ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პროზა
10 აგვისტო, 2021


ლაშა (გაგრძელება)

    2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნობაში

ძალოსნობაში პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი 1891 წლის 28 მარტს ლონდონში გაიმართა. მასში მონაწილეობა ექვსი ქვეყნის შვიდმა ათლეტმა მიიღო და მონაწილეები ერთმანეთს რვაჭიდში, ერთ წონით კატეგორიაში ერკინებოდნენ.

მორიგი, რიგით მე-2 მსოფლიოს ჩემპიონატი, მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ - 1898 წელს ვენაში, ავსტრო-უნგრეთის იმპერიის დედაქალაქში გაიმართა და ამ დროისათვის გარკვეული ცვლილება შეჯიბრის წესმაც განიცადა. მრავალჭიდის ჯამში ათლეტებს თოთხმეტი ვარჯიშის გაკეთება ევალებოდათ, რაც, როგორც ზემოთ ავღნიშნე, ალბათ, მაყურებლებზე გათვლილი უფრო შოუს ელემენტები იყო, ვიდრე სასპორტო პაექრობა.

ძალოსნობის დისციპლინების წონითი სეგმენტირება მოგვიანებით - 1905 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხდა. შეჯიბრი 70 (მსუბუქი), 80 (საშუალო) და 80კგ-ზე ზემოთ (მძიმე) წონით კატეგორიებში გაიმართა.

იყო ერთი, მეტად საჩოთირო წესიც: ძალოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვა არ ექვემდებარებოდა მკაცრ რეგლამენტირებას და დამოკიდებული გახლდათ ათლეტთა ან მათ მეცენატთა სურვილზე, ზოგჯერ საზოგადოების დაჟინებულ მოთხოვნაზეც. ამის გამო, მსოფლიოს ჩემპიონატი 1905 წელს - სამჯერ; 1910 წელს - ორჯერ და 1911 წელს - ოთხჯერ გაიმართა.

მართალია, შემდეგ წლებში, ზემოთ აღნიშნული მიმართულებით ძალოსნობის წესები შეიცვალა, მაგრამ მასში რაღაც მცირე უზუსტობა მაინც დარჩა.

1949 წლიდან, ვიდრე 1989 წლამდე პერიოდში, ძალოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატები ევროპის ჩემპიონებსაც (აღნიშნული ღონისძიებების ამ კონტინენტზე ხშირად გამართვის გამო) ავლენდა. იყო წლები, მაგალითად: 1964, 1968, 1972, 1980 და 1984, როცა ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულსაც ეუფლებოდა. ეს წესი მოგვიანებით შეიცვალა და ოლიმპიური თამაშების წლებში ძალოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი აღარ იმართება.

წარსულს არ მივტირი, მაგრამ ისე, როგორც ამბობენ, ცოდვა გამხელილი სჯობს: ძალოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატებზე, მამაკაცთა შორის, ყველაზე მეტი მედალი საბჭოთა სპორტსმენებმა მოიპოვეს - 331 ოქრო, 208 ვერცხლი და 93 ბრინჯაო. ეს ინფორმაცია იმიტომ შეგახსენეთ, რომ აღნიშნულ წარამტებაში წვლილი ქართველ ძალოსნებსაც მიუძღვით: რაფაელ ჩიმიშკიანს რაულ ცირეკიძეს, დიტო შანიძეს, კახი კახიაშვილს (დამოუკიდებელი გუნდი) და სხვ.

სანთელ-საკმეველმა თავისი გზა არ დაკარგა და ყველა მომდევნო თაობის მხრიდან სწორება იმ წარმატებათა ერთობლიობაზე გაკეთდა, რომელთა შემოქმედნიც ჩვენი სახელოვანი ძალოსანი დიდი სპორტსმენები იყვნენ. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ეს ესტაფეტა ღირსეულმა თაობებმა გადაიბარეს, რომლებიც ასევე ღირსეულად აგრძელებენ ამ გზას - გიორგი ასანიძე, ირაკლი თურმანიძე და რა თქმა უნდა ჩვენი გოლიათი - ლაშა ტალახაძე.   
2015 წლის რიგით 82-ე მსოფლიოს ჩემპიონატს 20-29 ნოემბერს ქალაქი ჰიუსტონი (ამერიკის შეერთებულ შტატები) მასპინძლობდა.

თუ არ ჩავთვლით 2011 წლის პარიზის ჩემპიონატს, ეს ლაშას პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი იყო, რომელშიც წარმატებისთვის აუცილებლად უნდა მიეღწია, რადგან, ჩავარდნა, რომელიც 2013 წელს დოპინგ-ტესტს უკავშირდებოდა, წარსულს სამუდამოდ ჩაბარებოდა,

მაშინ ახალგაზრდა პერსპექტიული ძალოსანი, თავისი კარიერის გარიჟრაჟზე, მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა, დოპინგ-კონტროლმა პრეპარატ Stanozolol-ზე დადებითი შედეგი აჩვენა, რის გამოც ორწლიანი (2013-15 წ.წ.) დისკვალიფიკაცია დაეკისრა.

ამ ფაქტის შესახებ ლაშას მამამ, ბატონმა კობამ, შვილის მიერ გამოთქმული განმარტება გაიხსენა: ,,იმ დროს რაც ლაშას დაემართა, მისი ბრალი ნამდვილად არ იყო. ცუდი ინფორმაცია გამოქვეყნდა, თითქოს იგი მწვრთნელებისაგან დამალულად იღებდა დოპინგს. მერწმუნეთ, ეს ტყუილია. ლაშას ოჯახს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს მისი სჯერათ. ის სუფთა იყო“
ეს სიტყვები, ალბათ, ძალიან მძიმე სათქმელი იყო, მაგრამ მხოლოდ ლაშას უნდა ეთქვა და ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა კიდეც, რითაც ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა- ჭორებს, გაუტანლობას, შურს და შეიძლება სხვისთვის თვალნათელ სიმართლესაც, რომელიც მისთვის, იმ მომენტისათვის არ იყო ჭეშმარიტება, რადგან მის ,,მონანიებაში,“ რომლითაც მან წარსული გადაფურცლა, ეს წუხილი, სევდასთან ერთად ცხადად გამოსჭვივოდა.

ახალგაზრდობის წლებში სპორტთან ირიბად ვიყავი დაკავშირებული, მაგრამ ფეხბურთს და ძალოსნობას იმთავითვე თვალყურს ვადევნები. თუ არ ვცდები, მძიმე წონოსანმა ჟაბოტინსკიმ 250 კილოგრამი დაძლია და ეს გაუგონარ შედეგად იქნა მიჩნეული.

მაშინ დოპინგის შესახებ წარმოდგენაც არ მქონდა, თუმცა მოგვიანებით, პრესიდან, ნაცნობ-მეგობარ სპორტსმენებისგან და სხვ. გავიგე, რომ ,,დოპინგის ბაზარზე“ ათასგვარი საზიზღრობა ხდებოდა.

ამ ნივთიერების მოტრფიალე სპორტსმენები და არა მარტო ძალოსნები, მგონი 50 ათასიდან 70 ათასამდე დოლარს იმაში იხდიდნენ, რომ დადებითი ტესტი არ ამოსვლოდათ. ამასთან, მოწინააღმდეგე სპორტსმენთა მწვრთნელები კონკურენტებს აკრძალურ პრეპარატებს თურმე საჭმელშიც კი უყრიდნენ. ერთი სიტყვით ბრძოლა და თანაც ,,წესების გარეშე“ კულისებშიც მიმდინარეობდა.

დარწმუნებული ვარ, ზემოთ ნახსენები ფაქტების შესახებ მკითხველსაც კარგად მოეხსენება, ამიტომ ამ საკითს აღარ განვავრცობ, მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ამ კუთხით ,,სუფთა სპორტსმენებს“ საქმე მთლად გარანტირებულად არ ჰქონდათ.

საერთაშორისო დონის თითქმის ყველა ასპარეზობაზე ე.წ. საერთო სასადილოებში ყველა სპორტსმენი ერთი სისტემითა და ერთი პროდუქტებით იკვებება, მაგრამ კერძების მომზადება ჩვეულებრივად სამზარეულოებში ხდება, სადაც წესიერ მზარეულებთან ერთად, არაწესიერებიც მუშაობენ. პატარა ქრთამის საფასურად საჭმელში დოიპინგს ისე ჩაგიყრიან, თვალსაც არ დაახამხამებენ.

ასეთი რამ საშინელებაა, მაგრამ იგი სპორტის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც გარდა სიფრთხილისა, ვერაფერს დაუპირისპირებ.

კაცობრიობის ისტორიაში ხმლებითა და თოფებით ბრძოლის მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა, ოცდამეერთე საუკუნემ, ,,ჰიბრიდული ომის“ სახელწოდებით, ბრძოლის ახალი მეთოდი შეიმუშავა, რომელიც ნებისმიერი სიბინძურის: შავ პიარს. თეთრ პიარს, მასმედიის საშუალებებში გამოჭენებას, ჭორებს, მონაცემების გაყალბებას და სხვა ნეგატივის დაშვებას ითვალისწინებს. ამიტომ დოპინგთან დაკავშირებულ  სკანდალს მხოლოდ ვექტორულად, სწორხაზოვნად არ უნდა შევხედოთ, მასში ორივე -დადებითიცა და უარყოფითიც- უნდა ვეძიოთ და ფაქტების ურთიერთშედარების გზით ჭეშმარიტებამდე მივიდეთ.

მე ეს უკვე გავაკეთე. ჭეშმარიტება, რომელიც სიმართლის გამოხატულებაა, ლაშას მხარეს დგას. მან თავისი განმარტება საქმით დაადასტურა. არა მგონია, ასეთი დიდი სპორტსმენი სხვა მიმართულებით წასულიყო. ის პრეპარატი, რომელიც მე ზემოთ სპეციალურად დავასახელე, თუ არ მეშლება, სისხლში ერთ წლამდე  რჩება და ადვილი აღმოსაჩენია. მაშინ, როცა უფრო ძლიერი და ,,უხილავი“ პრეპარატებია შექმნილი ... დანარჩენს უკვე განმარტებაც კი აღარ სჭირდება.       

ძალოსანთა 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ლაშამ ყველას- მტრებსა და მოყვრებს- დაუმტკიცა, რომ ალგეთს გაზრდილი მგლის ბოკვერი იყო და დავით აღმაშენებლის ღირსეული შთამომავალი, რომელსაც ,,გამარჯვების მოპარვა“ არფერში სჭირდებოდა. გამარჯვებას სჭირდებოდა ლაშა, რომ ადამიანებს ერწმუნათ სპორტის სიდიადე. ამოსავალი წერტილი სპორტის ფილოსოფიისა ხომ სწორედ ეს ღირებულებაა. 

ამიტომ, გაუზვიადებლად, ლაშას მიმართაც შეგვიძლია, ყმაწვილი მეფის ,,საგმირო საქმეთა“ თვითმხილველის, დავითის მემატიანის უმშვენიერესი სიტყვების პერეფრაზირების გარეშე გამეორება:  ,,და იწყო აღმოცისკრებად, მზემან!“ ...

,,ამომავალი მზე“ ჯერ მხოლოდ ვერცხლისფრად აციმციმდა ძალოსანთა ცის კაბადონზე, თუმცა  ეჭვი არავის შეპარვია იმაში, რომ, როცა ის ზენიტში ჩამოდგებოდა, ბუნებრივი ოქროსფერით აელვარდებოდა ...

მიღწეული შედეგიც ამას ადასტურებდა:
ატაცი - 207 კგ.
აკვრა - 247 კგ.
ორჭიდის ჯამი - 454 კგ.

ე.ი. ლაშამ ატაცში, 207კგ-ით, მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა, აკვრაში ნაჩვენები შედეგით -247კგ- მესამე ადგილი, საერთო ჩათვლაში, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ვერცხლის მედალი.
თუმცა, ყველსაგან მოულოდნელად ფორტუნამ ლაშას მხარე დაიჭირა. რუსი ძალოსანი ალექსეი ლოვჩევი დოპინგ-კონტროლზე ჩავარდა (მაშინ რუსეთის გუნდი დოპინგის მოხმარების გამო დისკვალიფიცირებულიც იქნა), პირველი ადგილი და ოქროს მედალი ლაშა ტალახაძეს გადაეცა.

ქვემოთ გთავაზობთ +105 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორთა შედეგებს, მიჩნეულს ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ, დოპინგ-კონტროლის მონაცემების გათვალისწინებით, საბოლოოდ.

მაშინ ამ წარმატებით, ყველამ გაიხარა. კარგად მახსოვს ის დღე, თანაქალაქელთა მომღიმარი სახეები და ლაშას მშობლების შეურყეველი რწმენა, რომლებიც, შვილთან ერთად, ოლიმპოს მწვერვალს დაჟინებით უმზერდნენ. მტკიცედ სწამდათ, რომ ლაშას მშობლიურ ქალაქს მეორე ვარსკვლავიც შეემატებოდა- საჩხერე ორვარსკვლავიანი ოლიმპიური ქალაქი გახდებოდა ... გახდა კიდეც, თუმცა ღმერთი ხომ სამობითაა? ... მერე კი კანონზომიერებით ...

ლაშამ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დამსახურებულად რომ მიიღო, ამაში ეჭვი არავის შეhპარვია. ძალოსანთა მრავალრიცხოვანმა ოჯახმა, გულშემატკივრებმა და სპორტის მოყვარულებმა მასში დიდი პოტენცია დაინახეს. პერსპექტივა, რომელიც მომავალი წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ვულკანივით უნდა ამოხეთქილიყო.

მართალია, ქართველ გოლიათს ძლიერი მეტოქეები ჰყავდა, მაგრამ საქმეც სწორედ ამაში გახლავთ. ღირსეული მეტოქე მუდმივ სპორტულ ფორმაში გამყოფებს, მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. იცი, მიზნისაკენ ისიც ჯიუტად მიემართება და მუხლჩაუხრელად შრომობს, ადვილად არაფერს დათმობს.

სწორედ ამიტომ არის საჭირო უპირობო ლიდერობა. ამას კი დიდი ოფლისღვრა, ინტელექტი და გონების ფსიქოლოგიური მდგრადობა, აგრეთვე, მწვრთნელის მაღალი პროფესიონალიზმი, მისი ალღო, მახვილი თვალი და ყური სჭირდება. შეასრულებ დავალებას? აუცილებლად ახვალ პედესტალის უმაღლეს საფეხურზე, კაცობრიობის ისტორიაში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებ. 

