოყვარულთა დონეზე, რადგა ძალოსნობაში გოგონები არც თუ ხალისით მიდიან. 
ალბათ, დადგა დრო, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოსკენაც გამოიხედოს. ძალოსნობის ისტორიას წარუშლელი კვალი ქართველებმაც დაამჩნიეს და არც აწმყოში ვართ ჯაბანნი ... გოლიათის ნატერფალმა ოლიმპოს მთა დადრიკა.

ჩვენი სახელოვანი სპორტსმენები მკერდს არა მარტო ოქროს მედლებით იმშვენებდნენ, არამედ მსოფლიო რეკორდებსაც ამყარებდნენ. მართალია, აღნიშნული რეკორდები გარკვეული პერიოდულობით ფერმკრთალდებოდნენ, მაგრამ ძალოსნობის სახეობის განვითარებაში mათ თავისი ისტორიული წვლილი მაინც შეიტანეს.

წარსულის წარმატებას, თუ ლაშას ფენომენალურ შედეგებსაც დავუმატებთ, ჩვენმა ქვეყანამ დიდი ასპარეზობების გამართვის უფლება ნამდვილად დაიმსახურა. ბოლოს და ბოლოს მსოფლიოს ჩემპიონატი ისეთ ქვეყნებში იმართება, რომლებიც ჩვენ ამ კუთხით საგრძნობლად ჩამოგვრჩებიან.

ამ შემთხვევაში იმ მიზეზის მოტანა, რომ ამგვარი ქმედებით ძალოსნობის, როგორც სპორტის პოპულარიზაცია ხდება, გამართლებულად არ მიმაჩნია. ათასჯერ რომ პოპულარიზაციას მოიმიზეზებ, ერთხელ მაინც უნდა მიაგო პატივი იმ შედეგს, რომლითაც ამ სპორტის აგიტაცია ავტომატურად ხორციელდება, რადგან სპორტსმენის წარმატება, მის ქვეყანაში და სხვაგანაც, თავისთავად აგიტაციაა, 

ქვემოთ გთავაზობთ ქვემძიმე წონაში (შემდგ. +105 კგ.) მსოფლიოს რეკორდების მონაცემებს, რომელთა უმრავლესობაც ანულირებულია, მაგრამ თავის დროზე დაფიქსირებული იყო უმაღლეს მიღწევად (ცხრილი თან ერთვის).

ალბათ, რაც მეტი დრო გაივლის, მსოფლიო რეკორდების დამყარება მით უფრო გაძნელდება, რადგან ამ ქვეყნად ადამიანის შესაძლებლობას ნამდვილად გააჩნია ზღვარი. მარადიული და აქედან გამომდინარე, უსასრულო მხოლოდ ირეალური სამყაროა, რომელშიც განზომილებათა სისტემა ერთად შეიმეცნება, ანუ იქ არც დრო არსებობს და არც სივრცითი განზომილებები (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე), მაშასადამე, არც წონის ერთეული.

ეს გარემოება ძალოსნობას, როგორც სპორტის უმშვენიერეს სახეობას, კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. რეკორდი, რომელიც ათლეტის მიერ დაფიქსირდება, მატერიალურ სამყაროში მის ერთგვარ სახედ დარჩება. სწორედ ასე ეზიარება იგი იმ უკვდავებას, რომელიც სხვაგვარად, რეალურ განზომილებაში, არ არსებობს.
                                          (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები