 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 8 აგვისტო, 2021 |
ცხოვრება მხოლოდ წრეები და წრეწირებია, სისულელეა თვითმკვლელობა, ჟანრის გმირები, რომლებიც ზოგჯერ სამშობლოსთვის ეწირებიან, ხოლო სამშობლო-თაბაშირის, მაინც ინგრევა. სისულელეა ამ ნიღბებით დიდხანს თამაში, სისულელელეა, დამიჯერე, უშნო, უგვანო, რადგან სამშობლო ასე ხშირად მოჰგავს თაბაშირს, აქ ისტორიას ამოკაწრავს ვინმე რეგვენი. სისულელეა ყველაფერი, დღეთა სიხისტე, აღარ განაღვლებს, გეცინება, მეტად გაოცებს ყაყაჩოები-ჩამონგრეულ უფლისციხესთან, ნემსში, ვენაში და ძმაკაცის სასაფლაოზე. სისულელეა, დამიჯერე, ყველა კანონი, რომელიც უნდა გვიცავდეს და ვერასდროს გვიცავს, აღთქმული მიწაც არ არსებობს, არც ქანაანი, არც ქანაანი არ არსებობს, აღთქმული მიწა. სისულელეა გათენებაც, თუკი არ გახსოვს ღამის სიმღერა, ნარიყალა, დილის საარი, მთვრალი ნიკალა, მიგდებული კიბის ჩარდახზე, მტკვარი. ტიკჭორა. გუდასტვირი და საზანდარი. სისულელეა, დამიჯერე, ყოველი ლექსი. ყველა პოეტი ცოლისთვის ან უცოლოდ კვდება. უცხოც არავინ შემოიდებს შენს კუბოს მხრებზე. სიკვდილიც არის სისულელე, დროდადრო ვხვდები. სიმართლე მხოლოდ წრეები და წრეწირებია. გამართლებაა თვითმკვლელობა-ჟანრის გმირების... რომლებიც ზოგჯერ სამშობლოსთვის ეწირებიან, ხოლო სამშობლო-თაბაშირის, მაინც ინგრევა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|