ყველა ერს პატივს მივაგებ, მაგრამ მასშტაბების გასააზრებლად შეგახსენებთ, რომ თითქმის მილიარდმოსახლეობიან ინდოეთს, მსოფლიოს ცივილიზაციის ერთ-ერთ აკვანს (მოხენჯო-დაროსა და ჰარაპას ცივილიზაციები) თავისი დამოუკიდებლობის არსებობის მანძილზე, სულ რამდენიმე ოლიმპიური მედალი აქვს აღებული. ხოლო სამმილიონნახევრიან საქართველოს მალე თითები არ ეყოფა მხოლოდ ოქროს მედლების დასათვლელად! ეს მაშინ, როცა იგი დამოუკიდებლობის სამათეულ წელსაც არ ითვლის (ქართული კულტურაც უძველესი ისტორიის მქონეა, შუმერთა ეპოქის თანასწორი და თანაზიარი)!

დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალიში მსოფლიოს ფიცარნაგზე ჩვენი ძალოსანი ქალების გაცილებით მრავალრიცხოვანი გუნდიც წარსდგება.

ამის თქმის შესაძლებლობას ის რეალობა მაძლევს, რომელიც ამ მიმართულებით უკვე გამოიკვეთა, თუმცა ჯერ-ჯერობით მხოლოდ მოყვარულთა დონეზე, რადგა ძალოსნობაში გოგონები არც თუ ხალისით მიდიან. 

ალბათ, დადგა დრო, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოსკენაც გამოიხედოს. ძალოსნობის ისტორიას წარუშლელი კვალი ქართველებმაც დაამჩნიეს და არც აწმყოში ვართ ჯაბანნი ... გოლიათის ნატერფალმა ოლიმპოს მთა დადრიკა.

ჩვენი სახელოვანი სპორტსმენები მკერდს არა მარტო ოქროს მედლებით იმშვენებდნენ, არამედ მსოფლიო რეკორდებსაც ამყარებდნენ. მართალია, აღნიშნული რეკორდები გარკვეული პერიოდულობით ფერმკრთალდებოდნენ, მაგრამ ძალოსნობის სახეობის განვითარებაში mათ თავისი ისტორიული წვლილი მაინც შეიტანეს.

წარსულის წარმატებას, თუ ლაშას ფენომენალურ შედეგებსაც დავუმატებთ, ჩვენმა ქვეყანამ დიდი ასპარეზობების გამართვის უფლება ნამდვილად დაიმსახურა. ბოლოს და ბოლოს მსოფლიოს ჩემპიონატი ისეთ ქვეყნებში იმართება, რომლებიც ჩვენ ამ კუთხით საგრძნობლად ჩამოგვრჩებიან.

ამ შემთხვევაში იმ მიზეზის მოტანა, რომ ამგვარი ქმედებით ძალოსნობის, როგორც სპორტის პოპულარიზაცია ხდება, გამართლებულად არ მიმაჩნია. ათასჯერ რომ პოპულარიზაციას მოიმიზეზებ, ერთხელ მაინც უნდა მიაგო პატივი იმ შედეგს, რომლითაც ამ სპორტის აგიტაცია ავტომატურად ხორციელდება, რადგან სპორტსმენის წარმატება, მის ქვეყანაში და სხვაგანაც, თავისთავად აგიტაციაა, 

ქვემოთ გთავაზობთ ქვემძიმე წონაში (შემდგ. +105 კგ.) მსოფლიოს რეკორდების მონაცემებს, რომელთა უმრავლესობაც ანულირებულია, მაგრამ თავის დროზე დაფიქსირებული იყო უმაღლეს მიღწევად.

ალბათ, რაც მეტი დრო გაივლის, მსოფლიო რეკორდების დამყარება მით უფრო გაძნელდება, რადგან ამ ქვეყნად ადამიანის შესაძლებლობას ნამდვილად გააჩნია ზღვარი. მარადიული და აქედან გამომდინარე, უსასრულო მხოლოდ ირეალური სამყაროა, რომელშიც განზომილებათა სისტემა ერთად შეიმეცნება, ანუ იქ არც დრო არსებობს და არც სივრცითი განზომილებები (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე), მაშასადამე, არც წონის ერთეული.

ეს გარემოება ძალოსნობას, როგორც სპორტის უმშვენიერეს სახეობას, კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. რეკორდი, რომელიც ათლეტის მიერ დაფიქსირდება, მატერიალურ სამყაროში მის ერთგვარ სახედ დარჩება. სწორედ ასე ეზიარება იგი იმ უკვდავებას, რომელიც სხვაგვარად, რეალურ განზომილებაში, არ არსებობს.
                                         

                                          2016 წლის ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში

ძალოსანთა ევროპის პირველი ჩემპიონატი ქალაქ როტერდამში (ნიდერლანდები) 1896 წელს ჩატარდა. მონაწილეები წონითი კატეგორიების განცალკევების გარეშე ასპარეზობდნენ,  ერთმანეთს სამ დისციპლინაში: აჭიმვაში (ჟიმი), ატაცში და აკვრაში ეჯიბრებოდნენ.

ჩემპიონატზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქვეყნები: ჰოლანდია, დანია, ავსტრია, გერმანია და საფრანგეთი. წონითი კატეგორიების არ არსებობის გამო მხოლოდ აბსოლიტური ჩემპიონი გამოვლინდა.

ძალოსანთა შორის ევროპის პირველი ჩემპიონი ვინმე ბეკი გახდა. მან აჭიმა  130 კგ. ხოლო აკრა - 135 კგ. იმ დროისათვის ეს იყო ფენომენალური შედეგი, თუმცა თანამედროვე გადმოსახედიდან ოდნავ ღიმილის მომგვრელი იმის გათვალისწინებით, რომ ათლეტთა სხეულის წონა ოთხმოც კილოგრამს  მცირედით აღემატებოდა.

შემდეგ წლებში ძალოსნობის ევროპის ფედერაციამ შეჯიბრების წესები ეტაპობრივად დახვეწა და 1898 წლიდან კაცები რვა, ხოლო  ქალები კი შვიდ წონით კატეგორიაში გამოდიან. 

1973 წლიდან ძალოსნობას შოუს ელემენტები ჩამოცილდა და ორი დისციპლინა- ატაცი და აკვრა - დადგინდა, რაც ოპტიმალური ვარიანტია.  ხოლო 1947 წლიდან ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი ყოველწლიურად იმართება.

1948-89 წ.წ. ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატისა და ორჯერ ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ფარგლებში გაიმართა, მაგრამ 1990 წლიდან ის მუდმივად განცალკევებით ტარდება.

ქალთა შეჯიბრი 1988 წლიდან შემოიღეს, რომელიც 1998 წლამდე ცალკე, ხოლო შემდგომ კი კაცების ასპარეზობასთან თანხვედრით იმართება.

2016 წელს ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი ქალაქ ფიორდეში (ნორვეგია) გაიმართა. მასში 36 ქვეყანა მონაწილეობდა. გათამაშდა სხვადასხვა სინჯის 45 მედალი. გახსნის ცერემონია 8 აპრილს, დახურვისა კი 16 აპრილს შედგა.

ძალოსან სპორტსმენთა კვალიფიკაციით, ევროპის ჩემპიონატი მსოფლიოს ჩემპიონატს ვერ შეედრება, მაგრამ ამ მხრივ რამდენიმე ქვეყანა მაინც გამოირჩევა: ბულგარეთი, თურქეთი, გერმანია, საბერძნეთი და სხვ. აღარაფერს ვამბობ საქართველოზე, რომელიც მათ შორის ალბათ ყველაზე ,,ძალოსნურია.“

ამიტომ ამ ჩემპიონატზე ლაშას ღირსეული მეტოქეები ჰყავდა. თუმცა ის, როგორც უპირობო ლიდერი ,უკონკურენტო გახლდათ.

დასრულებულმა ევროპის ჩემპიონატმა იმედები არც ამჯერად გაგვიწბილა- ლაშამ ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.

+105 წონით კატეგორია:
ატაცი - 212 კგ.
აკვრა - 251კგ.
ორჭიდის ჯამი - 463 კგ.

ლაშაs მეტოქეებმა შედარებით მოკრძალებული შედეგები აჩვენეს, მათ ვერ შეძლეს სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა. სხვაობამ ატაცში 7, ხოლო აკვრაში 12 კილოგრამი შეადგინა. გამოიკვეთა ისიც, რომ მეორე და მესამეადგილოსან სპორტსმენებს ე.წ. პერსპექტიული რეზერვი არ გააჩნდათ. ისინი შერკინების მსვლელობისას სრულიად ამოიწურნენ, რაც გამოწვეული არ იყო წარამტების მიღწევისადმი უპასუხისმგებლო მიდგომით, არამედ- ფიზიკური ძალისა და სხვადასხვა მდგენელის უკმარისობით.

მართალია, ლაშას შედეგი ურიგო არ იყო, მაგრამ სპეციალისტები, სპორტის მოყვარულები და თავად მწვრთნელებიც თანხმდებოდნენ იმაზე, რომ მისი შესაძლებლობის ზღვარი ამ შედეგებზე ნამდვილად არ აისახა, რაც შემდეგ რიოს ოლიმპიადამაც ნათლად დაადასტურა, თუმცა ეს ,,ზღვარი“ იქაც ვერ განისაზღვრა. მისი წანაცვლება, დროის გათვალისწინებით, ამჯერადაც უსასრულობის მიმართულებით განხორციელდა. გავუსწრებ მოვლენებს და გეტყვით, რომ შესაძლებლობის მაქსიმალური ზღვარი ვერც იმის მომდევნო ასპარეზობამ გამოკვეთა.

ევროპის ჩემპიონატის შედეგებმა დღის წესრიგში ერთი მეტად მნიშვნელოვანი საკითხიც დააყენეს, რომელიც არჩათვლილ მსოფლიო რეკორდს შეეხებოდა.

ძალოსანთა საერთაშორისო ფედერაცია წონით კატეგორიებს, არც თუ ისე ხშირად, მაგრამ გარკვეული პერიოდულობით ცვლის, რის გამოც ამ წონით კატეგორიებში დამყარებული მსოფლიო რეკორდების ანულირებას ახდენს და ბაზისად ის შედეგი აიღება, რომელიც ცვლილების შემდეგ დამყარდა.

მაგალითისთვის შეგახსენებთ, რომ ქვემძიმე წონითი კატეგორია, როცა აკვრაში გასაოცარი მსოფლიო რეკორდი დამყარდა (266 კგ. 1988 წელი), 110 კილოგრამის ზემოთ წონას წარმოადგენდა. შემდეგი იყო 108 კგ და ამჟამად არის 105 კგ-ზე ზევით წონითი კატეგორია.
აღნიშნული მსოფლიოს რეკორდის ,,შემოქმედი“ ბელორუსი ძალოსანი ლეონიდ ტარანენკო გახლდათ. მართალია, მისი რეკორდი წონითი კატეგორიების ცვლილებას შეეწირა, მაგრამ არა უსაფუძვლოდ, რადგან ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია ამგვარი მეთოდით, როგორც ზემოთაც ავღნიშნეთ, ძალოსნობაში დოპინგის გამოყენებას ებრძვის, თუმცა ეს შედეგი, როგორც ისტორიის პირადი საკუთრება, უდაოა, რომ სამუდამოდ მასთან დარჩა.

სიმართლე გითხრათ დიდად არც მე მჯერა იმისა, რომ გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების დასასრულს 266 კილოგრამი შტანგა ვინმემ დოპინგის დაუხმარებლად ,,ნაჯახით გამოჩორკნა,“ მაგრამ ამას დღეისათვის უკვე არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია. მთავარია არსებობს რეკორდი, ერთ დროს ოფიციალური, რომელიც უნდა დაემხოს.

ქვემოთ გთავაზობთ ტარანენკოს ინტერვიუდან ამონარიდს, რომელიც აღნიშნულ რეკორდზე და ლაშაზეც საუბრობს:
- როდის დაამყარეთ რეკორდი?
- 1988 წელს, მსოფლიოს თასზე, ქვემძიმე წონით კატეგორიაში, კანადაში.
- მაშინ, რამდენს იწონიდით?
- 148 კილოგრამს
- ამჟამად ლაშა ტალახაძე 157 კილოგრამს იწონის, ეს მთელი 9 კილოგრამით მეტია.
-  ის სიმაღლითაც მეტია, მაგრამ მე რომ 160 კილოგრამამდე მომემატებინა, შტანგას საერთოდ ვერ ავწევდი.
- ლაშას იცნობთ?
- არა! ახალგაზრდებთან ვერ ვახერხებ გადაკვეთას. ასე თუ ისე, რუს ძალოსანზე ალექსეი ლოვჩევზე მსმენია, მან კარგი შედეგი აჩვენა, მაგრამ შემდეგ იყო უსიამოვნო ისტორია, 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მან ორჭიდში ჩემი შედეგი აჩვენა 474 კილოგრამი, თუმცა აკრძალული პრეპარატების მიღებისათვის, დისკვალიფიცირებულ იქნა.
- რა გრძნობა გეუფლებათ, როცა უახლოვდებიან თქვენს რეკორდს?
- მინდა მანამდე ვიცოცხლო, როცა ამ შედეგს გააუმჯობესებენ. მე ამაზე ჩემი ინტერესი გამაჩნია. მინდა, რომ ადამიანებმა დაინახონ, როგორ აიწევა ასეთი წონა ყოველგვარი დამხმარის გარეშე.
- ბელორუსებს თუ ძალუძთ თანამემამულის დამარცხება?
- ჯერჯერობით არა. ჩვენმა მძიმეწონოსანმა ალექსეი მჟაჩიკმა მხოლოდ 411 კილოგრამი აწია. ეს ცოტაა. უნდა ივარჯიშოს, გაიზარდოს. ბევრი ბელორუსული კარტოფილი ჭამოს (იცინის). ქართველები, ალბათ, ღვინითა და ხაჭაპურით უკეთ იკვებებიან. ბელორუსებს უჭირთ კარტოფილის კვერებზე.
- სხვათაშორის, ირანელმაც ვერ გათვალა ძალები.
- ლაშა ტალახაძისთვის კონკურენციის გაწევა მხოლოდ ირანელ ბეჰდად სალიმს, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ ჩემპიონს შეუძლია. მან კიდევაც დაამყარა მსოფლიო რეკორდი ატაცში 216 კილოგრამი, მაგრამ აკვრის სამივე ცდა ჩააგდო, საწყისი წონაც ვერ აიღო. შედეგით რეკორდი კი იყო, თუმცა ადგილიც ვერ დაიკავა ოლიმპიურ ოქმში. ალბათ ძალები ვერ გათვალა ან უკვე თავი ოლიმპიურ ჩემპიონად წარმოიდგინა.

ამ ინტერვიუმ დამაფიქრა: შეძლებს კი ლაშა თუნდაც არაოფიციალურის, მაგრამ მაინც დაუძლეველი მსოფლიოს რეკორდის დამხობას? .. ვფიქრობ, რომ ყოველგვარი „ალბათის გარეშე“ ეს მისი მომავალი გამარჯვება იქნება, რადგან  აკვრაში 264 კილოგრამი უკვე დაძლეული აქვს ... მიაღწევს ლაშა მიზანს 270 კილოგრამს, რომელსაც ვერავინ ვეღარასდროს გააუმჯობესებს!   

ნატურალიზირებულმა ქართველმა ძალოსანმა ქალმა, ანასტასია გოტფრიდმა, მძიმე წონაში შეუპოვრად იბრძოლა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ანასტასია ქართველ ქალ ძალოსანთა წარმატების პიონერი გახდა. ნიჭიერმა ახალგაზრდა სპორტსმენმა ამ მიმართულებით ახალი ერის ათვლა დაიწყო. ერისა, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება და სხვადასხვა გამარჯვებით ასევე აუცილებლად გამდიდრდება, რადგან მაგალითი და მიზანი ერთად გამოჩნდა ქალ ძალოსანთა სპორტშიც.

როგორც ბიჭებზე ლაშას პირადმა მაგალითმა იმოქმედა და მათ მთელი საქართველოს მასშტაბით ძალოსნობის დარბაზებს მიაშურეს, სასურველია, რომ ანასტასიას წარმატებასაც ანალოგიური შედეგი მოჰყვეს და გოგონებმაც ეს ნაბიჯი გადადგან ... მასობრიობა არ ნიშნავს ხარისხს, მაგრამ მასობრიობა განსაზღვრავს ხარისხს.
                             
                                                     
                                                    სამშობლო, როგორც უფალი ...

ჩვენი ქვეყანა, კაცობრიობის არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე, ყოველთვის მოწინავეთა რიგებში იდგა. ქართველმა კაცმა თავისი წვლილი დედამიწის ცივილიზაციის ზოგადსაკაცობრიო იდეალების შექმნაშიც შეიტანა. ამასთან, ,,მსოფლიოს საგანძურს“ კულტურისა და არამატერიალურ ფასეულობათა ხელთუქმნელი ძეგლებიც შემატა.

კოსმიურმა ქართულმა პოლიფონიურმა სიმღერამ, ამერიკული ხომალდით ,,ვოიჯერ 1“-ით, მზის სისტემის მიზიდულობა უკვე დაძლია და ,,ირმის ნახტომის“ გალაქტიკის კუთვნილება შეიქმნა ... საქართველო მარადისობას ეზიარა.

წინაპართა მიზანს: მამულისთვის მერმისისკენ გასათელ ბილიკს, კვალის გასატანად, თავში სხვებთან ერთად დღეს ლაშაც ჩაუდგა, რათა ქართული სპორტი უკიდეგანო სამყაროს აზიაროს. მას ამის სრული უფლება აქვს და ამას მისი ერიც იმსახურებს, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ,,ბიoგრაფიის“ მქონე ერია.

დამოუკიდებელი საქართველოს CV
მისამართი: 
გალაქტიკა ,,რძის გზა,“ პერიფერია, ცენტრიდან სამხრეთით
მზის სიტემის მესამე პლანეტა, დედამიწა
კავკასია. ორ ზღვას შუა განფენილი შემოქმედის ბოძებული ედემი,
საქართველო,
4000 საჩხერე
- - - - - - - - - - - - - - - - - - -
სახელი:  საქართველო;
გვარი:  ქართლოსიანი;
დაბადების წელი:  1991 წლის დეკემბერი;
დაბადების ადგილი:  სამხრეთ კავკასია. ედემი;
დედ-მამიშვილები: მხოლოდშობილი;
ნათესავები:  აფხაზები, ოსები;
განმანათლებელი:  წმინდა ნინო;
ნათლიები:  დედა-ეკლესია,  ეროვნული მოძრაობა;
აღმსარებლობა:  ქრისტიანულ-მართლმადიდებლური;
განათლება:  ნიჭი-ერი;
დიდი წინაპრები: წმინდა ნინო, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ქეთევან დედოფალი;
განათლების უმნიშვნელოვანესი კერები: პეტრიწონი, ათონი, იერუსალიმი, იყალთო, გელათი;
მსოფლიო ლიტერატურის საგანძური: ,,ვეფხისტყაოსანი;“
წინაპართა ზოგადსაკაცობრიო მიღწევები:
- რკინის მკვნეტელნი;
- ,,ოქროს საწმისის“ მფლობელნი;
- ქართული ანბანის შემქმნელნი (ასომთავრული, ნუსხურ-ხუცური, მხედრული); 
- ,,მარსის ველზე’’ პატივით შემკულნი;
- ქრისტეს კვართის მცველნი;
- იერუსალიმის ჯვრის მონასტრის  ამგებნი;
- იერუსალიმში გაშლილი დროშებით შესვლის უფლების მქონენი;
- ,,ჯვაროსნული ომების’’  კონტრიბუტორები;
- მამლუქთა სახელმწიფოს ფუძემდებელნი;
- ავღანეთის მეფე-მმართველნი;
- ტარუღანი ისპაჰანისა და მხედართმთავარნი ერანისა;
- ნაპოლეონის პირადი მცველნი;
-  კოსმოსში გზავნილის, ქართული პოლიფონიური შედევრის ,,ჩაკრულოს’’ ავტორნი;
- ეროვნულ უმცირესობათა და სხვა კონფესიათა მიმართ  ოდითგან შემწყნარებელნი;
- წითელი იმპერიის’’ მმართველნი;
- მეორე მსოფლიო ომის მედროშენი;
- სუპერ-სახელმწიფოთა სამხედრო-სარაკეტო სისტემებისა და სამხედრო თვითმფრინავების კონსტრუქტორნი;
-  კოსმოსური  გასაშლელი მზის ანტენის დამპროექტებელნი;
- ,,კოლაიზერის’’ თანადამპროექტებელნი;
- გამონათქვამის ,,რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ!’’ - ავტორნი;
- მსოფლიო პოლიტიკის მნათენი; 
- ქრისტეფორე კოლუმბამდე ამერიკის კონტინენტის აღმომჩენნი (გახსოვთ ალბათ,  კოლუმბმა ამერიკაში რაჭველი ჯაფარიძისგან ლავაში რომ შეიძინა. მცირედი იუმორი არ გვაწყენს); ...
და კიდევ: სხვა ბევრი  მიღწევა, რომელიც მე არ მახსოვს ან ისტორიას;

ღირსეული მამულიშვილის ლაშას სამშობლო, ღირსეული ,,ბიოგრაფიის“ მქონე საქართველოა. ერთ დროს ,,ნიკოფსიითგან დარუბანდამდე და ოვსეთიდგან არეგაწამდე“ განფენილი:

დაბადების ადგილი კი ,,ზრდილ ქართველთა“ ღვთითკურთხეული მიწა - ზემო იმერეთი, საჩხერის მუნიციპალიტეტი. სულმნaთი აკაკის დედა-ფუძე ... ,,ჩანგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო.“

მომავალი ოლიმპიური ჩემპიონი შემოქმედის კალთის ქვეშ, საჩხერეში გაიზარდა. მოდინახის ჩრდილოეთის ფერდის მწვერვალზე ლაჟვარდოვან ზეცას შეზრდილი ,,გორიჯვრის“ სალოცავის მადლით გამთბარ ჟანა თოდაძისა და კობა ტალახაძის მრავალთაგან არაფრით გამორჩეულ სპეტაკ ოჯახში.

საჩხერე პატარა და მყუდრო ქალაქია, ყველა ერთმანეთის მცნობი. ქალბატონ ჟანასა და ბატონ კობას სამი ათეული წელია, ვიცნობ. წესიერებით, ზრდილობითა და სიკეთით სავსე ადამიანები არიან, ერის და ქვეყნის მოყვარულნი. ასევე დაგიხასიათებთ მათ ნებისმიერი საჩხერელი, რადგან ,,ღმერთის მოშიშნი“ არ შეიძლება, სხვაგვარნი იყვნენ.

თოდაძეების გვარის წარმომავლობის ადგილი სოფელი დუნთაა, რომელიც ერთი ხელის გაწვდენაზეა საჩხერიდან და ცნობილი გვარია. გადმოცემის თანახმად, მათ მცირე ციხეც კი ჰქონიათ. ამჟამად ამ ციხის ნანგრევები, ციხე  მოდინახეს აღმოსავლეთ მხარეს, სოფ. დუნთის დასაწყისში, კლდის მიუვალ ქიმზე მდებარეობს, რომელიც, ალბათ, მოდინახესთან ერთად, ერთიან საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენდა.

ხოლო, რაც შეეხება ტალახაძეების გვარს, საჩხერის მუნიციპალიტეტში, ძირითადად ორ სოფელში: ჩიხასა და კორბოულშია წარმოდგენილი. მართალია, ბატონ კობას წინაპრებს, როგორც გარდასულ დროთა თქმულება გადმოგვცემს, ციხე-სიმაგრეები არ ჰქონიათ, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან, როგორც სხვა მრავალი ქართული, ტალახაძეებიs გვარიც ისტორიის ქარ-ცეცხლში გამოვლილი გვარია. ეს გვარი 2016 წლიდან უკვე მთელმა მსოფლიომ გაიცნო და ლაშას მიერ ,,დიდებით შემოსილი,“ დავიწყებას არასოდეს მიეცემა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები